„ზაფხულში ზღვაზე მივდიოდი და არც კი მიფიქრია რამე თბილი წამეღო. კუპეში ზედა სართულზე ვიწექი, როგორც კი მატარებელი დაიძრა, კონდიცირება ჩაირთო, თავიდან სასიამოვნო იყო ცივი ჰაერი ზაფხულის სიცხეში, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ვიყინებოდი. ჩასაცმელი რომ ვერაფერი ვიპოვე, გამცილებელთან გავედი და ვთხოვე გამოერთოთ ან ტემპერატურა აეწიათ, მაგრამ მითხრეს, შენ გარდა აქ სხვა კუპეებშიც არის ხალხი და რომ გავთიშოთ, ყველგან გამოირთვება, ამიტომ დილამდე მოითმინეო. ბათუმში რომ ჩავედი, კარგა ხანს ცუდად ვიყავი, შემდეგ გავიგე, რომ ფილტვების ანთება მქონდა გადატანილი“, – იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი ხათუნა კობახიძე.
იმავეს ამბობს სალომე აფხაზიშვილი, მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო მგზავრებმა პერსონალს დახმარება სთხოვეს, პასუხად მიიღეს, რომ გაგრილების ერთიანი სისტემა ვერ გაითიშებოდა. „სიცივისგან ისეთი შოკი მივიღე, კარგა ხანი მეგონა, რომ ბათუმშიც ყინვა დამხვდებოდა, აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. მეორე შოკი მახინჯაურის ბაქანზე მივიღე, მატარებლიდან ფეხი ჩავდგი თუ არა საშინელი სიცხე დამეტაკა. მეტი მიზეზი რად გინდა ცუდად გახდომისთვის, მაცივრიდან უცბად სათბურში რომ შეგაგდებენ. ესაა მომსახურება და ტურიზმი?“, – ამბობს სალომე აფხაზიშვილი.
ზამთარში კი მგზავრებს პრობლემას ზედმეტი სიცხე უქმნით. სალომე ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მთელი ღამე დერეფანში ფანჯარასთან გაატარა, რადგან კუპეში გაუსაძლისი სიცხე იყო. ხოლო ნანი კაპანაძეს სიცხისგან გული წაუვიდა და პირველივე სადგურზე მატარებელში ექიმის აყვანა გახდა საჭირო.
თუმცა „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ერთეული შემთხვევების გარდა ვაგონებში კონდიცირების სისტემა გამართულად მუშაობს. „გამცილებლის სამომსახურეო კუპეში დამონტაჟებულია კონდიცირების სისტემის მართვის ორსაფეხურიანი ფარი, ანუ გარე ტემპერატურის გათვალისწინებით ვაგონის გაგრილების სისტემას გამცილებელი მართავს. ვაგონებში არის გათბობის კომბინირებული სისტემაც: 1. ნახშირი და წყალი 2. მაღალი ძაბვა და წყალი 3. კუპეებში დაყენებული 110 ვ მუდმივი დენის ელექტროტენები, რომლებსაც ასევე გამცილებელი მართავს“, – ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.
მათივე ინფორმაციით, დღეისათვის რკინიგზაზე მოქმედი ინსტრუქციების თანახმად სამგზავრო ვაგონში ტემპერატურული რეჟიმი მკაცრადაა განსაზღვრული და 20-დან 24 გრადუსამდე მერყეობს.
პრეტენზიების შემთხვევაში რკინიგზაში მგზავრებს „ქოლ ცენტრის“ ცხელ ხაზზე დარეკვას ურჩევენ (ნომერი 1331). მათი განცხადებით ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით რკინიგზა ოპერატიულად ახორციელებს რეაგირებას და შედეგების შესახებ მგზავრების ინფორმირებას.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, საკლასო ვაგონებს მოდერნიზაცია 2005-2006 წლებში ჩაუტარდა. აქ ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ახალი მატარებლების გაშვებაც იგეგმება, რომელთა ინფრასტრუქტურაც ამჟამად მოქმედ ვაგონებზე უკეთესი იქნება. „დღეისათვის ჩამოსულია და იმყოფება თბილისის სალოკომოტივო დეპოში ერთი ოთხვაგონიანი ახალი ელექტრომატარებელი, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოსათვის ველოდებით კიდევ ახალ ოთხ ელექტრომატარებელს. აღნიშნულ ახალ მატარებლებზე დამონტაჟებულია კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე სისტემები“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“.
რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ ფასების გადახედვა ჯერჯერობით არ იგეგმება.
თბილისი-მახინჯაური-თბილისის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ვაგონებისგან შემდგარი მატარებლების ორი შემადგენლობა მოძრაობს. იმ ვაგონებში, სადაც კონდიცირების სისტემა მუშაობს, ბილეთის ფასი 14-დან 40 ლარამდე მერყეობს.