მთავარი,სიახლეები

მტერი უკვე რუსთაველზეა, ჩვენი ფიცი კი ისაა, ვებრძოლოთ მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – პოლკოვნიკი

14.12.2024
მტერი უკვე რუსთაველზეა, ჩვენი ფიცი კი ისაა, ვებრძოლოთ მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – პოლკოვნიკი

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მიმდინარე პროცესებზე:

„ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო?“, – კითხულობს პოლკოვნიკი, რომელიც ოფიცრებს ახსენებს, ფიცი გაქვთ დადებული და სამშობლო ახლა ბიძინასგან უნდა დაიცვათო.

ახლა 2 წლის ბავშვიც კი ხვდება, რომ ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის ტრაექტორიით, ჩვენი, ყველას ფიცი კი ისაა, რომ ვებრძოლოთ მტერს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მტერი უკვე რუსთაველზეა…. მე მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ თავდაცვის ძალების 80 % არის კრიტიკულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ. ამიტომაცაა, რომ „ოცნებას“ არ აქვს ნდობა მათ მიმართ,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, დღეს, როცა ხელისუფლება არალეგიტიმურია, როგორ უნდა იმოქმედონ ფორმიანმა ადამიანებმა, ვის უნდა დაემორჩილონ ისინი? ასევე, საინტერესოა თქვენი დაკვირვება წინააღმდეგობაზე, რა არის ახლა საჭირო

საჭიროა დროულად მოეგოს გონს ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ცუდი ტრაექტორიით მიდის „ოცნება“ და ქვეყანაც. ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთიდან, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა.

იდეალური იქნება, დასავლეთიდან უფრო კონკრეტული დახმარება მივიღოთ. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე დასავლეთში გადაწყვეტილებებს აყალიბებენ და გარკვეულ მანევრს იყენებენ.

ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის ხაზზე საქართველოს დაბრუნება. ბევრი რამ, რაც აქამდე საქართველოში გრძელდებოდა, ასე ვეღარ გაგრძელდება. საფრთხის მასშტაბი დღეს ძალიან გაზრდილია და ეჭვი მეპარება ამას ივანიშვილი აცნობიერებდეს.

ვხედავთ, რომ ივანიშვილი მერკანტილურად ვაჭრობს, რაღაც ჯიბგირული მოქმედებაა მისი მხრიდან, საქართველოს მოსახლეობა კი, უკან არ იხევს, არ მიდის დათმობაზე. სულ რომ არაფერი მოხდეს, რაღაც მომენტში ივანიშვილს დაუდგება არჩევანი, წავიდეს დათმობაზე, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ან მოსახლეობას სროლა უნდა დაუწყოს. ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგს მოუტანს მას.

  • ამ უკანონო ბრძანებას შეიძლება გაჰყვეს ჯარი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, თანაც, არალეგიტიმური ხელისუფლების ბრძანებას?  

სამხედრო პირები, პირველ რიგში, ფიცს და საკუთარ სინდისს უნდა დაემორჩილონ, განსაკუთრებით კი, მაღალი დონის სამხედრო მეთაურები. დღეს ისინი შეფარებული არიან საკუთარი მოვალეობის შესრულებას, თითქოს პროტესტზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება რამე.

ახლა 2 წლის ბავშვიც კი ხვდება, რომ ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთის ტრაექტორიით, ჩვენი, ყველას ფიცი კი ისაა, რომ ვებრძოლოთ მტერს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მტერი უკვე რუსთაველზეა. საქართველო მარტო ტერიტორიაა? პირველ რიგში, საქართველო მოსახლეობაა. მე ვერ ვიტყვი, რა უნდა გააკეთონ სამხედროებმა, მაგრამ ადრე თუ გვიან, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

  • თქვენ რას გადაწყვეტდით ამ დროს? 

მე გამოვიდოდი და დავდგებოდი მოსახლეობასთან, დავიყენებდი ჩემს ჯარისკაცებს გვერდით და შევეცდებოდი, დამეცვა მოსახლეობა.

