Batumelebi | ექიმი „ალდაგისა“ და ჯანმრთელობით მანიპულირების შესახებ ექიმი „ალდაგისა“ და ჯანმრთელობით მანიპულირების შესახებ – Batumelebi
RU | GE  

ექიმი „ალდაგისა“ და ჯანმრთელობით მანიპულირების შესახებ

 

 ძალიან ბევრი კლინიკა, სადაც მკურნალობდა აჭარის მოსახლეობა, ბოლო დროს დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების გარეშე დარჩა. მიზეზი არ გახლავთ მათი მომსახურების დონის შესუსტება ან სხვა მსგავსი რამ. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ გადაწყვიტა მთლიანად უარი ეთქვა სხვა სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებაზე. ის თავის კერძო კლინიკებში იღებს პაციენტებს. 


სწორედ ამის გამო სამედიცინო სფეროში შეიქმნა არანორმალური სიტუაცია. „ალდაგის“ საავადმყოფო მთლიანად ვერ უმკლავდება პაციენტებს – არ ჰყოფნის აპარატურა თუ სპეციალისტები, მთლიანად რომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. მაშინ, როცა წლების განმავლობაში კარგად აღჭურვილი კლინიკები, რომლებსაც სათანადო გამოცდილებაც აქვთ, უქმად არიან.  

 

რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა? – იმიტომ, რომ რატომღაც ყველა პენსიონერი და უმწეო დაზღვეულია „ალდაგში“. არ ჰყავთ კონკურენტი და ისე იყენებენ ბიუჯეტიდან ხალხისთვის გადარიცხულ თანხას, როგორც მათ მოესურვებათ.~

 

ამ მხრივ ჩვენ დიდი ხანია გვქონდა პრობლემა სადაზღვევო კომპანიებთან, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცდება! უკმაყოფილოა ხალხი, უკმაყოფილოა ჯანდაცვის სამინისტრო, უკმაყოფილოები ვართ ექიმები. კმაყოფილი მხოლოდ „ალდაგია“. 

 

არსებობს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, სადაც წერია: „პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი“. თუმცა, საქართველოს მთავრობამ ამ კანონის საწინააღმდეგო დადგენილება 2009 წელს მიიღო, სადაც წერია, რომ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია პაციენტი გააგზავნოს იმ კლინიკაში, სადაც მოესურვება. შექმნილია ისეთი სიტუაცია, როცა კანონი ირღვევა, მაგრამ ამას არაუშავს.

 

თითქმის ყველა ჩემი კოლეგა საუბრობს ამ უსამართლობაზე კულუარებში და გმობს „ალდაგის“ ამ ქმედებას. თუმცა უმეტესობა გაურბის საჯაროდ ამ თემაზე საუბარს. ისინი ფიქრობენ, რომ ნებსით თუ უნებლიედ შეიძლება აწყენინონ „ალდაგის“ საავადმყოფოში მომუშავე კოლეგებს.

 

ჩემი აზრით, იმ საავადმყოფოში მომუშავე ბევრ ჩემს კოლეგას სულაც არ სჭირდება ძალით მიყვანილი პაციენტი. მათ კვალიფიკაციაშიც არავის შეაქვს ეჭვი. დამერწმუნეთ, არსებული ვითარება მათ უმრავლესობასაც აწუხებს.

 

მაშ სად არის გამოსავალი და რა ეშველება ამ საქმეს?

 

მე ხშირად ვსაუბრობ კოლეგებთან ამ თემაზე – ერთადერთი, რაზეც არავინ დავობს, არის ის, რომ უნდა შესრულდეს ზემონახსენები კანონი. პაციენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვისთან მივიდეს. ვერავინ უნდა გაბედოს წაართვას მას ეს უფლება. ეს კანონი არის მედიცინის განვითარების მთავარი სტიმული – ყველა ექიმი და კლინიკა ეცდება გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და ამით მიიზიდოს პაციენტი.

 

თუ პაციენტს არჩევანის უფლება არ ექნა, მაშინ კლინიკასაც აღარ ექნება ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა და ისევ მივიღებთ დანგრეულ, დაბალი ხარისხის სამედიცინო დაწესებულებებს. 

 

კონკურენტებს ხარისხით უნდა ეჯიბრებოდე და არა კვანტის დადებით. დღეს „ალდაგმა“ და, საერთოდ, ამ სისტემამ მთელს ქართულ მედიცინას დაუდო კვანტი. 

 

დღევანდელი მთავრობის გეგმა სახელმწიფო დაზღვევის შესახებ თითქმის მთლიანად ცვლის არსებულ პრობლემას უკეთესობისკენ. მთავარია, შესრულდეს ის, რასაც მინისტრი დავით სერგიენკო გვპირდება.

 

იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და ყველაფერი მოგვარდება.

 

ჩემს პაციენტებს კი, რომლებიც უმეტესად ასაკოვანი ადამიანები არიან და მოუთმენლად ელიან მხედველობის გასაუმჯობესებელ ოპერაციას, ვუსურვებ მოთმინებას. მართალია, მათთვის ერთ დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არაფერი დაშავდება, თუ ისინი რამდენიმე თვეში გაიკეთებენ ოპერაციას. 

 

ვიმედოვნებ, ძალიან მალე ამ „ვიღაცას“ აღარ ექნება თქვენი ჯანმრთელობით მანიპულირების უფლება!

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ოფთალმოლოგი კახა შარაშიძე