დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტთან დილის 7 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანები, ასევე ავტობუსები, რომლითაც სპეცრაზმი გადაადგილდება. პოლიციელების დიდი ნაწილი არის შავი ნიღბებით, ნაწილი კი სამედიცინო ნიღბებით.
აქციის მონაწილეების ნაწილმა მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყო, ნაწილი კი დროშებით და ტრანსპარანტებით პარლამენტთან მივიდა.
მოქალაქეები დღეს ე.წ. პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ „ოცნების“ პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, არ აქვს უფლება პრეზიდენტი აირჩიოს.
მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან დიპლომებით მივიდა, პრეზიდენტობის უდიპლომო კანდიდატის გასაპროტესტებლად.
პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატები შეძახილების ფონზე შევიდნენ. „მონებო!“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
„ოცნებას“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი ჰყავს წარდგენილი. მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა პარლამენტის სხდომებზე გინებით და ლანძღვით.
პირველად საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ ხდება და პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, თუმცა მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ „ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა, ამიტომაც არალეგიტიმურია პარლამენტიც და მათი მიერ არჩეული პრეზიდენტიც.
09:00 საათიდან პარლამენტში ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცედურა დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, დღეს 14 დეკემბერს, თბილის მერს კახა კალაძეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება აქვს დაანონსებული.
უკვე მეჩვიდმეტე დღეა საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. საზოგადოება აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას. აქციებს „ოცნების“ ხელისუფლება დაკავებებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეით და ძალადობით პასუხობს.






