დღეს, პირველ მაისს, ბათუმიდან თბილისში თვითორგანიზებული მოქალაქეები გაემგზავრნენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონისაა და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლის წინააღმდეგ.
ბათუმიდან თბილისში წასვლა 30 აპრილს, სპონტანურად დაიგეგმა ფეისბუქზე. მოკლე დროის მიუხედავად, ევროპის მოედანზე, საიდანაც დაანონსებული იყო თბილისში გამგზავრება, ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებმა ადგილზე მოიტანეს საგზალიც, აქციაზე მიმავალთათვის.
„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მოქალაქეებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ მიმდინარე მოვლენებზე და რატომ გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა.
„მეზღვაური ვარ და ახლა ვაპირებდი გემზე წასვლას, მაგრამ უარი ვთქვი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, იმის გამო, რომ ქვეყანას მე, ერთი მოქალაქე ვჭირდები.
მივდივარ თბილისში, რათა გავაპროტესტო ის უსამართლობა, რასაც „ქართული ოცნება” გვიკეთებს. „ოცნება“ წლების მანძილზე ნელ-ნელა გადაიქცა იმ რეჟიმად, რომელიც დავამარცხეთ.
აუცილებლად წავა ივანიშვილი და თუ ამას საიდანღაც მოისმენს, მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის მისი ბიზნესი და ქართველ ხალხს ვერასდროს ვერავინ ვერ დაჩაგრავს, ვერც ერთი ხელისუფლება, რაც არ უნდა ეცადონ ვერ დაგვაბეჩავებენ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევენ.
ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით ევროპისკენ მიმავალ გზას და არასოდეს არ გავხდებით რუსეთის გუბერნია”, – გვითხრა მეზღვაურმა ჯემალ კახიძემ.

ჯემალ კახიძე
„ამ წამამდე მეგონა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიხვდებოდა, რომ იმ ადამიანებს, ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, ვერაფერი ვერ დაახევინებს უკან.
დღეს მივდივარ ჩემი მეგობრების, ჩემი ქართველის ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის, რომ ვიყო პარლამენტის წინ.
ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს აუცილებლად უნდა გავაგებინოთ დღევანდელ ხელისუფლებას. არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ, – ამბობს ნინი ხიმშიაშვილი, ხელოვანი.

ნინი ხიმშიაშვილი
„რაც თავი მახსოვს, ვდგავარ პარლამენტთან და ყოველთვის სიტყვის თავისუფლებას და ჩვენს ღირებულებებს ვიცავ.
ეს მთავრობა სულ ძალადობისკენ იხრება, მშვიდობიან ხალხს არბევს და უკვე ამოვიდა ყელში. ხუთი წლიდან აქციებზე ვდგავარ და როდემდე უნდა ვიდგე აქციებზე? სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
მორალურად დაცემული მთავრობა გვყავს. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ახლაც. წაგებული აქვთ ეს ომი ჩვენთან.
შეხედონ იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც რუსთაველზე იკრიბებიან პოლიტიკოსების და ვიღაც ზემდგომების გარეშე. ვერავინ ვერ მოერევა ამ ძალას, ვერც ერთი დიქტატურა და ვერც ერთი ხელისუფლება. ბევრჯერ მოვყოლივარ დარბევაში და უკვე ცრემლსადენ გაზზეც იმუნიტეტი მაქვს, აღარ მეშინია”, – გვეუბნება შალვა კასრაძე.

შალვა კასრაძე
დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტის უკან გაიმართება მორიგი ანტირუსული აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ, საღამოს 19:00 საათზე კი ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტები შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
____________
მთავარ ფოტოზე: მოქალაქეები ევროპის მოედანზე, თბილისში გამგზავრების წინ. ფოტო: დათო ტრაპაიძე






