„შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – მზია ამაღლობელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 23 იანვარს, შეხვდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს.

„დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ.

როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის, უსამართლობის გამო.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ესაა მზია ამაღლობლის სათქმელი“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.

  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

  • ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

რა თანხა დასჭირდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ვის მიერ დაფინანსდება პროექტი – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ვერ გვაწვდის.

მეტიც, დეპარტამენტიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად „შესაბამისი პროცედურების დაწყება“ ახლა იგეგმება.

  • „რამდენია „E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის“ მშენებლობის პროექტის ღირებულება?
  • გადაწყვეტილია თუ არა პროექტის დაფინანსების საკითხი და რა ოდენობით? [რომელია დონორი ორგანიზაცია, რამდენია ამ დონორის დაფინანსება და გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება? ასევე, რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება? – ასეთის არსებობის შემთხვევაში.]
  • როდისთვის არის დაგეგმილი გზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება?“ – ამ კითხვებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2024 წლის 26 დეკემბერს მივმართეთ ოფიციალურად, დეპარტამენტმა კი პასუხი 2025 წლის 20 იანვარს მოგვწერა.

„გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი – სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით იგეგმება შესაბამისი პროცედურების დაწყება, რის დასრულების შემდეგაც, ეტაპობრივად განხორციელდება სატენდერო პროცედურები“ – გვწერს გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტისგან ასევე ვითხოვდით ინფორმაციას – მზად არის თუ არა განსახლების გეგმა, რა თანხაა გამოყოფილი ჯამში საკომპენსაციოდ და ახლანდელი გათვლებით როდისთვის არის დაგეგმილი აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულება.

„ბათუმის შემოსავლელი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] მონაკვეთის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ რაიმე სახის სხვა ინფორმაცია, მათ შორის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, სამშენებლო სამუშაოებზე სატენდერო პროცედურების დასრულებამდე.

დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია თავის მხრივ მოიცავს მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმას, რომლის განხილვა/დამუშავებაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე. შესაბამისად, გეგმის საბოლოო ვერსიის მიღების შემდგომ, განისაზღვრება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების საკომპენსაციო ღირებულება.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ განსახლების პროცედურების განხორციელების დაწყების თაობაზე, დაინტერესებულ პირებს ეცნობება დამატებით.“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს დეტალური პროექტიც არ არის მზად.

პროექტის მიხედვით, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [აქ სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ახალგახსნილ ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2024 წლის 24 დეკემბერს გასცა.

„თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია“ – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. გახარიამ მიმართვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა 22 იანვარს. იგი წერს, რომ ბათუმის „შერატონში“ თავდასხმის შემდეგ უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს.

„რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება.

თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.

მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.

რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“ – წერს გახარია.

  • რა ხდება?

15 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.

გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გიორგი გახარია დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით, რაც 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მამუკა მდინარაძის კომენტარიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საქმეში დაზარალებულად არა გახარია, არამედ დიმიტრი სამხარაძე ცნონ.

 

 

„ბათუმელების“ ოპერატორს მობილურიდან ყველა მასალა წაუშალეს დაკავების შემდეგ

„12 იანვარს საპროტესტო აქციის გადაღების დროს დამაკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით, მას შემდეგ, რაც დგებუაძეს ვუთხარი, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი,“ – ასე იხსენებს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე მისი დაკავების მიზეზს საპროტესტო აქციაზე.

გურამ მურვანიძე საგამოძიებო უწყებებში ჩივის მისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლაში და პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებაზე. გურამ მურვანიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დღეს, 23 იანვარს, ონლაინგამოცემა „ბათუმელებში“ საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.  პრესკონფერენციაზე „ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ და რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ დეტალურად გაიხსენეს და მოჰყვნენ, თუ როგორ დააკავეს ოპერატორი.

„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე მზია ამაღლობლის დაკავების დღეს, 12 იანვარს, დააკავეს. გურამ მურვანიძის დაკავების ბრძანება ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ გასცა. ამ დროს გურამ მურვანიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე, ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა, თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – იხსენებს გურამ მურვანიძე.

გურამ მურვანიძის თქმით, არაერთგზის განუმარტა პოლიციელებს, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო, თუმცა ის მაინც დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის შემდეგ, როცა მას პირადი ნივთები ჩამოართვეს დასალუქად, პოლიციელებმა ნახეს მისი პრესის ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ის ნამდვილად „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

„ბათუმელების“ ოპერატორმა სასამართლო პროცესზე ტყუილში ამხილა მოწმე პოლიციელი - ის 8 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა.

„ბათუმელების“ ოპერატორი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 21 იანვარს  მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა,  ტელეფონი იყო სრულიად  გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე და თავიდან ითხოვდა კონფიგურირებას, როგორც ახალი ტელეფონი.

„მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ეს იცოდა როგორც მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ასევე შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.

რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდან ქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული მობილური ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალეს. ჩემს ტელეფონში შეღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ გუშინ, 22 იანვარს, უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საია და გურამ მურვანიძე შსს-ს გენინსპექციისგან ითხოვენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან საქმის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.

საიას განმარტებით, „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დანაშაულია (სსკ-ის 154-ე მუხლი). ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სსკ-ის 284-ე მუხლი) და კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფა (სსკ-ის 286ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ სამივე მუხლისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ზემოთ ხსენებული ქმედებები, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.

საია და გურამ მურვანიძე საქართველოს გენერალურ პროკურორს სთხოვენ, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე/ განცხადება და დაავალოს შესაბამის პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, რათა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უნებართვოდ შეაღწიეს გურამ მურვანიძის მობილურ ტელეფონში და წაშალეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

"ეს არის თავისუფალი მედიის დევნა და ეს არის "ბათუმელების" დევნა" - გურამ მურვანიძე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 825 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
  • ტანკი – 9 850 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 20 497 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 22 256 ერთეული [+62]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 111 ერთეული [+72]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 905 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 3 714 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 177 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 739 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 877 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 616 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაკავებული 19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის პასუხი პროპაგანდას – წერილი ციხიდან

აქციებზე დაკავებული, 19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. ზვიად ცეცხლაძე ციხიდან ეხმიანება „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მზად არის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით,  „თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას“.

„ვერ გაგვტეხეს და ამიტომ დაიწყეს დემაგოგიური კამპანია ჩვენი იმიჯის შესალახად. ვიხილეთ მდინარაძის გამოსვლა ანდროს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ანდროს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ პროპაგანდას, რომელსაც მდინარაძე მიმართავს:

„თუ ასე გძულს რუსები, მაშინ მათ ფილმებში რატომ იღებ მონაწილეობას?“

აქ მდინარაძე ცდილობს ანდროს ფარისევლად და უპრინციპოდ წარმოჩენას. ამავდროულად, განზრახ მალავს იმ ეთნიკურად რუსი რეჟისორის პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელიც მისაზე ბევრად ანტიპუტინისტური და პროქართულია. მიზანმიმართულად აიგივებს ეთნიკურად რუსისა და რაშიზმის ცნებებს.

რაშიზმი ეწოდება იდეოლოგიას, რომლის მთავარი მიზანია ემსახუროს იმპერიალისტურ რუსეთს (როგორც მესამე რომს).

რაშისტი არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი ეროვნული წარმომავლობისა, ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს და ცდილობს მის დამკვიდრებას მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საკუთარ სამშობლოში.

ჩვენც სწორედ ამ რაშიზმსა და რაშისტებს ვებრძვით (რომლითაც სავსეა ქართული ოცნება). არამც და არამც ეთნიკური ნიშნით რუსებს! ჩვენში მიუღებელია ეთნიკური ზიზღი და შოვინიზმი!

და ბოლოს, ბატონო მდინარაძე, სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ, სანამ დამნაშავედ მოიხსენიებთ კაცს, რომელსაც ბრალი დამტკიცებული არ აქვს!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან.

მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ გუშინ, 20 იანვარს, უპასუხა ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილი მისმა ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა:

„მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ“, – წერს ჭიჭინაძე.

ანდრო ჭიჭინაძეს და მასთან ერთად დაკავებულ პროევროპული აქციების კიდევ 10 მონაწილეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი ბრალი 19 წლის სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს. ეს მუხლი მოიცავს: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ევროპარლამენტში იმსჯელეს საქართველოში ვითარების გაუარესებაზე და სანქციები მოითხოვეს

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროკომისიის პოზიცია წარმოადგინა კომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მარგუს ბრუნერმა და თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საგანგაშოა.

„უკვე 50 დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიან ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის დემოკრატიული მომავლისთვის, ასევე, მათი ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციისთვის. მათ უპასუხეს ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებით და დაპატიმრებებით“, — განაცხადა ბრუნერმა.

ბრუნერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას. ასევე, მიუღებელი უწოდა ძალადობას და სიძულვილის ენას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, საჯარო მოხელეების პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასა და მუქარას სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

„სამართალდამცავი სტრუქტურების არცერთ წარმომადგენელს ბრალი არ წარდგენია, მიუხედავად საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისა და საქართველოს ომბუდსმენის მძიმე ბრალდებებისა დაკავებულ მომიტინგეების წამების შესახებ. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკავშირი აგრძელებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღონ სწრაფი ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის ფაქტები გამოიძიონ და ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა სამართალდამცავებმა პასუხი აგონ“, — განაცხადა ბრუნერმა.

ამასთან, ევროკომისია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებასთან დიალოგისკენ და ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვისკენ.

მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლიდა მოქმედებების კურსს, თუმცა, „სამწუხაროდ, ხელისუფლებას ქმედებები არ შეუცვლია“.

ევროკომისარმა ჩამოთვალა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხო ზომები, რომელიც უკვე სახეზეა და მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი ნაბიჯების განხილვაზე.

„დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზე წევრი ქვეყნები საყოველთაოდ შეთანხმდნენ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის დაწყებაზე. კომისიამ წინადადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სწრაფად მოამზადა და შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს უნდა იყოს მიღებული. გასულ წელს საგარეო საქმეთა საბჭომ ასევე გამართა პირველი დისკუსია მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 27 იანვარს გაგრძელდება წევრი ქვეყნების დისკუსიები საქართველოს შესახებ. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალს ამ პალატაში განხილვებს და აბსოლუტური უმრავლესობით მიღებულ რეზოლუციებს. მზად ვართ განვიხილოთ შემდგომი ზომები საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, — განაცხადა ბრუნერმა.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), რასა იუკნევიჩიანემ ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ.

„მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ ქვეყნებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებებისგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ თვითდანიშნული ხელისუფლების ლეგიტიმაციას მოახდენს. ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა კვლავ მძაფრდება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად სცემეს; თავს დაესხნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელიც ორთვიან [წინასწარ] პატიმრობაშია. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირებისთვის, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, — განაცხადა იუკნევიჩიანემ.

EPP-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, პოლონელმა მიჰალ შჩერბამ თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესება ევროკავშირის სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს.

„ბოლო არჩევნები მოიპარეს და ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილია. რაც ახლა გვჭირდება, მოქმედებაა. ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს უნდა დაუწესდეთ სანქციები, აქტივების გაყინვის ჩათვლით. მივმართავ ევროკომისიას და საბჭოს — შეასრულეთ თქვენი საქმე. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქართველებთან ერთად. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ის გვჭირდება“, — განაცხადა მან.

ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობასა და პოლიტიკოსების, მედიის და მომიტინგეების მიმართ ძალადობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე, ასევე მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის დაკავებაზე.

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, ტობიას კრემერის თქმით, გიორგი გახარიას ცემა იზოლირებული ინციდენტი არ არის და ბოლო პერიოდში 400-ზე მეტი ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს, აწამეს და დააპატიმრეს.

„ძალადობის ესკალაცია არა სიძლიერის, არამედ იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია. ისინი პანიკაში არიან, რადგან სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ შეეძლოთ არჩევნების გაყალბება და დეზინფორმაციითა და დაშინებით რუსული სახელმძღვანელოთი თამაში თავიანთი ძალაუფლების გასამტკიცებლად. მაგრამ ახლა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ეს იყო შეთანხმება ეშმაკთან. პუტინი არ ეძებს პარტნიორებს ან მოკავშირეებს, არამედ ვასალებს და კოლონიებს. ჩვენ ვნახეთ ეს სირიაში. პუტინზე დაყრდნობა არსად მიგიყვანთ, გარდა რუსული დევნილობისა“, — განაცხადა ტობიას კრემერმა.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიჰალ ვავრიკევიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა ამონარიდი მზია ამაღლობელის წერილიდან: „არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

„მამაცი ქართველი ჟურნალისტის ეს მძლავრი სიტყვა გვახსენებს, რამდენად მძიმეა დღეს საქართველოში მდგომარეობა. დგას რა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მე ვდგავარ მასთან და ყველა ფანტასტიკურ ხალხთან ერთად თბილისისა თუ ბათუმის ქუჩებში. და უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ქართველი ვარ“, — თქვა ვავრიკევიჩმა.

ევროპარლამენტარებმა გააკრიტიკეს აღმასრულებელი ხელისუფლება მკაცრი საპასუხო ზომების დაყოვნების გამო და მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დაუყოვნებელი სანქცირება.

„საქართველოში ევროკავშირი არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. არჩევნები მოიპარეს და არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა და არც პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. ბატონო კომისარო, მე ჯერ კიდევ ველოდები, რომ მკაფიოდ იტყვით ამას, როგორც ჩვენ, პარლამენტმა გავაკეთეთ. მოსახლეობა 55 დღეა აპროტესტებს. ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით გამოდიან, მათ სჯერათ ევროპის — ისინი ამას იმსახურებენ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი თანმიმდევრულად და სწორად გვაფრთხილებს: ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ჩვენთვისაც. ამ დროისთვის საქართველოში ანგარიშია: პუტინი — 1, ევროპა — 0. დემოკრატიისთვის მატჩი არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ წავაგოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ (საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe).

კრიტიკას შეუერთა რაინიე ვან ლანშოტი (ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი), რომელიც, ლუაზოს მსგავსად, ცოტა ხნის წინ იყოფებოდა საქართველოში:

„ბატონო პრეზიდენტო, დღეს გარეთ ცივა, ასე რომ, წარმოიდგინეთ გარეთ გასვლა და იქ დგომა მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში. შენ კანკალებ, მუცელი გტკივა და გეშინია, რომ პოლიციამ შეიძლება უმიზეზოდ გცემოს. სახლში დივანზე ჯდომა, ოჯახთან ერთად, ბევრად უკეთესი იქნება. მაგრამ შენ რჩები და ხვალ ისევ წახვალ, როგორც ამას აკეთებდი ბოლო 55 დღის განმავლობაში, რადგან გინდა, რომ შენმა ქვეყანამ შეწყვიტოს დიქტატურად ქცევა. იმიტომ, რომ გინდა,  შენს ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატია და თავისუფლება, იმიტომ, რომ გინდა, რომ შენი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ახლა, როგორ იგრძნობდით თავს, თუ იგივე კავშირი, თვეების დებატების შემდეგ, გადაწყვეტს, რომ უბრალოდ ამ მჩაგვრელი რეჟიმის მოხელეებს თვითმფრინავით მგზავრობა გაურთულონ? ევროკომისიავ, რას ელოდებით? საქართველოს სჭირდება ჩვენი დახმარება! იმოგზაურეთ თბილისში, მხარი დაუჭირეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და აღასრულეთ რეალური სანქციები!“, — მიმართა ევროკომისიას ლანშოტმა.

ტრადიციულად „ქართული ოცნების“ პოზიციები დაიცვეს ევროსკეპტიკოსმა და პრორუსმა დეპუტატებმა „ქართული ოცნების“ თანამოაზრე ჯგუფებიდან. ბაშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილმა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ („პატრიოტები ევროპისთვის“) თქვა, რომ საქართველოს ხალხმა გააკეთა არჩევანი და ეუთომ ის დაადასტურა.

„მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევის შემდეგ, ბრიუსელმა გაზარდა ჩარევა ქართველების არჩევანზე უარის თქმის მიზნით. რაც შეეხება ძალადობას, რომელზეც დუმილს ინარჩუნებთ – 150-ზე მეტი ქართველი პოლიციელი დაშავდა. თბილისში ევროკავშირი არა დემოკრატიის მფარველი, არამედ ქაოსის თანამონაწილეა. ქართველებს უნდათ ევროპა, მაგრამ ევროპა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, რადგან საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოს არ სურს გახდეს ბრიუსელის კოლონია“, — განაცხადა მარიანიმ.

მემარცხენეების წევრმა დანილო დელა ვალემ თქვა, რომ საქართველოში არაერთი პრობლემაა, ბოლოდროინდელი კანონების ჩათვლით, მაგრამ ეს არ ამართლებს „ევროპული ელიტის ნება-სურვილს, შეცვალოს არჩევნების შედეგი“.

„სუვერენული ერების ევროპის“ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ტომაშ ფროელიხმა (AFD, გერმანია) აღნიშნა, რომ ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სუვერენიტეტი — დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, მშვიდობა — ომის მაგივრად და არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში წარმატებას მიაღწია ომისა და დასავლეთის მიერ დაშინების პოლიტიკის ან სხვადასხვა შეთქმულების თეორიების გამოყენების წყალობით. მათი საეჭვო შედეგი ასევე გამოწვეული იყო ამ პარტიის მფლობელი ოლიგარქის მიერ მედიის კონტროლით. გასაკვირი არ არის, რომ ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში. მთავრობის პასუხი გრძელვადიან საპროტესტო აქციებზე სრულიად არაადეკვატურია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პოლიციის სასტიკ ინტერვენციებს დემონსტრანტების მიმართ, რეჟიმის წევრების მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ცემას. ვხედავთ ძალადობრივ ქმედებებს ყველას დასაშინებლად, ვისაც აწუხებს უცნაური არჩევნები და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის რუსეთისკენ შემობრუნება. მოდით, გავაგრძელოთ პროდასავლური პოლიტიკური ძალების და სანქციების მხარდაჭერა მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარი მოქალაქეებს დაუპირისპირდა“, — მოუწოდა ევროპელებს ECR ჯგუფის წევრმა ვერონიკა ვრეციონოვამ.

თებერვალში ევროპარლამენტი გეგმავს რეზოლუციის მიღებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაზე.

ცემა, ფურთხება და გინება – რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

„ეს მიუთითებს, რა სახის დამოკიდებულებაა თავიდანვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან – შემსუბუქება უნდათ,“ – ასეთია საიას იურისტის და მზია ამაღლობლის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის შეფასება გამოძიებაზე, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

საუბარია „მზია ამაღლობლის საქმეზე. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს პროკურატურა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა უნდა გამოიძიოს – მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ცდილობდა და დაკავებულს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ისიც, ირაკლი დგებუაძე როგორ ემუქრება და აგინებს მზია ამაღლობელს დაკავების დროს.

„გამოძიება უნდა დაწყებულიყო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რაზეც არის საუბარი, რომ ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ადამიანს აფურთხებს და აგინებს, საპირფარეშოთი სარგებლობის და წყლის დალევის საშუალებას არ აძლევს… ეს არის აშკარად არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, როგორც ქართული, ასევე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.

შესაბამისად, ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიებისთვის,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ იურისტი ჯუბა ქათამაძე.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის მუხლი კი [სსკ-ის 144 პრიმა 3] გულისხმობს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს, ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.

მზია ამაღლობლისთვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ადვოკატისთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ან გამოჰკითხეს თუ არა თავად ირაკლი დგებუაძე. საიასთვის ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 12 იანვარს მომხდარ შემთხვევაზე, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური 12 იანვარსვე იყო ინფორმირებული, პირველი საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ 19 იანვარს ჩატარდა – მზია ამაღლობლის ტანსაცმელი ამოიღეს.

როდის დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე? გამოიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე? რატომ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით და არა არაადამიანური მოპყრობის მუხლით? – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „ბათუმელები“ დღეს, 22 იანვარსაც დაუკავშირდა. 

უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, მზია ამაღლობლის შემთხვევაზე გამოძიება 2025 წლის 13 იანვარს დაიწყო. „ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზები, იკითხებიან სამართალდამცავები,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. აქ არ დაგვიკონკრეტეს, გამოიკითხა თუ არა კონკრეტულად ირაკლი დგებუაძე, ასევე, რატომ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური მოპყრობის მუხლით?

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ასევე ვიკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება 2025 წლის 12 იანვრის აქციაზე დაკავებული აქციის სხვა მონაწილეების შემთხვევებზე: ბათუმის აქციის მედროშის, თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციელებმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში სცემეს, მალხაზ ირემაძის თქმით კი, მას ირაკლი დგებუაძემ აგინა, კედელზე თავი არტყმევინა და სცემა. ფიზიკური ძალადობის შედეგად მალხაზ ირემაძემ გონება დაკარგა.

მალხაზ ირემაძის თქმით, ის იზოლატორში ყოფნის დროს გამოჰკითხეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა. ეს უწყება იძიებს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მალხაზ ირემაძის შემთხვევაზე გამოძიება 2025 წლის 13 იანვარს დაიწყო. უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. აქვე გვითხრეს, რომ თემურ ქათამაძის შემთხვევაზე „შეტყობინება შემოსულია და გამომძიებელი უშუალოდ მას ხვდება დეტალებში გასარკვევად“. 

„პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთი თვე შესაძლოა დასჭირდეს სტატუსის მინიჭებას, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, ჩავიხედავთ საქმის მასალებში და ვნახავთ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობლის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.

მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს, მისი სარჩელი აღკვეთი ღონისძიების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 21 იანვარს არც კი განიხილა.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად შსს-ს ღობეზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

ვრცლად ამ თემაზე: მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

თურქეთში 76 ადამიანი ემსხვერპლა სათხილამურო კურორტის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს

თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, 11-სართულიან სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა, ბოლო ცნობებით, 76 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 51 ადამიანი დაშავდა.

ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტზე ხანძარი 21 იანვარს 11-სართულიან სასტუმროში გაჩნდა. ოფიციალური ცნობებით, ხანძარი 161-ნომრიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა და ხანძრის ჩაქრობა გართულდა სასტუმროს კლდეზე მდებარეობის გამო.

მეხანძრეები ცეცხლს 10 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

თურქული მედია წერს, რომ ხანძარი დაემთხვა თურქეთში სასკოლო არდადეგებს, როცა ზამთრის კურორტებს ბევრი ადამიანი სტუმრობს. ტელევიზიით გავრცელდა კადრები, თუ როგორ ცდილობდნენ სასტუმროში მყოფები ხანძრისთვის თავი დაეღწიათ თოკებითა და გადაბმული ზეწრებით.

დღეს, 22 იანვარს, თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა.

ოფიციალური ცნობებით, დაიწყო გამოძიება – დაკავებულია 4 პირი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.

_______________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“/aa.com.tr

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 იანვრის 21 საათიდან 23 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23 და 24 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანკარგები ომში – 22 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 823 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950]
  • ტანკი – 9 844 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 20 485 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 22 194 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 039 ერთეული [+141]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 837 ერთეული [+155]
  • სპეცტექნიკა – 3 711 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 148 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 724 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 860 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 582 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ცრემლი მომადგა თვალებში, ჩემი სოლიდარობა უთხარით მზიას“ – ბათუმის აქციების მედროშე „ბათუმელებს“ სწერს

„დღეს იანვრის მე-20 დღეა და ჩემი შიმშილობის მე-4 დღე, ტელევიზიაში რომ ვნახე „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი [დამფუძნებელი და დირექტორი – რედაქციის შენიშვნა] მზია ამაღლობელი მისი უკანონო დაკავების შემდეგ პროტესტის მიზნით შიმშილობდა, უკვე მე-7 დღე იყო, ვიამაყე მისით, ჩემი სოლიდარობა უთხარით მას…

თბილისის ემიგრაციის იზოლატორიდან ცრემლი მომადგა თვალებში, სრულიად ვგრძნობ საქართველოს ქუჩებში გამოსული ადამიანების ხმას [სანამ მე ეს წინადადება დავწერე, თითო თვალიდან 2 ცრემლი ჩემს ლოყებზე ჩამომდინდა]“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც საემიგრაციო ციხიდან თემურ ქათამაძემ, იგივე ჯაფარ ილმაზმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა [წერილის სტილი დაცულია].

თემურ ქათამაძე ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მას „მედროშე ბაბუს“ ეძახიან, რადგან 45 დღის განმავლობაში უწყვეტად, ყველა აქციაზე დაუღალავად აფრიალებდა საქართველო დროშას. ციხიდან გამოგზავნილ წერილშიც თემურ ქათამაძე თავად წერს, აქციის მონაწილეებმა „მედროშე ბაბუა“ შემარქვესო.

თემურ ქათამაძის თქმით, მან ივანიშვილის რეჟიმის კრიტიკა საჯაროდ მას შემდეგ დაიწყო, როცა საქართველოს მოქალაქეობაზე უსამართლოდ უარი უთხრეს.

„2019 წლიდან ივანიშვილის რეჟიმს საჯაროდ დაუპირისპირდი და ჯერ თავიდან სოციალურ ქსელში ფეისბუკში ივანიშვილის რეჟიმი დავადანაშაულე,

„რუსული კანონის ბათუმის პროტესტებში მონაწილეობა მივიღე, ყოველ აქციაზე ხელში მეკავა და ვაფრიალებდი საქართველოს დროშას. 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნების ტოტალურად გაყალბების და ევროპის კურსიდან რუსეთისკენ საქართველოს წასვლის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასიურ პროტესტებში მონაწილეობა მივიღე. ეს საქმიანობა ჩემთვის ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს ევროპული მომავლისთვის სამშობლოს სადარაჯოზე განუწყვეტლივ 45 დღე…

მალე დამასახელეს „ბათუმის აქციის მედროშე ბაბუდ“ და მაქციეს ერთ-ერთ სიმბოლოდ“, – გვწერს ციხიდან თემურ ქათამაძე.

მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. მან რამდენჯერმე ითხოვა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თემურ ქათამაძე ამბობს, რომ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ახლა სასამართლო დავა აქვს.

ქათამაძე ადმინისტრაციული წესით ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. ეს ის აქციაა, სადაც სტიკერების – „იფიცება საქართველო“ საჯარო სივრცეებში გაკვრისთვის სულ 12 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი იმავე საღამოს გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ხელახლა, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

თემურ ქათამაძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ბათუმის აქციის მედროშე ხელმეორედ დააკავეს.

17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს, მისი სარჩელი აღკვეთი ღონისძიების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 21 იანვარს არც კი განიხილა.

ვრცლად ამ თემაზე: მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

 

ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს – შსს-ს განცხადება

წუხელ, 20 იანვარს, ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„უწყების ცნობით, 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა.

გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება“.

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა.

„არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი.

ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ ხელფასის გაზრდა, მაგრამ უარი გვითხრეს. სემეკის დადგენილებით ხდება ხელფასების განსაზღვრა და ჩვენ არ შეგვიძლია, არანაირი მატება არ იქნება 2028 წლამდეო.

აქეთ დაგვემუქრნენ – „თუ არ მოგწონთ, წადით, დაგაჯარიმებთ, ფულს აქეთ მოგატანინებთო და რატომ გვაშინებენ? ჩვენ მშვიდად ვაპროტესტებთ და ვიცავთ ჩვენს შრომით უფლებებს.

გვეუბნებიან – „ჩვენც გვიჭირს, ჩვენც დაბალი ხელფასები გვაქვს“. მაშინ საიდან ეს საუკეთესო მანქანები, საიდან ყოველ წელს ახალი მანქანების ყიდვა? რა ხელფასი აქვთ, როგორ შოულობენ ერთ წელიწადში? მე შვიდი წელია აქ ვმუშაობ და მანქანა ვერ შევიძინე და ესენი ყოველ წელს როგორ ყიდულობენ, თუ ჩვენსავით კაპიკი ვერ შეაქვთ ოჯახში, საიდან ეს 2024-წლიანი ჯიპები?“ – ამბობს გაფიცული თანამშრომელი რუსლან ქაღბადაძე.

„სოკარის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისი თქმით, აბონენტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება, ხელფასი კი მაინც არ ემატებათ.

„გვაკლდება კადრებიც. ყოველდღე ვიღაც მიდის სამსახურიდან დაბალი ხელფასების გამო. პრაქტიკანტები არ მოდიან, კადრების შევსება არ ხდება და შესაბამისად, წასული თანამშრომლების უბნებზეც ჩვენ გვიწევს მუშაობა.

შრომა გვაქვს ძალიან დიდი. მეწყრებია, ავარიებია და ყველა შემთხვევაზე გვიწევს გასვლა და რეაგირება. ამ დროს ხელფასები გვაქვს სამარცხვინო, 1080 ლარია ამ დროისთვის სპეციალისტის ხელფასი, რაც წვიმაში, თოვლში მომუშავე ადამიანისთვის ძალიან დაბალია.

როცა ეკითხები ამ ყველაფერზე, აქეთ გადმოდიან შეტევაზე. ერთსა და იმავეს იმეორებენ, რომ თურმე სემეკი არ აძლევთ უფლებას. წყალს ნაყავენ, შედეგი არ აქვს მათთან საუბარს. თვითონ არიან ხელმძღვანელები და ეს პრობლემა თავად უნდა მოაგვარონ სემეკთან.

ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც რეალურად არ გვეკუთვნის. ჩვენ არ გვაქვს 2000 ლარი ხელფასი და არ ვითხოვთ 5000-ით გაზრდას, ძალიან მინიმალურია ჩვენი ხელფასი და ვითხოვთ იმდენად მაინც გაიზარდოს, რომ უკმაყოფილება არ იყოს“-ამბობს ქაღბადაძე.

გაფიცვა „სოკარში“. გაფიცულები ხელფასის მატებას ითხოვენ

გარდა ამისა, როგორც გაფიცულები ამბობენ, თითოეულ გადაცდომაზე 20 ლარით ჯარიმდებიან, რაც, ასევე, მათ შემოსავლებზე აისახება.

„სხვის უბანზე გავდივართ, ვეხმარებით, რომ პრობლემა არ შეექმნათ. 600 კაცი უნდა აღვრიცხო ერთ უბანზე და ერთი თუ შემეშალა და არასწორად აღვრიცხე, 20 ლარით უნდა დამაჯარიმოს? მაშინ, როცა კომპანია უკვე წლებია არც ზეგანაკვეთურს გვინაზღაურებს“ – ამბობს რუსლან ქაღბადაძე.

გაფიცულების თქმით, თუ „სოკარი“ ხელფასებს არ გაუზრდის მათ, გაფიცვა არ შეწყდება.

„200-250 კაცი ყველა შევთანხმდით, რომ გავიფიცოთ და აღარ გავაგრძელოთ მუშაობა. რასაც ჩვენ ვშრომობთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ყველაფრის ანაზღაურება სულ ცოტა 1500 ლარი მაინც უნდა იყოს“-ამბობს მამუკა დიასამიძე.

ვესაუბრეთ კიდევ ერთ გაფიცულს, ოთარ კვაჭაძეს.

„ჩვენ ვიხდით პროფკავშირების საწევროს, ამით ერიცხება პროფკავშირის თავმჯდომარეს ხელფასი და ის არც ერთხელ არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით. არც კი უკითხავს, რა გიჭირთ, რატომ წერთ ამ განცხადებასო. დღეს პირველად გავიგე ვინ არის პროფკავშირის თავმჯდომარე, აქამდე არასდროს გვქონია მასთან შეხვედრა, მაშინ როცა, პროფკავშირის თავმჯდომარე ყველაზე აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში და იცავდეს ჩვენს შრომით უფლებას.

ადამიანების სიცოცხლეა ჩვენს თავზე და პასუხისმგებლობა.

მე, მაგალითად, გამაფრთხილებელ სამუშაოზე ვმუშაობ და რამე რომ შემეშალოს, სისხლის სამართლის საქმეზე მივდივარ, რადგან ადამიანების სიცოცხლე მაბარია. ამხელა პასუხისმგებლობა რომ მაქვს, ასეთი მიზერული ხელფასი არ შეიძლება. მიუღებელია და პროფკავშირის თავმჯდომარე ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავს.

თუ ასე გააგრძელებენ, აღარ გადავიხდით საწევროსაც. ჩვენთვის შეიძლება არაფერია ეს 1%-ი, მაგრამ მათთვის ძალიან დიდი ზარალი იქნება.

ხელფასებს ვერ გავზრდითო რომ გვეუბნებიან, მაშინ იმის პირობაც მოგვცენ, რომ ბაზარზე პროდუქტის ფასი არ მოიმატებს. ამ ხელფასით თავის რჩენა შეუძლებელია“- ამბობს ოთარ კვაჭაძე.

„ბათუმელები“ კომპანია „სოკარის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „სოკარი“ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით და რატომ ვერ ხერხდებოდა ამ ხნის მანძილზე მათი შრომითი უფლებების დაცვა.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხებენ, თუმცა მოკლე კომენტარის სახით დასძინეს, რომ „სოკარი“ არის რეგულირებული საწარმო და ხელფასებს სემეკის თანხმობის გარეშე ვერ შეცვლიან.

„ხელფასები ბუნებრივი აირის ტარიფიდან გამომდინარე დგება, შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვახერხებთ ხელფასების ზრდას, მაგრამ დავიცავთ პროცედურებს და დავიწყებთ შესაბამის ორგანოებთან ამ საკითხების გავლას. ტარიფი დგება ხუთ წელიწადში ერთხელ და მანამდე გადახედავენ თუ არა, არ ვიცით, მაგრამ იქ იყო სხვა საკითხებიც წამოჭრილი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა“- გვითხრეს „სოკარში“.

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ. მზია ამაღლობლის ერთ-ერთი ადვოკატის პაატა დიასამიძის ინფორმაციით ადვოკატებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ სასამართლოს დასაბუთება.

„როგორ გავაგრძელებთ დავას, ამაზე ვიმსჯელებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

დოკუმენტში საუბარია აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ გუშინ, 20 იანვარს, განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლიდა, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

საია ასევე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს.“ მეტიც, საიას განცხადებით პროკურატურამ მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს.

ვრცლად ამ თემაზე: მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

 

ზურაბიშვილი: მზია ამაღლობელს ვერ დააშინებენ, ის ძალიან ძლიერია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა.

„[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევაში არ იყენებენ ადმინისტრაციულ სახდელს. ეს არის დანარჩენი მოსახლეობის დაშინების მცდელობა. ისინი ვერ შეძლებენ [მზია ამაღლობელის დაშინებას]. ის ძალიან ძლიერია. მაგრამ ეს არის სხვების დაშინების მცდელობა. იგივეა ამ ცნობილ მსახიობზეც [ანდრო ჭიჭინაძეზე]. საზოგადოებას ეუბნებიან — თუ ჩვენ შეგვიძლია მასთან მიმართებაში ასე მოქცევა და 9 წლის პასუხისმგებლობის წინაშე დაყენება, ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება იგივე დაემართოს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი დაშინება ქართულ საზოგადოებაზე არ მუშაობს.

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

21 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობლის განთავსების პირობები.

„[ლევან იოსელიანმა] ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ასევე, ისაუბრეს ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, შემდგომ კი, პენიტენციურ დაწესებულებაში.

მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობლის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

21 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობელის განთავსების პირობები.

„[ლევან იოსელიანმა] ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ასევე, ისაუბრეს ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, შემდგომ კი, პენიტენციურ დაწესებულებაში.

მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

პროევროპული აქციებისას დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით შიმშილობა.

ინფორმაციას ამის შესახებ კიკნაძის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-10 დღეა შიმშილობს.

„არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, — ნათქვამია მზია ამაღლობელის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე სტუდენტების პროტესტის ფონზე აირჩიეს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ აირჩია ტიტე აროშიძე, „ოცნების“ დეპუტატი.

არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც არჩევნებამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები დაემუქრნენ.

სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა.

აკადემიურმა საბჭომ, რომელშიც ათი წევრია, მათ შორის ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, ფაქტობრივად, არ შეიმჩნია სტუდენტების პროტესტი.

„მონა!“ „რუსებო!“„სირცხვილია!“ „არა ტიტეს – სუსი გვიტევს“ – ისმის ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების შეძახილები.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა: 

„სირცხვილია“ – ბსუ-ში რექტორის არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

„სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ისმის უნივერსიტეტში, იქ, სადაც დახურულ კარს მიღმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს: „ოცნების“ დეპუტატს, ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არჩილ გუჩმანიძეს უსმენს.

სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ „ოცნებას“ განზრახული აქვს რექტორად დანიშნოს „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძე, პარტიული კადრი, რასაც ეწინააღმდეგებიან.

ამავე დროს უნივერსიტეტში შეიკრიბნენ სტუდენტური თვითმმართველობისა და „ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდები, იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

ბსუ-ს ყოფილმა თანამშრომელმა, გოჩა სურგულაძემ, რომელმაც რუსული კანონის მიღების დროს, პროტესტის ნიშნად დატოვა უნივერსიტეტი, მოუწოდა ბსუ-ს ლექტორებს, ჩადგნენ სტუდენტებს შორის.

ტიტე აროშიძის მხარდამჭერი სტუდენტები

 

მასალა განახლდება. 

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა უნივერსიტეტიდან: 

რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული პროფესორი, რექტორობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის ძმა; დალი მახარაძე – პროფესორი; ქეთევან ბერიძე – პროფესორი; ინგა დიასამიძე – ასოცირებული პროფესორი; ენვერ ხალვაში – პროფესორი; როსტომ ბერიძე – პროფესორი; მამია ფაღავა – პროფესორი; მერაბ არძენაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ელზა ფუტკარაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და მარიამ მეტრეველი – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

აკადემიური საბჭოს სწორედ ამ შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი ახლა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა ბსუ-ს არაერთი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დგას. 

სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. განსაკუთრებით ღიად ამის შესახებ საუბრობენ ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

ამავე თემაზე: 

„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს“ – 16 დეკემბრის აქციის საქმე ბათუმის სასამართლოში

„ეს რა არის?“- იკითხა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის, ირმა ზოიძის ხელში ტრანსპარანტი შენიშნა წარწერით – „თავისუფლება მზიას“.

„ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა“,- იმ ტონით უპასუხა მოსამართლეს ირმა ზოიძემ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს არაფერი უთქვამს.

დღეს, 21 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ირმა ზოიძის საქმე განიხილა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ პროევროპულ აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. 

„თავისთავად ეს მოწოდება იყო უკანონო… პოლიციამ ხელოვნურად სცადა კონფლიქტის პროვოცირება“, – აღნიშნა იურისტმა მირზა მამულაძემ, რომელიც სასამართლოში ირმა ზოიძის ინტერესებს იცავს.

შსს-ს ვერსიით, აქციაზე არ იყო „საკმარისი რაოდენობა“, იურისტების განმარტებით კი, ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, ასევე პოლიციის მოთხოვნა ერთგვაროვანი უნდა იყოს – სხვა დღეებში, როცა აქციაზე დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო, რაც 16 დეკემბერს, პოლიციას აქციის დაშლა მისი სიმცირის გამო არ უცდია.

საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 55 დღეა იმართება.

ამ საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე სიცრუეში ამხილეს: შსს-ს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით, ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ იქ დაახლოებით 40 პირია შეკრებილი, ამიტომ მათ ტროტუარი უნდა დაიკავონ, „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში 16 დეკემბრის აქციაზე კი ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქ 5 კაცია, ოქმში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ აქციაზე 25 პირი იყო შეკრებილი.

სხდომაზე ნახეს სამხრე კამერის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც პოლიციელი ავტომანქანებს განზრახ საპროტესტო აქციის მიმართულებით ამისამართებს მაშინ, როცა არსებობს ალტერნატიული გასასვლელი ქუჩები.

„პოლიციის მიზანი არ ყოფილა აქციის დაშლა“,- უთხრა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ. მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეებს ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი ქუჩა.

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რომელზეც დამყარებულია ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაკავოს ეს ყველაფერი… ჩვენი ღირსება არ უნდა იყოს დამოკიდებული დგებუაძეზე. არასწორია, როცა ყველაფრის მიუხედავად ქარსა და წვიმაში ქუჩაში გამოვდივართ მოქალაქეები და ასე გექცევიან.

თქვენც უნდა გინდოდეთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება“, – მოსამართლეს მიმართა ირმა ზოიძემ.

„მადლობა“- ირმა ზოიძეს მიმართა მოსამართლემ.

„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს… რეპრესიები ისეთი რამეა, ის საბოლოოდ მის გამფორმებლებსაც მიადგება,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა მირზა მამულაძემ.

ირმა ზოიძემ „მზია ამაღლობლის საქმეც“ შეახსენა შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს:

„იმის გამო, რომ ჩვენ ასე ვექცევით გამოხატვის თავისუფლებას, ირაკლი დგებუაძეს დღეს იქეთ ვედავებით არაადამიანურ მოპყრობას… მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამოძიებას ვითხოვთ უკვე“,- აღნიშნა ირმა ზოიძემ.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის დაპატიმრებულია და შიმშილობს. მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

„ცირკად ნუ აქცევთ ქვეყანას“, – მოსამართლეს მიმართა ისევ სხდომის ბოლოს ირმა ზოიძემ.

ამ საქმეზეც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს. 16 დეკემბრის საქმეზე შსს 12 პირს ედავება სამართალდარღვევის ჩადენას.

ამავე თემაზე: 

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

 

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 21 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 822 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600]
  • ტანკი – 9 833 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 20 477 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 22 134 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 262 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 898 ერთეული [+130]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 34 682 ერთეული [+194]
  • სპეცტექნიკა – 3 710 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 034 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 702 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 540 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. ამავე დღეს, 13 საათზე, ბსუ-ში სტუდენტური მოძრაობა „პერსპექტივა“ აანონსებს აქციას – „არა რუსულ რეჟიმს ბსუ-ში“.

ბსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე.

რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული პროფესორი; დალი მახარაძე – პროფესორი; ქეთევან ბერიძე – პროფესორი; ინგა დიასამიძე – ასოცირებული პროფესორი; ენვერ ხალვაში – პროფესორი; როსტომ ბერიძე – პროფესორი; მამია ფაღავა – პროფესორი; მერაბ არძენაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ელზა ფუტკარაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და მარიამ მეტრეველი – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

აკადემიური საბჭოს სწორედ ამ შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი ახლა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა ბსუ-ს არაერთი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დგას. 

სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. განსაკუთრებით ღიად ამის შესახებ საუბრობენ ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

„თავზე უნდა დაგვასვან „ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი“- ამბობს სტუდენტი არჩილ ბერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი. იგი გულისხმობს ტიტე აროშიძეს, „ოცნების“ დეპუტატს, რომელსაც აკადემიური საქმიანობის გამოცდილება არ აქვს და მისი დასახელება რექტორის კანდიდატად მოულოდნელი იყო.

მისი თქმით, ტიტე აროშიძის კანდიდატურა რექტორად არა მხოლოდ იმიტომ არის მისთვის მიუღებელია, რომ ის „ოცნების“ წევრი და თვითაღიარებული უმაღლესი საბჭოს წევრია, არამედ იმიტომ, რომ, არჩილის აზრით, აროშიძე რეპრესიებისთვის ინიშნება, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან გაწმინდოს უნივერსიტეტი.

„კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე – სტუდენტებზე, ლექტორ-მასწავლებლებზე რომ დაიწყოს ზეწოლა, დაშინება, „ოცნების“ მხარდამჭერებს კი მოუწყოს მაქსიმალური კომფორტი – იქნება ეს სამსახური, პროექტების დაფინანსება თუ სხვა.

ჩვენ ადრეც ვაკეთებდით განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ აპირებდა რეპრესიების გატარებას უნივერსიტეტში, მაგრამ ახლა ყველაფერს ფარდა აეხადა, სააშკარაოზე გამოვიდა ეს ყველაფერი.

ტიტე აროშიძე ჩემთვის მიუღებელია იმის გამოც, რომ ის გაზაფხულის აქციებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, სტუდენტებისთვის, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, ჩაეტოვებინათ საგნები და არ დაეწერათ ქულები, სტუდენტებს გვიწოდებდა პოტენციურ მკვლელებს, რომ თითქოს ჩვენ სასწრაფოს მანქანებს არ ვატარებდით [საპროტესტო] მარშების დროს, რაც სიცრუეა, რა თქმა უნდა.

ის ვიცი, რომ გულზე ხელდაკრეფილი არ შევხვდებით ამ ამბავს, გვექნება კონსულტაცია იმ ლექტორებთან, რომლებსაც ასევე არ სურთ ტიტე აროშიძე რექტორად და ასეთები, სხვათა შორის, „ოცნების“ მხარდამჭერებშიც არიან.

მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს და ზოგადად, რექტორის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, რადგან რექტორი უნდა აირჩიოს არა აკადემიურმა საბჭომ, არამედ საყოველთაობის პრინციპით უნდა იყოს არჩეული, რადგან უნივერსიტეტი არა პარტიას, არამედ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ეკუთვნის“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

სტუდენტი მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭოს წევრების დაშინება უფრო მარტივია, ვიდრე მთელი აკადემიური პერსონალის და სწორედ ამიტომ არ შეცვალეს რექტორის არჩევის წესი.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში არის ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, ასოცირებული პროფესორი. არჩილ ბერიძე მიიჩნევს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია.

„აკადემიურ საბჭოში არის ტიტე აროშიძის ძმა და ბუნებრივია, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა გვეუბნებიან, აცილების ვალდებულება არ გვაქვსო. ესე იგი, ისიც კი არ აქვთ ჩაშლილი არჩევის წესში, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრმა ხმა არ მისცეს კანდიდატს.

ფაქტია, რომ თავზე უნდა დაგვასვან „ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი და ისიც ცხადია, რომ აროშიძე რეპრესიების გასატარებლად მოჰყავთ, რადგან ჯერ კიდევ როდის გამოირჩეოდა ის სტუდენტების მიმართ არაჰუმანური განცხადებებით და არც ერთ კრიტიკულად განწყობილ სტუდენტს მისი რექტორობის პირობებში აღარ ექნება შესაძლებლობა განვითარების, პროექტებში მონაწილეობის, სტიპენდიების მიღების და ყველაფერი იქნება მითვისებული „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ.

