მთავარი,სიახლეები

ვის აღარ მოეთხოვება საჯარო სამსახურში ქართულის ცოდნა – საია განმარტავს, რა და რატომ შეიცვალა კანონში

16.12.2024 •
ვის აღარ მოეთხოვება საჯარო სამსახურში ქართულის ცოდნა – საია განმარტავს, რა და რატომ შეიცვალა კანონში

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან პირველი რანგის, მაღალი მმართველობითი დონის თანამდებობის პირები, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები.

რატომ არის პრობლემა და რა რისკებს შეიცავს ეს ცვლილება? – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები რეპრესიულია.

აღნიშნულ ცვლილებებს 13 დეკემბერს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი არალეგიტიმურად შეკრებილმა პარლამენტმა, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილავს ამ ცვლილებებს.

როგორც საია აღნიშნავს, ინიციირებული კანონპროექტი ისედაც მნიშვნელოვნად ასუსტებდა საჯარო მოხელის უფლებების დაცვის გარანტიებს, მათ შორის, ქმნიდა რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდისთვის გამოყენების შესაძლებლობას, „თუმცა, მეორე მოსმენაზე კანონი გარკვეულწილად შეიცვალა, კიდევ უფრო გაუარესდა და სხვა რეპრესიული ცვლილებებით შეივსო“- აცხადებს საია.

საია მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოში მიმდინარე ტერორის ფონზე, საჯარო მოხელეები ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რასაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით კი სახელმწიფო კიდევ ერთ რეპრესიულ იარაღს ქმნის, ამჯერად საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და ცდილობს პარტიულ და საჯარო სამსახურს შორის ზღვრის წაშლის პროცესს საკანონმდებლო საფუძველიც შეუქმნას“.

საიას ცნობით, ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება შემდეგი საკითხები:

  • დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის სტატუსი

როგორც საია განმარტავს, ცვლილებების მიხედვით, დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

„აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პირების დაცვის გარანტიებს, მეორე მხრივ, კი, არაპროპორციულად ზრდის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გავლენას“- აცხადებს საია.

ახალი მოწესრიგებით: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა ვერ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული, ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი;

აღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, რის შესახებაც პირს 1 თვით ადრე ეცნობება.

აღნიშნულ შემთხვევაში პირი მიიღებს კომპენსაციას მხოლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულ მენეჯერულ რგოლზე არ ვრცელდება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და გარანტიები (კანონის XII თავი), რაც დაწესებულების ხელმძღვანელს დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

  • საკონკურსო კომისია

საიას განმარტებით, ახალი მოწესრიგებით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს (აქამდე არსებული მოწესრიგების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს).

„მიღებული ცვლილებები სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის პოზიციების პოლიტიზებას და მათი არასათანადო გავლენების მიმართ მოწყვლადობას ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელობა აჩენს თავად კონკურსის პოლიტიზების საფრთხეს“-ამბობს საია.

  • რეორგანიზაცია

საია მიიჩნევს, რომ ახალი მოწესრიგებით, მარტივდება რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება.

აქამდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაში, მოხელე მისი თანხმობით, გადაყვანილი ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე.

რეორგანიზაციისას, შტატების შემცირების გამო, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცვლილებების მიხედვით, რეორგანიზაციისას შტატების შემცირების შემთხვევაში, აღნიშნული გარანტია მოხელეებზე აღარ გავრცელდება და შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულების შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას.

რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი.

რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.

  • მოხელის შეფასება

ახალი მოწესრიგება ამცირებს მოხელის შეფასების პერიოდულობას, რაც 1 წლის ნაცვლად 6 თვე იქნება. ახალი მოწესრიგება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

ამასთან, კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მოწესრიგება ქმნის საფრთხეს, რომ მოხელის შეფასება დაუსაბუთებლად და ბოროტად იქნეს გამოყენებული, როგორც მოხელეთა დასჯის მექანიზმი“-აცხადებს საია.

ასევე, საიას განმარტებით:

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა ვერ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება;

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული, ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი.

