განათლება,მთავარი,სიახლეები

ლანჩხუთში მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის ფულით 2 მიკროავტობუსი უქირავეს აქციაზე წამსვლელებს

01.05.2024 •
ლანჩხუთში მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის ფულით 2 მიკროავტობუსი უქირავეს აქციაზე წამსვლელებს

გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს.

„შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს ამ საქმეს.

როგორც ვიცი, ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც ასევე ჩარიცხეს თანხები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა.

დღეს, პირველ მაისს, დილიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მიდიან მოქალაქეები თბილისში ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის მისაღებად.

30 აპრილის საღამოს და 1 მაისს – გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: