Batumelebi | ჩემი საყვარელი წიგნების ათეული ჩემი საყვარელი წიგნების ათეული – Batumelebi
RU | GE  

ჩემი საყვარელი წიგნების ათეული

 

სანამ წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ გადავათვალიერე ჩემი პირადი ბიბლიოთეკა და გონებაში წიგნების გადახარისხება დავიწყე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა. მითუმეტეს, ჯერ არ წამიკითხავს წიგნი, რომელიც არ მომწონებია. ვფიქრობ, ყველა წიგნს აქვს თავისი ხიბლი, უბრალოდ, გააჩნია რა დროს, რა ვითარებაში, როგორი განწყობით კითხულობ მას. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც მაქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნები, მაგრამ ახლა მხოლოდ ათი უნდა წარმოვადგინო და თან ათეულში თავისი ადგილიც მივანიჭო – ძალიან რთულია :)

 

 

X ადგილი: „ბიძია თომას ქოხი” –  პატარა ვიყავი, ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე. მაშინ მივხვდი, რაოდენ უსამართლოდ და არაადამიანურად ექცეოდნენ შავკანიანებს და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ძალიან სევდიანი და სულში ჩამწვდომი წიგნია.

 

IX ადგილი: ერიკ-ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”. ეს არის ათი წლის ბიჭუნას იმედითა და იუმორით აღსავსე წერილები, რომელსაც იგი ღმერთს თავისი სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღის განმავლობაში წერს.

 

VIII ადგილი: ო’ჰენრის მოთხრობები. ძალიან მიყვარს ო’ჰენრი და მისი შემოქმედება. მისი მოთხრობები იუმორით, სიყვარულით, ორიგინალობითა და მოულოდნელი ფინალით სხვებისგან გამორჩეულია, ვფიქრობ, ამიტომაცაა ეს მწერალი მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი.

 

VII ადგილი: „ანა ფრანკის დღიური” – ვფიქრობ ახსნაც არ სჭირდება იმას, თუ რატომ შევიტანე ანას შესანიშნავი დღიურები ჩემს ტოპათეულში. ანას წერის ნიჭით აღტაცებულს, ძალიან მომინდა, რომ ოდესმე მეც შემძლებოდა ასე წერა. დღიურს მეც ვაწარმოებ, თუმცა ამ ბოლო დროს რატომღაც მივივიწყე.

 

VI ადგილი: „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. აღტაცებული ვარ ამ წიგნით და კვაზიმოდოსა და ესმერალდას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიით.

 

V ადგილი: „ბინდის საგა“. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თანამედროვე მწერლის ნაწარმოები წავიკითხე და ძალიან შემიყვარდა კიდეც, მგონი არც ერთ გოგოს არ გაუკვირდება ის ფაქტი, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ ედუარდზე ყურებამდე შეყვარებული დავდიოდი.

 

IV ადგილი: „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ – ალბათ დამეთანხმებით, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ დეტექტივზე სიტყვები ზედმეტია.

 

III ადგილი: მესამე ადგილი მთლიანად ნოდარ დუმბაძეს დავუთმე, იგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია, არც კი ვიცი რა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მწერლის შემოქმედება საუკუნეებს გაუძლებს.

 

II ადგილი: „ჯეინ ეარი”. სიტყვები არ მყოფნის ამ ნაწარმოების დასახასიათებლად. აღტაცებული ვარ ჯეინით, მისი შეუპოვრობით, მიზანდასახულობით, სიკეთით, სულიერი სილამაზით, თუმცა მე პირადად ჯეინი გარეგნულადაც არაამქვეყნიური სილამაზის მქონე გოგონად წარმომიდგება. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეს წიგნი მსოფლიო დონის შედევრია.

 

I ადგილი: „უთავო მხედარი“. არც კი შევყოყმანებულვარ, ისე მივანიჭე ამ წიგნს პირველი ადგილი. რომანტიკული, დეტექტიური, სათავგადასავლო, ცხოვრებისეული – ყველა ეს ჟანრი ამ წიგნშია თავმოყრილი და მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ნაწარმოებმა ძალიან შემაყვარა თავი, შემიძლია კიდევ ბევრჯერ წავიკითხო და დარწმუნებული ვარ, არასდროს მომბეზრდება. 

 

გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლა 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მედიასკოლა , თათია ბოლქვაძე