დეტალების დაზუსტებით მიზნით, „ბათუმელები“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თამარ წულუკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, რამდენად სახიფათო ან ანტისახელმწიფოებრივია ეს ჩანაწერი და რამდენად ქმნის იმის საფრთხეს, რომ საჯარო უწყებებში ვიხილოთ ორმაგი მოქალაქეობის [მაგალითად – საქართველოს და რუსეთის] მქონე, ქართული ენის არმცოდნე პირები?

„თეორიულად დასაშვებია, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. იმიტომ, რომ კანონით განსაზღვრული იყო, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონოდა სახელმწიფო ენის ცოდნა და გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირებს ჩამოერთვათ საჯარო მოხელის სტატუსი, არც ის ვალდებულება რჩებათ, რომ ქართული ენა იცოდნენ.

შესაბამისად, ქართული ენის არმცოდნე პირებიც შეიძლება იკავებდნენ ისეთ პოზიციას, როგორიცაა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის ამის რისკიც“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

სახელმწიფო უწყებებში კანონის მიხედვით საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ რამდენად შესაძლებელია, რომ არაქართულენოვანმა პირმა, შეძლოს გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობა, როგორ უნდა აწარმოოს მან დოკუმენტაცია, თუ არ ეცოდინება სახელმწიფო ენა? – ვკითხეთ თამარ წულუკიძეს.

„ეს არის ნამდვილად აცდენაში, რადგან ქართულ ენაზეა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, სამართალწარმოება. შესაძლოა ეს ნაწილი გამორჩათ და ამიტომ არ არის მითითება, თუმცა იმდენად მავნებლური ცვლილებები შეიტანეს ამ კანონში, რომ ვერც იმას გამოვრიცხავთ, მიზანმიმართულად რომ იყოს ეს დეტალები გამოტოვებული“- ამბობს თამარ წულუკიძე.

რა შეიძლება იყოს მიზანი? – ვკითხეთ მას.

იურისტი მიიჩნევს, რომ დაზუსტებით რთულია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო უწყებაში დასაქმებულ პირს, ამ ცვლილების მიხედვით, არ აქვს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება.

„თუმცა, ისევ და ისევ, შესაძლოა ესეც იყოს საჯარო უწყებაში დასაქმებული პირების ტერორისთვის გამოყენებული. დაშინება და მათთვის დისკომფორტის შექმნა შეიძლება იყოს მიზანი, რომ შეიძლება ნებისმიერი პირი მოიყვანონ კონკრეტულ უწყებაში ხელმძღვანელ პირად“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა საცხოვრებლად. მათ საქართველოში დაარეგისტრირეს 30 ათასამდე ბიზნესორგანიზაცია, დასაქმებული არიან სამომხმარებლო სფეროშიც. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კანონის საფუძველზე, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ქართულ სახელმწიფო უწყებებშიც ვიხილოთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, თუ იძლევა ეს კანონი ამის შესაძლებლობას? – ვკითხეთ თამარ წულუკიძეს.

თამარ წულუკიძის თქმით, თეორიულად ეს კანონი ამის შესაძლებლობას უშვებს.

„შესაძლოა, რომ ქართულის არმცოდნე პირი იყოს საჯარო უწყების თანამშრომელი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაშინ საინტერესოა საქმის წარმოებას როგორ მოახერხებს ეს მოხელე და რა ტიპის ურთიერთობები შედგება შიდა უწყებრივად თანამშრომლებს შორის, ან დოკუმენტებს როგორ აწარმოებს. იმედია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, მომავალში, შესაძლოა სხვა ენაზეც იყოს სამართალწარმოება“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

რამდენად შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ძალოვან ან უსაფრთხოების სამსახურებზეც გავრცელდეს ეს კანონი და ამ უწყებებშიც ვიხილოთ არაქართულენოვანი ხელმძღვანელი პირები?

როგორც საია-ში განგვიმარტეს, აღნიშნული ცვლილებები უსაფრთხოების სამსახურზე, მაგალითად სუს-ის უფროსსა და მის მოადგილეებზე არ ვრცელდება და არც ამ საკანონმდებლო ცვლილებებამდე ვრცელდებოდა.

„თუ ენის არ ფლობის კომპონენტი აღმოიფხვრება, ეს გარკვეულ რისკებს შეამცირებს, თუმცა მთლიანობაში, აღნიშნული ცვლილებები მაინც რეპრესიული და არადემოკრატიულია“- ამბობს თამარ წულუკიძე.

____________

ფოტოზე: თამარ წულუკიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: