ავტორი: ციალა ქათამიძე
___
„ქართული ოცნების” ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მთლიანად დგას არაეთიკურ, ძალადობრივ, სიძულვილის ენის შემცველ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომლის სამიზნე, განსაკუთრებით ეს ბოლო დღეებია, არა ზოგადად – ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა, არამედ ამ პროტესტის კონკრეტული მონაწილეები გახდნენ.
აჭარაში არაკონსტიტუციურად მოქმედი საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს წევრები, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამდებობის პირები და თანამშრომლები, აქტიურად შეუერთდნენ პარტია “ქართული ოცნების” მიერ მართულ არაიდენტიფიცირებად ტროლებსა და ბოტებს და საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით, სხვადასხვა მოდიფიკაციით, მიზანმიმართულად ავრცელებენ ერთსა და იმავე შინაარსის გზავნილს, რომელიც არათუ მორალურ და ეთიკურ, არამედ, უპირველესად, სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება.
ბატონებო, ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, იქით ცდილობთ სხვის დამუნათებას, ისვრით ბრალდებებს კონკრეტული ადამიანების მისამართით და ახალ სამიზნეებს უნიშნავთ თქვენი პარტიის მიერ მართულ „ტიტუშკებს“.
არ დავწვრილმანდები, არც ამ პერსონალურ ბრალდებებზე საპასუხოდ და არც რომელიმეს მოგმართავთ პერსონალურად, რადგან ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესები, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, გაცილებით დიდი მნიშვნელობის და მასშტაბისაა, ვიდრე თქვენ ხართ, თქვენი ვიწრო პერსონალური პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედი ამბიციებითურთ.
საპროტესტო აქციებზე მყოფი, ქალაქის ქუჩებში მარშირებით მოსიარულე ადამიანები, ამჯერად, ამ გზით ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას, რომელიც მიისაკუთრეთ თქვენ – „ქართულმა ოცნებამ“. ამ ადამიანებს აქვთ საწუხარი, გულისტკივილი, ბრაზი, აღშფოთება, რომელიც თქვენ არ გესმით, უგულებელყოფთ და დასცინით, თან გაურბიხართ.
მაგრამ, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებთ, როცა შეხვალთ აფთიაქში, მაღაზიაში, კაფეში; მიაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებას; როცა შვილებს სკოლაში მიიყვანთ; როცა უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვისას, მათ მხარდასაჭერად და გასამხნევებლად მიხვალთ, ადამიანები აუცილებლად დაგისვამენ კითხვას ყველგან – რატომ? რატომ გახდით ამ ბოროტი მანქანის ნაწილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის ინტერესებს? რატომ არ ცდილობთ, დაინახოთ ის რეალური პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას? რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქართველო რუსეთის ტიპის ქვეყანა გახდეს და ეს შემზარავი პერსპექტივა რეალობად აქციოთ, რატომ ეფარებით და იცავთ ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ იმიტომ სჭირდებით, რომ სახე „გაიკეთილშობილონ”?
ბევრი კითხვა იქნება დღეს, ხვალ, ზეგ და თქვენი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მთავარი კითხვა კი იქნება – რატომ დუმდით მაშინ, როცა:
- არჩევნები კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა (ხმის მიცემა ფარულობის დარღვევით მიმდინარეობდა. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული, მაგრამ ამ არჩევნებზე შავით თეთრზე ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა);
- პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება კონსტიტუციის დარღვევით ცნო (არჩევნების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული და დავის დასრულებამდე პარლამენტს საკუთარი თავის უფლებამოსილების ცნობა არ შეეძლო);
- მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ევროინტეგრაციის ვალდებულება (კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართულმა ოცნებამ “კი ეს პროცესი დეკლარირებულად შეაჩერა);
- როცა, 7-ჯერ და მეტჯერ მოხდა 7 ნოემბერი (აქციაზე დაკავებულები ჰყვებიან გამაოგნებელ ისტორიებს, რაც დაკავების შემდეგ მათ თავს ხდება – ძალადობა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა და ა.შ. რომელიც არანაირ მორალურ, ეთიკურ თუ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება).
მთავარი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გაჰყვება თქვენს პროფესიული ცხოვრებას, არის – რატომ? რატომ დუმდით მაშინ, როცა ამ ჯოჯოხეთის შეჩერება შეგეძლოთ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და რატომ არ შეაჩერეთ?