დღეს, 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების მიერ ორგანიზებული პერფორმანსი იგეგმება, უნივერსიტეტის დაკავებული დეკანისა და სტუდენტების მხარდასაჭერად.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 9 დეკემბერს დააკავეს.
მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.
გამოძიების ვერსიით, მამუკა ჯორბენაძე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში 3 დეკემბერს შეხვედრაზე მისულ ირაკლი დევაძეს და კიდევ ერთ პირს თავს დაესხა, მანამდე კი, დაპირისპირება უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაკვრას მოჰყვა.
მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორისა და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბათუმელ პროფესორსა და სტუდენტებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
______________
ფოტოზე: მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის სასამართლო პროცესი
ამავე თემაზე:
პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა