Batumelebi | მთავრობამ უკანონოდ ჩასახლებულებს ვადები დაუწესა მთავრობამ უკანონოდ ჩასახლებულებს ვადები დაუწესა – Batumelebi
RU | GE  

მთავრობამ უკანონოდ ჩასახლებულებს ვადები დაუწესა



2012 წლის არჩევნების შემდეგ მაღალმთიანი აჭარიდან მოსახლეობამ უკანონოდ დაიწყო ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცირე ზომის ქოხების ჩადგმა და იქვე დასახლდა. „ბორჯღალოს“ მიერ ჩატარებული ალტერნატიული აღწერის მიხედვით, 1864 ოჯახია თვითნებურად შესახლებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით,  მათ დაახლოებით 678 ოჯახი შეისწავლეს: „შემდეგ შევჩერდით, რადგან ამ პროცესმა გამოიწვია უფრო მეტი ნაკადის შემოდინება. ჩვენი ინფორმაციით 12 ობიექტში არიან უკანონოდ შესახლებულები. 31 მარტისთვის ყველამ უნდა დატოვოს ტერიტორია, სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

 


 

კითხვაზე სპეცრაზმის გამოყენება თუ იგეგმება ამ ხალხის გამოსახლების პროცესში? – რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს, რომ „ამის გადაწყვეტა მისი პრეროგატივა არ არის“.

 

 

რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ თავიანთი მუნიციპალიტეტებს: „ყველა გამგეობას აქვს დავალება, რომ  შეისწავლონ ამ ადამიანების მდგომარეობა და აიყვანენ კონტროლზე, ანუ დასახონ შესაბამისი ღონისძიებები. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე“. 

 

 

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, „ამ დასახლებებში ღამის საათებში თუ გახვალ, იქ არავინ დაგხვდება“. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხის მოსაგვარებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 4500 განცხადებაა შესული. „ბორჯღალოს“ კვლევის მიხედვით კი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, თვითნებურად შესახლებულებს რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა:


2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში გახშირდა მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტები. აღნიშნული ფაქტების განსაკუთრებული სიხშირე დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

2013 წლის 21 თებერვალს ორგანიზაცია „ბორჯღალის” წარმომადგენლებმა მოინახულეს ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე თვითნებური შესახლების სხვადასხვა ობიექტი და გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას.

 

ზოგადი სურათი ყველა ობიექტზე მსგავსია – მოსახლეობას არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები – გაზი, წყალი, შუქი; მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა, ობიექტებთან მისასვლელი გზა. ეს პრობლემები აწუხებს არა მარტო იმ ოჯახებს, რომელთაც მიწების ან/და ბინების დაკანონების სურვილი აქვთ, არამედ იმათაც, ვისაც სახელმწიფომ უკვე გადასცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. ობიექტებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში თვითნებურად შესახლების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ესენია: სტიქიური უბედურება, მცირემიწიანობა, საცხოვრებელი სახლის არ ქონა და სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა.

 

უკანონო დასახლება
უკანონო დასახლება


თვითნებური შესახლების ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთან ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა და არც თვითნებური შესახლების ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის შესახებ სმენიათ რაიმე.

 

ერთადერთი ობიექტი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ არის ყოფილი სატანკო ბატალიონის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორია ყველაზე დიდია მოცულობით, სადაც უკანასკნელ პერიოდში თვითნებურად შესახლდნენ. აქ მცხოვრები ოჯახები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ“ შეისწავლა და იქ მცხოვრები ოჯახების  სია შეადგინა. ობიექტზე არის როგორც შენობები, სადაც ოჯახები არიან შესახლებული, ასევე პატარა ხის კოტეჯები, რომელთა მშენებლობა დღემდე გრძელდება.

 

იაშა ფარტენაძე მრავალშვილიანი ოჯახის უფროსია. მის ოჯახს დაბა ხელვაჩაურში მდებარე ყოფილი სტამბის შენობაში ფართი აქვს დაკავებული. როგორც თავად აცხადებს, ფართის დაკანონების საკითხი მისი ოჯახისთვის მტკივნეული თემაა და თითქმის ყოველკვირეულად აკითხავს აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას; წერს წერილებს; ითხოვს დახმარებას, პასუხი კი ყველგან ერთნაირია – განვიხილავთ და გადავწყვეტთ.

 

„ჩემი სახლი ისეთ ადგილას არის, სადაც ქვათაცვენაა განვითარებული. გეოლოგებმა მითხრეს, სანამ სახლი არ დაზიანდება, კატეგორიას ვერ მოგანიჭებთო. რა ვქნა ველოდო უბედურების დადგომას? ათი შვილი მყავს, აქედან 5 მცირეწლოვანი. პატარებს ეზოში გასვლა როგორ ავუკრძალო, ხან სად დარბიან, ხან სად. სულ იმის შიშში ვიყავი, რამე უბედურება არ მომხდარიყო. მე ძლივს გადავურჩი ერთხელ – კინაღამ ჩამიტანა ქვამ. ჩემს შვილებს და ოჯახს საფრთხეს ვერ შევუქმნი. თორემ ისე აქ რა მინდა, მშვენიერი სახლი მაქვს, აქ კიდე უწყლოდ, უშუქოდ და ელემენტარული პირობების გარეშე ვცხოვრობ. დავუთმობ სახელმწიფოს და რაც უნდა ის უყოს იმ კარ-მიდამოს, მე ელემენტარული პირობები შემიქმნას გინდა ქალაქში და გინდა სოფლად, მთავარია მუდმივ შიშში და დაძაბულობაში არ გავატარო ცხოვრება. ბოლო მისვლისას მითხრეს, თქვენი ფართების დაკანონების საკითხი გადაწყვეტილია და თბილისიდან დასტურს რომ მივიღებთ მაშინ გადაწყდებაო“, – განაცხადა იაშა ფარტენაძემ.

 

როგორც აქ მცხოვრები ოჯახები აცხადებენ, ყოფილი გამგებელი მათ ფართების დაკანონებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა, თუმცა ახალ გამგებელს სხვა პოზიცია აქვს – მან ოჯახებს განუცხადა, რომ წინა ხელისუფლების დაპირებების შესრულებას საკუთარ თავზე ვერ აიღებს, შეისწავლის მათ პრობლემებს და მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს. თუმცა მანამდე გამგებლის განცხადებით, მათ ყოფილი სტამბის შენობის დატოვება მოუწევთ.

 

 

ყოფილი სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე 450-მდე ოჯახამდე ცხოვრობს. მათ საკუთარი ინიციატივით აღწერეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები და აქვთ ერთიანი მონაცემთა ბაზა. მოსახლეობა „ბორჯღალის“ წარმომადგენლებთან აცხადებს, რომ ტელევიზიების გარდა, მათთან არავინ ყოფილა და საინფორმაციო ვაკუუმში არიან. რუსუდან ყიფიანი, რომელიც 7 თვის ორსულია და ერთ-ერთ ხის სახლში მეუღლესთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს, ამბობს:

 

„არავინ მოსულა და არ უკითხავს, რატომ აშენებთ, რა პრობლემა გაქვთ, იქნება ჩვენ დაგეხმაროთ, ამ პირობებში როგორ იცხოვრებთო. უფრო მეტიც, ისიც კი არ უთქვამს არავის უკანონობას ჩადიხართ და აღარ გააგრძელოთ სახლების მშენებლობაო. მე პროფესიით იურისტი ვარ, მართალია უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე სწავლის დასრულება, მაგრამ ვიცი, რომ ეს უკანონობაა. თუმცა, რთულია გლეხს, რომელიც წლებია სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ უკანონობას უყურებს, იმას კანონის დაცვა მოსთხოვო. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ჯერ საკუთარ რიგებში აღმოფხვრან უკანონობა და მერე მოგვადგნენ ჩვენ.

 

აქ სახლების დაკანონების სურვილი არავის არ აქვს, თქვენი თვალით შეხედეთ, ასე ახლო მდებარე სახლებში როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა. ეს ალბათ ხალხის პროტესტია, რომ ყურედღება მივიქციოთ, ჩვენს პრობლემებზეც იფიქროს ვინმემ. თურმე ჩვენზე ამბობენ სახლი აქვთ, შემოსავალიც და გამორჩენას ელიან სახელმწიფოსგანო. მოვიდნენ ბატონო, რაც გვაქვს წაიღონ და ელემენტარული პირობები დაგვიკმაყოფილონ. მოვიდა კი ვინმე და მოიკითხა ან გაარკვია ვის რა აქვს და რამდენი აქვს შემოსავალი? ჩვენ გვაქვს მონაცემები ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების, წაიღონ და გვითხრან ვის რა აქვს. დამერწმუნეთ, ამდენი ხანია აქ ვარ და დალხენილი მე აქ არავინ მინახავს. წყალი, გაზი, შუქი, ტუალეტი, გზა არ არის და ვის ესიამოვნება აქ ცხოვრება. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ხალხზე ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო. კომფორტულ ცხოვრებას არავინ გაცვლის აქ ცხოვრებაზე და მათხოვრული დახმარების მოლოდინით აქ არ გაჩერდება“.

 

 

დაბა ხელვაჩაურის პირველი სკოლის უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ოჯახამდე ცხოვრობს, აქედან 80 ოჯახს უკვე დაკანონებული აქვს მის მიერ აშენებული ქვისა თუ ხის მცირე სახლები.

 

ლაშა ხალვაში, რომელიც აქ 2012 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს, აცხადებს: „ხელისუფლებას, გინდ ძველი იყოს, გინდ ახალი მხოლოდ არჩევნების წინ ვახსოვართ. ორივე მხარე მოდიოდა არჩევნებამდე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გვპირდებოდა. მე ვიცი, რომ აქ უკანონოდ ვიმყოფები და ამას არც ვუარყოფ. მაგრამ ხელისუფლება ხომ უნდა იქცეოდეს კანონიერად. რატომ მოხდა წინასაარჩევნოდ აქ უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონება? ეს რა უკანონობა არ იყო? ან რაში სჭირდებათ ეს დარჩენილი ტერიტორია. გადახედეთ, ვისაც დაუკანონეს, იმათ ხომ ვერ შეეხებიან, ხოდა დანარჩენების დაკავებული ფართი რაღაში ჭირდებათ. მე მაგათ ადგილას ამ ფართობს დიდი მშენებლობისთვის გამოვიყენებდი. აქ ბევრი კორპუსის აშენება შეიძლება და ბევრი გაჭირვებულის დაკმაყოფილება. რომ იძახიან გავუშვებთო, სად გვიშვებენ, ღია ცის ქვეშ? აქ მყოფთაგან უმრავლესობას საკუთარი ჭერი არ აქვს. ეს ქვეყანა მხოლოდ იმათთვისაა, ვინც ხელისუფლებაშია თუ ხალხსაც ეკუთვნის რაიმე, გაგვარკვიონ და მერე გაგვიშვან. ამ კითხვაზე გაგვცენ ოღონდ პასუხი“.

 

ფატი ტოგონიძე აღნიშნულ ტერიტორიაზე 2007 წლიდან ცხოვრობს. მას 2012 წლის შემოდგომაზე საცხოვრებელი სახლი დაუკანონეს, თუმცა მას ძალიან აღელვებს იმ ოჯახების ბედი, რომელთა სახლები ჯერ არ დაუკანონებიათ. „მე თუ დაკანონებული მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს ოჯახს პრობლემები არ აქვს, წყალი არაა, გაზი არაა – როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. თუ პირობები არ იყო, რატომ დაგვიკანონეს. მაგათთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს არჩევნებში, რამდენ ხმას აიღებენ. ნორმალურ პასუხსაც არ გაგცემენ, სადაც არ უნდა მიხვიდე – გინდ ჩვენთან და გინდაც თბილისში. რას სწავლობენ ამდენს საინტერესოა. უკანასკნელ თეთრებს ვაგროვებთ, რომ ვინმე თბილისში გავუშვათ და ჩვენი მდგომარეობა გავარკვევინოთ, იქ გვეუბნებიან აჭარის მთავრობა სწავლობს თქვენს საკითხს და ის მიიღებს გადაწყვეტილებასო, აჭარაში გვეუბნებიან თქვენი საბუთები თბილისშია გაგზავნილი. მე ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ“.

 

 

ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებური შესახლების ფაქტები 2008 წლიდან დაიწყო. თუმცა, უმრავლესობა 2012 წლიდან ჩასახლდა. ფართების ნაწილი 2012 წლის ივნისში დააკანონეს, მათ ამხანაგობაც აქვთ შექმნილი, სახელად „გორდა“, რომელსაც ნარგიზ აბაშიძე ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2012 წლის შემოდგომადე ამ ტერიტორიაზე 20 ოჯახი ცხოვრობდა, ბოლო თვეებში მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დღემდე მიმდინარეობს შესახლების პროცესი და კოტეჯების მშენებლობა. აქ სხვადახვა პრობლემები აქვს ხალხს – მცირემიწიანობა, სტიქია, გაყოფილი ოჯახები. ჩვენი მხარე მრავალშვილიანობით გამოირჩევა და რა ქნას ხალხმა, სად წავიდეს ამ პატარა მიწაზე, თან შესაძლებლობაც არ აქვს ბევრს. თუ არ უნდათ ჩვენი გამრავლება, შემოიღონ კანონი და აკრძალონ შვილების გაჩენა… საინტერესო ისაა, რომ არავის უთქვამს უკანონობას ჩადიხართო ამ ხალხისთვის. ასე ვიყავით ჩვენც თავის დროზე, 2008 წელს. მაშინ გვითხრეს, უკანონობაა რასაც აკეთებთ, თქვენ აქ მაინც არავინ დაგტოვებთო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უკანონობის დაკანონება შეიძლება. არჩევნები იყო და სჭირდებოდათ ჩვენი ხმები. ეხლაც მასე იქნება. ამდენ ოჯახს რა უნდა უყონ. ადამიანები არიან აქ და ადამიანურად მოექცნენ“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Nana Kvachadze