საპროტესტო აქციებზე მყოფი სპეცრაზმელების კვებისთვის მარტო თბილისსა და ბათუმში შსს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. კვების ხარჯი შსს-ს 20 დეკემბრამდე აქვს გათვლილი.
2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 12 დეკემბრამდე თბილისში აქციების გამო შსს-მ 684 300 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში. ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 81 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე.
ცალკე 200 000 ლარს დახარჯავს ტენდერის გარეშე თბილისის პოლიციის დეპარტამენტი პოლიციელთა კვებაში აქციების დროს – 7 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
რაც შეეხება ბათუმს: ბათუმის საპროტესტო აქციაზე ფორმიანების კვებით უზრუნველყოფას შსს 20 დეკემბრამდე ახანგრძლივებს. 500 მოსამსახურის კვებისთვის 10 დღეში ბიუჯეტიდან ამჯერად 81 000 ლარი დაიხარჯება. 4-დან 8 დეკემბრის ჩათვლით კი, ბათუმში სპეცრაზმელების კვებისთვის 44 800 ლარი უკვე დაიხარჯა.
ჯამურად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში კვებაში შსს-ს 1 010 100 ლარის დახარჯვას აპირებს.
„საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, რამაც განაპირობა, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა პროცესში ჩართვა…
ვითარების წინასწარ განსაზღვრა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტისთვის უცნობია იყო აქციის გაგრძელების ვადების შესახებ.
გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმში გრძელდება აქციები, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფს მიზნით, კვლავ მობილიზებულია საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
2024 წლის 11 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ყოველდღიურად 500 თანამშრომლისთვის, 10 დღეზე კი 5000 [ხუთი ათასი] თანამშრომლისთვის, საკვები პროდუქტის ნაკრები ჯამური ღირებულება შეადგენს: 81 000 ლარს,“ – ვკითხულობთ ტენდერის დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება მენიუს, ერთი ნაკრების ჯამური ღირებულება შეადგენს: 16,20 ლარს.
„1 ცალი ქათმის მწვადი ხის შამფურზე – 3,00 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3,00 ლარი, 1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით [დიდი] – 4,00 ლარი, 1 ცალი ღვეზელი კარტოფილით ნახევრად ფენოვანი ცომით – 1,20 ლარი, 1 ცალი შოკოლადი „სნიკერსი” 0.80 გრ – 2,30 ლარი, 1 ცალი გაზიანი გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა” 0.5 მლ – 1.50 ლარი, 2 ბოთლი წყალი „მთის” 0.5 ლ პეტი – 1,20 ლარი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლითაც საკვებს ბათუმის საპროტესტო აქციაზე მყოფი სამართალდამცველებისთვის ყიდულობენ საკვებს.
————
- რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.