კონსტიტუციით უმაღლესი მთავარსარდალი არის პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. არ გვინდა ჯარის ჩართვა ამ პროცესში, მაგრამ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან საშიში პროცესისკენ მიდის. თითოეულმა ჩვენგანმა რა ფორმითაც შეგვიძლია უნდა გამოვხატოთ დღეს პროტესტი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ქვეყანა მშვიდობიანად დაბრუნდეს ევროპის გზაზე.

ძალადობა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ჩადის, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებელია ყველა თანამდებობის პირი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობს. მარტო ის ზონდერები კი არ არიან პასუხისმგებელნი, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს ურტყამენ, არამედ ყველა, ვინც მხარს უჭერს. რაც უფრო მძიმედ წავა ეს პრობლემა, მით უფრო გაიზრდება ეს პასუხისმგებლობა. მით უფრო ძნელი გახდება საზოგადოების შერიგება და ის, რომ თანხვედრაში გაგრძელდეს ცხოვრება.

ვთქვათ, დამარცხდა „ქართული ოცნება“ და ასეც მოხდება, დარწმუნებული ვარ. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ძალიან რთული იქნება იმ თანამდებობის პირებთან შერიგება, რომლებიც დღეს მინიმუმ ასე გულგრილად უყურებენ ამ ყველაფერს, ან იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. დღეს ჯერ კიდევ ეს შესაძლებელია – გვაქვს რესურსი, რომ ვაპატიოთ, ვთქვათ, შემოვიფარგლოთ იმით, რომ ეს არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი ადამიანები დავითხოვოთ სამსახურებიდან.

ასე რომ, მე რიგით ოფიცრებს ვერაფერს მოვუწოდებ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რაც ახლა ხდება. თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლმა, სარდლობამ, ყველამ ღიად უნდა გააპროტესტო ის, რაც ხდება და დაიცვას სამშობლო. ეს არის მათი ვალდებულება. მათ სამშობლო ახლა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვან. სამხედრო პირები არ უნდა დაემორჩილონ ბრძანებას, თუ იქნება უკანონო ბრძანება.

დღეს ძალიანაც ლეგიტიმურია თავდაცვის ძალების სარდალი. მას შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ის, რომ ჩვენ ვერ ჩავერევით რაღაც სამოქალაქო პროცესებში, ასე არაა საქმე, როდესაც ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და შენ მტერს უბრძოლველად უვარდები ხელში. სარდალს, პირველ რიგში, ფიცი აქვს და ვალდებულება სამშობლოს წინაშე.

  • რატომ არ გამოხატა ამ დრომდე რომელიმე ოფიცერმა, ან მოქმედმა გენერალმა საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, თუ გაქვთ ინფორმაცია? 

იოლი არაა ამ გადაწყვეტილების მიღება, სამეთაურო რგოლია და ასე შემდეგ.

მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს. იმედს ვიტოვებ, კრიტიკულ მომენტში არ დადგებიან „ქართული ოცნების“ გვერდით, არ გამოვლენ და არ დაარბევენ მოსახლეობას. ისინი თუ ამ უკანონო ბრძანებას შეასრულებენ, დაიღუპავენ საკუთარ თავს. მე მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ თავდაცვის ძალების 80 % არის კრიტიკულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ. ამიტომაცაა, რომ „ოცნებას“ არ აქვს ნდობა მათ მიმართ.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ სამეთაურო რგოლს მაამებლური პოზიცია აქვს, თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქმე მივა იქამდე, რომ „ოცნება“ თავდაცვის ძალების ჩართვას მოინდომებს ამ პროცესში, თავდაცვის ძალები არ გაჰყვება ამას. როგორც ვიცი, უნდობლობა არსებობს ჩვეულებრივი ოფიცრების მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი, ზედა ეშელონებზე არაა საუბარი.

