მთავარი,სიახლეები

სპეციალური საშვების შემოღებით „ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას – მედიაომბუდსმენი

14.12.2024
სპეციალური საშვების შემოღებით „ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას – მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენის განცხადებით, სპეციალური აკრედიტაციის სისტემის შემოღებით  „ქართული ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას საქართველოს პარლამენტში.

„14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დადგენილი საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისთვის სპეციალური აკრედიტაციის სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს მედიის უფლებების შეზღუდვას საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

იმ დროს, როცა მედიის წარმომადგენლები ფლობენ მოქმედ საშვებს პარლამენტის შენობაში სამუშაოდ, მათთვის სპეციალური საშვების შემოღება არის ადმინისტრაციული ბარიერი და ქმნის პოტენციურ შესაძლებლობებს დისკრიმინაციისთვის.

კრიტიკული მედიის ნებისმიერმა შეზღუდვამ  შესაძლოა წაართვას ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შანსი სრულყოფილი და მკაფიო ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ეს, თავის მხრივ, დააზიანებს მოსახლეობის მთავარ უფლებას – თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

ამდენად, უმნიშვნელოვანესია, ყველა მედია ორგანიზაციას ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა დაესწროს პოლიტიკურ პროცესს და მათთვის მუშაობის შესაძლებლობა არ იყოს შეზღუდული ადმინისტრაციული ბარიერებით.

მივმართავთ „ქართული ოცნების“ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს:

გაითვალისწინოს დისკრიმინაციის რისკები: სპეციალური აკრედიტაციის სისტემის   ამოქმედებით იქმნება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების შეზღუდვის რისკები;

შესაძლებლობა ყველა მედიისათვის: სპეციალური საშვების სისტემა არ უნდა ქმნიდეს წინაპირობას იმისათვის, რომ ზოგიერთი მედია არ იყოს დაშვებული დაგეგმილი არჩევნების გაშუქებაზე;

სწრაფი პროცედურები: ყველა მედიას მიეცეს შესაძლებლობა სწრაფ რეჟიმში მიიღოს შესაბამისი საშვები“, – ამბობს მედიაომბუდსმენი.

აკრედიტაციის წესი, რომელიც არღვევს მედიის უფლებებს, „მედიაომბუდსმენმა“ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული წესების საფუძველზე აკრედიტაციის შეჩერებით უფლებადარღვეული ჟურნალისტების და ოპერატორების მოთხოვნები არ განუხილავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: