მთავარი,სიახლეები

„ხელი გაუშვი, ჩემი შვილია! შვილები რუსეთისთვის არ გაგვიზრდია“- დედების მარში თბილისში

14.12.2024
„ხელი გაუშვი, ჩემი შვილია! შვილები რუსეთისთვის არ გაგვიზრდია“- დედების მარში თბილისში

„ნუ იჭერ, ჩემი შვილია!“, „ნუ ძალადობ!“, „ნუ აწამებ!“, „გაათავისუფლეთ უკანონო დაკავებული პატიმრები“, „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“- ამ სლოგანებით მიმდინარეობს დღეს, 14 დეკემბერს, თბილისში დედების მარში.

ქალები მოუწოდებენ სამართალდამცავებს, დაიცვან შვილები და არა რუსი ოლიგარქის რეჟიმი.

„აი, ამად გადაგაქციათ რეჟიმმა, დაგაპირისპირათ საკუთარ ხალხს, ქვეყანას, ჩვენ რუსეთისთვის შვილები არ გაგვიზრდია. ეს იცოდეთ და ამიტომ შეგაკლავთ თავს. ჩვენ ჩვენი სამშობლოს დასაცავად გავზარდეთ ჩვენი შვილები. ჩვენს შვილებს ვინც ხელს ახლებს, ჩვენთან, დედებთან გექნებათ საქმე“ – ეუბნება აქციის მონაწილე ქალი პოლიციას, რომელიც რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური პარლამენტის და ნაძვის ხის დასაცავად დგას.

დედების მარში თბილისში.

„პოლიციის ეშინია აუტისტს ბავშვს, როგორ მოვიყვანო ნაძვის ხესთან. ვის დაუდგით ის ნაძვის ხე, არ გვჭირდება, თქვენი სისხლიანი ნაძვის ხე არ გვჭირდება“-ამბობს აქციის მონაწილე.

დედების წინ პოლიციის კორდონი დგას.

პოლიციის კორდონი დედების მარშის წინ

„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“- ამ შეძახილებით მიმდინარეობს დედების მარში.

„თქვენ გყავთ დედები, გყავთ შვილები? ვინ ხართ ასეთი უსისხლოები. თქვენთვის მარტო თქვენი დედა, თქვენი ოჯახი არსებობს… თქვენ ჩვენს შვილებსაც უნდა იცავდეთ და ამ დროს რას ვხედავთ – როცა ჩვენს შვილებს ურტყამენ, თქვენ დგახართ და დამცინავად უყურებთ მათ. როგორ უსწორდებიან, როგორ დგებიან ჩექმებით, როგორც რუსები დგებოდნენ ჩვენს შვილებს, როგორ უმტვრევენ სახის ძვლებს, თავის ქალას, სირცხვილი თქვენ!

დედების მარში

თქვენ არ ხართ ქართული პოლიცია, თქვენ ხართ რუსული მილიცია. 9 აპრილს რომ ჩეხავდნენ ბავშვებს, ქართველ დედებს, მოდით და ჩვენც დაგვჩეხეთ.

დასრულდა, აღარ არის სამართალი, სახელმწიფო აღარ გაქვთ, ვის ემორჩილებით? ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტს გინიშნავენ, სირცხვილი არ არის? როგორ უნდა შეეგუოთ ამათ ხალხო, როგორ. თქვენი პოლიციის მუნდირი როგორ უნდა შეარცხვინოთ ამათი მსახურებით“- აქციის მონაწილე კიდევ ერთი დედა ასე მიმართავს პოლიციას.

დედების მარში თბილისში ძალადობის წინააღმდეგ

  • რა ხდება?

საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: