კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია.
„დაზიანებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.
აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს დაზიანებების აღმოფხვრას და ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენას, თუმცა, დიდთოვლობა და შეზღუდვები გზებზე სამუშაო პროცესს ართულებს.
გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია, რაც აღდგენით სამუშაოებს გარკვეულწილად აფერხებს. ვცდილობთ, მაქსიმალურად უმოკლეს დროში აღვადგინოთ ენერგომომარაგება“ – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ორი დღეა თოვს. ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს.