დღეს, პირველ მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას. ინფორმაციის წყაროდ სამინისტროს სოციალური ქსელი აქვს მითითებული:
„სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა“.
შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.
დღეს აქციის მონაწილეები რეგიონებიდან თანამოაზრეებს ელოდებიან და გზების პარალიზება მათ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
„ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას.
ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები. აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს“ – აცხადებს შსს.
სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
უწყება განცხადებაში აქცენტირებს ასევე აქციაში დაშავებულ პოლიციელებზე:
„ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“.
გუშინდელ აქციაზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებაზე არაერთმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება. მათი შეფასებით, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.