სიახლეები

გაძვირდება თუ არა სიგარეტი და თამბაქოს „შავი ბაზრის“ საფრთხე

05.03.2013 • 3483
გაძვირდება თუ არა სიგარეტი და თამბაქოს „შავი ბაზრის“ საფრთხე

„თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მომატება უდავოდ გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას“, – ამბობს ლევან აღდგომელაშვილი, თამბაქოს კომპანიის, „ოჯთ“-ის გენერალური მენეჯერი.

 

 

მოიმატებს თუ არა თამბაქოს აქციზის ფასი და გაუძვირდება თუ არა ის მომხმარებელს, ეს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქტიური კამპანიის წამოწყების მიუხედავად, თამბაქოს მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებთან ამაზე საუბარი არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს კომპანიები თამბაქოს ფასის მატებას არ ვარაუდობენ.

 

 

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ აქციზის ფასი იზრდება“, – ამბობს, თამბაქოს კომპანიის „ჯეი თი აი კავკასუს“-ის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

საქართველოში არსებული თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების ინტერესში აქციზის ფასის ზრდა და შესაბამისად, თამბაქოს პროდუქციის გაძვირება არ შედის.

 

 

„ზოგადად, როდესაც აქციზი უსაშველოდ იზრდება და სხვა ქვეყნებთან, იგივე მეზობელ ქვეყნებთან შეუსაბამო ფასი გაქვს, არალეგალური პროდუქციის შემოტანის რისკები ჩნდება.  მაგალითად, თურქეთში, სადაც „ვინსტონის“ ფასი, დაახლოებით, 3 აშშ დოლარზე მეტია, ბევრად ძვირი, ვიდრე იგივე პროდუქცია საქართველოში (დაახლოებით, 1.20$), შესაბამისად, ფასთა სხვაობის გამო, თამბაქოს პროდუქცია ქვეყანაში გადადის. ჩვენთან, საბედნიეროდ, 2005 წლის შემდეგ „შავი ბაზრის“ პრობლემა არ დამდგარა. აქციზის ფასი ადეკვატურია. საერთოდ, როდესაც აქციზზე ვსაუბრობთ, რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. ძალიან კარგად მესმის მთავრობის პოზიცია და ამაში არაბუნებრივი არაფერია. მაგრამ ყველა მხარემ კარგად იცის, რომ აქციზის ფასის გაზრდა რისკებს იწვევს. შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტმაც დაკარგოს შემოსავალი და თამბაქოს კომპანიებმაც“, – ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

„შავი ბაზრის“ გაჩენის რისკებზე საუბრობს ლევან აღდგომელაშვილიც, თამბაქოს კომპანიის, „ოჯთ“-ის გენერალური მენეჯერი.

 

 

„ფასის მომატება გამოიწვევს მეზობელი რეგიონებიდან იაფი პროდუქციის შემოდინებას და შესაბამისად, ბიუჯეტში შენატანების შემცირებას.  გარდა ამისა, ფასის მომატება ძირითადად დააზარალებს ადგილობრივ მრეწველობას და შესაბამისად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აქციზის მომატებასთან დაკავშირებით – გადასახადის (რა გადასახადიც არ უნდა იყოს) გაზრდა ბუნებრივია სასიამოვნო პროცესი არ არის მოქალაქეებისათვის“, – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

 

 

თამბაქოს „შავი ბაზარი“ საქართველოში 2004 წლამდე არსებობდა. 2004 წლამდე თამბაქოს კონტრაბანდის წილი საქართველოში, დაახლოებით, 75 პროცენტი იყო. თამბაქო  არალეგალურად, ძირითადად,  რუსეთიდან შემოდიოდა. 2004 წლიდან ეს რიცხვი 15 პროცენტამდე შემცირდა.

 

 

„როდესაც კარგი ადმინისტრირება ხდება, შავი ბაზრის რისკები აღარ არსებობს. ამ რიცხვის შემცირება სწორედ ამან გამოიწვია. აღნიშნულ რისკებზე კი, კომპანიების მხრიდან საუბარი გავლილი სკოლაა. ყოველთვის ამ საფრთხეზე საუბრობენ, როცა საქმე აქციზზე ფასის მატებას შეეხება“, – ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის, ასევე, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე. 

 

 

ბახტურიძის თქმით, არათუ უნდა გაძვირდეს თამბაქოს აქციზი, თამბაქოს მწარმოებლებმა, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში, კომპენსირების თანხებიც უნდა შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელსაც თამბაქოს მწეველებისთვის მოაქვს.

 

 

ბახტურიძე ამბობს, რომ აქამდე აქციზის დაბალი ფასი (90 თეთრი ფილტრიანი თამბაქოს და 15 თეთრი უფილტრო თამბაქოსთვის) წინა მთავრობის ინტერესს წარმოადგენდა.

 

 

„ხელისუფლება უშუალო კავშირში იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა. ახლაც ექნება ადგილი ფაქტებს, რომ კომპანიებმა მოინდომონ გარიგებაში შესვლა და გადაწყვეტილების შემუშავების პროცესზე გავლენა იქონიონ. როგორ მოეკიდება ამ საქმეს ახალი ხელისუფლება, მისი პოლიტიკით გამოჩნდება“.

 

 

შეამცირებს თუ არა თამბაქოზე ფასის გაზრდა მის მოხმარებას, რასაც სამინისტრო ვარაუდობს, ცალსახა პასუხი ბახტურიძეს არ აქვს.

 

 

„თუ ფასი გაიზარდა და ამავე დროს ღერებით გაყიდვა აიკრძალა (რასაც ჯანდაცვის სტრატეგიაც ითვალისწინებს), მასზე ხელმისაწვდომობა შემცირდება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია, ვინაიდან, სწორედ ბავშვებით იმატებს თამბაქოს ინდუსტრიის ბაზარი“.

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თამბაქოს ფასის ზრდაზე იქონიებს გავლენას, ეს ქვეყანაში შემოსული ნედლეულის ხარისხის კონტროლია – თუ მაღალი ხარისხის ნედლეული შემოვიდა, თამბაქოს ფასი ავტომატურად მოიმატებს.

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა და ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულება აიღო განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა მოთხოვნა, საქართველომ ძალიან მცირედი გააკეთა.

 

 

ერთ-ერთი ვალდებულება – ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტით შემოტანილი თამბაქოს აქციზის ფასის გათანაბრება იყო და ისიც იმიტომ შესრულდა, რომ სხვა შემთხვევაში საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხავდნენ.

 

 

ამ ეტაპზე კი, კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონის სრულფასოვანი აღსრულებისათვის საჭიროა, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში მიიღოს შესაბამისი შესწორება, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის პერიოდულ ზრდას. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თამბაქოს ნედლეულის, შემოტანილი და ადგილზე წარმოებული პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი უნდა აწარმოოს. არასრულწლოვანთათვის სიგარეტის  მიყიდვის, უფასოდ დარიგების, ასევე ცალკეული ღერებით გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პროცედურების გამარტივება და საჯარიმო სანქციების გაზრდა უნდა დაიგეგმოს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: