პოლიცია ბათუმში მოქალაქეებს აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევს, ხელს უშლის ჟურნალისტებსაც

მე-19 დღეა, რაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღეს, 16 დეკემბერს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა.

ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლას სთხოვდნენ.

საპროტესტო აქცია ბათუმში, 16 დეკემბერი, აქციის მე-19 დღე.
პროტესტის მე-20 დღე ბათუმში

პოლიცია არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს აძლევს მუშაობის საშუალებას და აიძულებს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.

„დაცული ხართ ზედმეტად. კანონს არღვევთ და ხელოვნურად კეტავთ გზას. მობრძანდით თუ გინდათ სამსახურში და ლექციებსაც ჩაგიტარებთ.“- უთხრა აქციის მონაწილეებს ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსმა.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა და სახელსა და გვარს ეკითხებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.

ვის აღარ მოეთხოვება საჯარო სამსახურში ქართულის ცოდნა – საია განმარტავს, რა და რატომ შეიცვალა კანონში

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან პირველი რანგის, მაღალი მმართველობითი დონის თანამდებობის პირები, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები.

რატომ არის პრობლემა და რა რისკებს შეიცავს ეს ცვლილება? – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები რეპრესიულია.

აღნიშნულ ცვლილებებს 13 დეკემბერს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი არალეგიტიმურად შეკრებილმა პარლამენტმა, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილავს ამ ცვლილებებს.

როგორც საია აღნიშნავს, ინიციირებული კანონპროექტი ისედაც მნიშვნელოვნად ასუსტებდა საჯარო მოხელის უფლებების დაცვის გარანტიებს, მათ შორის, ქმნიდა რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდისთვის გამოყენების შესაძლებლობას, „თუმცა, მეორე მოსმენაზე კანონი გარკვეულწილად შეიცვალა, კიდევ უფრო გაუარესდა და სხვა რეპრესიული ცვლილებებით შეივსო“- აცხადებს საია.

საია მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოში მიმდინარე ტერორის ფონზე, საჯარო მოხელეები ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რასაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით კი სახელმწიფო კიდევ ერთ რეპრესიულ იარაღს ქმნის, ამჯერად საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და ცდილობს პარტიულ და საჯარო სამსახურს შორის ზღვრის წაშლის პროცესს საკანონმდებლო საფუძველიც შეუქმნას“.

საიას ცნობით, ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება შემდეგი საკითხები:

  • დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის სტატუსი

როგორც საია განმარტავს, ცვლილებების მიხედვით, დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

„აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პირების დაცვის გარანტიებს, მეორე მხრივ, კი, არაპროპორციულად ზრდის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გავლენას“- აცხადებს საია.

ახალი მოწესრიგებით: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა ვერ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული, ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი;

აღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, რის შესახებაც პირს 1 თვით ადრე ეცნობება.

აღნიშნულ შემთხვევაში პირი მიიღებს კომპენსაციას მხოლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულ მენეჯერულ რგოლზე არ ვრცელდება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და გარანტიები (კანონის XII თავი), რაც დაწესებულების ხელმძღვანელს დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

  • საკონკურსო კომისია

საიას განმარტებით, ახალი მოწესრიგებით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს (აქამდე არსებული მოწესრიგების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს).

„მიღებული ცვლილებები სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის პოზიციების პოლიტიზებას და მათი არასათანადო გავლენების მიმართ მოწყვლადობას ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელობა აჩენს თავად კონკურსის პოლიტიზების საფრთხეს“-ამბობს საია.

  • რეორგანიზაცია

საია მიიჩნევს, რომ ახალი მოწესრიგებით, მარტივდება რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება.

აქამდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაში, მოხელე მისი თანხმობით, გადაყვანილი ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე.

რეორგანიზაციისას, შტატების შემცირების გამო, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცვლილებების მიხედვით, რეორგანიზაციისას შტატების შემცირების შემთხვევაში, აღნიშნული გარანტია მოხელეებზე აღარ გავრცელდება და შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულების შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას.

რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი.

რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.

  • მოხელის შეფასება

ახალი მოწესრიგება ამცირებს მოხელის შეფასების პერიოდულობას, რაც 1 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება. ახალი მოწესრიგება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

ამასთან, კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მოწესრიგება ქმნის საფრთხეს, რომ მოხელის შეფასება დაუსაბუთებლად და ბოროტად იქნეს გამოყენებული, როგორც მოხელეთა დასჯის მექანიზმი“-აცხადებს საია.

ასევე, საიას განმარტებით:

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა ვერ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული, ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი.

დეტალების დაზუსტებით მიზნით, „ბათუმელები“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თამარ წულუკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, რამდენად სახიფათო ან ანტისახელმწიფოებრივია ეს ჩანაწერი და რამდენად ქმნის იმის საფრთხეს, რომ საჯარო უწყებებში ვიხილოთ ორმაგი მოქალაქეობის [მაგალითად – საქართველოს და რუსეთის] მქონე, ქართული ენის არმცოდნე პირები?

„თეორიულად დასაშვებია, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. იმიტომ, რომ კანონით განსაზღვრული იყო, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონოდა სახელმწიფო ენის ცოდნა და გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირებს ჩამოერთვათ საჯარო მოხელის სტატუსი, არც ის ვალდებულება რჩებათ, რომ ქართული ენა იცოდნენ.

შესაბამისად, ქართული ენის არმცოდნე პირებიც შეიძლება იკავებდნენ ისეთ პოზიციას, როგორიცაა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის ამის რისკიც“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

სახელმწიფო უწყებებში კანონის მიხედვით საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ რამდენად შესაძლებელია, რომ არაქართულენოვანმა პირმა, შეძლოს გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობა, როგორ უნდა აწარმოოს მან დოკუმენტაცია, თუ არ ეცოდინება სახელმწიფო ენა? – ვკითხეთ თამარ წულუკიძეს.

„ეს არის ნამდვილად აცდენაში, რადგან ქართულ ენაზეა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, სამართალწარმოება. შესაძლოა ეს ნაწილი გამორჩათ და ამიტომ არ არის მითითება, თუმცა იმდენად მავნებლური ცვლილებები შეიტანეს ამ კანონში, რომ ვერც იმას გამოვრიცხავთ, მიზანმიმართულად რომ იყოს ეს დეტალები გამოტოვებული“- ამბობს თამარ წულუკიძე.

რა შეიძლება იყოს მიზანი? – ვკითხეთ მას.

იურისტი მიიჩნევს, რომ დაზუსტებით რთულია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო უწყებაში დასაქმებულ პირს, ამ ცვლილების მიხედვით, არ აქვს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება.

„თუმცა, ისევ და ისევ, შესაძლოა ესეც იყოს საჯარო უწყებაში დასაქმებული პირების ტერორისთვის გამოყენებული. დაშინება და მათთვის დისკომფორტის შექმნა შეიძლება იყოს მიზანი, რომ შეიძლება ნებისმიერი პირი მოიყვანონ კონკრეტულ უწყებაში ხელმძღვანელ პირად“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა საცხოვრებლად. მათ საქართველოში დაარეგისტრირეს 30 ათასამდე ბიზნესორგანიზაცია, დასაქმებული არიან სამომხმარებლო სფეროშიც. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კანონის საფუძველზე, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ქართულ სახელმწიფო უწყებებშიც ვიხილოთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, თუ იძლევა ეს კანონი ამის შესაძლებლობას? – ვკითხეთ თამარ წულუკიძეს.

თამარ წულუკიძის თქმით, თეორიულად ეს კანონი ამის შესაძლებლობას უშვებს.

„შესაძლოა, რომ ქართულის არმცოდნე პირი იყოს საჯარო უწყების თანამშრომელი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაშინ საინტერესოა საქმის წარმოებას როგორ მოახერხებს ეს მოხელე და რა ტიპის ურთიერთობები შედგება შიდა უწყებრივად თანამშრომლებს შორის, ან დოკუმენტებს როგორ აწარმოებს. იმედია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, მომავალში, შესაძლოა სხვა ენაზეც იყოს სამართალწარმოება“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

რამდენად შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ძალოვან ან უსაფრთხოების სამსახურებზეც გავრცელდეს ეს კანონი და ამ უწყებებშიც ვიხილოთ არაქართულენოვანი ხელმძღვანელი პირები?

როგორც საია-ში განგვიმარტეს, აღნიშნული ცვლილებები უსაფრთხოების სამსახურზე, მაგალითად სუს-ის უფროსსა და მის მოადგილეებზე არ ვრცელდება და არც ამ საკანონმდებლო ცვლილებებამდე ვრცელდებოდა.

„თუ ენის არ ფლობის კომპონენტი აღმოიფხვრება, ეს გარკვეულ რისკებს შეამცირებს, თუმცა მთლიანობაში, აღნიშნული ცვლილებები მაინც რეპრესიული და არადემოკრატიულია“- ამბობს თამარ წულუკიძე.

____________

ფოტოზე: თამარ წულუკიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

„კოლეგების მოწვევით ვიყავი“ – ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი საქართველოში ვიზიტზე

საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი.

საქართველოში ყოფნის დამადასტურებელ ქართველ პოლიციელებთან გადაღებულ ფოტოებს ფეისბუქზე თავად ლობარევი აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იყო ჩამოსული, რათა ადგილზე გასცნობოდა „თბილისში უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო აქციების მიერ გამოწვეულ ვითარებას“.

ლობარევი ცალსახად „ქართული ოცნების“ პოზიციას იზიარებს და წერს, რომ თითქოს „ქართველების უმრავლესობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს აქციის მონაწილეების მიმართ“. ის ბოევიკებს უწოდებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს და ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მოქალაქეებმა პოლიციის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ღირსეულად გამოიჩინეს თავი. 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა არეულობის მონაწილეთა მოქმედების შედეგად: დამწვრობა, მოტეხილობა, თავისა და სახის დაზიანებები. ბოევიკების ორგანიზებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები, სპილენძის კასტეტები და სპეციალური შურდულებიც კი, პოლიციის ტექნიკისა და ოფიცრების წინააღმდეგ“, – წერს ალექსეი ლობარევი.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი წერს, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია.

„საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ბოლო თვეებში შესამჩნევად შეიცვალა პოზიტიური მიმართულებით. ქუჩებში, ბაზრებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად ვსაუბრობდი, ყველას ესმოდა და რუსულად მპასუხობდნენ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პროფკავშირები პარტიებისა და პოლიტიკის მიღმაა. მათი მთავარი მიზანია მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, განურჩევლად პოლიტიკური ვითარებისა.

ახლა ვაჯამებ ყველა შეგროვებულ მასალას და რამდენიმე დღეში აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს დასკვნებს და გაჩვენებთ ვიდეოს, თუ როგორ ცხოვრობს თბილისი დღისით და ღამით,“ – წერს ალექსეი ლობარევი.

საქართველოში 19 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლამდე შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი,  მოქალაქეების საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა.

ნონა ქურდოვანიძე საიას თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომდევნო ერთი წელი ისევ ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს.

ქურდოვანიძის თავმჯდომარედ მესამე ვადით არჩევაზე გადაწყვეტილება საიას გამგეობამ მიიღო. ამავე სხდომაზე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მესამე ვადით, თამარ ონიანი აირჩია.

„ამ რთულ პერიოდში ნონას, ჩვენს გუნდსა და ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებთ. ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატია,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის წევრებიდან აირჩევა.

როგორ შეიცვალა საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობა კანონში შეტანილი ცვლილებებით – ISFED-ის შეფასება

„არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას,“ – ნათქვამია შეფასებაში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს.

საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ წევრებმა, დაჩქარებული წესით, 13 დეკემბერს, მესამე მოსმენით მიიღეს.

ISFED-ის შეფასებით, „ამ ცვლილებებით უარესდება დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას“.

ISFED-ის განმარტება, თუ რა იცვლება კანონში:

„ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზე საჯარო მოხელეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით. მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა.

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.

გარდა ამისა, მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებას შეწყვეტას.

მოცემული ცვლილებების შედეგად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან.

ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ამიერიდან მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, შესაბამისად, მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწნებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის, მოხელის სერტიფიკატისა და ასაკთან დაკავშირებული საკითხები;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით დანიშნულ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

ცვლილებების მიხედვით კი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის  უფლება ჩამოერთმევათ და აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას;

ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულება აღარ არის ვალდებული აღადგინოს სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული და სასამართლო ან ზემდგომი ორგანოს მიერ გამართლებული საჯარო მოხელე.

ცვლილებები გამორიცხავს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, მიუხედავად გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასამართლოს მიერ გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა.  ამ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით შეიძლება გათავისუფლდნენ სამსახურიდან;

გარდა ამისა, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას;

ცვლილებებით გაუქმდა რეორგანიზაციის დროს მოხელისათვის საკლასო დანამატის შენარჩუნების შესაძლებლობა;

ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს შეფასების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას ხელფასიდან 20% დაუკავდება მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა დასჯის მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება, დაიკავონ ნებისმიერი საჯარო თანამდებობა. საჯარო სამსახურის პირობები, რომლებიც დადგენილია “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებსა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ნებისმიერი საფუძველი უნდა იყოს განჭვრეტადი და არ უნდა ქმნიდეს მოხელეთა სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლების შესაძლებლობას.

„სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია საჯარო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ. აღნიშნული ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა. ეს კი თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“.

28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტმა მოიცვა მთელი ქვეყანა და ყველა სფერო. საპროტესტო წერილები გაავრცელეს სხვადასხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულმა თანამშრომლებმაც.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს გაამარტივოს საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის პროცესი.

პროკურატურა ადასტურებს, რომ ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოთი ითხოვს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ ითხოვს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში დაუდასტურეს.

პროკურატურაში არ განმარტეს, რატომ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა.

სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 დეკემბერს, გაიმართება.

ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალის გამოყენებით დააკავა, რა დროსაც ის დაზიანდა.

ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 763 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 9 563 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 19 736 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 21 151 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 025 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 372 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 943 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 480 ერთეული [+82]
  • სპეცტექნიკა – 3 650 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 818 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 810 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 501 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 695 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 260 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა იცვლება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით რუსეთ-უკრაინის ომში? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის ძალადობს“ – სამების არქიმანდრიტი

სამების ტაძრის არქიმანდრიტი, შიო კვარაცხელია, დღეს, 15 დეკემბერს, საკვირაო წირვის ქადაგებაში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს, არ უსმენს მათ და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს.

არქიმანდრიტმა თავად გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქადაგების ვიდეოფრაგმენტი.

„ადამიანი, როდესაც სულიერად არ არის მდიდარი და მდიდარია მარტო ხორციელად და მიწიერად, ასეთი ადამიანი ბრმა არის სხვისი საჭიროებების მიმართებაში.

ასე რომ ჩვენ უნდა დავუკვირდეთ, რისი საჭიროება აქვს ჩვენს გარშემო მყოფ საზოგადოებას.

დღეს ქუჩაში მყოფ ახალგაზრდობას საჭიროება აქვს მოსმენის და გაგების, მაგრამ ვინც მათი უნდა შეისმინოს და ვინც მათ უნდა გაუგოს, ისინი, სამწუხაროდ, დაყრუებულები და დაბრმავებულები არიან საკუთარი ძალაუფლების და სიმდიდრის შენარჩუნების გამო.

ზოგიერთი საკუთარ პირად ზოოპარკზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სხვის საჭიროებაზე, მშიერ მოსახლეობაზე და ახალგაზრდების საჭიროებაზე. და ხეებზე უფრო მეტად ზრუნავენ.

ერთ ბრძენს აქვს ნათქვამი, კანონი ობობას ქსელივითაა, ძლიერები მას არღვევენ და სუსტები მასში ეხვევიანო. დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის, სამწუხაროდ, ძალადობს და ამ ობობას ქსელს არღვევს, ვისაც ძალაუფლება აქვს. სუსტები კიდევ და უდანაშაულოები, ამ ობობას ქსელში ჰყავთ გახვეული და უდანაშაულოდ ჰყავთ ტყვეობაში.

დღეს საზოგადოების ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს ფიზიკურად და ამახინჯებს მას. მეორე ნაწილი კიდევ ძალადობს სულიერად და ანტიქრისტეებს და ეშმაკებს ადარებენ მათ. რა ნაყოფი უნდა გამოიღოს ამ ახალგაზრდობამ თუ ჩვენ მათ ასე მოვექეცით?! პირიქით, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ და ხელს ვუწყობდეთ მათ ყველანაირად.

მართლმადიდებლობაში არის ასეთი სწავლება – ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ყველა არ მოსწონსო. ადამიანმა ღვთის მოწონება საკუთარი ცხოვრებით უნდა დაიმსახუროს. ღმერთს არ მოსწონს ძალადობა, არავისი და განსაკუთრებით არ მოსწონს ძალადობა იმის მხრიდან, ვისაც ევალება, რომ აღკვეთოს ეს ძალადობა.

ღმერთს არ მოსწონს მატყუარა მღვდელი, რომელიც მამლის ყივილსაც კი ასწრებს საკუთარი ნათქვამის შეცვლას და გადათქმას. მღვდლის მარჯვენა უნდა ლოცავდეს და აკურთხებდეს, კი არ უნდა წყევლიდეს და ანტიქრისტეებს და ეშმაკებს კი არ უნდა ეძახდეს ახალგაზრდობას.

სამარცხვინოა, როდესაც სიმართლე შენს ხმას მოითხოვს, შენ კი დუმხარ. ეს დუმილი, თუ სინდისმა ოდესმე გაიღვიძა, აუცილებლად ჯოჯოხეთად ექცევათ ადამიანებს“ – თქვა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.

ნახეთ ვიდეო:

„დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის ძალადობს“ - არქიმანდრიტი შიო

ბათუმში დაკავებული პროფესორისა და 4 სტუდენტის მხარდასაჭერი პერფორმანსი დააანონსეს

დღეს, 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების მიერ ორგანიზებული პერფორმანსი იგეგმება, უნივერსიტეტის დაკავებული დეკანისა და სტუდენტების მხარდასაჭერად.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 9 დეკემბერს დააკავეს.

მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.

გამოძიების ვერსიით, მამუკა ჯორბენაძე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში 3 დეკემბერს შეხვედრაზე მისულ ირაკლი დევაძეს და კიდევ ერთ პირს თავს დაესხა, მანამდე კი, დაპირისპირება უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაკვრას მოჰყვა.

მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.

11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორისა და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბათუმელ პროფესორსა და სტუდენტებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

______________

ფოტოზე: მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის სასამართლო პროცესი

ამავე თემაზე: 

პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

10 ცვლილება კანონში, რაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს – საიას თავმჯდომარის განმარტება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე მოკლედ, პუნქტებად განმარტავს, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა „ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ საიას თავმჯდომარის პოსტს ფეისბუქზე.

„როგორ შეზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით:

1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა;

2. საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზარდა.

3. თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5000 ლარით (აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო). ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება (აქამდე 5000 ლარი იყო). ეს წესი ვრცელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც, მათ შორის, შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე. ასევე, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;

4. აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც;

5. აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას – გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

6. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა – გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

7. თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

8. დაკავების საფუძვლებს ასევე დაემატა პრევენციული დაკავება. ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს;

9. პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი;

10. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

ამ ყველაფრის გაფუჭება ქართულმა ოცნებამ მოახერხა მხოლოდ 9 დღეში“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

________________

ფოტო: ნეტგაზეთი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი იწვიმებს, მთაში მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 –7 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17-18 დეკემბერს დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი კვლავ თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 762 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 9 551 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 19 707 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 21 128 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 025 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 356 ერთეული [+127]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 943 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 398 ერთეული [+181]
  • სპეცტექნიკა – 3 648 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 693 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 784 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 574 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 206 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა იცვლება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით რუსეთ-უკრაინის ომში? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შსს: გუდაურში, რესტორნის შენობაში 12 ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში იპოვეს, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.

გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამინისტროს განმარტებით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ – კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

სპეცრაზმისთვის საკვები 20 დეკემბრამდე იყიდეს – შსს-მ ფორმიანების კვებაზე 1 მლნ-ზე მეტი დახარჯა 

საპროტესტო აქციებზე მყოფი სპეცრაზმელების კვებისთვის მარტო თბილისსა და ბათუმში შსს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. კვების ხარჯი შსს-ს 20 დეკემბრამდე აქვს გათვლილი.

2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 12 დეკემბრამდე თბილისში აქციების გამო შსს-მ 684 300 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში. ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 81 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე.

ცალკე 200 000 ლარს დახარჯავს ტენდერის გარეშე თბილისის პოლიციის დეპარტამენტი პოლიციელთა კვებაში აქციების დროს – 7 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

რაც შეეხება ბათუმს: ბათუმის საპროტესტო აქციაზე ფორმიანების კვებით უზრუნველყოფას შსს 20 დეკემბრამდე ახანგრძლივებს. 500 მოსამსახურის კვებისთვის 10 დღეში ბიუჯეტიდან ამჯერად 81 000 ლარი დაიხარჯება. 4-დან 8 დეკემბრის ჩათვლით კი, ბათუმში სპეცრაზმელების კვებისთვის 44 800 ლარი უკვე დაიხარჯა.

ჯამურად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში კვებაში შსს-ს 1 010 100 ლარის დახარჯვას აპირებს.

„საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, რამაც განაპირობა, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა პროცესში ჩართვა…

ვითარების წინასწარ განსაზღვრა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტისთვის უცნობია იყო აქციის გაგრძელების ვადების შესახებ.

გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფს მიზნით, კვლავ მობილიზებულია საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

2024 წლის 11 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ყოველდღიურად 500 თანამშრომლისთვის, 10 დღეზე კი 5000 [ხუთი ათასი] თანამშრომლისთვის, საკვები პროდუქტის ნაკრები ჯამური ღირებულება შეადგენს: 81 000 ლარს,“ – ვკითხულობთ ტენდერის დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება მენიუს, ერთი ნაკრების ჯამური ღირებულება შეადგენს: 16,20 ლარს.

„1 ცალი ქათმის მწვადი ხის შამფურზე – 3,00 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3,00 ლარი, 1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით [დიდი] – 4,00 ლარი, 1 ცალი ღვეზელი კარტოფილით ნახევრად ფენოვანი ცომით – 1,20 ლარი, 1 ცალი შოკოლადი „სნიკერსი” 0.80 გრ – 2,30 ლარი, 1 ცალი გაზიანი გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა” 0.5 მლ – 1.50 ლარი, 2 ბოთლი წყალი „მთის” 0.5 ლ პეტი – 1,20 ლარი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლითაც საკვებს ბათუმის საპროტესტო აქციაზე მყოფი სამართალდამცველებისთვის ყიდულობენ საკვებს.

————

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნას გამოეხმაურა.

„გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ 2024 წლის 14 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღეს კი ერთპარტიულად  საქართველოს „პრეზიდენტად“ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა.

როგორც ადრეც განვაცხადეთ, გაყალბებული არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოაყალიბა პარლამენტი, რომლის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ:

  • სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა;
  • პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რაც პარლამენტს ართმევდა იურიდიულ შესაძლებლობას ეცნო ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილება.

ყოველივე აქედან გამომდინარე,  არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია.

საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს საზოგადოება არ ცნობს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. ცხადია, კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და იმოქმედოს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, დაიცვას კანონი  და კონსტიტუცია. ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომების მიღებით:

✔️გათავისუფლდნენ აქციების დროს  დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე;

✔️დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების  (სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შსს) პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით“, – აცხადებს „გამჭვირვალობა საქართველო“.

დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დანიშნა.

ქვეყანაში ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობა პროტესტებს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასაც.

„ახალი წელი აუცილებლად მოვა და ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია – ისტორიულ ნაგავსაყრელზე“

მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კახი კალაძის განცხადებას – „ნუ წვალობთ, ახალი წელი მოვა“.

„კი, ახალი წელი აუცილებლად მოვა და თქვენ ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია: ისტორიულ ნაგავსაყრელზე. (და მერე კიდევ ერთი ახალი წელი რომ მოვა, უბრალოდ სამარცხვინო ლაქად მოგიგონებენ და ასე გაგრძელდება, წლიდან წლამდე, სანამ სრულიად არ ამოიშლებით ცნობიერებიდან, ამაოებაში გაიცრიცებით, უბრალოდ გახუნდებით…)

იმიტომ, რომ თქვენ არც იდეოლოგია გაგაჩნიათ, არ რწმენა, არც სინდისი და არც არანაირი პრინციპი. თქვენს მიერ ჩადენილი ბოროტებაც კი უნიჭოა, უღიმღამო, ოპორტუნისტული, სამარცხვინო.

ვიცი, ბოროტებას ნიჭი არ სჭირდება, ვიცი, ბევრი საშინელების განხორციელება მოახერხეთ, ვაღიარებ, მაგრამ მთავარი ვერ შეძელით და ვერც შეძლებთ: თქვენ ვერ მოუშალეთ თქვენსავე მოქალაქეებს, რომლებსაც იტაცებთ, სცემთ, სახლებში უვარდებით, ამცირებთ, მათი სახეებიდან ღიმილი! ღიმილი კი სიცილის ერთგვარი პროლოგია…

და ვინც იცინის, მას არ ეშინია. ისინი ყოველ თქვენს უგვანობას და სამარცხვინო საქციელს: უფრო მეტ ნიჭს, უფრო მეტ სილაღეს, უფრო მეტ თავისუფლებას უპირისპირებენ და აგრძელებენ სიცილს… დაგცინიან! ტრანსპარანტებით, გორგასლის ძელგზე ატანილი დროშით, რობოკოპების წინ აღმართული და წყლის ჭავლში მობანავე გოგოებით, მოხუცებით, რომლებსაც ახალგაზრდები ეფარებიან, რომ თქვენგან დაიცვან, უკიდეგანო სიმაღლეზე, ამწეებზე დგანან უშიშრად და იცინიან.

დიახ, ისინი იცინიან! თქვენ დაგცინიან!

და თუ არ იცით, მაინც შეგახსენებთ, რომ ყველა ძალადობის დემასკირება ხდება იქ, სადაც სიცილი ისმის! ყველა სახის ძალადობა უძლურდება იქ, სადაც იუმორი უპირისპირდება მას და აშიშვლებს მის სტრუქტურას. ხოლო ძალადობა სხვა არაფერია თუ უპირატესობის გამოვლინება ძალისა და შიშის მეთოდით, სხვა ადამიანზე და მის ნებაზე საკუთარის აღმართვა ჩაგვრის გზით, სხვისი დამორჩილების წყურვილი საკუთარი უსუსურობის გადასაფარად…

მაგრამ როგორ დაიმორჩილებ მას, ვინც შენი შავი მუნდირის უკან შიშველს გხედავს? შენი სიშიშვლე წამში გართმევს ძალაუფლებას, რომელიც არ ვიცი რამდენი ვერცხლის საფასურად მოიპოვე, როდესაც ხელკეტი გადმოგცეს! წამში გხდის მოწყვლადს, გაკარგვინებს ყველანაირ უპირატესობას, რომელიც ასე გწადია… ის ხედავს შენს სკოლიოზს, ან შენი ოფლის სუნი სცემს, ან შენი ცარიელი კუჭის ხმა ესმის…

იმ წამს, როდესაც ბავშვი იშვერს თითს და ამხელს შიშველ ხელმწიფეს, იქ იშლება ყველანაირი ძალაუფლების ფასადი და რჩება შიშველი მეფე მისივე ამალით, კომიკური და გროტესკული.

და ამიტომ, კი, აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება იმიტომ, რომ ყოველთვის ბავშვი იმარჯვებს ხელმწიფეზე და მომავალი წარსულზე.

პ.ს. ახლა კი ბატონო მერო, ხვალიდან შეგიძლიათ მოიწვიოთ „პატარები“ „ზილინაზე“ პარლამენტის წინ აღმართულ „იოლკაზე“ და კარგად დაიმალოთ… იმიტომ, რომ „პატარების“ სიცილზე მძლავრი არც არაფერია დედამიწის ზურგზე!“ – წერს ნინო ხარატიშვილი.

სპეციალური საშვების შემოღებით „ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას – მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენის განცხადებით, სპეციალური აკრედიტაციის სისტემის შემოღებით  „ქართული ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას საქართველოს პარლამენტში.

„14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დადგენილი საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისთვის სპეციალური აკრედიტაციის სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

იმ დროს, როცა მედიის წარმომადგენლები ფლობენ მოქმედ საშვებს პარლამენტის შენობაში სამუშაოდ, მათთვის სპეციალური საშვების შემოღება არის ადმინისტრაციული ბარიერი და ქმნის პოტენციურ შესაძლებლობებს დისკრიმინაციისთვის.

კრიტიკული მედიის ნებისმიერმა შეზღუდვამ  შესაძლოა წაართვას ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შანსი სრულყოფილი და მკაფიო ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ეს, თავის მხრივ, დააზიანებს მოსახლეობის მთავარ უფლებას – თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

ამდენად, უმნიშვნელოვანესია, ყველა მედია ორგანიზაციას ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა დაესწროს პოლიტიკურ პროცესს და მათთვის მუშაობის შესაძლებლობა არ იყოს შეზღუდული ადმინისტრაციული ბარიერებით.

მივმართავთ „ქართული ოცნების“ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს:

გაითვალისწინოს დისკრიმინაციის რისკები: სპეციალური აკრედიტაციის სისტემის   ამოქმედებით იქმნება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების შეზღუდვის რისკები;

შესაძლებლობა ყველა მედიისათვის: სპეციალური საშვების სისტემა არ უნდა ქმნიდეს წინაპირობას იმისათვის, რომ ზოგიერთი მედია არ იყოს დაშვებული დაგეგმილი არჩევნების გაშუქებაზე;

სწრაფი პროცედურები: ყველა მედიას მიეცეს შესაძლებლობა სწრაფ რეჟიმში მიიღოს შესაბამისი საშვები“, – ამბობს მედიაომბუდსმენი.

აკრედიტაციის წესი, რომელიც არღვევს მედიის უფლებებს, „მედიაომბუდსმენმა“ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული წესების საფუძველზე აკრედიტაციის შეჩერებით უფლებადარღვეული ჟურნალისტების და ოპერატორების მოთხოვნები არ განუხილავს.

„ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა, შესაბამისად, პარლამენტს, ისე როგორც უკვე პრეზიდენტს, ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობა არალეგიტიმურად მიიჩნევს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა უნგრეთისა.

ქართულ საზოგადოებას მიხეილ ყაველაშვილმა თავი დაამახსოვრა გინებით. რუსულმა პრესამ კი მის შესახებ დაწერა, რომ რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი ხდება.

მიხეილ ყაველაშვილს არც უმაღლესი განათლება აქვს.

როგორც ყაველაშვილის წარდგენისას ივანიშვილმა თქვა, „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა“.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი არავითარ ქონებას არ ფლობს, გარდა ავტოფარეხისა.

ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიიდან. მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის თქმის“ მიზეზით გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი გახდა და ერთ-ერთ ის დეპუტატი იყო, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ყაველაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით.


წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.

შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.

„ხელი გაუშვი, ჩემი შვილია! შვილები რუსეთისთვის არ გაგვიზრდია“- დედების მარში თბილისში

„ნუ იჭერ, ჩემი შვილია!“, „ნუ ძალადობ!“, „ნუ აწამებ!“, „გაათავისუფლეთ უკანონო დაკავებული პატიმრები“, „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“- ამ სლოგანებით მიმდინარეობს დღეს, 14 დეკემბერს, თბილისში დედების მარში.

ქალები მოუწოდებენ სამართალდამცავებს, დაიცვან შვილები და არა რუსი ოლიგარქის რეჟიმი.

„აი, ამად გადაგაქციათ რეჟიმმა, დაგაპირისპირათ საკუთარ ხალხს, ქვეყანას, ჩვენ რუსეთისთვის შვილები არ გაგვიზრდია. ეს იცოდეთ და ამიტომ შეგაკლავთ თავს. ჩვენ ჩვენი სამშობლოს დასაცავად გავზარდეთ ჩვენი შვილები. ჩვენს შვილებს ვინც ხელს ახლებს, ჩვენთან, დედებთან გექნებათ საქმე“ – ეუბნება აქციის მონაწილე ქალი პოლიციას, რომელიც რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური პარლამენტის და ნაძვის ხის დასაცავად დგას.

დედების მარში თბილისში.

„პოლიციის ეშინია აუტისტს ბავშვს, როგორ მოვიყვანო ნაძვის ხესთან. ვის დაუდგით ის ნაძვის ხე, არ გვჭირდება, თქვენი სისხლიანი ნაძვის ხე არ გვჭირდება“-ამბობს აქციის მონაწილე.

დედების წინ პოლიციის კორდონი დგას.

პოლიციის კორდონი დედების მარშის წინ

„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“- ამ შეძახილებით მიმდინარეობს დედების მარში.

„თქვენ გყავთ დედები, გყავთ შვილები? ვინ ხართ ასეთი უსისხლოები. თქვენთვის მარტო თქვენი დედა, თქვენი ოჯახი არსებობს… თქვენ ჩვენს შვილებსაც უნდა იცავდეთ და ამ დროს რას ვხედავთ – როცა ჩვენს შვილებს ურტყამენ, თქვენ დგახართ და დამცინავად უყურებთ მათ. როგორ უსწორდებიან, როგორ დგებიან ჩექმებით, როგორც რუსები დგებოდნენ ჩვენს შვილებს, როგორ უმტვრევენ სახის ძვლებს, თავის ქალას, სირცხვილი თქვენ!

დედების მარში

თქვენ არ ხართ ქართული პოლიცია, თქვენ ხართ რუსული მილიცია. 9 აპრილს რომ ჩეხავდნენ ბავშვებს, ქართველ დედებს, მოდით და ჩვენც დაგვჩეხეთ.

დასრულდა, აღარ არის სამართალი, სახელმწიფო აღარ გაქვთ, ვის ემორჩილებით? ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტს გინიშნავენ, სირცხვილი არ არის? როგორ უნდა შეეგუოთ ამათ ხალხო, როგორ. თქვენი პოლიციის მუნდირი როგორ უნდა შეარცხვინოთ ამათი მსახურებით“- აქციის მონაწილე კიდევ ერთი დედა ასე მიმართავს პოლიციას.

დედების მარში თბილისში ძალადობის წინააღმდეგ
  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

მტერი უკვე რუსთაველზეა, ჩვენი ფიცი კი ისაა, ვებრძოლოთ მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – პოლკოვნიკი

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მიმდინარე პროცესებზე:

„ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო?“, – კითხულობს პოლკოვნიკი, რომელიც ოფიცრებს ახსენებს, ფიცი გაქვთ დადებული და სამშობლო ახლა ბიძინასგან უნდა დაიცვათო.

ახლა 2 წლის ბავშვიც კი ხვდება, რომ ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის ტრაექტორიით, ჩვენი, ყველას ფიცი კი ისაა, რომ ვებრძოლოთ მტერს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მტერი უკვე რუსთაველზეა…. მე მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ თავდაცვის ძალების 80 % არის კრიტიკულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ. ამიტომაცაა, რომ „ოცნებას“ არ აქვს ნდობა მათ მიმართ,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, დღეს, როცა ხელისუფლება არალეგიტიმურია, როგორ უნდა იმოქმედონ ფორმიანმა ადამიანებმა, ვის უნდა დაემორჩილონ ისინი? ასევე, საინტერესოა თქვენი დაკვირვება წინააღმდეგობაზე, რა არის ახლა საჭირო

საჭიროა დროულად მოეგოს გონს ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ცუდი ტრაექტორიით მიდის „ოცნება“ და ქვეყანაც. ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთიდან, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა.

იდეალური იქნება, დასავლეთიდან უფრო კონკრეტული დახმარება მივიღოთ. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე დასავლეთში გადაწყვეტილებებს აყალიბებენ და გარკვეულ მანევრს იყენებენ.

ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის ხაზზე საქართველოს დაბრუნება. ბევრი რამ, რაც აქამდე საქართველოში გრძელდებოდა, ასე ვეღარ გაგრძელდება. საფრთხის მასშტაბი დღეს ძალიან გაზრდილია და ეჭვი მეპარება ამას ივანიშვილი აცნობიერებდეს.

ვხედავთ, რომ ივანიშვილი მერკანტილურად ვაჭრობს, რაღაც ჯიბგირული მოქმედებაა მისი მხრიდან, საქართველოს მოსახლეობა კი, უკან არ იხევს, არ მიდის დათმობაზე. სულ რომ არაფერი მოხდეს, რაღაც მომენტში ივანიშვილს დაუდგება არჩევანი, წავიდეს დათმობაზე, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ან მოსახლეობას სროლა უნდა დაუწყოს. ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგს მოუტანს მას.

  • ამ უკანონო ბრძანებას შეიძლება გაჰყვეს ჯარი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, თანაც, არალეგიტიმური ხელისუფლების ბრძანებას?  

სამხედრო პირები, პირველ რიგში, ფიცს და საკუთარ სინდისს უნდა დაემორჩილონ, განსაკუთრებით კი, მაღალი დონის სამხედრო მეთაურები. დღეს ისინი შეფარებული არიან საკუთარი მოვალეობის შესრულებას, თითქოს პროტესტზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება რამე.

ახლა 2 წლის ბავშვიც კი ხვდება, რომ ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის ტრაექტორიით, ჩვენი, ყველას ფიცი კი ისაა, რომ ვებრძოლოთ მტერს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მტერი უკვე რუსთაველზეა. საქართველო მარტო ტერიტორიაა? პირველ რიგში, საქართველო მოსახლეობაა. მე ვერ ვიტყვი, რა უნდა გააკეთონ სამხედროებმა, მაგრამ ადრე თუ გვიან, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

  • თქვენ რას გადაწყვეტდით ამ დროს? 

მე გამოვიდოდი და დავდგებოდი მოსახლეობასთან, დავიყენებდი ჩემს ჯარისკაცებს გვერდით და შევეცდებოდი, დამეცვა მოსახლეობა.

კონსტიტუციით უმაღლესი მთავარსარდალი არის პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. არ გვინდა ჯარის ჩართვა ამ პროცესში, მაგრამ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან საშიში პროცესისკენ მიდის. თითოეულმა ჩვენგანმა რა ფორმითაც შეგვიძლია უნდა გამოვხატოთ დღეს პროტესტი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ქვეყანა მშვიდობიანად დაბრუნდეს ევროპის გზაზე.

ძალადობა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ჩადის, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებელია ყველა თანამდებობის პირი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობს. მარტო ის ზონდერები კი არ არიან პასუხისმგებელნი, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს ურტყამენ, არამედ ყველა, ვინც მხარს უჭერს. რაც უფრო მძიმედ წავა ეს პრობლემა, მით უფრო გაიზრდება ეს პასუხისმგებლობა. მით უფრო ძნელი გახდება საზოგადოების შერიგება და ის, რომ თანხვედრაში გაგრძელდეს ცხოვრება.

ვთქვათ, დამარცხდა „ქართული ოცნება“ და ასეც მოხდება, დარწმუნებული ვარ. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ძალიან რთული იქნება იმ თანამდებობის პირებთან შერიგება, რომლებიც დღეს მინიმუმ ასე გულგრილად უყურებენ ამ ყველაფერს, ან იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. დღეს ჯერ კიდევ ეს შესაძლებელია – გვაქვს რესურსი, რომ ვაპატიოთ, ვთქვათ, შემოვიფარგლოთ იმით, რომ ეს არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი ადამიანები დავითხოვოთ სამსახურებიდან.

ასე რომ, მე რიგით ოფიცრებს ვერაფერს მოვუწოდებ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რაც ახლა ხდება. თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლმა, სარდლობამ, ყველამ ღიად უნდა გააპროტესტო ის, რაც ხდება და დაიცვას სამშობლო. ეს არის მათი ვალდებულება. მათ სამშობლო ახლა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვან. სამხედრო პირები არ უნდა დაემორჩილონ ბრძანებას, თუ იქნება უკანონო ბრძანება.

დღეს ძალიანაც ლეგიტიმურია თავდაცვის ძალების სარდალი. მას შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ის, რომ ჩვენ ვერ ჩავერევით რაღაც სამოქალაქო პროცესებში, ასე არაა საქმე, როდესაც ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და შენ მტერს უბრძოლველად უვარდები ხელში. სარდალს, პირველ რიგში, ფიცი აქვს და ვალდებულება სამშობლოს წინაშე.

  • რატომ არ გამოხატა ამ დრომდე რომელიმე ოფიცერმა, ან მოქმედმა გენერალმა საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, თუ გაქვთ ინფორმაცია? 

იოლი არაა ამ გადაწყვეტილების მიღება, სამეთაურო რგოლია და ასე შემდეგ.

მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს. იმედს ვიტოვებ, კრიტიკულ მომენტში არ დადგებიან „ქართული ოცნების“ გვერდით, არ გამოვლენ და არ დაარბევენ მოსახლეობას. ისინი თუ ამ უკანონო ბრძანებას შეასრულებენ, დაიღუპავენ საკუთარ თავს. მე მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ თავდაცვის ძალების 80 % არის კრიტიკულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ. ამიტომაცაა, რომ „ოცნებას“ არ აქვს ნდობა მათ მიმართ.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ სამეთაურო რგოლს მაამებლური პოზიცია აქვს, თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქმე მივა იქამდე, რომ „ოცნება“ თავდაცვის ძალების ჩართვას მოინდომებს ამ პროცესში, თავდაცვის ძალები არ გაჰყვება ამას. როგორც ვიცი, უნდობლობა არსებობს ჩვეულებრივი ოფიცრების მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი, ზედა ეშელონებზე არაა საუბარი.

მე დღეს მაჯავრებს ამ ხალხის ბედი, რადგან ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას  და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო? დღესაც ბევრი მეკითხება ამას უკვე და მიჭირს პასუხის გაცემა. არც ის ვიცი, თქვენ რა გიპასუხოთ. ფაქტია, რომ დღეს გადაწყვეტილება თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს: რუსეთი მტერია, მოვიდა და თავზე დაგვაჯდა. ამ დროს პირიქით – სწორია მინიმუმ რამდენიმე გენერალი გამოვიდეს და თქვას პოზიცია, მაგრამ დაშინებული არიან…

მაკრონმა როცა დაურეკა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ გააფრთხილა. არსებობს ეს რისკიც, ივანიშვილმა ცეცხლი გახსნას. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა.

ასეთი ესკალაციით ჯერჯერობით არავის არსად არ მოუგია. ვერც კადაფიმ მოიგო ასე ბრუტალურად და ვერც რომელიმე ძლიერმა დიქტატორმა, ვიდრე ბიძინა შეიძლება გახდეს ცხოვრებაში. დიდი ამბოხი ჩაახშო ასადმა, რომელმაც ესროლა საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ყველამ ვნახეთ, როგორ იზოლაციაში მოყვა სირია. ისე უცებ გადაუარეს, ვერც გაიგეს, რა მოხდა.

სომხეთშიც იდგა რუსული ჯარი, მაგრამ სომეხმა დემონსტრანტებმა მოახერხეს რეჟიმის გადატეხა და წაიყვანეს ქვეყანა სწორი მიმართულებით. ასე გატყდება ივანიშვილის რეჟიმიც. ახლა ქვეყანა უნდა წავიდეს ჭრილობების მოშუშების გზით და არა ჭრილობაზე მარილის მოყრით.

  • რას ნიშნავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის აშშ-ს პარტნიორობის დაკარგვა, ასევე ევროპულ სახელმწიფოებთან თავდაცვის პროგრამების გაჩერება? 

რაღა დროს პარტნიორობა, ქვეყანა მიჰყავთ კატასტროფული ტრაექტორიით, საქართველო მიჰყავთ რუსეთში. პარტნიორობის შეჩერება ნიშნავს ყველა წვრთნის გაჩერებას, რის საფუძველზეც შეიქმნა თანამედროვე ქართული ჯარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეწყდება.

თავდაცვის ძალების ოფიცრები, ყველანი, ვინც განათლებას იღებდნენ საზღვარგარეთ და კურსებს გადიოდნენ დასავლეთის ქვეყნებში, ამას უნდა გამოემშვიდობონ. წლებია პოლიგონზე არ გასულან და სწავლება არ ჩაუტარებიათ. „ქართული ოცნება“ მეთოდურად აკეთებს ამას, რასაც ყველა ხედავს.

ერთადერთი იმედიღა დარჩა – ზეწოლამ ქვეყნის შიგნით და გარედან უნდა გამოიღოს შედეგი, ივანიშვილი გონს უნდა მოეგოს, რომ ასე უბრალოდ ვერ გააგრძელებენ. აუცილებელია აქციების უწყვეტობა. აუცილებელია ასევე აშშ-ის ადმინისტრაციასთან, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები. ჯერ არაა რეალური სანქციები, ჩვენ ვითხოვთ მკაცრ სანქციებს, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო აპარატი ასე არ მუშაობს, ისინი მეთოდურად მიდიან, რომ ამას ჰქონდეს შედეგი, არ სურთ პირდაპირ მიიღონ ლუკაშენკოს სიტუაცია.

ისიც აბსურდია, რომ აი, ტრამპის ადმინისტრაცია სხვაა. შეერთებული შტატების უკვე წარმავალი ადმინისტრაცია საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკაზე არ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. როცა, მაგალითად, ბაიდენმა გასცა ნებართვა, რომ უკრაინელებს დაებომბათ რუსეთის ტერიტორია ამერიკული რაკეტებით, ეს განცხადება გაკეთდა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ასეა ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება.

დასავლეთიდან ზეწოლის ტემპი უნდა გაიზარდოს და ჩვენც უნდა შევინარჩუნოთ საპროტესტო აქციების უწყვეტობა. სხვა გზით კატასტროფა გველოდება.

მოძრაობა აკრძალულია კურორტ გოდერძისთან – სად რა შეზღუდვებია გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი [ანგისა] -ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კილომეტრზე, [სოფელი პაქსაძეები- კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე.

მოძრაობა ასევე აკრძალულია:

  • საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური [ფოსტა]-კობის მონაკვეთზე
  • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 [ვერონა-თელავი] მონაკვეთზე
  • ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 [ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი] მონაკვეთზე
  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე
  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 [აიაზმა-ნინოწმინდა] მონაკვეთზე

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 [ოკამი-ბორითი] მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი [მოწამეთა]-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 [ნაქერალას უღელტეხილი] მონაკვეთზე და საჩხერე [სარეკი] -უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გზები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობები რჩება ჯერ კიდევ რთული, რის გამოც, ვთხოვთ მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება“ – იუწყება საგზაო დეპარტამენტი.

____________

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

ხულოს, ქედასა და შუახევს დენი არ მიეწოდება, სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს – „ენერგო-პრო“

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია.

„დაზიანებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.

აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს დაზიანებების აღმოფხვრას და ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენას, თუმცა, დიდთოვლობა და შეზღუდვები გზებზე სამუშაო პროცესს ართულებს.

გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია, რაც აღდგენით სამუშაოებს გარკვეულწილად აფერხებს. ვცდილობთ, მაქსიმალურად უმოკლეს დროში აღვადგინოთ ენერგომომარაგება“ – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ორი დღეა თოვს. ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს.

დღეს რკინიგზა უამინდობის მიზეზით რამდენიმე რეისს აუქმებს

საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო რამდენიმე რეისის გაუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.

„უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები“ – აცხადებს რკინიგზა.

საქართველოს რკინიგზა განცხადებაში მიუთითებს ასევე, რომ მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს:

„აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებგვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებგვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 761 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 9 539 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 21 102 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 229 ერთეული [+53]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 861 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 217 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 3 644 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 693 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 784 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 574 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 206 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა იცვლება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით რუსეთ-უკრაინის ომში? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანები – რა ხდება თბილისში

დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტთან დილის 7 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანები, ასევე ავტობუსები, რომლითაც სპეცრაზმი გადაადგილდება. პოლიციელების დიდი ნაწილი არის შავი ნიღბებით, ნაწილი კი სამედიცინო ნიღბებით.

აქციის მონაწილეების ნაწილმა მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყო, ნაწილი კი დროშებით და ტრანსპარანტებით პარლამენტთან მივიდა.

მოქალაქეები დღეს ე.წ. პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ „ოცნების“ პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, არ აქვს უფლება პრეზიდენტი აირჩიოს.

მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან დიპლომებით მივიდა, პრეზიდენტობის უდიპლომო კანდიდატის გასაპროტესტებლად.

პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატები შეძახილების ფონზე შევიდნენ. „მონებო!“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

„ოცნებას“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი ჰყავს წარდგენილი. მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა პარლამენტის სხდომებზე გინებით და ლანძღვით.

პირველად საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ ხდება და პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, თუმცა მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ „ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა, ამიტომაც არალეგიტიმურია პარლამენტიც და მათი მიერ არჩეული პრეზიდენტიც.

09:00 საათიდან პარლამენტში ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცედურა დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, დღეს 14 დეკემბერს, თბილის მერს კახა კალაძეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება აქვს დაანონსებული.

უკვე მეჩვიდმეტე დღეა საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. საზოგადოება აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას. აქციებს „ოცნების“ ხელისუფლება დაკავებებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეით და ძალადობით პასუხობს.

საქართველოში რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს – გაეროს ექსპერტები

გაეროს ექსპერტები შეშფოთებულნი არიან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევით – ამის შესახებ ნათქვამია 13 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში.

„ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მთავრობისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სტიგმატიზაციისა და დაშინების მიზნით“ – აცხადებენ ექსპერტები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მთავრობა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას, რაც შეიძლება გაღრმავდეს, თუ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი შეიცვლება საპროტესტო შეზღუდვების გაზრდის მიზნით.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრული პატივისცემა და ეძიოს ეროვნული შერიგება, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულ პატივისცემას,“ – აცხადებენ ექსპერტები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გაეროს სპეციალური მომხსენებლები მუდმივ კონტაქტზე არიან საქართველოს ხელისუფლებასთან. მათ ხელისუფლებას შეახსენეს წინა კომუნიკაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მათ შორის გაუზიარეს გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2024 წლის მარტის ანგარიში ადამიანის უფლებადამცველთა შესახებ.

14 დეკემბერს ბათუმში თოვა და ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ, 14 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის სანაპიროზე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ქარის სიჩქარე 20-25 მეტრს მიაღწევს წამში.

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – 6-7 ბალი.

თოვა გაგრძელდება აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც, სადაც დღეს, დილიდან თოვს.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი იქნება, დღისით 3-8 გრადუსი.

მთიან რაიონებში: ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით კი 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

მაღალმთიან ზონაში ღამით ყინვა 5-10 გრადუსი იქნება, დღისით – 0-5 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში გამოიდარებს კვირას, 15 დეკემბერს და ორი დღე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

 

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ბათუმში, ქარიშხალმა კობალაძის ქუჩაზე კორპუსს სახურავი მოგლიჯა.

როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე „ბათუმელებს“ ატყობინებს, მოგლეჯილი სახურავი კორპუსის წინ ავტომანქანებს დაეცა.

„დაზიანდა სამი ავტომობილი“- ამბობს მოქალაქე.

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში დილიდან ავდარია. დასავლეთის ქარის სიჩქარე პერიოდულად 17-25 მეტრს აღწევს წამში.

რატომ გახდით ბოროტი მანქანის ნაწილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ივანიშვილს – მიმართვა საჯარო მოხელეებს აჭარაში

ავტორი: ციალა ქათამიძე
___

„ქართული ოცნების” ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მთლიანად დგას არაეთიკურ, ძალადობრივ, სიძულვილის ენის შემცველ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომლის სამიზნე, განსაკუთრებით ეს ბოლო დღეებია, არა ზოგადად – ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა, არამედ ამ პროტესტის კონკრეტული მონაწილეები გახდნენ.

აჭარაში არაკონსტიტუციურად მოქმედი საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს წევრები, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამდებობის პირები და თანამშრომლები, აქტიურად შეუერთდნენ პარტია “ქართული ოცნების” მიერ მართულ არაიდენტიფიცირებად ტროლებსა და ბოტებს და საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით, სხვადასხვა მოდიფიკაციით, მიზანმიმართულად ავრცელებენ ერთსა და იმავე შინაარსის გზავნილს, რომელიც არათუ მორალურ და ეთიკურ, არამედ, უპირველესად, სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება.

ბატონებო, ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, იქით ცდილობთ სხვის დამუნათებას, ისვრით ბრალდებებს კონკრეტული ადამიანების მისამართით და ახალ სამიზნეებს უნიშნავთ თქვენი პარტიის მიერ მართულ „ტიტუშკებს“.

არ დავწვრილმანდები, არც ამ პერსონალურ ბრალდებებზე საპასუხოდ და არც რომელიმეს მოგმართავთ პერსონალურად, რადგან ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესები, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, გაცილებით დიდი მნიშვნელობის და მასშტაბისაა, ვიდრე თქვენ ხართ, თქვენი ვიწრო პერსონალური პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედი ამბიციებითურთ.

საპროტესტო აქციებზე მყოფი, ქალაქის ქუჩებში მარშირებით მოსიარულე ადამიანები, ამჯერად, ამ გზით ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას, რომელიც მიისაკუთრეთ თქვენ – „ქართულმა ოცნებამ“. ამ ადამიანებს აქვთ საწუხარი, გულისტკივილი, ბრაზი, აღშფოთება, რომელიც თქვენ არ გესმით, უგულებელყოფთ და დასცინით, თან გაურბიხართ.

მაგრამ, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებთ, როცა შეხვალთ აფთიაქში, მაღაზიაში, კაფეში; მიაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებას; როცა შვილებს სკოლაში მიიყვანთ; როცა უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვისას, მათ მხარდასაჭერად და გასამხნევებლად მიხვალთ, ადამიანები აუცილებლად დაგისვამენ კითხვას ყველგან – რატომ? რატომ გახდით ამ ბოროტი მანქანის ნაწილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის ინტერესებს? რატომ არ ცდილობთ, დაინახოთ ის რეალური პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას? რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქართველო რუსეთის ტიპის ქვეყანა გახდეს და ეს შემზარავი პერსპექტივა რეალობად აქციოთ, რატომ ეფარებით და იცავთ ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ იმიტომ სჭირდებით, რომ სახე „გაიკეთილშობილონ”?

ბევრი კითხვა იქნება დღეს, ხვალ, ზეგ და თქვენი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მთავარი კითხვა კი იქნება – რატომ დუმდით მაშინ, როცა:

  1. არჩევნები კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა (ხმის მიცემა ფარულობის დარღვევით მიმდინარეობდა. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული, მაგრამ ამ არჩევნებზე შავით თეთრზე ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა);
  2. პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება კონსტიტუციის დარღვევით ცნო (არჩევნების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული და დავის დასრულებამდე პარლამენტს საკუთარი თავის უფლებამოსილების ცნობა არ შეეძლო);
  3. მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ევროინტეგრაციის ვალდებულება (კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართულმა ოცნებამ “კი ეს პროცესი დეკლარირებულად შეაჩერა);
  4. როცა, 7-ჯერ და მეტჯერ მოხდა 7 ნოემბერი (აქციაზე დაკავებულები ჰყვებიან გამაოგნებელ ისტორიებს, რაც დაკავების შემდეგ მათ თავს ხდება – ძალადობა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა და ა.შ. რომელიც  არანაირ მორალურ, ეთიკურ თუ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება).

მთავარი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გაჰყვება თქვენს პროფესიული ცხოვრებას, არის – რატომ? რატომ დუმდით მაშინ, როცა ამ ჯოჯოხეთის შეჩერება შეგეძლოთ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და რატომ არ შეაჩერეთ?

ბათუმში „ევრო 2000“-ის მასწავლებლები 1 საათით გაიფიცნენ – აქცია

სკოლა „ევრო 2000“ შეუერთდა გაფიცვას – ამ სკოლის მასწავლებლებმა დღეს, 13 დეკემბერს, სკოლის წინ მოაწყვეს ერთსაათიანი აქცია-გაფიცვა. აქციაზე ადამიანების სიმრავლის გამო დროებით გადაკეტილია გორგილაძის ქუჩა.

გაფიცულები ხელახლა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ სამართლიან გარემოში, ასევე ითხოვენ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას.

2024 წლის 3 დეკემბრიდან რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი თუ მოსწავლე გაიფიცა.

__

რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„რადიკალური ლიბერალები“ ევროპელებად დავიბადეთ – ბათუმელი პედაგოგი

„ჰოდა, მე იცით რა მგონია? ჩვენ, „რადიკალური ლიბერალები“, ევროპელებად დავიბადეთ – აი, დაბადებიდანვე ასეთები ვიყავით… ვიზრდებოდით და ღრმავდებოდა ჩვენი უფლებების დაცვის და თავისუფლების ფასის სიყვარული…. ჩვენ, მილენიალები, სამწუხაროდ, ცოტანი ვართ „ლიბერალისტები“, აი, თაობა -Z კი უმრავლესობითაა წარმოდგენილი საბედნიეროდ.

მათში ასე ადვილად ვერ ჩაკლავთ აზროვნების თავისუფლებას, შეუძლებელია!“ – წერს ბათუმელი პედაგოგი მაია ფაღავა.

მაიას ყოველ საღამოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნახავთ, ის ანტირუსულ აქციებს პირველი დღიდანვე შეუერთდა. პედაგოგი ამჯერად ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან უზიარებს გამოცდილებას საზოგადოებას, თუ რა არის მისთვის ევროპა და რატომ „ვართ ჩვენ ევროპა“.

„2011 -2013 წლებში კვირაში ორი დღე ხულოში დავდიოდი, 3 საათი მჭირდებოდა ხულომდე, 6-საათიან ლექციებს ვუტარებდი უფროსებს და უკან ისევ 3 საათი მჭირდებოდა დასაბრუნებლად. არ მახსოვს, გაკვეთილი გამეცდინოს ერთი შემთხვევის გარდა, როცა ისეთი დიდთოვლობა იყო, ტრანსპორტი არ გავიდა ქალაქიდან. აი, მაშინ ძალიან ბევრი მეკითხებოდა – „უი, მანდ როგორ დადიხარ გოგო? – აი, მე ვერ წარმომიდგენია“, – ამ დროს ჩემი განწყობა იყო ამაღლებული და ვიცოდი, ჩემი იქ ჩასვლა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ყოველი წუთი შეუფასებელი.

ვფიქრობდი, თუ რამდენ დროს ხარჯავდნენ მეგაპოლისებში ადამიანები სამსახურში მისასვლელად და ის 3 საათი კითხვაში თუ მუსიკის მოსმენაში უცებ გადიოდა. ჩემთვის ევროპა დისციპლინაა, კანონმორჩილება და ამავდროულად უკიდეგანო შინაგანი თავისუფლებაა.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, ჩვენ მაინც იქ ვართ – ევროპაში. სულერთია, თქვენ მოლაპარაკებებს შეაჩერებთ თუ დახურავთ. ჩვენთვის ეს სულიერი მდგომარეობაა. სხვათა შორის, ბებიაჩემიც ევროპელი იყო – ქალაქში დაბადებული და გაზრდილი გოგო მაღალმთიანეთში ერთი სოფლიდან მეორეში ცხენით რომ გადაადგილდებოდა, სამედიცინო დახმარება რომ გაეწია ადამიანებისთვის.

მას ეს მოსწონდა და ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და არ აბრკოლებდა მაშინდელი სტერეოტიპები. ჰო, კიდევ 1955-ში იმიტომ გაჰყვა ცოლად 37 წლის ბაბუაჩემს,  რომ კომპარტიის წიგნაკის ნაცვლად ლინგვისტის წითელი დიპლომი ჰქონდა. „რადიკალი ლიბერალები” მყავდა ორივე“. – წერს მაია.

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„აშშ გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 პირს, რომლებიც „საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან“, დღეს, 13 დეკემბერს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიიის ძირის გამოთხრაში.

დღევანდელი ქმედება მიემართება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, ასევე, სამართალდამცავ და უსაფრთხოების წარმომადგენლებსა და კერძო პირებს,“ –  თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

მილერის განცხადების ოფიციალურ თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის: მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.

ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები მაგალითია ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომელიც ემატება აქამდე გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ,“- განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი განმარტავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ეფუძნება „იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის” 212(a)(3)(C) პუნქტს, სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 760 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 9 537 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 21 078 ერთეული [+6]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 176 ერთეული [+65]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 861 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31177 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 3 642 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 633 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 775 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 549 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 190 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა იცვლება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით რუსეთ-უკრაინის ომში? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: „ქართული ოცნება“ ომის პრინციპებსაც კი არღვევსო.

„2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ სცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს ან ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.

„თანაც, ოფიცრების 80 %-ს დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული“, – დასძენს იგი.

გადამდგარი გენერალი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ელოდება, შემდეგ კი, უკრაინის გაძლიერებას და შემდეგი ფაზისთვის მომზადებას.

„ეს არაა პირველი დარტყმა ტაგანროგზე. უკრაინელები ადრე თუ დრონებს იყენებდნენ, ახლა, ნებართვის მიღების შემდეგ, უკვე რაკეტებს იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა დრონი, რომელსაც გადააქვს 30 კილოგრამი ასაფეთქებელი და რაკეტა, რომელსაც გადააქვს 100-150 კილოგრამი. მისი მიღწევადობაც განსხვავებულია,“ – გვიხსნის გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით დავიწყოთ. რა გამოჩნდა ამ შეხვედრიდან, რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში? 

იმ აზრზე ვრჩები ისევ, რომ ამ ოფიციალური განცხადებების ძირითადი მიმართულებაა გარკვეული ზეწოლა მხარეებზე, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. პირველი, რაც იქნება, ეს არის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. ისინი იქ დაფიქსირდებიან, სადაც ახლა იმყოფებიან ძალები. ლოგიკურად აქეთ მიდის პროცესი.

  • რატომ იქნება მისაღები ეს უკრაინისთვის? 

ეს რუსეთისთვისაც კი იქნება მისაღები, იმიტომ, რომ გარკვეული სულისმოთქმის საშუალება იქნება. დღევანდელი მოცემულობით უკრაინას არ შესწევს ძალა, ყირიმის და დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე დღეს იფიქროს.

სულისმოთქმას კი აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. უარყოფითი ისაა, რომ რუსეთი შეეცდება ეს დრო – სადღაც 6-10 წელი – გამოიყენოს იმ სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა. დასავლეთმა კი უკრაინას უნდა აღმოუჩინოს დახმარება, რომ იმდენად ძლიერი გახდეს, ვეღარ გაბედოს რუსეთმა ავანტიურისტული ომის წამოწყება უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ვუბრუნდებით „კორეიზაციის“ ვარიანტს.

  • ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას შესაძლოა ისევ შეუტიოს ახალი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“. პენტაგონის ვარაუდი დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის და მხოლოდ მსხვერპლს და ზიანს გაზრდის. თქვენი ინფორმაციით, რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი? 

რაკეტა განკუთვნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, ან მათ ინერტული ქობინები უნდა ჰქონდეთ, რომელიც კინეტიკური დარტყმის საშუალებით ახდენს ნგრევას.

რუსეთმა შეიძლება ყველაფერი გამოიყენოს, რა თქმა უნდა, მას შეზღუდვა არ აქვს არც მორალური, არც ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა მათ აქვთ ტექნიკური შეზღუდვა – ეს რაკეტები, არა მგონია, ბევრი ჰქონდეთ. ეს მაინც უფრო არის ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოსახატავად.

ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები აღნიშნული რაკეტების წინააღმდეგ.

  • ფსიქოლოგიური ზეწოლა ახსენეთ. რა შედეგზე შეიძლება იყოს ეს გათვლილი? 

რუსეთმა რაც არ უნდა აუწყოს დიდი გამარჯვების შესახებ თავის შიდა აუდიტორიას, ვერ გაყიდის ამას ისე, როგორც ეს მანამდე შეეძლო – იქეთ დაკარგა ტერიტორია, კურსკი დაკარგა და ვერ იბრუნებს. როგორ განაცხადებ, რომ გაიმარჯვე, როცა ტერიტორია დაკარგე?

ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. აღმოჩნდა, რომ უკრაინელების მხრიდან ეს გაბედული ნაბიჯი იყო სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. მოლაპარაკების მაგიდასთან თუ ლაპარაკი წავიდა ტერიტორიების გაცვლაზე, კურსკის სანაცვლოდ უკრაინას შეუძლია ისაუბროს ხერსონზე ან ზაპოროჟიეზე. ერთიც და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის: ზაპოროჟიეს შემთხვევაში ის აზოვის ზღვაზე გადის, ხერსონის შემთხვევაში კი, უშუალოდ ყირიმს უახლოვდება.

  • რა ხდება კურსკში მას შემდეგ, როცა იქ უკრაინელებმა შეჭრა მოახერხეს? 

რუსებმა იქ გარკვეული შეტევები განახორციელეს, მცირე ზომის ლოკალური წარმატება აქვთ, მაგრამ რაც მთავარია: უკრაინელებს ეს ტერიტორია მყარად აქვთ დაკავებული. რუსები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ამ ტერიტორიის გათავისუფლებას, მათ შორის, კორეელების დახმარებით. უკრაინა იცავს თავის თავს, რუსებს კი, საკუთარი ტერიტორიის დაბომბვა და განადგურება უწევთ. ეს ნამდვილად ვერ აისახება დადებითად ამ ომის მხარდამჭერებზე.

საერთო კონტექსტში რუსეთმა უდიდესი დარტყმა განიცადა სირიაში, როგორც პოლიტიკური, ისე საბრძოლო თვალსაზრისით. რუსებმა კი გამოიყვანეს ტარტუსის
საზღვაო ბაზიდან ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ დარჩენილი ნაწილი მიწასთან გაასწორეს ისრაელის საჰაერო ძალებმა. ერთმანეთს ასწრებდნენ რუსები, ისე სხდებოდნენ თვითმფრინავებში სირიის დატოვების დროს. სირიაში რუსეთის ბევრი მოქალაქეა დარჩენილი და ვეღარ გამოჰყავთ.

ასე რომ, რუსებს სახარბიელოდ არ აქვთ საქმე. ეს ხომალდები ვერ დაემატება შავ ზღვას – ბოსფორი დაკეტილია. ისინი ან უნდა გაჩერდნენ ეგვიპტის, ან ლიბიის პორტში ადგილობრივი ნებართვის საფუძველზე, ან ევროპას უნდა შემოუარონ და ისე შეუერთდნენ ბალტიის ფლოტს.

რუსებმა 4 წელიწადში ათობით მილიარდი დოლარი დახარჯეს სირიაში და 4 დღეში დაიკარგა ეს ყველაფერი. რუსეთის პრესტიჟზე აღარაფერს ვამბობ – ცალკე თურქეთმა
გაულაწუნა და ცალკე ისრაელმა. სირიის ამბებმა ირანიც დაასუსტა, როგორც რუსეთის მოკავშირე. ასე რომ, საკმაოდ შორსმიმავალი შედეგები გამოიწვია ასადის რეჟიმის დამხობამ.

  • უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ასევე დაახლოებით 150 000 ჯარისკაცი გადაისროლა პოკროვსკის, კურახოვოსა და ვრემევსკოეს მიმართულებით. ოკუპანტები ცდილობენ, ხელთ იგდონ კურახოვოსკენ დამაკავშირებელი ლოგისტიკური კვანძები. რა ხდება ამ მიმართულებით? 

ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ძირითადი დარტყმის მიმართულების გამოყოფა. ეს არის პოკროვსკის მიმართულება და იმის მცდელობა, რომ დონბასის საზღვარზე გავიდნენ, მაგრამ ამ ტემპით 5 წელი მაინც დასჭირდებათ საზღვარზე გასასვლელად. დააკვირდით, რამდენი თვეა, რაც კურახოვოზეა საუბარი? კურახოვოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არტყამს წყალსაცავი, რომელზეც რუსები ვერ გადადიან, ახლა წყალსაცავის შემოვლა თითქმის დაასრულეს…

კურახოვოდან პოკროვსკამდე კიდევ ბევრი აქვთ გასავლელი რუსებს. აქ საუბარია კვირაში ერთი კილომეტრის გავლაზე.

ამ მიმართულებაზე ახლა კი არიან ახლა კონცენტრირებული რუსები, სამაგიეროდ აღარ არის აქტიურობა ხერსონის, ან ზაპორპოჟიეს მიმართულებებზე. ძირითადად აქტიურობა არის დონბასის მიმართულებაზე, დონბასის საზღვარზე რომ გავიდნენ, თუმცა ამისთვის რუსებმა სლავიანსკის და კრამატორსკის ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვითი რაიონები უნდა გაიარონ.

უკრაინას თავისი პრობლემები აქვს – ფრონტის ხაზი 2 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული და ამას ემატება ბელარუსის საზღვარი, რომელსაც უკრაინელები ვერ ტოვებენ. ზელენსკის ის განცხადებაც, რომ უარს ამბობს 18 წლის ახალგაზრდების გაწვევაზე, იმის მანიშნებელია, რომ უკრაინა ცდილობს ხალხი შეინარჩუნოს, ვიდრე ის მეტრები, რასაც თანდათანობით ტოვებს.

ხანგრძლივ უკანდახევას ის უპირატესობა აქვს, რომ სიღრმეში განახორციელო პოზიციების გეგმაზომიერი მომზადება – რუსები ვერ ახორციელებენ გარღვევას. ეს მუშაობს, როგორც ზამბარა – რაც უფრო მეტს აწვები, უკუცემაც მეტია.

უკრაინაში ვისაც ომში წასვლა სურდა, წასულია უკვე. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს პრობლემა ამ კუთხით რუსებისგან განსხვავებით, სადაც ომში წამსვლელს იმდენს უხდიან, თავის ცხოვრებაში რომ ვერ ნახავს, მაგალითად, რომელიმე პროვინციაში მცხოვრები  ალკოჰოლიკი. სავარაუდოდ, ცოლებს მიჰყავთ ქმრები და აბარებენ, რომ ფული შევიდეს ოჯახში.

რუსეთში გაცხადდა ისიც, რომ საპატიმროებში მყოფი სასჯელმისჯილი პირების დაახლოებით 40% მობილიზებულია უკვე, ასევე მილიციას აქვს დავალება მიღებული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკავოს დანაშაულისთვის, რომ შემდეგ აიძულონ ომში მოხალისედ წასვლა.

  • რას შეცვლის უკრაინისთვის 20 მლრდ დოლარი, რასაც აშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან აძლევს? საინტერესოა ასევე, რა ინფორმაცია გაქვთ გადამდგარი გენერლის, კიტ კელოგის შესახებ. ის დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად დანიშნა. 

არ მაქვს ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია, თუმცა ვიცი, რომ კელოგი ანტირუსული განწყობის პიროვნებაა. ჩვენგან განსხვავებით ამერიკაში უბრალოდ არ აძლევენ გენერლის წოდებას, მას შესაბამისი მიღწევები ჰქონდა.

რაც შეეხება დახმარებას, ეს თანხა სჭირდება უკრაინას დახარჯული მარაგების აღსადგენად. ეს არაა ის თანხა, რომ უკრაინამ ომი დაასრულოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უკრაინისთვის სკანდინავიის ქვეყნების დახმარება – უკრაინამ თავად უნდა აამუშაოს საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და არ იყოს მხოლოდ დასავლეთიდან შეყვანილი ტექნიკის იმედად.

  • რამდენად შემცირებულია რუსეთის რესურსი ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ? წუხელ რუსეთის სამხედრო უწყებამ დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის ფაქტი და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS. 

ეს არაა პირველი დარტყმა ტაგანროგზე. უკრაინელები ადრე თუ დრონებს იყენებდნენ, ნებართვის მიღების შემდეგ, უკვე რაკეტებს იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა დრონი, რომელსაც გადააქვს 30 კილო ასაფეთქებელი და რაკეტა, რომელსაც გადააქვს 100-150 კილო. მისი მიღწევადობაც განსხვავებულია.

რუსეთს აქვს უნარი, აწარმოოს ომი, მაგრამ ესაა ის, რასაც ვხედავთ – ვერ მოუმატებს. რუსეთს ადამიანური რესურსი ბლომად აქვს, ტექნიკურ რესურსზე რა გითხრათ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეისგან მიიღო იმდენივე საარტილერიო ჭურვი, რამდენიც დახარჯა პირველ ორ წელიწადში.

სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად იყენებენ ამ ჭურვებს: სამიდან ერთი შეიძლება აფეთქდესო, დიდი ხანია საწყობში უდევთ და ხარისხიც დაბალია. ის, რომ რაოდენობრივად ბევრი ჭურვი მიიღო რუსეთმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არითმეტიკულად გაიზრდება სროლის შესაძლებლობა, მაგრამ ინტენსივობა გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იწვევს საარტილერიო სისტემის ლულების ცვეთას. ლულა არ რემონტდება, ის უნდა გადაიდნოს და ახალი ლულა ჩამოისხას. ასე არ დგას საკითხი, რომ ჭურვები მიიღო რუსეთმა და შავ დღეს აყრის უკრაინას.

  • უახლოეს პერიოდში თქვენ ელოდებით ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ ისევ დასავლეთზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება უკრაინა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რომ შეძლოს? 

ჩემი აზრით, გაზაფხულისთვის ჩამოყალიბდება ნათელი სურათი.

უკრაინა უნდა მოემზადოს შემდეგი ფაზისთვის, ის დაელოდება თავის მომენტს. აზერბაიჯანი, მაგალითად, 30 წელი ელოდა თავის მომენტს ყარაბაღისთვის. მანამდე კიდევ ღმერთმა უწყის, რა მოხდება კიდევ რუსეთში.

  • საქართველოში მიმდინარე ბოლო პროცესებზე მინდა ასევე გკითხოთ: რას ნიშნავს, პირველ რიგში, აშშ-ს პარტნიორობის შეჩერება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის?

ეს ჩამონათვალი სამწუხაროდ გრძელდება: ბრიტანეთმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დახმარება, გერმანიამ, სკანდინავიის ქვეყნებმა შეაჩერეს ასევე ტერიტორიულ თავდაცვასთან დაკავშირებული დახმარება.

ეს ძალიან მტკივნეულია განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი ყველაზე დაბალია მთელს ამიერკავკასიაში. დააკვირდით, სწავლების დონეს და სიხშირეს. ბოლოს როდის გაიგეთ ფართომასშტაბიანი სწავლების შესახებ?

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. საქართველო ყურადღებით უნდა იყოს, რომ ეს ვითარება არ გამოიყენოს ისევ რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის საშუალებით. აფხაზეთს ახლა არ სცალია ჩვენთვის, მაგრამ ის შეიძლება აიძულოს რუსეთმა. ასე რომ, საქართველო უნდა იყოს მზად პროვოკაციებისთვის.

  • როგორ მიიღება მსგავს მოცემულობაში გადაწყვეტილებები შეიარაღებულ ძალებში? სპეცრაზმელებს ერთ-ერთ აქციაზე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მათ შეახსენა, რომ კონსტიტუციას უნდა დაემორჩილონ.

მე ის მინდა გითხრათ, რომ ოფიცრების 80 %-ს საქართველოში დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული. ზოგადად სამხედრო პირი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ მათ აზრის გამოხატვა ნამდვილად შეუძლიათ. იგივე აშშ-ს და ბრიტანეთის დახმარების შეჩერებაზე მე ოფიცრების აზრი არ გამიგია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში.

2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ ცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს და ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ერთი ის, რომ ამას გმირობა სჭირდება, მეორე – ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის.

რაც ახლა ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმიც და დაბალი მორალური მდგომარეობა, გაბოროტება, დისციპლინის არარსებობა… თუ ამას აკეთებს პოლიციელი თავისი ნებით –
ეს უდისციპლინობაა, თუ ზემდგომის ბრძანებით – ეს დაბალი მორალის და შიშის მაჩვენებელია, ვინაიდან მათ აქვთ კანონიერი უფლება არ შეასრულონ ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონებს.

  • ვის უნდა დაემორჩილონ ამ დროს ფორმიანები, როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება? 

ვერ გეტყვით, რთული ვითარებაა. როცა არალეგიტიმურია ხელისუფლება, რომელიც არის ლეგიტიმური, მას უნდა დაემორჩილონ, რა თქმა უნდა. თუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სამხედროები დადგებიან, როგორ გამოვა ეს ლეგიტიმური?

  • არ უნდა დადგნენ? 

ვერ გეტყვით, მოწოდება გამომივა და ვერ გავაკეთებ მოწოდებას, წასული ვარ უკვე ჯარიდან. იქ რომ ვყოფილიყავი, ვიცი, რასაც გავაკეთებდი.

  • რას გააკეთებდით?

ვერ გეტყვით, არ მინდა ამაზე საუბარი საჯაროდ. არ მინდა ჰაერში მუშტების ქნევა.

  • თქვენ რა გამოსავალს ხედავთ, როცა ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და ამჯერად უკვე ანტიკონსტიტუციურად პრეზიდენტსაც ირჩევს?

გამოსავალი არის არჩევნები. მხოლოდ ეს დააწყნარებს ახლანდელ რთულ ვითარებას.

ხალხი უყურებს, რომ ნიღბიანები სცემენ ვიღაცას და ქაოსურად მიდიან იქამდე, რომ თავი უნდა დაიცვან. მხუთავ აირს უშვებ და ამ დროს, მაგალითად, აირწინაღის ნიღბის ტარებას კრძალავ. ეს იგივეა წყალგაუმტარი ქურთუკის ტარება აკრძალო იმიტომ, რომ წყლის ჭავლს უშვებ და სხვები ვალდებულები არიან დასველდნენ.

  • მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა შეფასდა, როგორც წამება. თქვენ ამბობთ, რომ „ოცნება“ ომის კანონსაც არღვევს? 

არ ვიცი, ვისი დავალებით მოქმედებენ, მაგრამ პოლიციელი, რომელიც სცემს დაკავებულს, არღვევს არამხოლოდ ომის კანონს, არამედ სამოქალაქო კოდექსს. თავის მოქმედების პროცედურაში არავის უწერია ის, რომ დაკავებული წიხლში გაიგდეო.

პარლამენტს 7 წელი ეხვეწებოდნენ პიროტექნიკის შეზღუდვას, მაგრამ სანამ პარლამენტს და პოლიციას არ ესროლეს, არაფერი გააკეთეს, ვიღაცის ბიზნესინტერესი იყო.

წყლის ჭავლში გაზავებული ფხვნილით ახალი იარაღი შეიქმნა, რომლის შედეგი არავინ იცის რა იქნება – ექიმი

„აქციის დასაშლელად ორ საშუალებას იყენებენ – ესაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

გაზი არასწორი სახელია, ეს არის ფხვნილი, რომელიც შეიძლება გაიფრქვეს ან წყალში გაიხსნას. მცირე რაოდენობის წყალში და არა იმ ავზებში, რომლებშიც ხსნიან და შემდეგ წნევით შლიან დემონსტრანტებს.

ფაქტობრივად, შექმნეს ახალი იარაღი, რომლის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს გამოიწვევს, ნამდვილად არავინ არ იცის,“ – ამბობს გია კამკამიძე, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ექიმმა ეს 6 დეკემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას თქვა. თავის გამოსვლაში ალერგოლოგ-იმუნოლოგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ახლა ქვეყანაში სახეზეა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი, როცა მშრალი სტატისტიკის გარდა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ექიმის თქმით, აქციებზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მუდმივ რეჟიმში აწვდიდეს მოქალაქეებს ინფორმაციას.

NCDC-ის ამ დრომდე [12 დეკემბერი] აქციების კონტექსტში ერთადერთი განცხადება აქვს გაკეთებული და ის პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. ცენტრი ამ განცხადებაში უარყოფს, რომ LinkedIn-ზე გავრცელებული ტექსტი, სადაც ეწერა – „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული“ – არ იყო NCDC-ის ოფიციალური განცხადება.

ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გია კამკამიძე ამბობს, რომ წყლის ჭავლში გაზავებული ფხვნილით, ფაქტობრივად, ახალი იარაღი შეიქმნა, რომლის შედეგები გრძელ ვადაში არავინ იცის, რა იქნება.

„არ იციან მათ შორის არც ძალოვანმა სტრუქტურებმა. საერთოდ აზრზე არ არის არც ჯანდაცვის სამინისტრო და ხმას საერთოდ არ იღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება. ამიტომ ეს [წყალში შერეული ქიმიური ნივთიერება] არის არაპროგნოზირებადი, არარეგულირებადი და ეს ადამიანებიც – რობოკოპები და ძალოვნები, ვინც ამას იყენებენ, თავადაც არიან დარტყმის ქვეშ. მაგრამ იმის გამო, რომ შეიარაღებულნი არიან, მათი რისკი ნაკლებია, არიან დაცულები.

როდესაც ამას იყენებ არა ურჩი, პატარა ჯგუფის წინააღმდეგ, როგორც უნდა იყოს გამოყენებული ეს საშუალებები, არამედ იყენებ 100-200 ათასი ადამიანის წინააღმდეგ, ეს უკვე სრულიად სხვა სურათს ქმნის.

ვინაიდან არსებობს ალბათობა, რომ ამ ხალხში იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ბრონქული ასთმა ან ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან რაღაცა გულის პათოლოგია. ასეთ დროს მაღალია ალბათობა, რომ რამე მძიმე შედეგი დადგეს,“ – ამბობს გია კამკამიძე.

„სამარშრუტოში შესხურებული ეს ნივთიერება ფაქტობრივად გაზის კამერაა, რომელსაც ფაშისტები იყენებდნენ“

ექიმის თქმით, ქიმიური საშუალებები აქციის დასაშლელად შეიძლება გამოიყენო მაშინ, როდესაც მცირე მებრძოლი ჯგუფია, რომელიც არ ემორჩილება მითითებებს და გამოიყენო მას შემდეგ, რაც ყველა სხვა საშუალება ამოიწურა.

„ასეთი მასიური გამოყენება სრულიად ცვლის სურათს. ამასთან ისეთი მეთოდების გამოყენება – დამიზნებით გამოსროლა ამ ჭურვების, რუსთაველის თეატრიდან როგორ ისროდნენ, ამას მე თვითონ შევესწარი… სად არის ამის შედეგების ანალიზი? რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ამის ანალიზი არ არსებობს. არაპროგნოზირებადია.

ამიტომ ჩვენი, ექიმების მოთხოვნაა, საერთოდ შეწყდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ვინაიდან ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, ან ვერ ერკვევიან, ან სპეციალურად არღვევენ ამ წესებს. ეს ხდება ყოველ დღე და ეს არის დანაშაული.

ასევე დანაშაულია ამ საშუალებების გაფრქვევა დახშულ სივრცეებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იფრქვევა სადარბაზოებში. ასევე არის მონაცემი, რომ ის გაიფრქვა იმ სამარშრუტო საშუალებებში, რომლებსაც პოლიცია ეწერა თუ არ ეწერა, ანუ სადაც ათავსებდნენ დაკავებულ ადამიანებს და პირდაპირ ასხურებდნენ შიგნით ამ საშუალებებს. იქ ისედაც დალეწილი ადამიანები არიან, მათი სასუნთქი გზები ისედაც შეშუპებულია და კიდევ ვამატებთ.

დიდი კონცენტრაციით გროვდება იქ და ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამ საშუალებების გამოყენების პირველივე გვერდზე წერია, რომ ძალიან მძიმე შედეგები იქნება, თუ კი ეს საშუალებები არასწორად იქნება გამოყენებული.

მათ შორის, მაგალითად, მიკროავტობუსში შესხურებული ეს ნივთიერება არის ფაქტობრივად გაზის კამერა, რომელსაც ფაშისტები იყენებდნენ. შესაბამისად, გვაქვს საქმე სიცოცხლის მოსპობის მცდელობასთან.

ეს არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ლაივშიც, ტელევიზორშიც და ამის უამრავი დასტურია,“ – თქვა ექიმმა გია კამკამიძემ.

ექიმის თქმით, არც წიწაკის სპრეის იყენებენ პროტოკოლის შესაბამისად.

„ქურთუკები, რომლებიც დასველებულია ამ წყლის ჭავლით, წითელია. ვინაიდან მასში შერეულია ე.წ. წიწაკის სპრეი. ეს მიეკუთვნება ამ ლაკრიმატორების ჯგუფს, ანუ ცრემლმდენი საშუალებების ჯგუფია და არ შეიძლება ასე იქნას გამოყენებული,“ – ამბობს გია კამკამიძე.

ექიმს კითხვები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან.

„მე ამერიკასა და საფრანგეთში ვმუშაობდი. გაფიცვები ყველგანაა. განსაკუთრებით საფრანგეთში, მაგრამ ქიმიური საშუალებების ასეთი არაცივილური გამოყენება არ ხდება.

ამ [ნივთიერებების] გამოყენებამ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ეს ძალოვანი უწყებების ინსტრუქციის პირველივე გვერდზე წერია,“ – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც რუსთაველზე იყენებენ, ადამიანზე ზემოქმედებს არამარტო იმ 15-30 წუთის განმავლობაში, როცა ჰაერში გაფრქვევა ხდება და ადამიანებს მისი ჩასუნთქვა უწევთ, არამედ მერეც, როცა თითქოს მოქმედების დრო გავიდა.

„მოგვიანებით ამას შეიძლება მოჰყვეს ფილტვის შეშუპება, ფილტვის პერმანენტული ან მუდმივი დაზიანება, რომელიც წლების განმავლობაში, განუსაზღვრელი დროით რჩება. თვალის დაზიანება, გლაუკომის განვითარება, რომელმაც სიბრმავემდე შეიძლება მიგვიყვანოს. ესენი ყველაფერი წინ გველის.

როდესაც პანდემია იყო, მე ძალიან ხშირად ვიყავი თქვენს არხზე. იმავე პრობლემის წინაშე ვიქნებით.

ჩვენი პროფესიული პატიოსნება არ გვაძლევს საშუალებას, რომ არ ამოვიღოთ ხმა. ჩვენ განა მართლა რევოლუციონერები ხომ არა ვართ, ეს ამდენი ხალხი, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ვითხოვთ უბრალოდ ევროპულ გზას. კი ბატონო, არ ეთანხმები და მიგყავს რუსეთისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი მოსახლეობა უნდა მოწამლო, უნდა დაამტვრიო და ძვლებში გადაამტვრიო,“ – თქვა ექიმმა გია კამკამიძემ.

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 8.5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 მილიონ 576 967 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს აცნობა და ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო მომსახურებების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა.

შესაბამის განკარგულებას კობახიძემ 5 დეკემბერს მოაწერა ხელი.

განკარგულების მიხედვით, დაფინანსება 2024-2025 წლების ბიუჯეტების ასიგნებებიდან გაიცემა. მომსახურებების შესყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგ შემთხვევაში გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებებიც.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რაზეც მან დღეს, 12 დეკემბერს, მედიასთან განაცხადა, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს გეგმავენ. ამ დღეს „ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევასაც გეგმავს.

საზოგადოების დიდი ნაწილი კი აქციებით აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევას და აცხადებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. ამას ემატება ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა პრეზიდენტის სარჩელი, რომლის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა.

კახა კალაძის განცხადებას 14 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების თაობაზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და წერენ, რომ „სადაც ახალგაზდები გაზით მოწამლეს, იქ ბავშვებს არ გაიყვანენ“.

Exit mobile version