მთავარი,სიახლეები

„დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის ძალადობს“ – სამების არქიმანდრიტი

15.12.2024 •
„დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის ძალადობს“ – სამების არქიმანდრიტი

სამების ტაძრის არქიმანდრიტი, შიო კვარაცხელია, დღეს, 15 დეკემბერს, საკვირაო წირვის ქადაგებაში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს, არ უსმენს მათ და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს.

არქიმანდრიტმა თავად გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქადაგების ვიდეოფრაგმენტი.

„ადამიანი, როდესაც სულიერად არ არის მდიდარი და მდიდარია მარტო ხორციელად და მიწიერად, ასეთი ადამიანი ბრმა არის სხვისი საჭიროებების მიმართებაში.

ასე რომ ჩვენ უნდა დავუკვირდეთ, რისი საჭიროება აქვს ჩვენს გარშემო მყოფ საზოგადოებას.

დღეს ქუჩაში მყოფ ახალგაზრდობას საჭიროება აქვს მოსმენის და გაგების, მაგრამ ვინც მათი უნდა შეისმინოს და ვინც მათ უნდა გაუგოს, ისინი, სამწუხაროდ, დაყრუებულები და დაბრმავებულები არიან საკუთარი ძალაუფლების და სიმდიდრის შენარჩუნების გამო.

ზოგიერთი საკუთარ პირად ზოოპარკზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სხვის საჭიროებაზე, მშიერ მოსახლეობაზე და ახალგაზრდების საჭიროებაზე. და ხეებზე უფრო მეტად ზრუნავენ.

ერთ ბრძენს აქვს ნათქვამი, კანონი ობობას ქსელივითაა, ძლიერები მას არღვევენ და სუსტები მასში ეხვევიანო. დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის, სამწუხაროდ, ძალადობს და ამ ობობას ქსელს არღვევს, ვისაც ძალაუფლება აქვს. სუსტები კიდევ და უდანაშაულოები, ამ ობობას ქსელში ჰყავთ გახვეული და უდანაშაულოდ ჰყავთ ტყვეობაში.

დღეს საზოგადოების ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს ფიზიკურად და ამახინჯებს მას. მეორე ნაწილი კიდევ ძალადობს სულიერად და ანტიქრისტეებს და ეშმაკებს ადარებენ მათ. რა ნაყოფი უნდა გამოიღოს ამ ახალგაზრდობამ თუ ჩვენ მათ ასე მოვექეცით?! პირიქით, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ და ხელს ვუწყობდეთ მათ ყველანაირად.

მართლმადიდებლობაში არის ასეთი სწავლება – ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ყველა არ მოსწონსო. ადამიანმა ღვთის მოწონება საკუთარი ცხოვრებით უნდა დაიმსახუროს. ღმერთს არ მოსწონს ძალადობა, არავისი და განსაკუთრებით არ მოსწონს ძალადობა იმის მხრიდან, ვისაც ევალება, რომ აღკვეთოს ეს ძალადობა.

ღმერთს არ მოსწონს მატყუარა მღვდელი, რომელიც მამლის ყივილსაც კი ასწრებს საკუთარი ნათქვამის შეცვლას და გადათქმას. მღვდლის მარჯვენა უნდა ლოცავდეს და აკურთხებდეს, კი არ უნდა წყევლიდეს და ანტიქრისტეებს და ეშმაკებს კი არ უნდა ეძახდეს ახალგაზრდობას.

სამარცხვინოა, როდესაც სიმართლე შენს ხმას მოითხოვს, შენ კი დუმხარ. ეს დუმილი, თუ სინდისმა ოდესმე გაიღვიძა, აუცილებლად ჯოჯოხეთად ექცევათ ადამიანებს“ – თქვა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: