ნეტგაზეთი • RU

ცხენოსნობა აჭარაში

ირაკლი დარცმელიძე

 

8 თებერვალს თბილისში, მერიის თასის გათამაშებაზე ცხენოსნობაში ბათუმელმა გიორგი ძინძიბაძემ 15 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. მართალია, ადგილი საპრიზო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორმა ბათუმელმა ახალგაზრდამ, გიორგი ძინძიბაძემ და ირაკლი ნაცვალაძემ, ბათუმში ცხენოსნობის კლუბი დააარსეს, რითაც სპორტის ამ სახეობის განვითარებას საფუძველი ჩაუყარეს. მათი იდეა ქალაქის საკრებულომაც მოიწონა და 2013 წელს მათთვის 150 ათასი ლარი გამოყო. დანარჩენის შესახებ თავად ირაკლი და გიორგი მოგვითხრობენ, რომლებიც დღეს ბათუმელების სტუმრები არიან


ირაკლი ნაცვალაძე (აიპ) ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორი: შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ცხენოსნობით დავინტერესდი. ყოფილი გორკის ქუჩის ბოლოში იყო თავლა, იქ გვყავდა 5-6 ცხენი, მართალია, სამოყვარულო დონეზე, მაგრამ მაინც ვიღებდით მონაწილეობას რეგიონალური მასშტაბის შეჯიბრებებში, თუმცა მხოლოდ დოღში ვმონაწილეობდით.

როგორც ვიცი, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ქალაქის საკრებულოს მიმართეთ თხოვნით

 

გიორგი ძინძიბაძე და ირაკლი ნაცვალაძე

– დიახ, მე და გიორგიმ შევადგინეთ პროექტი, რომელიც საკრებულოს წარვუდგინეთ, მოგვიწონეს, დაგვიმტკიცეს და ფინანსებიც გამოგვიყვეს. პროექტში ასახული იყო სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, ცხენოსნობა მიმზიდველია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ასევე შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აჭარის ისტორიაში პირველად მონაწილეობა მივიღეთ შეჯიბრში, რომელიც კლასიკურ ცხენოსნობას განეკუთვნება, ეგრეთწოდებულ კონკურსს ანუ ბარიერების გადალახვას გულისხმობს. თბილისში ჩატარდა ქალაქის მერიის თასის გათამაშება და გიორგიმ, რომელიც ამასთანავე კლუბის მთავარი მწვრთნელ-ინსტრუქტორია, მერვე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ცხენოსნობა ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი და დარწმუნებული ვართ, მას აჭარაში კარგი მომავალი ექნება.

სამოყვარულო თუ პროფესიონალურ დონეზე?

  – ჩვენ ვავარჯიშებთ მოყვარულებს, ეს თავიდან, თუმცა, თუ ნიჭი აღმოაჩნდა ვინმეს, პროფესიონალებშიც გადავა…

საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია, თან განსაკუთრებულ მოდგომას საჭიროებს

 – კი, სპორტის ეს სახეობა მართლა ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუმცა, ყველანაირად ვეცდებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ვაპირებთ სააბონენტო სისტემის დანერგვას, 12 წლამდე ბავშვი თვეში დაახლოებით 70 ლარამდე გადაიხდის, დიდებისთვის კი აბონემენტის ღირებულება 100-150 ლარი იქნება.

ბაზა თუ გაგაჩნიათ?

 – ბაზა გვაქვს მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ სამწუხაროდ პირობები ცუდია, პირველი რიგში მანეჟის გრუნტის საკითხია მოსაწესრიგებელი, ქვიშა უნდა დაიყაროს, გრუნტი რბილი უნდა იყოს. გარდა ამისა, ინვენტარიც შესაძენი გვაქვს.

საკრებულომ ხომ დაგაფინანსათ?

 – დიახ, 2013 წლისთვის 150 ათასი ლარი გამოგვიყო, რაც პირველი ეტაპისთვის საკმარისია.

კი მაგრამ, როგორც მე ვიცი, ეს თანხა ერთი კარგი ცხენის შეძენას სჭირდება

– ასე რომ მივუდგეთ საკითხს, არის ცხენები, რომლებიც რამდენიმე მილიონი ღირს.

ამჟამად რამდენი ცხენი გყავთ?

 – ამჟამად 12 ცხენი გვყავს თავლაში, ერთი წელს შევიძინეთ ქალაქის საკრებულოს დახმარებით, 5000 დოლარი გადავიხადეთ, `ზაგრები~ ჰქვია, სწორედ მაგ ცხენით იასპარეზა გიორგიმ თბილისში და ისეთ ცხენებს გაეჯიბრა, რომელთა ფასი 20 ათას ევროზე მეტია.

გიორგი ძინძიბაძე, ბათუმის საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელი: 15 წელია სპორტის ამ სახეობას მივსდევ. ბავშვობაში სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი. ჩვენი სახლის გვერდით საცხენოსნო კლუბი იყო, იქ დავდიოდი ხშირად და ცხენების მოვლაში ვეხმარებოდი, შემდეგ მწვრთნელმა, სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს, ვარჯიშის საშუალება მომცა, მოგვიანებით ბელორუსში გადავედი, ექვსი თვე იქ დავყავი, საკლუბო შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი, ბოლოს კი თურქებმა შემომთავაზეს მათთან გადასვლა, რათა მათი ცხენები გამეწვრთნა.

იქაც მონაწილეობდი შეჯიბრებებში?

 – რა თქმა უნდა, თუმცა მხოლოდ კლუბის სახელით, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე ვარ, უფლება არ მქონდა იქაურ ჩემპიონატში ან თასის გათამაშებაზე მიმეღო მონაწილეობა, თან მაგას საგანგებო ლიცენზია სჭირდებოდა. ჩამოვედი საქართველოში, სადაც ვაპირებდი ამ ლიცენზიის აღება და სწორედ მაშინ გავიცანი ირაკლი, თურქეთში უნდა გავბრუნებულიყავი, მაგრამ აქ დარჩენა ვამჯობინე. ისე კი, თურქეთში ყოფნისას, საკლუბო დონის ტურნირებზე სხვადასხვა სინჯის 30-ზე მეტი მედალი მაქვს მოპოვებული კლასიკურ სახეობაში ანუ ბარიერების დაძლევაში.

ვარჯიშის მსურველები ბევრი გყავთ?

 – კი, ძალიან ბევრნი არიან. ჩვენც ვარჯიშის ჩვენეული სისტემა გვაქვს, ახალბედებს თანდათან ვაჩვევთ ცხენზე ჯდომას, პირველი ვარჯიშები 20 წუთი გრძელდება. შემდეგ თანდათან იმატებს, პირადად მე 40-45 წუთი ვვარჯიშობ, ამაზე მეტად ცხენის დატვირთვა არ შეიძლება.

უახლოეს მომავალში რამე ტურნირზე თუ აპირებთ გასვლას?

 – ფოთში, ერთ კერძო პირს ჰყავს ცხენები და 28 მარტს აპირებს შეჯიბრის ჩატარებას, ბათუმის სახელით ვიასპარეზებ, ეს რაც შეეხება ბარიერების გადალახვას, თუმცა, არ არის გამორიცხული, მარულაშიც (რბოლა) გავიყვანოთ ერთი ცხენი. შემდეგ თბილისში კავკასიის თასის გათამაშება ჩატარდება, სადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

როგორც გავიგე, კონკურსი გაქვს გამოცხადებული კლუბის სახელის შერჩევაზე

 – სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ, ვინც კლუბს კარგ სახელს შეურჩევს და ჩვენ მოგვეწონება, აბონემენტით დავაჯილდოვებთ, რომლითაც უფასოდ რვა ვარჯიშის საშუალება ექნება. ამ ეტაპზე ირაკლის მიერ შერჩეული სახელი „კვიცი“ „ლიდერობს“.

ბათუმში თუ აპირებთ ტურნირის გამართვას?

 – როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ამის სათანადო ბაზა არ გაგვაჩნია, თუმცა საქმე ისე მიდის, სავარაუდოდ, ერთ ტურნირს ბათუმში ზაფხულში აუცილებლად ჩავატარებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე