„გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“ – განაცხადა საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, პირველ მაისს, სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება გააცნო საზოგადოებას.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით:
„2024 წლის 30 აპრილს ღამით და პირველ მაისს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა, არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ხოლო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლევა შეკრების თავისუფლების მომატებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.
აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით, არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.
საპროტესტო აქციის დასაშლელად როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.“
ორგანიზაციების შეფასებით სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები:
- „აქციის დარბევისას ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობას, გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა, დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
- აქციის დარბევისას ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავების უკანონო პრაქტიკა გაგრძელდა.
- ამ აქციაზე დაკავებამაც აჩვენა, რომ საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებისას პოლიციის კორდონში მოქცევამდე მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.“
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრზე ძალადობასაც გამოეხმაურნენ.
„საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომდგენლებმა ადგილიდან გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკიად სცემეს.
პირველ მაისს შს სამინისტროს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ დაკავებულია 63 პირი ადმინისტრაციული წესით, ტრადიციულად აქაც საუბარია იმ მუხლებზე, რომლებსაც ტრადიციულად იყენებს პოლიცია. ხშირად ეს არის 166 და 173-ე მუხლები.
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სამართლებრივი მხარდაჭერის ქსელი ვიღებთ ცხელ ხაზზე ინფორმაციას დაკავებულების შესახებ“ – განაცხადა ქურდოვანიძემ.