ასეთი რექტორის პირობებში რეპრესიები გაიზრდება.

გარდა ამისა, ეს არის პირი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია აქამდე უნივერსიტეტთან და ახლა სურს არა ამ უნივერსიტეტის მართვა, არამედ უნივერსიტეტის გაწმენდა კრიტიკული აზრისგან“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სტუდენტს ლარა ქარცივაძეს ესაუბრა. ლარა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ფორმალურად ტარდება.

„ჩვენ შევეცდებით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ყველაფერს, ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს სტუდენტური დაუმორჩილებლობა, რომ მოვითხოვოთ არჩევნების გადადება რამდენიმე თვით, სანამ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან უნივერსიტეტის რექტორად „ოცნების“ დეპუტატის დასმა არ არის სწორი.

აკადემიური საბჭო ისეთი პირებისგან შედგება, ცხადია, მოიგებს ამ „არჩევნებს“ ტიტე აროშიძე, რადგან მისი ძმაც ამ საბჭოშია“ – ამბობს ლარა ქარცივაძე. იგი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ტიტე აროშიძე უნივერსიტეტიდან იმ ლექტორებს და სტუდენტებს მოიშორებს თავიდან, რომლებიც მკაფიოდ, ღიად გამოხატავენ პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, არჩილ გუჩმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ მას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა შუამავალი მიუგზავნეს და სთხოვეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიანიშნეს, რომ პრობლემები შეექმნებოდა მას და მისი ოჯახის წევრებს – უხსენეს შვილები, ძმა და ძმის შვილები და დაემუქრნენ.

ხომ არ განმეორდა მუქარები? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

მისი თქმით, იყო მოკითხვები სხვადასხვა პირის მხრიდან, თუმცა არა მუქარის ტონით.

„რამდენიმე შეხმიანება იყო იმ ფორმით, რომ რას ვაპირებდი, დაინტერესება გამოხატეს გარკვეულმა ადამიანებმა, მაგრამ მუქარის ფორმა აღარ განმეორებულა. უბრალოდ გადაამოწმეს, როგორ განწყობაზე ვარ, აზრი ხომ არ შევიცვალე. დახვეწეს მეთოდები და შორიდან შემოვლით ამოწმებენ რაღაც-რაღაცებს.

საერთოდ რაში სჭირდებათ ეს ცირკი, სპექტაკლი, მაგრამ გონს არიან გასული, ამიტომ მათგან არაფერი მიკვირს“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

„ბათუმელები“ რექტორის არჩევნებზე ესაუბრა აკადემიურ პერსონალსაც.

პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უნივერსიტეტში რექტორს ასეთი წესით ნიშნავს მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მაინც აკადემიური საბჭო „ირჩევდა“ რექტორს.

„2015 წელს, გახსოვთ ალბათ, როცა ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებისა და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ჩაშალა არჩევნები და შემდეგ აღარავინ აყენებდა კანდიდატურას, რადგან აკადემიური საბჭოს მიმართ ნდობა აღარ არსებობდა.

რა თქმა უნდა, კონსტიტუციით დაცულია უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება, ავტონომია, მაგრამ ამ ქვეყანაში ისეა განათლების და მეცნიერების სისტემა შექმნილი, რომ გავლენის და ზეწოლის შესაძლებლობას აძლევს მთავრობას. ამიტომ, ახლაც იგივე მოხდება, რაც წინა წლებში ხდებოდა“- ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მაშინ როგორ უნდა გათავისუფლდეს უნივერსიტეტი, თუ აკადემიური პერსონალი ყოველთვის პარტიულ დავალებებს შეასრულებს? – ვკითხეთ მას.

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება თავად პროფესორების არჩევის წესი უნივერსიტეტში და ზოგადად, როგორია საუნივერსიტეტო საზოგადოება.

„რუსული კანონის მიღება, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება უნივერსიტეტის დიდ ნაწილს საერთოდ არ გაუპროტესტებია და მე მგონი, ახლაც არ გამოუთქვამთ მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ ლექტორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა უნდა მოვინდომოთ და მოვითხოვოთ ეს თავისუფლება.

რატომ არ ინდომებენ? – იმიტომ, რომ საუნივერსიტეტო სისტემა არ ყალიბდება დემოკრატიული წესით. არ არის თავისუფალი არც კონკურსები და არც ერთი პროცესი ავტონომიურად არ ფუნქციონირებს უნივერსიტეტში. შესაბამისად, მთავრობის გავლენა ყოველთვის არის.

იგივე აკადემიური საბჭო, რომელიც ათი წევრისგან შედგება, თავად არ არის არჩეული, ჩემი აზრით, კანონის მიხედვით. ამიტომ, თავად აკადემიური საბჭო უნდა იყოს თავისუფალი, რომ მან თავისუფლად აირჩიოს რექტორი“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მისი თქმით, მიუღებელია რექტორად დანიშნონ კაცი, რომელიც ემხრობოდა რუსულ კანონს და და მათი პარტიული ლიდერების მსგავსად, მომხრე იყო საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების.

„ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდით გამოირჩეოდა ტიტე აროშიძე და ეს ბევრი სხვა პროფესორისთვისაც მიუღებელია, ამიტომ მათაც უნდა გამოთქვან ღიად ეს პოზიცია.

როცა რექტორობის მეორე კანდიდატი ამბობს, რომ ემუქრებოდნენ თუ არ მოხსნიდა კანდიდატურას და არც ეს უჩენთ პროტესტს, დიქტატურა ხვალ მათაც მიაკითხავს. მით უმეტეს აკადემიური წრიდან არ  მოჰყავთ დავალებების შემსრულებელი“- ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ასოცირებულ პროფესორს, ლაშა ბაჟუნაიშვილსაც. იგი ამბობს, რომ პარტიული პირის რექტორად დასმა მიუღებელია.

„ადრეც ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით რექტორების დანიშვნა, მაგრამ აი ასე, პირდაპირ პარტიული ნომენკლატურის დასმა რექტორად, მიუღებელია.

ხელისუფლებად წოდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის მიერ კიდევ რა მოხდება, არ ვიცი, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ეს პროცესები არ იმართება პოლიტიკური კანონზომიერებით, არამედ ერთი ადამიანის მიერ, ამიტომ რა დირექტივებს გასცემს ის მომავალში და რას გააკეთებს ახალი რექტორი, პროგნოზირება რთულია. თუმცა ცხადია, რომ უნივერსიტეტში გაიზრდება წნეხი და პოლიტიკური ზეწოლა“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

მისი თქმით, რექტორობის კანდიდატი პარტიული რიგებიდან იმიტომ შეარჩიეს, რომ უნივერსიტეტში „ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებსაც კი არ ენდობიან ბოლომდე.

„ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ვერ მოიძებნა კადრი, ვინც მათ დაკვეთას ბოლომდე შეასრულებდა, ამიტომ მოჰყავთ პოლიტიკური კადრი, რომ შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა, უნივერსიტეტის პრინციპების და იდეის საწინააღმდეგოდ“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

იგი ამბობს, რომ რექტორობის მეორე კანდიდატს, არჩილ გუჩმანიძეს აქვს სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით „ოცნების“ კანდიდატზე.

„აროშიძეს საერთოდ არ აქვს ის გამოცდილება და წარსული, რაც მას რექტორად ყოფნის მორალურ და ლეგიტიმურ საფუძველს მისცემს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის რექტორი იყოს კარგი მკვლევარიც, თავისი საქმის პროფესიონალი, აღიარებული როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, იყოს კარგი მაგალითი სხვისთვის და კარგი მენეჯერი.“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება. რექტორს აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით რექტორს ვერ აირჩევს, საბჭომ 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უნდა აირჩიოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმუმ 6 თვით.

„ბათუმელების“ ოპერატორი 8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს – იგი დგებუაძის მითითებით დააკავეს

დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გურამ მურვანიძე დააკავეს 12 იანვარს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას. მის საქმეში მოწმეები პოლიციელები იყვნენ, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ გურამ მურვანიძემ კანონი დაარღვია.

მეტიც, გურამ მურვანიძემ სასამართლო პროცესზე ტყუილში ამხილა მოწმე პოლიციელი, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაიზიარა პოლიციელის ჩვენება და „ბათუმელების“ ოპერატორს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„გასაჩივრების შემდგომ ჩაგვბარდა სასამართლოს დასაბუთებული დადგენილება, სადაც სასამართლო მხოლოდ ერთი აბზაცით დადასტურებულად მიიჩნევს გურამის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას, ამასთან როგორ მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, არაფერია ნათქვამი, მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებზეც სრული დუმილია და არც საქმეში წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებებია შეფასებული სასამართლოს მიერ.

დადგენილებაშივე რამდენიმე ადგილას გვხვდება სხვა დაკავებულების სახელები და გვარები, რაც გვაფიქრებინებს რომ სასამართლო ამ კატეგორიის საქმეებზე ხელმძღვანელობს ერთი შაბლონით“ – ამბობს მირზა მამულაძე, გურამ მურვანიძის ადვოკატი.

გურამ მურვანიძე დააკავეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავებიდან მეორე დღეს. გურამ მურვანიძის დაკავებაში მონაწილეობდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

ნახეთ ვიდეო: 

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში.

ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების მონაწილეა. შსს ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონო გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა 2024 წლის 16 დეკემბრის საღამოს კოკისპირულად წვიმდა და აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ. ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

ვაჟა დარჩია 16 დეკემბრის სავარაუდო სამართალდარღვევის შემთხვევაზე სასამართლოში 2024 წლის 30 დეკემბერს დაიბარეს. დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აქციის სამი მონაწილის საქმე განიხილა: ვაჟა დარჩიას, ლევან გორგილაძის და აზა გაბუნიას. საპროტესტო აქციის მონაწილეების უკვე განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ალექსანდრე გოგუაძე 24 იანვარს აპირებს.

შსს-მ ამ საქმეზე ერთ-ერთი პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერი წარმოადგინა მტკიცებულებად იმის საჩვენებლად, რომ აქციის მონაწილეებს ავტომანქანების მოძრაობა გამსახურდიას ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ხელოვნურად ჰქონდათ შეზღუდული, იურისტის პაატა დიასამიძის თქმით კი, პირიქით, ამ ჩანაწერით დასტურდება, პოლიცია განზრახ როგორ უცვლიდა ავტომანქანებს მიმართულებას საპროტესტო აქციისკენ.

16 დეკემბერს, კოკისპირულ წვიმაში, მოქალაქე დარიკო ჩიტაძემაც უამბო „ბათუმელებს“ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში: პოლიციელები გამოვიჭირე, გამსახურდიას და აბაშიძის ქუჩების კვეთასთან დადგნენ, აქციისკენ განზრახ უშვებდნენ მანქანებსო.

დარიკო ჩიტაძეც დაიბარეს სასამართლოში. მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

ვაჟა დარჩია ამ ამბის შემდეგ, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს „სტიკერების საქმეზე“. სტიკერების – „იფიცება საქართველო“ გაკვრის დროს ბათუმში 20 ადამიანი დააკავეს 2 დღის განმავლობაში. ვაჟა დარჩია, დაცვის მხარის მტკიცებით, ამ კითხვის დასმისთვის დააკავეს – „რატომ აკავებთ ციალა ქათამიძეს?“ აქტივისტი ციალა ქათამიძე კი ღია, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ვაჟა დარჩიას მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა 2025 წლის 14 იანვარს შეუფარდა.

„თქვენ, მგონი, რიცხვები – 25 და 40 ერთი და იგივე გგონიათ,“ – შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს გახედა დღეს ვაჟა დარჩიამ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა, როცა შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო, რასაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე უყურებდა, ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძის მიერ ტყუილის თქმას ადასტურებდა.

შსს-ს მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ 16 დეკემბრის აქციაზე 25 ადამიანი იყო, როცა პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა იქ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოითხოვეს, შსს-ს მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებით კი, ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქციაზე 40 პირია.

„შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება, რატომ შლით აქციასო და 5 კაცს არ შეუძლია ქუჩის გადაკეტვაო, პასუხობს „ბათუმელებს“ იგივე ირაკლი დგებუაძე ლაივში,“- აღნიშნა ვაჟა დარჩიამ, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერს უყურებდა.

ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია და იურისტი პაატა დიასამიძე

„გზის გახსნა კი არ იყო მიზანი, არამედ პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ იტყოდნენ“, – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მიმართა იურისტმა მირზა მამულაძემ, რომელიც სასამართლოში ლევან გორგილაძის ინტერესებს იცავს. ლევან გორგილაძე პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში.

იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიციის მიდგომა ერთგვაროვანი უნდა იყოს – როცა აქციის მონაწილეები ქუჩას ყოველდღიურად კეტავენ, არ შეიძლება ერთ დღეს მოქალაქეებს უთხრა, რომ მათ ამის უფლება ახლა აღარ აქვთ.

მირზა მამულაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი კოლეგის – ხათუნა ბოლქვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა. ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 2021 წელს თემურ გორგაძეს სუს-ის ბათუმის ოფისის შესასვლელის გადაკეტვისთვის. მაშინ თემურ გორგაძე იმ ავტომანქანიანად „დააპატიმრეს“, რომელშიც ის იჯდა.

„ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის შენობას ჰქონდა ალტერნატიული შესასვლელი… ამ შემთხვევაშიც გამსახურდიას ქუჩის ამ მონაკვეთზე არის სხვა მისასვლელები,“ – შეახსენა მოსამართლეს იურისტმა მირზა მამულაძემ.

„დარეკა ვინმემ 112-ში, გადაკეტილია ქუჩა და შევწუხდითო?“ – იკითხა ლევან გორგილაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მარიამ კაკაბაძემ.

„ამის აუცილებლობა არ არსებობს… პოლიციას აქვს უფლება, რომ ჩარევა განახორციელოს,“ – უპასუხა იურისტს შსს-ს წარმომადგენელმა ლანა მოდებაძემ. მისი განმარტებით, აქციაზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო გზის გადაკეტვისთვის.

„რა უფრო მნიშვნელოვანია სიკეთის დასაცავად? ჩაერია პოლიცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში? არ არსებობდა ლეგიტიმური საფუძველი ამ უფლებაში ჩარევის,“ – შსს-ს იურისტს მიუბრუნდა მირზა მამულაძე, მეორე იურისტმა მარიამ კაკაბაძემ კი, ევროსასამართლოს ერთი მაგალითი გაიხსენა: ლიეტუვაში წლების წინ ფერმერებს გაუმართავთ აქცია, საერთაშორისო მაგისტრალები გადაკეტეს, არათუ გამსახურდიას და აბაშიძის მსგავსი პატარა ქუჩების კვეთა და ამ აქციის დაშლაც კი, გამოხატვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნია ევროსასამართლომო.

„ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, თქვენ კი, ასულდგმულებთ რუსულ რეჟიმს“, – სხდომის დასრულებამდე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ლევან გორგილაძემ მიმართა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრებას არ აპირებს:

„მოვედი იმისთვის, რომ მეთქვა, თქვენ ემსახურებით რუსულ რეჟიმს. იმ სიმართლით გაგიმარჯოთ, რა სიმართლითაც მიიღებთ გადაწყვეტილებას.

გაგიმარჯოთ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, ალბათ იმიტომ, რომ 12 იანვარს გიხილეთ კლანის შეხვედრაზე. იმედია, კარგად მოილხინეთ არა საკვებით და სასმელით, არამედ იმ პროტესტით, რომელიც მოგიძღვნათ ქართველმა ხალხმა ლეგიტიმურად.

12 იანვარს, სხვათა შორის, ახალგაზრდა გოგოსთან შეგნიშნეთ – უტიფარს ეძახდით,“ – მოსამართლეს მზერა აღარ მოაშორა ლევან გორგილაძემ.

„ჩვენ აქ კომედიების საქმეს არ განვიხილავთ,“ – პასუხისგებაში მიცემული პირის გაჩუმება სცადა მოსამართლემ.

„დავასრულებ,“ – აღარ შეჩერდა ლევან გორგილაძე და დასძინა:

„იმ გოგონას თვალწინ ნეკნები ჩაუმტვრიეს მის მეგობრებს. თქვენ კი, შვილიშვილის ასაკის გოგოს ეძახდით უტიფარს.

მე არ დავესწრები თქვენი გადაწყვეტილების გამოცხადებას და მას ისე შევხვდები, ამაყი, როგორიც ვიყავი ამ აქციებზე 53 დღის განმავლობაში,“ – დაასრულა ლევან გორგილაძემ.

ლევან გორგილაძის საქმის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რეპლიკის გაჟღერებისთვის დარბაზიდან გააძევა მოქალაქე გოჩა მჟავანაძე. მიზეზის დაუსახელებლად მან იგივე მოქალაქე არც ვაჟა დარჩიას პროცესზე არ დაუშვა.

16 დეკემბერს 12 პირის დაკავების შემდეგ, 11 და 12 იანვრის საპროტესტო აქციებზე ბათუმში 20 პირი დააკავეს. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მის დაპატიმრებას უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ. თავდაპირველად მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს აჭარის სამმართველოს ღობეზე სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრისთვის.

12 იანვარს დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. გურამ მურვანიძე აქციაზე ვიდეოს იღებდა, როცა მას პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დააკავეს.

აქციის დაკავებული მონაწილეებიდან არც ერთი ამ დრომდე მოსამართლეებს არ გაუმართლებიათ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოსამართლეები ძირითადად ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ.

ეს არის ჟურნალისტების რუსული დევნის დასაწყისი – ეთერ თურაძე

დღეს, 20 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

ბრიფინგზე ისაუბრა „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც.

„მე არ მახსოვს, რომ საქართველოში გვყოლოდეს ქალი პოლიტპატიმარი, შეიძლება მეშლება, მაგრამ არ ვიცი, რაც ვნახე და რაც ჩემს ცნობიერებაში არის, ვიცი, რომ ეს არის პირველი ქალი პოლიტპატიმარი, ეს არის პირველი ქალი ჟურნალისტი, პირველი ქალი მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა, რომელსაც სისტემამ გამოუცხადა სასტიკი ბრძოლა.

არავითარი დასაბუთება და საჭიროება იმის, რომ მზია ამაღლობლისთვის შეეფარდებინათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, არ არსებობდა. არა მხოლოდ, ვთქვათ, ადამიანურად და ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ არც სამართლებრივად, მაგრამ სისტემა, რომელიც არის რეპრესიული, რომელიც ებრძვის ყველაფერ ნათელს, არ ითვალისწინებს არც ჰუმანიზმს და რასაკვირველია, არც სამართალს.

სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა, შესაბამისად ჩვენ, ყველა, ამ ქვეყნის მოქალაქეები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები, ვიქნებით ამ სისტემის სამიზნეები, დარწმუნებული ვარ.

ეს არის ალბათ მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი ბრძოლის, რასაც ჰქვია რუსული მმართველობის სტილი, რასაც ჰქვია რუსული დევნა ჟურნალისტების. ვიცით ჩვენ, გვინახავს, ვადევნებდით თვალს რუსეთში როგორ მიდიოდა მედიების განადგურება, ჩვენ ვართ ამ საფრთხის წინაშე როგორც ჩანს, ამ რისკების წინაშე, ამიტომ გვმართებს უფრო მეტად მობილიზება და უფრო მეტი ხმაური თუ უფრო მეტი აქტივიზმი.

ჩვენ გამოგვიცხადეს ბრძოლა, ჩვენ [„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ ვგულისხმობ] პრინციპში დავრჩით მთავარი ფიგურის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ამ საქმიანობის გაგრძელება გარწმუნებთ, ძალიან რთული იქნება ადამიანებს იმ სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, რა სახითაც ვაწვდიდით, ანუ საზოგადოების ინფორმირება ობიექტური, გადამოწმებული და ა.შ. ინფორმაციით, როგორც ჩვენი შიდა ეთიკა და რეგულაციები გვავალდებულებს, ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, გავაგრძელოთ ეს ბრძოლა.

ასევე მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ სისტემას იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ შედგეს როგორც ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფო“ – განაცხადა ბრიფინგზე ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა.

  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

მზია ამაღლობელის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამავე პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

საია ასევე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს.“ „ბათუმელები“ საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის გაკვრისას, ადმინისტრაციული წესით თვითნებურად დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან მალევე, იგი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

მზია ამაღლობელის საქმეში სახეზეა არაერთი დარღვევა. მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ადასტურებს:

  • ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება

2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს.

საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება.

უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში.

  • მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა

ხელწერილით გათავისუფლების შემდგომ, მზია ამაღლობელმა დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და ეზოში აღმოჩნდა პოლიციელების კორდონის მხარეს, აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოს გარეთ განაგრძობდნენ პროტესტს. მზია ამაღლობელმა შენიშნა, რომ მისი კოლეგა იმყოფებოდა პოლიციის გარემოცვაში და სურდა მასთან მიახლოება. ჩოჩქოლში ის წაიქცა და რამდენჯერმე მას ფეხი დააბიჯეს სხეულზე. წამოყენების შემდგომ, მან შეძლო კოლეგასთან მისვლა და როგორც გაარკვია, მისი დაკავების პერიოდში პოლიცია კვლავ განაგრძობდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს, მათ შორის, თვითნებურ დაკავებას.

მას შემდგომ, რაც მისი გაშლილი ხელი სახეზე მოხვდა ირაკლი დგებუაძეს, მზია ამაღლობელი დააკავეს სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა.

პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება. 12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად.[

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. „მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

  • სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ მუხლით ისჯება პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:

  • თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;
  • თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;
  • თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.

მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.

თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 3531 მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი.

მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც.

ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს.

  • პატიმრობის გამოყენება უკანონოდ

2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი წარდგენის სხდომა. პროკურორი დაუსაბუთებლად მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენებას.

პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა.

ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.

სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ.

  • საჩივრის გაგზავნის დაყოვნება სააპელაციო სასამართლოში

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას.

  • მოსამართლის კვალიფიკაციის საკითხი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩაატარა და მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

  • პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
  • მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან;
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა;
  • ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება.“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

______________________

  • რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება”ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.

“მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა ჟურნალისტმა, “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს, არ დათმონ, არ დანებდნენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

მზია ამაღლობელი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისი დაკავება რეპრესიული და ძალადობრივი პროცესების შედეგია, რომელიც ბოლო ერთი წელია ყოველდღიურ ცხოვრებაში იკიდებს ფეხს.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა მიეღო, თუმცა ეს მხოლოდ 20 იანვარს მოხდა.

„ეს ვადა უკვე დარღვეულია. შეიძლება დღეიდან აითვალონ [72 საათი] და თქვან, რომ როცა აპელაციაში მოვიდა, აქედან ავითვლითო, რაც იქნება უკანონო. კანონში ცალსახად წერია, რომ საჩივრის შეტანიდან ჯამურად განსაზღვრულია 72 საათი. ეს ვადები იმიტომ არის ასე დადგენილი, რომ დაახლოებით 3 საათი სჭირდება კურიერის მიერ ბათუმიდან ქუთაისში საჩივრის ჩატანას. ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ იმავე დღეს [14 იანვარს]. როდესაც საუბარია თავისუფლების ისეთ უკიდურეს ფორმაზე, როგორიც არის პატიმრობა, სასამართლო ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჩივრის მიწოდება სააპელაციო სასამართლოსთვის. რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა. ეს რატომ არ მოხდა? – იმის გამო, რომ ბათუმის სასამართლომ გვიან გააგზავნა თუ გზაში გაიწელა ჩაბარების პროცესი, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც კანონმდებლობისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ ეს საპროცესო ვადა დარღვეულია და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რაც დაემატა დარღვევების ჯაჭვს, რომელიც საქმეშია. შესაძლოა, ეს არის კიდევ ერთხელ წნეხის და დასჯის ფორმა, რომ მზია ამაღლობელს დროულად არ ჰქონდეს პასუხი და იყოს მოლოდინის რეჟიმში.

ჩვენ ამ პროცედურულ დარღვევას და ყველა სხვა შინაარსობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ იქნება აპელაციისგან ადეკვატური პასუხი, რაც იქნებოდა მხოლოდ გაუქმება პატიმრობის და ჩვენ მოველით, რომ უახლოეს საათებში შეცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ გამოვიყენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმს და მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. აღკვეთა ცალკე გასაჩივრებას ექვემდებარება. [განხილვის] ვადები მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, რომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭოს, სწრაფ ვადებში მოხდეს მისი განხილვა. ეს შეიძლება არ მოხდეს რამდენიმე დღეში, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც იქნება საკმარისი, რომ საჩივარი დასაბუთებულად და არგუმენტირებულად მიეწოდოს  ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.


„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ“ – მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.

დღეს, 20 იანვარს, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა.

მზია ამაღლობელმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემ მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.

იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.

არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.

მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან
  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“

„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა.

აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.

საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც გაიმართა და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის დატოვება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა.

„ეს ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში, მათ შეეძლოთ პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ“ – მიმართა მოსამართლეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.

იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აქცია არასამუშაო საათებში, საღამოს იმართებოდა და იქვე მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს ან აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებს გადაადგილებაში ხელი ვერ შეეშლებოდათ.

„ვის ვუშლიდით ჩვენ ხელს? რატომ სცადა პოლიციამ ესკალაცია?“- შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს გადახედა აზა გაბუნიამ და განმარტა, რომ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს მას შემდეგ მიმართა კითხვებით, როცა დაინახა, როგორ შეეხო ფიზიკურად „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია.

საქმეში საინტერესოა ციფრები: ადგილზე იმ საღამოს „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ უთხრა, რომ ხუთმა კაცმა არ შეიძლება გადაკეტოს ქუჩა და ეს ხელოვნურია, იგივე ირაკლი დგებუაძე კი, სხვა ჩანაწერში ადასტურებს, 40 ადამიანი ხართ შეკრებილი პლუს – მინუს 10 კაცში შეიძლება შევცდეო.

ირაკლი დგებუაძემ, რომელსაც აქციის დაკავებული მონაწილეები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იმ დღეს კიდევ ერთხელ იძალადა აქციის მონაწილეებზე და მშვიდობიანი აქციის დაშლა სცადა.

ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ტყუილი თავად შსს-ს მიერ შედგენილ ოქმში ჩანს: „…30-მდე კაცი იყო შეკრებილი“- წერია სამართალდარღვევის ოქმში. მანამდე ის „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ ხუთი კაცი კეტავდა ქუჩას. მოსამართლემ „ბათუმელების“ ვიდეოჩართვის მონაკვეთიც ნახა.

ამ საქმეშია კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც შსს-მ წარმოადგინა – ამ ვიდეოში ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქციაზე 40-მდე კაცია და ამიტომაც მოითხოვა მათი ტროტუარზე გადასვლა.

კიდევ უფრო საინტერესო დეტალი ისაა, რომ იმ საღამოს დგებუაძემ პოლიციის ერთი მანქანა და პოლიციელი აქციასთან ახლოს – მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ჩააყენა, მანქანები აქციის მონაწილეებისკენ განზრახ რომ გამოეშვათ. ეს პოლიციელები 16 დეკემბრის აქციაზე მოქალაქე დარიკო ჩიტაძემ ამხილა, მანქანები აბაშიძის ქუჩას მიუყვებოდნენ და პოლიციელმა უთხრა, აქეთ წადით, გამსახურდიაზეო, სადაც აქცია იმართებოდა.

დარიკო ჩიტაძეც დაიბარეს სასამართლოში. მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

აზა გაბუნიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.

16 დეკემბერს 12 პირის დაკავების შემდეგ, 11 და 12 იანვრის საპროტესტო აქციებზე ბათუმში 20 პირი დააკავეს. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მის დაპატიმრებას უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ.

12 იანვარს დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. გურამ მურვანიძე აქციაზე ვიდეოს იღებდა, როცა მას პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დააკავეს.

აქციის დაკავებული მონაწილეებიდან არც ერთი ამ დრომდე მოსამართლეებს არ გაუმართლებიათ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოსამართლეები ძირითადად ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ.

„16 დეკემბრის აქციის საქმეზე“ ახლა [14:00 სთ] მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ლევან გორგილაძის შემთხვევას განიხილავს.

TV 25 – ის განცხადება მზია ამაღლობელის და მაუწყებლობის შეჩერების შესახებ

TV 25 – ის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ამავე განცხადებაში არხის ხელმძღვანელობა საზოგადოებას აცნობს, რომ არხს 20 დღეა მაუწყებლობა აქვს შეჩერებული.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ “TV 25” – ის  განცხადებას.

„პირველ რიგში ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.

მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს,“ – ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.

TV 25 1993 წელს დაარსდა აჭარაში. არხი წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების დროს, მნიშვნელოვანი კრიტკული პლატფორმა იყო საზოგადოებისათვის.

2004 წლიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე არხზე ყოველდღიურად მზადდებოდა საინფორმაციო პროგრამა „მაცნე”, რომელიც აჭარაში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავდა.

ბოლო 20 დღეა TV 25-ს მაუწყებლობა შეჩერებული აქვს.

 

მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.

„მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის. მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზსაც შეიცავს“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციამ მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსური ანალიზიც წარმოადგინა. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ტექსტს.

  • შესავალი

2025 წლის 14 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალის [პოლიციელზე თავდასხმა] და სასჯელის [4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა] სიმძიმიდან გამომდინარე შექმნილი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა დაზიანების რისკებით გაამართლა.

მოსამართლეს არ მიუთითებია არც ერთ რელევანტურ მტკიცებულებაზე, რომელიც უშუალოდ ამ საფრთხეებს დაასაბუთებდა. სასამართლომ დამატებით გარემოებად მხოლოდ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიუთითა, რომელზეც პასუხისმგებლობა ჯერ არც იყო დამდგარი და შესაბამისად, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არარელევანტურ გარემოებას წარმოადგენდა.

ამასთან, სასამართლომ სრულიად უგულებელყო პატიმრობის შეფარდებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება – მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და მაღალი რეპუტაცია მაშინ, როდესაც არ მოერიდა მისი პიროვნების „უკიდურესად უარყოფით“ დახასიათებას ჯერ კიდევ დაუდგენელი ბრალიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე უგულებელყო მზია ამაღლობელის დაკავებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოწვეული „მსუსხავი ეფექტი“.

ეს მიმოხილვა კრიტიკულად აანალიზებს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას და აჩვენებს, თუ რამდენად მოკლებულია ის გონივრულობის, საკანონმდებლო და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის.

  • დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვი

ნინო სახელაშვილი თავის განჩინებაში საერთოდ არ მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას სილის გაწვნის პოლიციელზე თავდასხმად [სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი] კვალიფიკაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა ამ დანაშაულის შემადგენლობის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს პირის მიზანზე, თავს დაესხას პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ დანაშაულის მიზანი სამართლებრივი სიკეთის – პოლიციელის კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების – დაცვაა. ამ შემთხვევაში, სილის გაწნას პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და აღნიშნული კვალიფიკაცია აშკარად დაუსაბუთებელია.

აღნიშნული ქმედების კვალიფიკაცია ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, ან ყველაზე ფორმალისტური ინტერპრეტაციის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის [ძალადობა] კვალიფიკაციაში, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოძიებას გაუჭირდება დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების სტანდარტის მტკიცება, რომელიც ამ დანაშაულის აუცილებელი პირობაა. ამასთან სსკ-ის მე-7 მუხლის საფუძველზე ამგვარ ქმედებებზე პირს არ შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მზია ამაღლობელს ედავებიან,  სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურია. მას  განუსაზღვრელი შინაარსი აქვს და საგამოძიებო ორგანოებს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს [უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ეს მუხლი 2011 წლის ივლისს, 2011 წლის 26 მაისს პროტესტანტების მასობრივი დარბევისა და რეპრესიების შემდეგ დაემატა]. ეს მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს პოლიციელსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის, ისე რომ არ განსაზღვრავს თავდასხმის დეფინიციას, მის ინტენსივობასა და მეთოდებს, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობით მოტივირებული ნებისმიერი სახის ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობისა და წინააღმდეგობის ამ დანაშაულის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას იძლევა. სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით. ეს კი პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ამდენად, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, სასამართლო სილის გაწნას იმ სახის აგრესიულ და წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ და მოტივირებულ ქმედებად ვერ ჩათვლიდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის – პოლიციელზე თავდასხმის – უკან მოიაზრება.

ჩადენილი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის გონივრულობაზე მსჯელობის ვალდებულება მოსამართლეს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით ეკისრებოდა, რომელიც დაკავების წინაპირობად დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობას ითვალისწინებს.

ევროპული სასამართლო, მათ შორის, ჟურნალისტების სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეებზე აკონკრეტებს, რომ დაკავების თვითნებურობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს გონივრული საფუძველი ჩადენილი ქმედების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაციისთვის.

ამასთან, როგორც ევროპული სასამართლო უთითებს, დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი  პირის საქმიანობისთვის დაკავებით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი, რაც გონივრული ეჭვის ჩვეულებრივზე მაღალი სტანდარტით შეფასებას საჭიროებს.

ჟურნალისტების დაკავების განხილვისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ „მსუსხავ ეფექტზე“, რომელიც შესაძლოა მომჩივნისთვის და ზოგადად მედიაგარემოსთვის შეიქმნას.

  • უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის შემობრუნება

ნინო სახელაშვილი უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციას უგულებელყოფს მსჯელობის ყველა ეტაპზე. ის სილის გაწვნის ფაქტს ჯერ არასწორად აიგივებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულთან, შემდგომ კი მზია ამაღლობელის „უკიდურესად უარყოფით“ პიროვნებაზე, არაჯანსაღ დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ქცევაზე მითითებით ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს ნინო სახელაშვილის მიერ პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად მითითებული ერთადერთი დამატებითი გარემოებაც – მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე,  რომელზეც პასუხისმგებლობა იმ მომენტისთვის არც იყო დამდგარი.

სწორედ უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო პატიმრობის შეფარდებას ზოგად და აბსტრაქტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, საწინააღმდეგო პოზიციის გაუთვალისწინებლად, დაუშვებლად მიიჩნევს და შესაბამისად, მტკიცების ტვირთს ბრალდების მხარეს აკისრებს.

ანტისამთავრობო პროტესტების დროს დაკავებების კონტექსტში სომხეთის და უკრაინის წინააღმდეგ მიღებულ საქმეებზე, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ დანაშაულის და სასჯელის სიმძიმეზე მითითების საფუძველზე პატიმრობის გამოყენება თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვად შეაფასა. მეტიც, ევროპული სასამართლოს თანახმად, მიმალვის, მტკიცებულებების დაზიანების და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების შესახებ რელევანტური მტკიცებულებების არსებობაც ვერ გაამართლებს თავისუფლების აღკვეთას ავტომატურად, მაგალითად, თუ ისინი ამ რისკების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდაზე მიუთითებენ.

ამასთან, ევროპული სასამართლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას  ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებისას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი. მეტიც, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, წინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ავტომატურად არ მიანიშნებს დანაშაულის  ხელახლა ჩადენის რისკზე და ამ ფაქტორის რელევანტურობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კრიტიკულად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ამავე სტანდარტს იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოც 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ სტანდარტების საპირისპიროდ, პატიმრობის შეფარდებისას ნინო სახელაშვილი შემოიფარგლა „სილის გაწვნის“ ეპიზოდის და გარემოებების აღწერით, რაც მან მზია ამაღლობელის პიროვნებაზე და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე დასკვნის გამოტანისთვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია.

  • მიმალვის რისკები

ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ნინო სახელაშვილის მტკიცება, რომ გათავისუფლებიდან მალევე პოლიციელისთვის საჯაროდ სილის გაწვნა მიმალვის რისკებზე უთითებს. პირიქით, მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასეთი ქმედების განხორციელება, როგორც მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ ის შესაძლო პასუხისმგებლობას, უფრო ზუსტად, კი, სახელმწიფო აპარატის ანგარიშსწორებას, არ გაურბის. ამ არგუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსამართლის მოლოდინიც, რომ ბრალდებული მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო შეკრებებში და ანალოგიურად მოიქცევა პოლიციელებთან კომუნიკაციისას, რითაც ის ამჯერად დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკების დასაბუთებას ცდილობს.

  • ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი

რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკს, ამას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ასაბუთებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ სილის გაწვნამდე მის მიმართ უკვე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რასაც მზია ამაღლობელზე შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონია. თუმცა, მზია ამაღლობელი იმ მომენტისთვის სამართალდამრღვევად არც იყო ცნობილი, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარეც ამ ფაქტის მის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია.

ამასთან, ზემოთ განხილული ევროპული სასამართლოს სტანდარტის საპირისპიროდ, ნინო სახელაშვილს არ გამოუკვლევია ყველა რელევანტური გარემოება.

მაგალითად, ის არ დაინტერესებულა ადმინისტრაციული დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის ფაქტით, რომელსაც შესაძლოა მისი ქმედება გამოეწვია. როგორც სასამართლოსთვისაც იყო ცნობილი, მზია ამაღლობელი მანამდე პოლიციამ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, სხვა აქტივისტებთან ერთად. ადგილზე ქალი აქტივისტების დაკავება აგრესიული და უხეში ფორმებით მოხდა, თუმცა, რამდენიმე საათში ისინი პოლიციამ გაათავისუფლა. ადგილზე მყოფი ქალი აქტივისტები გათავისუფლების შემდეგად პოლიციის სამმართველოსთან რჩებოდნენ და დაკავებული სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც მოულოდნელად პოლიციამ დაიწყო სამმართველოს შენობაში იქვე მდგარი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიზანმიმართული შეთრევა და დაკავება, მათ შორის, იყვნენ ბათუმელების რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავები. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, პოლიციის ეს უკანონო და თვითნებური მოპყრობა მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია მყისიერად სწორედ ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელების“ რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მზია ამაღლობელის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის 11 იანვარს სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მზია ამაღლობელი ყვება, რომ ირაკლი დგებუაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში შეაფურთხა და გარკვეული დროის განმავლობაში  წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება არ მისცა.

არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი კეთილსინდისიერი მოსამართლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება უშუალოდ დაკავებიდან გათავისუფლებას – სამართალდამცველების დაქვემდებარებაში ყოფნასა და შემდგომში პოლიციელის მხრიდან მასთან  ღირსებისშემალხავ კომუნიკაციას მყისიერად მოჰყვა. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ მსგავს ქმედებას არასდროს ჰქონია ადგილი, იმის მიუხედავად, რომ მას პოლიციელების გარემოცვაში და სტრესულ პირობებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

  • მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები

მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკების დასაბუთება იმ ფაქტზე მითითებით, რომ მზია ამაღლობელი პირადად იცნობს მოწმეებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის საფუძველი – სილის გაწნა –  ვიდეო-კადრებშია დაფიქსირებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

  • გადაწყვეტილებით დარღვეული სტანდარტების „ფორმალური“  ციტირება

ბოლოს, სამართლით „მანიპულაცია“ ყველაზე მკვეთრი ნინო სახელაშვილის მიერ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვაში ჩანს. კერძოდ, მოსამართლე სამართლებრივი დასაბუთების მინიმალური სტანდარტის დაუცველად უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ევროპული სასამართლოს სწორედ იმ პრინციპებზე, რომლებსაც რამდენიმე აბზაცის დაშორებით თავადვე უგულებელყოფს. მეტიც, რიგ შემთხვევებში მოსამართლე ევროპული სასამართლოს სტანდარტს არასწორად წარმოაჩენს.

მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილის თანახმად, ევროპული სასამართლო არ უშვებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას მხოლოდ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეზე მითითებით. თუმცა, სინამდვილეში, ევროპული სასამართლოს სტანდარტით, არც ხანმოკლე პატიმრობა დაიშვება მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ბუნებაზე და ჩადენის გარემოებებზე აპელირებით.

მოსამართლე უთითებს მიმალვის რისკების შესახებ ევროპული სასამართლოს ანალოგიურ სტანდარტზეც, რომლის თანახმად, ის ვერ დასაბუთდება მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრეზე მითითებით, თუმცა თავად სწორედ ასე ასაბუთებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

ნინო სახელაშვილი ფორმალურ მითითებას აკეთებს მტკიცების ტვირთის, უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის სტანდარტებზეც, რომლებსაც ასევე არღვევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებისას. მოსამართლე საუბრობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტზეც, რომელიც სხვა ნაკლებად მზღუდავი აღკვეთის ღონისძიებების არასაკმარისობის დასაბუთებას ეხება, იმის მიუხედავად, რომ თავად საერთოდ არ ახსენებს კონკრეტულ ალტერნატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, არ ეხმიანება დაცვის მხარის მიერ 100 000 ლარის ფარგლებში შემოთავაზებულ გირაოს, არათუ ასაბუთებს მის მიზანშეუწონლობას.

  • შეჯამება

მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის.

მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზს შეიცავს:

  • სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება – სილის გაწვნა – არ აკმაყოფილებს პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს. შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე არ არსებობს ამ დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის სტანდარტი.

  • განჩინების დასაბუთებულობისა და რისკების შეფასების არათანმიმდევრულობა

განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან დაკავშირებით ლოგიკურად წინააღმდეგობრივია – მოსამართლე ერთდროულად მსჯელობს როგორც მიმალვის, ისე საპროტესტო აქციებზე დასწრებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებზე.

  • საპროცესო გარანტიების დარღვევა

მოსამართლემ არ გაითვალისწინა უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, მხოლოდ ბრალდების არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა.

  • დაცვის მხარის არგუმენტების იგნორირება

განჩინებაში არ არის სათანადოდ შეფასებული ბრალდებულის პროფესიული რეპუტაცია, მისი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობა და შემოთავაზებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

  • მედიის თავისუფლებაზე გავლენა

მოსამართლემ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების პოტენციური გავლენა მედიის თავისუფლებაზე და ის „მსუსხავი ეფექტი“, რაც ჟურნალისტის დაპატიმრებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სასამართლო სისტემის ასეთი სახით გამოყენება მიზნად ისახავს რეპრესიული აპარატის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ეს პროცესი ხორციელდება არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მიზანმიმართული მანიპულაციის გზით, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება დემოკრატიული პროცესების შეზღუდვასა და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას.

ამდენად აშკარაა, რომ განჩინება არ აკმაყოფილებს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების სტანდარტებს და საჭიროებს გადახედვასა და ცვლილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან.

აქვე უნდა ითქვას, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის შემთხვევა, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და სასამართლო ინსტიტუტების დაკნინების მაგალითია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, პოლიტიკური დისკურსის რეპრესიულ შეზღუდვასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფას ასახავს.

ეს შემთხვევა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, არამედ მასზე პოლიტიკური ანალიზი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იყენებს ძალაუფლების მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისთვის. აღნიშნული ვითარება აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ამასთან, მზია ამაღლობელის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის „მსუსხავი ეფექტის“ პრეცედენტს, რაც პირდაპირ ემუქრება მედიის დამოუკიდებლობას და აფერხებს მედიის უსაფრთხო ფუნქციონირებას ქვეყანაში“ – წერს სოსიალური სამართლიანობის ცენტრი.

  • რა ხდება? 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად მზია ამაღლობელი დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“ და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

__________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“როგორც მომზადების, ისე გადამზადების პროგრამებზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 28 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ. „თეგეტა აკადემია“ პროექტს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: აღნიშნული პროგრამები ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად შევქმენით. რეგიონში საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველების ოპერატორებზე დიდი მოთხვონაა და გვიხარია, რომ ამ პროფესიის შესწავლასა თუ ცოდნის ამაღლებაში მათ „თეგეტა აკადემია“ დაეხმარება. პროგრამებს გაუძღვებიან „თეგეტა აკადემიის“ მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები. გარდა ამისა, იქნებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ტრენერები/სპეციალისტები/მასწავლებლები. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში ამ მზარდ მიმართულებაში პროფესინალი კადრები მოვამზადოთ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.

პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ – ხანგრძლივობა 12 კვირაა. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს პარტნიორი კომპანიის „ტრანსფორდის“ ბაზაზე.

რაც შეეხება  „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამას, ის პარტნიორი კომპანიის, „ტრანსფორდის“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში კი მომდევნო ნაკადის მიღებისას შესაძლებელია სხვა კომპანიებთან პარტნიორობაც, რომლებსაც სურთ, თანამშრომლები სპეციალური ტექნიკის მიმართულებით გადაამზადონ.

პროფესიული მომზადების პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის,  რომლებიც ახლა იწყებენ მიმართულების შესწავლას. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა   დადასტურებული საბაზო განათლება და ასაკი მინიმუმ 18 წელი. რაც შეეხება გადამზადების პროგრამას, შექმნილია მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ და უდასტურდებათ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

„თეგეტა აკადემიამ“ აღნიშნული მასშტაბური პროექტი დასავლეთ საქართველოში USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო. აკადემიამ ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების 14 პროგრამის განხორციელების უფლება 3 წლის ვადით მოიპოვა. ორივე ფილიალში მსმენელების პირველი ნაკადი, ჯამში 80 ადამიანი, 2024 წლის ნოემბერში მიიღეს. პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ან კონსულტაციისთვის დაუკავშირდნენ „თეგეტა აკადემიას“. ფოთის ფილიალის თითოეულ პროგრამას 20 მსმენელი დაესწრება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოსგან აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით.

საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის პროგრამის შემდეგ ფოთის ფილიალში გამოცხადდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები სპეცტექნიკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები და ფრონტალური დამტვირთველები.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით „უხვი ნალექისა და ავარიულად დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 20 იანვარს, წყალმომარაგება შეეზღუდათ:

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ზღვისპირის, წერეთელის, მაქაცარიას, გოგებაშვილის, ბაქოსა და იმედაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს“.

„წყალმომარაგება ეტაპობრივად ყველა მისამართზე 20 იანვრის 23:00 საათამდე აღდგება.“ – აცხადებს კომპანია.

Exit mobile version