მე დღეს მაჯავრებს ამ ხალხის ბედი, რადგან ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას  და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო? დღესაც ბევრი მეკითხება ამას უკვე და მიჭირს პასუხის გაცემა. არც ის ვიცი, თქვენ რა გიპასუხოთ. ფაქტია, რომ დღეს გადაწყვეტილება თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს: რუსეთი მტერია, მოვიდა და თავზე დაგვაჯდა. ამ დროს პირიქით – სწორია მინიმუმ რამდენიმე გენერალი გამოვიდეს და თქვას პოზიცია, მაგრამ დაშინებული არიან…

მაკრონმა როცა დაურეკა ივანიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ გააფრთხილა. არსებობს ეს რისკიც, ივანიშვილმა ცეცხლი გახსნას. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა.

ასეთი ესკალაციით ჯერჯერობით არავის არსად არ მოუგია. ვერც კადაფიმ მოიგო ასე ბრუტალურად და ვერც რომელიმე ძლიერმა დიქტატორმა, ვიდრე ბიძინა შეიძლება გახდეს ცხოვრებაში. დიდი ამბოხი ჩაახშო ასადმა, რომელმაც ესროლა საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ყველამ ვნახეთ, როგორ იზოლაციაში მოყვა სირია. ისე უცებ გადაუარეს, ვერც გაიგეს, რა მოხდა.

სომხეთშიც იდგა რუსული ჯარი, მაგრამ სომეხმა დემონსტრანტებმა მოახერხეს რეჟიმის გადატეხა და წაიყვანეს ქვეყანა სწორი მიმართულებით. ასე გატყდება ივანიშვილის რეჟიმიც. ახლა ქვეყანა უნდა წავიდეს ჭრილობების მოშუშების გზით და არა ჭრილობაზე მარილის მოყრით.

  • რას ნიშნავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის აშშ-ს პარტნიორობის დაკარგვა, ასევე ევროპულ სახელმწიფოებთან თავდაცვის პროგრამების გაჩერება? 

რაღა დროს პარტნიორობა, ქვეყანა მიჰყავთ კატასტროფული ტრაექტორიით, საქართველო მიჰყავთ რუსეთში. პარტნიორობის შეჩერება ნიშნავს ყველა წვრთნის გაჩერებას, რის საფუძველზეც შეიქმნა თანამედროვე ქართული ჯარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეწყდება.

თავდაცვის ძალების ოფიცრები, ყველანი, ვინც განათლებას იღებდნენ საზღვარგარეთ და კურსებს გადიოდნენ დასავლეთის ქვეყნებში, ამას უნდა გამოემშვიდობონ. წლებია პოლიგონზე არ გასულან და სწავლება არ ჩაუტარებიათ. „ქართული ოცნება“ მეთოდურად აკეთებს ამას, რასაც ყველა ხედავს.

ერთადერთი იმედიღა დარჩა – ზეწოლამ ქვეყნის შიგნით და გარედან უნდა გამოიღოს შედეგი, ივანიშვილი გონს უნდა მოეგოს, რომ ასე უბრალოდ ვერ გააგრძელებენ. აუცილებელია აქციების უწყვეტობა. აუცილებელია ასევე აშშ-ის ადმინისტრაციასთან, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები. ჯერ არაა რეალური სანქციები, ჩვენ ვითხოვთ მკაცრ სანქციებს, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო აპარატი ასე არ მუშაობს, ისინი მეთოდურად მიდიან, რომ ამას ჰქონდეს შედეგი, არ სურთ პირდაპირ მიიღონ ლუკაშენკოს სიტუაცია.

ისიც აბსურდია, რომ აი, ტრამპის ადმინისტრაცია სხვაა. შეერთებული შტატების უკვე წარმავალი ადმინისტრაცია საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკაზე არ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. როცა, მაგალითად, ბაიდენმა გასცა ნებართვა, რომ უკრაინელებს დაებომბათ რუსეთის ტერიტორია ამერიკული რაკეტებით, ეს განცხადება გაკეთდა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ასეა ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება.

დასავლეთიდან ზეწოლის ტემპი უნდა გაიზარდოს და ჩვენც უნდა შევინარჩუნოთ საპროტესტო აქციების უწყვეტობა. სხვა გზით კატასტროფა გველოდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: