ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ხელმოწერის გაყალბებისთვის პოლიციაში იბარებენ


„წინასწარი გამოძიება რომ მიმდინარეობს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ სულიკო მიქელაძეს უკავშირდებიან ტელეფონით და სთხოვენ რომ გამოცხადდეს ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად„- აცხადებს ირაკლი შავაძე. მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2012 წლის 6 აგვისტოს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებას, სადაც დაფიქსირებულია საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების პოზიციები წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, სადაც „ქართული ოცნების„ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გზა გადაუღობეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა, კერძოდ ხელვაჩაურის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა საჯარო მოხელეებმა, რის გამოც ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს რომ პროტესტის ნიშნად, არ დაესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. 

განცხადებაზე,სადაც საუბარია საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებაზე, დაფიქსირებულია საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ვახტანგ კახიძის სახელი და გვარი, მაგრამ არა მისი ავტოგრაფი: „გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია ავტოგრაფის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, რაც არასწორია, რადგან გაყალბებულად ითვლება კონკრეტული პირის პირადობის მოწმობა, შტამპი ან ოფიციალური დოკუმენტი. როგორც ჩანს გამოძიება საკრებულოს წევრების განცხადებას მიიჩნევს ოფიციალურ დოკუმენტად, რაც არასწორია. რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 362-361 მუხლების მიხედვით ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ პირს წარმოუშობს ან უზღუდავს რაიმე უფლებას. აღნიშნული განცხადებით ვახტანგ კახიძეს რაიმე უფლება არ წარმოშობია ან შეზღუდვია. მით უფრო, რომ საკრებულოს წევრების განცხადებას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს“.

ირაკლი შავაძის განცხადებით, სულიკო მიქელაძის დევნა, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს: „რადგან აქ არ არის დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად, პოლიციას არ უნდა დაეწყო წინასწარი გამოძიება“. 

როგორც ვახტანგ კახიძე `ბათუმელებთან~ საუბარში აცხადებს, გამოძიებისთვის მას არ მიუმართავს: „მე როგორც ვიცი, გამოძიებას საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ ფარტენაძემ მიმართა. ჩვენება მეც მივეცი პოლიციას და ვურჩიე კიდეც, რომ საქმე ამ მიმართულებით არ წაეყვანათ. მართალია ჩემი ავტოგრაფი არ იყო განცხადებაზე დაფიქსირებული და მე არ ვიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ სულიკო მიქელაძის წინააღმდეგ განცხადება არ გამიკეთებია“. 

ფანჯარა ეზოს მხარეს

გიორგი პროექტ „ეზოს ისტორიების“ ერთ-ერთი მონაწილეა. ძველ ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, სამი დღით, 23-დან 25 აგვისტომდე, ეზოს ისტორიები გაცოცხლდება. „ეზოს ისტორიები“ კუტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცე, ამ შემთხვევაში მელაშვილის ქუჩაა და ამ ქუჩის რამდენიმე ეზო. ისტორიებში ადგილობრივი მცხოვრებლებიც იქნებიან ჩართულნი. გიორგი იმ ადგილისკენ მიმიძღვის, სადაც მისი ნამუშევარი განთავსდება.

„აქ კედელზე წერია „აი ლავ იუ“, რაც პირდაპირ კავშირშია ქორწილთან, აი აქ არის სარდაფი, კარზე არის ნახვრეტი. შიგნით დაიდგმება ტელევიზორი, და ამ ტელევიზორში იქნება აი ეს ქორწილი. მე და არტ ჯგუფი „ბულიონი“ ვატარებთ ერთად, გვინდა შევქმნათ ისეთი თამაში, თითქოს ვიჭყიტებით ვიღაცის ცხოვრებაში, ვიღაცის სახლში ვიჭყიტებით, ესაა რა,“ – ამბობს გიორგი.

„პროექტის მიზანია ეზოების მცხოვრებლებთან მხატვრების შემოქმედებითი თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობისა და პერსონალური ისტორიების გაცოცხლება, რომელიც თავის მხრივ ასახავს ბათუმის ურბანულ და სოციალურ დინამიკას,“ – ვკითხულობთ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. 

„ეზოს ისტორიების“ პროექტის იდეის ავტორი ბათუმელი ლევან ხუჯაძეა.

„მუშაობის პროცესიც კი საინტერესოა. აქ არტისტი მუშაობს არა თავის სახელოსნოში, არამედ სივრცეში. აქვს კონტაქტი ადამიანებთან. მიზანი, დაფარული ისტორიები, პრივატული, რაღაცნაირად გადმოსცეს და აჩვენოს საზოგადოებას,“ – ამბობს ლევანი პროექტის იდეაზე საუბრისას. 
უფრო მეტ დეტალს „ეზოს ისტორიებიდან“ პროექტის კურატორი მაგდა გურული გვიმხელს.

„ამ შემთხვევაში მხატვრის პალიტრა არ არის ფერი, ფუნჯი, ის საგნები და ნივთები, რომებსაც იყენებს ფიზიკურად, არამედ, თვითონ ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება, პრობლემატიკა, ინტერესები და კულტურა და ა.შ. აქ საგნები იმდენად არ იქმნება, რამდენადაც რაღაც ხდება, სადაც ჩართულნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ნამუშევრის შექმნაში. ასეთი ნამუშევრები არ არის გათვალისწინებული რომ საუკუნეებს დარჩეს და თუნდაც იარსებოს პროექტიდან ერთი წლის მანძილზე. ამითი ეს საჯარო ხელოვნება უპირისპირდება კომერციულ ხელოვნებას. ადამიანების ჩართვა ასეთ პროექტში უფრო შეიძლება, ვიდრე პასიურ შედევრში. მეზობლები, ჩვენდა გასახარად, ძალიან გახსნილები აღმოჩნდნენ, მზად არიან თითქმის ყველაფერშიმიიღონ მონაწილეობა, მოგვცენ, დაგვეხმარონ, და თვითონაც აინტერესებთ ალბათ რა გამოვა. იმიტომ, რომ ასეთი საჯარო სივრცის პროექტი თუ არ გაგიკეთებია და თუ არ გინახავს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება იყოს, არის თუ არა ეს ხელოვნება. ეს უფრო საჯარო არტია,“ -ამბობს მაგდა გურული. 

მისი თქმით პროექტი ბათუმელ და თბილისელ მხატვრებს დაახლოების და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. „ეზოს ისტორიები“ ეზოს მცხოვრებელთა პირად ამბებსა და ისტორიებს, ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნების ენაზე „გადათარგმნის“. პროექტში ექვსი ბათუმელი და ექვსი თბილისელი მხატვარი მონაწილეობს.

მხატვრების ინიციატივას ადგილობრივი მცხოვრებლები ინტერესით შეხვდნენ.

„ძალიან მოგვეწონა, რაღაცის გადაღება, გამოფენა უნდათ. მათი აზრი გასაგებია და მივიღეთ დადებითად, რაც შეგვეძლება დავეხმარებით, რომ მათი იდეა განხორციელდეს,“ _ მელაშვილის ქუჩის მცხოვრები თინათინ მიქელაძე ახალგაზრდა შემოქმედების იდეას აფასებს.
ვასილ მაჭარაძე ირაკლი შონიასთან ერთად მელაშვილის 25-ში ხმოვან ინსტალაციას წარმოადგენს. ნამუშევარში სადარბაზოებში არსებული ელექტრომრიცხველები იქნება გამოყენებული.

„აქამდე იყო მრიცხველი, რომელიც მარტო ციფრებს გადმოსცემდა. მრიცხველი ხომ არის დოკუმენტური ასახვა იმისა, თუ რაოდენ აქტიურია ესა თუ ის ოჯახი. რაც უფრო მეტ დენს ხარჯავს, რაც უფრო მეტ რამეს აკეთებს, მრიცხველიც მით უფრო სწრაფად მოძრაობს. მოძრაობასთან ერთად არის ეს ნათურა, რომელიც უფრო ჩქარა ციმციმებს კიდევ. მომინდა ამის ხმაში გადატანა. ეს ხმა ასახავს მთლიანი ეზოს აქტიურობას და მასში ყოველი ოჯახი არის გაერთიანებული,“ – ამბობს ვასილ მაჭარაძე. 

ლაშა ფალავანდიშვილს „ეზოს ისტორიებისთვის“ რამდენიმე პროექტი აქვს. მათ შორის ერთ-ერთია – „სარეცხი“. ლაშა ეზოს მცხოვრებლების საკუთარ სარეცხთან ერთად გადაღებას აპირებს. სერია შემდეგ ეზოში გამოიფინება. სარეცხისისუფთავისა და განახლების სიმბოლოა, რომელსაც ამავე დროს საჯარო სივრცეში განთავსებულ თოკზე ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება და მისი უცხო თვალისთვის დაფარული თავისებურება გამოაქვს,რაც ყოველდღიურად გამოყენებად, სხეულთან ყველაზე ახლოს მყოფ ქსოვილებშია კოდირებული. ფოტოსერია, ერთი მხრივ, ეზოს მცხოვრებლებს ხელოვნების ნაწარმოების მთავარ გმირებად აქცევს, მეორე მხრივ კი, ხაზს უსვამს საერთო ეზოსთვის დამახასიათებელ ემოციურ კონტაქტს მცხოვრებლებს შორის – ისინი, თითქმის ყოველდღე, გაფენილი სარეცხის სახით მეზობლის ცხოვრების, ერთი შეხედვით, ინტერესსმოკლებულ, მაგრამ მრავლისმთქმელ „ისტორიას“ უყურებენ. 

პროექტის დოკუმენტაცია (ფოტო-ვიდეო) და შექმნილი ნამუშევრები, როგორც დამოუკიდებელი საგამოფენო პროექტი „ეზოს ისტორიები“, ოქტომბერში თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 5“-ზე იქნება წარმოდგენილი. პროექტი ასევე შევა „არტისტერიუმის“ კატალოგში.

„ბათუმელები“ „ეზოს ისტორიებს“ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. 23-25 აგვისტოს ფოტო და ვიდეორეპორტაჟი batumelebi.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ. 

 

ბათუმი და თბილისი – ყველაზე ძვირი ქალაქები საქართველოში

 

„ბათუმელებმა“ სუპერმარკეტებისა და ბაზრის ფასები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში გამოიკვლია. თითოეულ ქალაქში შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ ორი მარკეტი (იმის გათვალისწინებით, რომ სუპერმარკეტებში არ არის იდენტური ფასები), რომელიც არ წარმოადგენს ცნობილ ბრენდს. აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტებში სურსათი ყველაზე ძვირი ბათუმშია, მაშინ როცა ბაზარში ბათუმშიც დაახლოებით იგივე ფასებია, რაც საქართველოს სხვა ქალაქებში. 
თითო კილოგრამი ათი დასახელების ფართო მოხმარების პროდუქტის: ძროხის ხორცის, იმერული ყველის, პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, კარტოფილის, საზამთროს, ნესვის, ატმისა და ხმელი ლობიოს შეძენა ბათუმის სუპერმარკეტებში დაახლოებით 36 ლარი დაგიჯდებათ, მაშინ როცა, ზუგდიდში, ქუთაისში ან თელავში 30 ლარიც გეყოფათ. ხოლო, თუ თბილისის მაღაზიას მიაკითხავთ, საფულეში 32 ლარი მაინც უნდა გედოთ. ყველაზე დიდი სხვაობა ბაზრისა და სუპერმარკეტის ფასს შორის ბათუმშია და 10 ლარს შეადგენს. დანარჩენ ოთხ ქალაქში კი დაახლოებით 3 ლარი დაგეზოგებათ, თუ მარკეტის მაგივრად ბაზარში გადაწყვეტთ სურსათის შეძენას.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასახელებულ პროდუქტზე ფასები სეზონის მიხედვით იცვლება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, Gეორგიან Bუსინესს Iნსიგჰტ-ის ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ბათუმის მარკეტებში არსებულ სიძვირეს ტურისტული სეზონით ხსნის.

„ტურისტული სეზონის დროს პროდუქტი ყოველთვის ძვირია. ზოგადად, აჭარაში ფასები უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაკადი განაპირობებს მაღალ მოთხოვნას და, შესაბამისად, მაღალ ფასებს. თან წელს უამინდობაა და გარკვეულწილად ესეც განაპირობებს ხილსა და ბოსტნეულზე შედარებით მაღალ ფასს“ – აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

 

 

ბათუმის შემდეგ მარკეტებში ფასები ყველაზე მაღალი თბილისშია, რაც ლექვინაძის აზრით, ნორმალურია, რადგან ამ ორ ქალაქში უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე დანარჩენ სამში. მისი თქმით, თბილისი და ბათუმი შემოსავლის დონითაც ლიდერები არიან საქართველოში.
„მაგალითად, ერთ ადამიანზე საშუალო შემოსავალი თბილისში ყველაზე მაღალია საქართველოში. თბილისის მერე მოდის აჭარის რეგიონი და კონკრეტულად ბათუმი, რადგან სიდიდით მეორე ქალაქია, ეკონომიკით, თავისი აქტივობით და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი, რაც განაპირობებს მაღალ მოთხოვნას და მაღალი მოთხოვნა განაპირობებს მაღალ ფასს,“ – ამბობს ლექვინაძე. 

 

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მაღალი ფასები სურსათზე ბათუმში არახელსაყრელია ადგილობრივი დაბალშემოსავლიანი მცხოვრებლებისთვის და ასევე ტურისტებისთვისაც: „მათ უფრო ძვირი უჯდებათ დასვენება.“

 

მისი თქმით სურსათზე ფასს საქართველოში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გარე ფაქტორებიც: „ანუ ჩვენ დამოკიდებულები ვართ, რა იქნება უცხოეთის ბაზრებზე. მაგალითად, ნავთობის ფასები მოქმედებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაზე. გარე ფაქტორების გარდა, სურსათის ფასზე მოქმედებს სხვა მოვლენები, მაგალითად, რამდენად მაღალი იქნება ინფლაცია და ა.შ.“

 

 
ირაკლი ლექვინაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა სურსათი კიდევ უფრო გაძვირდეს: „არჩევნებამდე მიმოქცევაში ბევრი ფული შედის, რომელიც საქონლით არ არის უზრუნველყოფილი და ეს ფასებზე ყოველთვის აისახება“, – აცხადებს ლექვინაძე.

ბათუმში პირველი გაზგასამართი სადგური ვისოლმა გახსნა

რეკლამა

როგორც ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ალტერნატიულ, ეკონომიკურ საწვავზე მნიშვნელოვნად გაზარდა. ხორავას თქმით,  „ვისოლი ჯგუფმა“, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გააფართოვოს გაზგასამართი სადგურების ქსელი.  

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ ლამაზ ქალაქში ვამატებთ კიდევ ერთ ლამაზ ობიექტს, განსხვავებული სერვისითა და ალტერნატიული, ეკონომიური საწვავი პროდუქტით, რადგან შეკუმშული ბუნებრივი გაზი, რომელიც ვისოლის ქსელში იყიდება, არის ორჯერ უფრო ეკონომიური პროდუქტი, რომელიც უფრთხილდება არა მხოლოდ გარემოს, არამედ ჩვენი მომხმარებლის ჯიბეს” – განაცხადა ვასილ ხორავამ.

 ახალი გაზგასამართი სადგურის გახსნას ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძეც დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ვისოლის წარმომადგენლებს და ყურადღება 15-მდე ადამიანის დასაქმებაზე გაამახვილა.

 „მინდა გითხრათ, რომ აქამდე ბათუმში არ იყო ეს სერვისი. ერთადერთი საშუალება ავტომფლობელებისათვის, რომლებიც გაზით სარგებლობდნენ, იყო ქობულეთი და ახლა უკვე ბათუმში პირველად გაიხსნა გაზგასამართი სადგური. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ უპირველესყოვლისა აქ არის გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაფერს ითვალისწინებს“, – განაცხადა ბათუმის მერმა.

 ჩხაიძის თქმით, ასეთი ობიექტის გახსნა ბათუმის მსგავს ტურისტულ ქალაქში მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ შეკუმშული ბუნებრივი გაზი ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ბენზინი და სხვა საწვავი.

 როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი სადგურის ოპერატორებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.

 „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლის“ გაზგასამართი სადგურები უკვე წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, თელავში, ხაშურში, ზესტაფონსა და საჩხერეში.

 „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ავტომობილების გამართვა როგორც ბენზინითა და დიზელით, ასევე შეკუმშული ბუნებრივი გაზით.

 კომპანია „ვისოლი’’ მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლის სექტემბრიდან სთავაზობს. 

„ფლეშ შოუ“ წინასაარჩევნოდ

მოცეკვავეთა ჯგუფი მოსახლეობის ყურადღებას მიიქცევს, შოუს მსვლელობის პროცესში კი მიზნობრივი ჯგუფი დაარიგებს ფლაერებს, რომლებზეც მარტივი ფრაზებით და ლაკონურად იქნება გადმოცემული ინფორმაცია, წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დღეს მოსახლების უფლება-მოვალეობების შესახებ, რამაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ფლეშ შოუ“ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით დაგეგმილ ღონისძებებში ერთერთი მთავარი აქტივობა იქნება. პასიური ამომრჩევლის ყურადღების მისაქცევად ამ სანახაობითი ღონიძიების გამოყენება მათი პროექტის შემადგენელი ნაწილია.

„საინფორმაციო ფლაერების დარიგება პროეტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არ გვინდა მოხდეს ისე როგორც ხდება, ანუ მათი უმეტესობა წაკითხვამდე სანაგვეში მოხვდეს, ამიტომ დავაწესეთ პრიზები იმ ადამიანებითვის, რომლებიც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ. შეკითხვები კი ფლაერებში მოცემულ ინფომარმაციას შეეხება. ასე შევეცდებით საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არჩევნები არ აინტერესებს და ფიქრობს რომ არჩევნებზე მისი მისვლა ვერაფერს ცვლის“ – ამბობს პროეტის დირექტორი გოჩა დევაძე. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ბასტურების“ ჩატარებაც, რაც აჭარის რაიონებში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ თემებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, ტრენინგების ჩატარებასა და რამდენიმე უბანზე იმიტირებული არჩევნების დღის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის ავტორების განმარტებით „საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა (მათ შორის 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) ნათლად დაგვანახა,  რომ ღემდე ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის დაბალი დონე,  რაც საარჩევნო გარემოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულებითა და ზოგადად დაბალი სარჩევნო კულტურითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა  დაბალი პროცენტული მაჩვენებელია (2008 წელს – 53% და 2010 წელს – 49%)“

პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაჟა მეგრელიძეა.

პროექტის განხორციელება 1 აგვისტოდან დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე,  არჩევნების დღემდე გაგრძელდება. პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 25 000-მდე  ლარითაა დაფინანსებული.  

Pussy Riot–ის სოლიდარობის აქცია ბათუმში

Pussy Riot–ის სოლიდარობის აქცია ბათუმის ბულვარში გაიმართება  – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება, სადაც ღონისძიების გვერდია შექმნილი. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზღვის ნაპირას საჰაერო ფანრებს გაუშვებენ და ფლაერებს დაარიგებენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკ-ჯგუფის წევრ გოგონებს უსამართლოდ მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა. 

 

Pussy Riot -ის წევრმა გოგონებმა  მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს „პანკ-ლოცვა“ – „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. ჯგუფის სამი წევრი დააკავეს და სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონები შეწყალების თხოვნას არ აპირებენ, თუმცა მათი ადვოკატები საქმეს გაასაჩივრებენ. 

 

Pussy Riot -ის მხარდამჭერთა აქცია რამდენიმე ქალაქში გამართა. რამდენიმე დღის წინ მსგავსი აქცია გაიმართა თბილისშიც.  

 

აქცია ბათუმში ბულვარში, ნ.დუმბაძის​ ქუჩის გასწვრივ, სანაპირო ზოლზე გაიმართება.

 

 


არჩევნები სალათისფერი და ყვითელი ბიულეტენებით

„ვინაიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნები ერთად ტარდება, პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ საპარლამენტო არჩევნებში, უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროსაც მიენიჭებათ იგივე ნომერი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. რომელი პარტიაც არ ეთანხმება უსკოს ან ცესკოს მიერ მინიჭებულ საარჩევნო ნომერს, შეუძლიათ განცხადება დაწერონ და 37-ე დღემდე უნდა მოგვმართონ და მათთვის ჩატარდება წილისყრა.“ – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ცესკომ საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა. ცესკოს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ გააპროტესტა და სასამართლოს მიმართა. რადგან კოალიცია უკვე რამდენიმე თვეა თავის საარჩევნო კამპანიას 7 ნომრით აწარმოებს და როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, ამის უფლებას მათ მოქმედი საარჩევნო კანონი აძლევთ.

უსკოს თავმჯდომარის, არჩილ მიქელაძის განცხადებით, კოალიცია ვადებში შეზღუდული არ იქნება: „არა მგონია კოალიციას რაიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნას საარჩევნო ნომრის გასაჩივრებასთან დაკავშირებით“.

უსკომ პარტიების რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის გარდა, საარჩევნო ბიულეტენის ფორმის დამტკიცების და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში ცვლილებების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. არჩილ მიქელაძის განცხადებით, უსკოს არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენი ბაცი სალათისფერი და ბაცი ყვითელი იქნება. ჟურნალისტებზე გაცემული აკრედიტაციის ბარათები კი მწვანე ფერის.

ერთადერთი საკითხი რამაც კოალიციის წარმომადგენლებსა და უსკოს წევრებს შორის ნაცმოძრაობის მხრიდან კამათი გამოიწვია, სკამები იყო.
„რატომ ზიხარ მაგ სკამზე, ეგ კომისიის წევრების ადგილია!“- განუცხადა უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა მალხაზ კალანდაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, კახა სოფრომაძეს.

სოფრომაძე მაგიდის ბოლოს, უსკოს თავმჯდომარის პირისპირ იჯდა, რამაც მალხაზ კალანდაძის გაღიზიანება გამოიწვია. მისი თქმით, ეს რეგლამენტით დაშვებული არ არის. „და კიდევ, ყველაზე ბევრს ლაპარაკობთ“-დაამატა კალანდაძემ.

უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეს უმნიშვნელო საკითხია“.

კახა სოფრომაძემ კი განაცხადა: „ცოტა ხანში საერთოდ აღარ გექნებათ ეგ სკამები“.

სად ინახავს ვარშალომიძე ჩაზნექილ სკამებს?

 

 

როგორ აღმოჩნდა ლევან ვარშალომიძის საწყობში სახელმწიფო ქონება და როგორ აპირებს მის ჯართად გაყიდვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ან თუნდაც გაჩუქებას წინასაარჩევნოდ, ამის გადამოწმებას დღეს ლევან ვარშალომიძესთან შევეცადეთ, რომელიც  ქალაქის მერთან, რობერტ ჩხაიძესთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე სეირნობდა. „ბათუმელებმა“ ლევან ვარშალომიძეს „ჩაზნექილი სკამების“ საწყობის გადაღება სთხოვა: „გაჩვენებთ“ – დაგპირდა ლევან ვარშალომიძე.   

 „მე მშვიდი, ჩაზნექილი სკამები მომენატრა შენს ბულვარში ჩემო ბათუმო“- ეს სიტყვები ბათუმელმა მხატვარმა, კაკო ძნელაძემ ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამართულ აქციაზე წარმოთქვა. მისი განცხადებით, ამ სიტყვებში მან ბათუმის ბულვარის და ზოგადად ქალაქის იერსახის ცვლილება იგულისხმა.

ლევან ვარშალომიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რობერტ ჩხაიძე, ბათუმის მერი

აგვისტოს კოცონი ბეშუმში

 

აგვისტოს ყოველი დღე ბეშუმში ერთნაირად იწყება: დილის რვა საათზე იაილებიდან ჩამოსული მოვაჭრეები ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ დამსვენებლებს უხმობენ, ხის სახლებიდან გამოვიდნენ და ახალი კაიმაღი, მაწონი, ყველი, მოცვის ჩაი, სისხამ დილით დაკრეფილი მწვანილი და სხვა ბოსტნეული შეიძინონ. 

 

მოვაჭრეები ძირითადად ხულოში მცხოვრები ის ადამიანები არიან, რომლებთაც პირუტყვი საძოვრებზე გადმოჰყავთ და სამი თვის განმავლობაში იქ რჩებიან. იაილებიდან ბეშუმამდე ყოველ დილით რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან და გასაყიდი პროდუქტი ხელით გადააქვთ.

 

 

დილის 10 საათია. ბეჟან კახაძემ სამუშაო დღე დაასრულა. დღეს განსაკუთრებით გაუმართლა, კარტოფილი სრულად გაყიდა და 16 ლარი ივაჭრა. წასასვლელად ემზადება, სოფელ დოლიძირში ცხოვრობს, იქამდე ოთხი კილომეტრია. „ვყიდი ყველს, კაიმაღს, ყურუთს, კარტოფილს… პურის ფულს ვაკეთებ, თუ ვერ გაყიდე, მთელი დღედა იწოწიალო, სა წეიღებ? სახლში? ისევლე 4 კილომეტრი ხელით უნდა ათრიო. კარგი ვაჭრობა აგვისტოში არის, შუამთობაზე მივედი, პრეზიდენტის ნახვა მინდოდა, ჩვენ ვინ შეგვახვედრებს, ჩემი რაიონის სახელით ამას ვეტყოდი – გზა გვინდა, საერთოდ არ არის გზა, თვითმფრინავით რომ დადის, ფეხით გეიაროს და დეინახოს, რა გზაზე დავდივარ“.

 

ბეჟანის გვერდით მდგარ მოხუც კაცს ხელში ცხენის უნაგირი უჭირავს, იგი ცხენს აქირავებს. ახლა კლიენტებს ელოდება, პურის ფქვილი აქვს საყიდი და სახლშია წასასვლელი. სანამ წავა, ცდილობს 1-2 ლარი გააკეთოს. „დაგვიკელი, 5 წუთი – 50 თეთრი” – ევაჭრებიან ბავშვები მოხუცს, მაგრამ ვერ დაიყოლიეს. მამია ხოზრევანიძე ბეშუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ მთაზე ცხოვრობს. მთას თეთრობი ჰქვია. მაისში ამოდის და სექტემბრის დასაწყისამდე იქ რჩება. „საქონელი მყავს, ვშრომობ და მერე ვყიდი ყველს და კარაქს“ –  ამბობს მოხუცი. 

 

 

ბეშუმს დამსვენებლები არც წელს აკლია. ინგა შავაძე გურიაში ცხოვრობს, წარმოშობით ხულოდანაა. ყველა ზაფხულს ოჯახთან ერთად აქ ატარებს. სახლი, სადაც ინგა ოჯახთან ერთად ისვენებს, მფლობელმა ოთახებად დაყო, თითო ოთახს პატარა სამზარეულო გამოუყო, შესასვლელი გაუკეთა და ცალ-ცალკე გააქირავა, წელს ოთხივე ოთახი დაკავებულია. ინგა ამბობს, რომ წელს განსაკუთრებით გაუმართლა, კარგი მეზობლები ჰყავს და კარგადაც ერთობიან: „ბახმაროშიც დავდიოდი დასასვენებლად, მაგრამ ბეშუმს ბავშვობიდან ვარ შეგუებული. ყველა ზაფხულს აქ ამოსვლა ჩემთვის ტრადიციათაა ქცეული, ნათესავები, მეგობრები და უბრალო ნაცნობებიც კი აქ ისვენებენ. 20 დღით ამოვედი, სანატორიუმში დასვენებას მირჩევნია, სახლი ვიქირაო, მაშინ ვისადილო, როცა მინდა. აქ გასართობად ვართ წამოსულები, გუშინ ტყეში წავედით, სოკო დავკრიფეთ, საღამოთი კოცონს ვანთებთ, კოცონზე კარტოფილს ვწვავთ, თუმცა ბინები გაძვირდა, ერთ ოთახში 150 ლარი დავიხადე“ –  ამბობს ინგა. 

 

ინგასგან განსხვავებით ბათუმელი მარიკა თებიძე უპირატესობას სანატორიუმს ანიჭებს. იგი ამბობს, რომ ბავშვიანი ოჯახისთვის დასვენება აქ უკეთესია: „როცა ბავშვებთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად, სანატორიუმი უკეთესია, რადგან დროულადაა საკვები. სამჯერადი კვება გვაქვს, იმდენად კარგი საკვებია და იმდენად ვენდობი, რომ ბავშვებს ვაჭმევ, ყოველ დღე ახალი საკლავი იკვლება, ბათუმში ვცხოვრობ, ოთხნი ვისვენებთ და სამი საგზური ავიღე, რადგან ბავშვი პატარაა. ერთ სულზე 15 ლარი დღეში არაა ძვირი, მაგრამ როცა სამი ხარ, საკმაო თანხაა, თუმცა სხვაგან რომ წახვიდე, უფრო მეტი გეხარჯება.“

  

 
შუახეველ იამზე ბერიძეს ბეშუმი მოსწონს, მაგრამ ფიქრობს, რომ საკვები ძალიან ძვირია: „ყველაზე ძვირი ხორცი ღირს, ერთ კილოში 13 ლარი უნდა გადაიხადო, ლობიო, პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი _ ყველაფერი 1 ლარი და 50 თეთრი შეიძლება ღირდეს?“

 

დამსვენებლებს ბეშუმში ყველაზე მეტად წყლისა და საპირფარეშოს პრობლემა აწუხებთ.

ხატია 16 წელია ზაფხულობით ბეშუმში ისვენებს. მისი თქმით, ონკანიდა, რომლითაც ხუთი ოჯახი სარგებლობს, წყალი დღის განმავლობაში ერთი საათით ირთვება: „დილით საერთოდ არ არის, შუადღით ნახევარი საათით ირთვება, საღამოს 9 საათზე რამდენიმე წუთით ირთვება.” 
დენის შარაბიძე ბათუმში ცხოვრობს. რამდენიმე დღეა, რაც მეგობრებთან ერთად ბეშუმში ისვენებს. პრობლემების მიუხედავად, კარგად ერთობა: `სახლი დავიქირავე და მეგობრებთან ერთად ვისვენებ, ბეშუმი ერთი დიდი სოფელია, აქ წყლისა და საპირფარეშოს პრობლემაა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგია, თუმცა გაუმჯობესება შეიძლება, პირველ რიგში წყლის მიწოდება უნდა გაუმჯობესდეს~.
წყლის გარდა დამსვენებლებს პრობლემას გაზის არარსებობა უქმნის, გაზმომარაგების სამსახური 10 ივლისს გაიხსნა, თუმცა ამ სამსახურის თანამშრომლის, თემურ ბოლქვაძის განცხადებით, 10 დღეა, რაც ბეშუმში გაზი აღარ არის: „გვეუბნებიან, ორ დღეში იქნებაო. 80 ბალონი მქონდა, მაგრამ გაზი რომ აღარ იყო ხულოში და ბათუმში, ვინც მიდიოდა თან წაიღო. თან ვმუშაობ, თან ვისვენებ, თუმცა რა დასვენებაა, გაზი რომ არაა – მლანძღავენ.” – ამბობს თემურ ბოლქვაძე. მისი თქმით დამსვენებელთა რაოდენობა ყოველ წელს კლებულობს. იგი ამის მიზეზად გაძვირებულ ფასებს მიიჩნევს. „ელექტროენერგია გვაქვს და ორმაგს მახდევინებენ. მრიცხველს არ გვაყენებინებენ. დიდი-დიდი 10 ლარის თუ დავწვი და 55 ლარს მახდევინებენ, ამოსული დამსვენებელი უკან მიდის, შუქში ამდენი როგორ გადავიხადოო? სინათლე არა, წყალი არაა, პროდუქტი ძვირი, სანატორიუმში ადრე ერთ ამოსვლაზე 700-800 კაცი ამოდიოდა, გასულ წელს 200 კაცი ამოვიდა მხოლოდ.” _ ამბობს ის.

 

 ბეშუმის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ქედელიძე დამსვენებელთა ნაკლებობას არ უჩივის. მისი განცხადებით, 26 ახალაგებული კოტეჯი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთსაწოლიანი ახალი კოტეჯის ერთი დღით დაქირავება სამჯერადი კვებით 25 ლარი ღირს. კოტეჯი უზრუნველყოფილია ცივი და ცხელი წყლით. თემურ ქედელიძის ინფორმაციით, კოტეჯში დამსვენებელ ბავშვებზე 50%-იან შეღავათები ვრცელდება. 

 

რაც შეეხება წყლის პრობლემას, თემურ ქედელიძის თქმით, ერთი კვირაა, რაც წყალი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება და შეზღუდვა დამსვენებელთა სიმრავლემ გამოიწვია. „3-4 დღეში ახალ წყალსადენს შემოვიყვანთ, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ამ გრაფიკს ამოაგდებს და შეუზღუდავად მივაწვდით წყალს დამსვენებლებს. ის, ვინც ამბობს, რომ წყალი არ მიეწოდება, მას მოუწესრიგებელი აქვს საკუთარი წყლის სისტემა“ –  ამბობს იგი.

 

 

ბეშუმში დამსვენებლები ელექტროენერგიას დანახარჯის მიხედვით ვერ იხდიან. იმისთვის, რომ ელექტროენერგია ჩაირთოს, 55 ლარის გადახდაა საჭირო. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დღით რჩება ბეშუმში დამსვენებელი – 3 დღით თუ მთელი თვით. თემურ ქედელიძე ამბობს, რომ `ერთი დღით და ხუთი დღით არავინ რთავს ელექტროენერგიას და დამსვენებელი ელექტროენერგიის ღირებულების თითქმის 70% მოიხმარს,~ თუმცა დამსვენებლები ამას არ ეთანხმებიან.

 

სანიტარულ ნორმებს რაც შეეხება, ნაგვის ურნები ბეშუმის მხოლოდ იმ ნაწილშია განლაგებული, რომელიც შემოღობილია. ღობის გარეთ დარჩენილი დამსვენებლები ნაგავს სახლის უკანა ნაწილში ყრიან და სახლების ირგვლივ, პატარა მინდვრებზე პოლიეთილენის პარკებია მიმოფანტული.

 

შებინდდება თუ არა, ახალგაზრდები კოცონისთვის შეშას ამზადებენ, ზოგიერთს შეშა მოაქვს, ზოგიერთს – ძველ სახლზე შერჩენილი „ტოლის“ ნაჭერი, ზოგიერთიც კოცონის ადილზე, მინდორში ჩარჭობილ პალოზე ხის „ბწკალებს“ აწყობს.

 

საათი საღამოს ცხრას უჩვენებს. კოცონი დაინთო. მედეა ქამადაძე შვილიშვილებთან ერთად კოცონთან ზის, დათო ნაკვერჩხალში კარტოფილს აწყობს, აბრუნებს და სულმოუთქმელად ელოდება მის შეწვას. ზოგიერთი მღერის, ზოგიერთიც კოცონზე გადახტომით თავს იწონებს… მედეა ბავშვებს სიფრთხილეს ურჩევს და საკუთარ ბავშვობასაც იხსენებს: „68 წელია აქ ვისვენებ, ჯერ მშობლებთან ერთად დავდიოდი, მერე საკუთარ ოჯახთან ერთად, ახლა შვილიშვილებთან ერთად ვისვენებ. შეიძლება ითქვას, აქ გავიზარდე, ბევრი კარგი მოგონება შემომრჩა, ბავშვობაშიც ვანთებდით კოცონს, ზოგიერთი მღეროდა, ზოგიერთიც ცეკვავდა. ისე, ადრე სულ სხვა სიხალისე იყო, ეხლა ისეთი არ არის, ცხოვრება შეიცვალა“.

 

 

ქაოსი და მატება საარჩევნო სიებში

 

„მიწერილი პირების“ ამბავი

მიწერილი პირებით შესაძლო მანიპულირების შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს: „მივმართავ ცესკოს, პირველ რიგში, მადლობა საზღვარგარეთ გასამაგზავრებელი საგზურისთვის, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილებით, მე და ჩემი მეუღლე „აღმოვჩნდით საზღვარგარეთ“. სამაგიეროდ ჩემს კუთვნილ მისამართზე რეგისტრირებული გყავთ პირები, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ ჩემს სახლში: სერგო რამენსკი 22.07.1961, ოლეგ რუვინსკი 12.11.1965, ვლადიმერ ლერმან 16.04.1964… გთხოვთ, მე და ჩემი მეუღლე „დაგვაბრუნოთ“ იქ, სადაც ვართ – საქართველოში“. 

 

ლაშა ჟვანიას ოჯახს მამუკა კაციტაძის კომისიამ აღუდგინა ხმის უფლება. თუმცა, ხმის უფლება კანონით დაუტოვეს ე.წ. მიწერილ პირებსაც.
ასეა ლუიზა ბუკიას შემთხვევაშიც, რომლის ბინის მისამართზეც 40 ადამიანი ცხოვრობს. ლუიზა ბუკიას ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისთვის რომც მიემართა ამ პირების სიიდან ამოღების თხოვნით, 40-ვე ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მაინც ექნებოდა.
მაშ, რას აზუსტებდა „კაციტაძის კომისია„? – ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ აჭარაში „კარდაკარის“ დროს 13 541 ამომრჩეველი ვერ აღწერა.

 

კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კაციტაძის განცხადებით, მათთან კონტაქტი ვერ დამყარდა. „ეს იყო დაკეტილი სახლები, ვერმოძებნილი მისამართები და ის ამომრჩეველი, ვინც უარი თქვა ჩვენს კოორდინატორებთან ინტერვიუზე“.
სიაში დარჩა ეს ხალხიც. სიების გადამოწმების შემდეგ დაუდგენელი პირები ამომრჩეველთა სიის 7,5 პროცენტია (იხილეთ ცხრილი #2).
რატომ აღუდგინა ხმის უფლება სახელმწიფომ იმ პირებს, რომელთა რეალური ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არცერთ შესაბამის უწყებას არ მოეპოვება? – მამუკა კაციტაძე ირწმუნება, რომ პიროვნების გაორება სიებში გამორიცხულია: „თუ ვინმე იპონის, რომ ერთი პირადი ნომრით ორ უბანშია ვინმე რეგისტრირებული, ვიტყვი, რომ ვერაფერი გავაკეთე. შეიძლება ერთ მისამართზე 50 კაცი იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ეს ერთი ხმაა და დუბლირება გამორიცხულია“. 

 

თუკი „მიწერილ პირებს“ კანონით არჩევნებში ხმის უფლება დარჩათ, მაშინ რატომ დაიხარჯა 5 მილიონი ლარი ამომრჩევლის სიების დაზუსტებაზე?_ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეს საკითხი ორგანიზაციამ პარლამენტის წინაშეც კი დააყენა: „კარდაკარს დაუდგენელი პირები უნდა დაედგინა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა – კომისიის არგუმენტი არის ის, რომ შესაძლებელია ამ ადამიანებში მართლაც ერიოს კეთილსინდისიერი ამომრჩეველი, რომელმაც ხმის უფლება არ უნდა დაკარგოს“. 

 

 

ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობა

1-ელ ცხრილს თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ „კარდაკარის„ მუშაობის შედეგად აჭარის მასშტაბით ამომრჩეველთა რაოდენობა, ბოლო არჩევნების შემდეგ, 9080-ადამიანით გაიზარდა. იქვე ნახავთ, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე ბათუმში 25 906-ით, ანუ გაცილებით მაღალი მატებაა დაფიქსირებული.

 

მამუკა კაციტაძის განცხადებით, ეს შემდეგი მიზეზით მოხდა: „პირველი – ესენი არიან საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეები. ისინი წინა არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობას აკლდნენ; მეორე – ის პირები, რომლებმაც დაკარგეს ბინები სხვადასხვა მიზეზის გამო და საჯარო რეესტრმა ამოიღო საარჩევნო სიებიდან; მესამე – სიებში შევიყვანეთ ის პირები, ვისაც პირველ ოქტომბრამდე 18 წელი უსრულდება“. 

 

„კაციტაძის კომისია“ ბათუმში ამომრჩევლის მატების მიზეზად ქალაქის საზღვრების გაფართოებას არ ასახელებს. ამ კომისიისთვის ასევე უცნობია, რამდენი ადამიანით გაიზარდა ამომრჩეველი ბათუმში ქობულეთის შემოერთებული ტერიტორიის ხარჯზე. საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ ბათუმში დაახლოებით1300 ყოფილი ქობულეთელი მისცემს ხმას, თუმცა ამ სიას ჯერ კიდევ აზუსტებენ და უმნიშვნელო ცვლილება კვლავაც მოსალოდნელია. 

 

სიების დაზუსტების კომისიამ აჭარაში 301 594 ამომრჩეველი დააფიქსირა, თუმცა ცესკო-ს მნიშვნელოვნად მეტი _305 469 ამომრჩეველი ჰყავს დარეგისტრირებული. ამ სხვაობას მამუკა კაციტაძე ასე ხსნის: „ოთხი ათასამდე ამომრჩეველი ის კატეგორიაა, რომელსაც უბნების პრინციპით ვერ დავალაგებდით. ცესკომ მათ დაუბნების სიზუსტე შესძინა, რადგან მას გააჩნია უმისამართოთა ბაზა. ამიტომ არის ცესკოს მონაცემები სამი-ოთხი ათასით განსხვავებული“. 

 

როგორც 1-ელი ცხრილიდან ჩანს, ამომრჩეველთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა ქობულეთშიც. ეს მაშინ, როცა ქობულეთს გარკვეული ტერიტორიის ბათუმის საზღვრებში მოქცევის გამო ამომრჩეველი უნდა მოჰკლებოდა.
რაც შეეხება ხელვაჩაურს, სიების გადამოწმების შემდეგ წელს ხელვაჩაურში 48 796 ამომრჩეველი, ანუ კაციტაძის კომისიასთან შეადრებით ზუსტად 2 ათასი ამომრჩევლით მეტი დააფიქსირა ცეესკომ. შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 17 912 ყოფილიხელვაჩაურელი ხმას წელს ბათუმში მისცემს.

ცესკოს სიებში ცვლილების შეტანა კანონით მხოლოდ 1-ელ სექტემბრამდე შეიძლება.

„ქართული ოცნების“ კარდაკარი

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე მჟავანაძე ამბობს, რომ აჭარაში სიებს ერთი თვეა ამოწმებენ, „თუმცა საბოლოო შედეგების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“. თორნიკე მჟავანაძის თქმით, გადამოწმების პროცესში ყველაზე დიდი სირთულე არასწორმა დამისამართებამ გამოიწვია: „ეს პრობლემა შექმნა შემოერთებულმა ტერიტორიებმა. მაგალითად, მახინჯაურის შემოერთების შემდეგ ბათუმში ორი რუსთაველის ქუჩა გაჩნდა. არის შემთხვევები, როცა დასახელებული ქუჩები არ შედის იმ უბნებში, სადაც ოფიციალურად არის მითითებული – კაზინეცის ქუჩა, რომელიც ბონი-გოროდოკის ზონაში უნდა იყოს, რეალურად სულ სხვა უბანშია“.

 

 
თორნიკე მჟავანაძე ირწმუნება, რომ ყველა უზუსტობის შესახებ ინფორმაცია მამუკა კაციტაძის კომისიას მიაწოდეს, თუმცა კაციტაძე ამ ფაქტს უარყოფს: „კოალიცია ქართული ოცნება“ და „ამომრჩეველთა ლიგა“ პარალელურად ჩაერთო კარდაკარის გადამოწმებაში, მაგრამ მათგან რაიმე ინფორმაცია უზუსტობებთან დაკავშირებით, ერთი ფურცელიც კი არ მიგვიღია დღემდე.“

 

 „თუ ჩვენს შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, უბნებზე გვექნება ჩვენი გადამოწმებული სიები და ასე გავაკონტროლებთ სიტუაციას“- ამბობს მჟავანაძე. 

 

გადამოწმებულ სიებში არსებულ შესაძლო უზუსტობას მამუკა კაციტაძე სამი მიზეზით ხსნის. პირველ მიზეზად ის დროის სიმცირესა და ფინანსურ რესურსებს ასახელებს: „გვქონდა შემჭიდროვებული ვადები და ამიტომ ვჩქარობდით. ამასთან, არ იყო ფინანსური რესურსი საკმარისი. როცა რეგისტრატორს 110-150 ლარს გადაუხდი, ვეღარ დაავალდებულებ, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ოთხჯერ მივიდეს“. 
მეორე, უმთავრეს პრობლემად, კომისია დაუმისამართებლობას მიიჩნევს: “ეს პრობლემა განსაკუთრებით არსებობს პერიფერიებში. წარმოიდგინეთ კახეთში, იორმუღანლოს თემში, 14 ათასი ადამიანიდან ორი ათასი ალი მამედოვია. ამ სოფლებში არ არსებობს ქუჩები, კონკრეტული მისამართები და ეს ამდენი ალი მამედოვი პირადი ნომრების მიხედვით უნდა ეძებო, რაც წარმოუდგენლად რთულია“.
მესამე პრობლემად სიების გადამოწმების პროცესის პოლიტიკური ანგაჟირება სახელდება, რის გამოც, კაციტაძის განცხადებით, კომისიის მისამართით თავიდანვე გამოიხატა უნდობლობა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

 

რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში?!

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ არაზუსტია ოფიციალური მონაცემები, როგორც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის, ასევე მიგრაციაში მყოფი პირების შესახებ. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა იმ მონაცემის სიზუსტე, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ქვეყნდება.

 

რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში?-მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მონაცემები არაზუსტია: “ვერავინ ამტკიცებს, რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში 4 300 000 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 2 300 000 არის აქტიური სამუშაო ძალის მქონე, მილიონი -პენსიონერი და დანარჩენი კი -18 წლამდე და სტუდენტი, ანუ ამით უკვე შესრულდა 4 მილიონი.გარდა ამისა, ამბობენ, რომ მილიონ 57 000 არის საზღვარგარეთ. როცა ვკითხეთ მსოფლიო ბანკს, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა ეს მონაცემები, თქვეს, რომ პერიოდულად საქართველოდან ხან ენჯეოები, ხან ცალკეული პირებიაწვდიან ინფორმაციას“. 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსის, პაატა შავიშვილისთქმით, 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ 400 ათასი იყო, დღეს – ოთხი მილიონ 497 ათასია. „როცა ამ მაჩვენებლიდან ამოდიან და აცხადებენ, რომ ერთი მილიონი ადამიანია ქვეყნიდან გასული, არასწორია, რადგან 1989 წელს საქართველოს შემადგენლობაში იყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სადაც 500 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა“.

 

პაატა შავიშვილის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ საქართველოში ბინადრობდა 250 ათასი რუსი ჯარისკაცი თავიანთი ოჯახებით: „ჩვენი კვლევებით მიგრანტთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 113 ათასია. ეს ციფრი კონკრეტული ოჯახებიდან მიღებული ინფორმაციაა“.

 

პაატა შავიშვილის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მუდმივი მოქალაქის სტატუსით იმ პირებსაც ითვლის, რომლებიც ქვეყანაში მინიმუმ ერთი წელი მაინც ცხოვრობენ. „მაგალითად, უცხოელი მასწავლებლები, რომლებიც შემოვიდნენ ქვეყანაში ორი წლით. საარჩევნო კომისია ითვლის მხოლოდ საარჩევნო ხმის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ განსხვავდებაჩვენი ციფრები“. 
პაატა შავიშვილი დარწმუნებულია, რომ “ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ დაზუსტდება, როცა საყოველთაო აღწერა ჩატარდება“. 

ვისოლი ბათუმში პირველ გაზგასამართ სადგურს ხსნის

შეკუმშული ბუნებრივი გაზი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს და ორჯერ უფრო მეტად ეკონომიურია ვიდრე სხვა საწვავი, როგორიცაა ბენზინი და დიზელი.

 

ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ვისოლის გაზ გასამართი სადგურები უკვე წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, თელავში, ხაშურში, ზესთაფონსა და საჩხერეში.

 

თოჯინების თეატრის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა

 შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 259 მუხლით, რომელიც გულისხმობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ზიანის მიყენებას ან ნგრევას. 

 

„ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთი წლის ვადით პატიმრობას. ჯერ საქმე ძიებაშია, ამიტომ ჯარიმის სახით მოხდება ზიანის ანაზღაურება თუ პატიმრობით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“ – აცხადებს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე. სალომე მახარაძე არ აზუსტებს, საქმე რომელიმე ფიზიკური პირის მიმართ არის აღძრული თუ იურიდიული პირის. 

 

21 ივლისს, დღის 11:00 საათზე,თოჯინების თეატრის ფასადს ამწე დაეცა და კედლის დარჩენილი ნაწილი ჩამოანგრია. ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საკონსალტინგო კომპანია  „მაგი გრუპი“ და „Takev   ინშაათი“ აწარმოებს.

„ლეიბორისტები“ „ქართული ოცნების“ და ბერძენიშვილების წინააღმდეგ

დავით რობაქიძე
დავით რობაქიძე

დავით რობაქიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და დღესაც აგრძელებს მის დაფინანსებას: „მან თქვა სოროსი მე ვიყავიო და დღესაც აგრძელებს მის დაფინანსებას. ჯერ განაცხადა არ ვაპირებ ჯარიმების გადახდასო, მაგრამ მერაბიშვილთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადეს, რომ თუკი ეს დაზარალებულ მოსახლეობას დასჭირდება ისევ გადავურიცხავთ ხელისუფლებას ამ თანხასო. ეს იმას ნიშნავს რომ თუკი ადრე უკანონოდ აფინანსებდა დღეს კანონიერი გზით აძლევს სააკაშვილს იმ თანხას რომლითაც `ნაციონალურმა მოძრაობამ~ უნდა აწარმოოს საარჩევნო კამპანია“.  

 

რობაქიძის განცხადებით, დღეს „აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც 2005 წლიდან თავს მოგვახვია აჭარის რევოლუცია სააკაშვილი-ივანიშვილის ტანდემით, კიდევ ცდილობს  აჭარა ხელში ჩაუგდოს ბერძენიშვილებს და „რესპუბლიკელებს“ რომლებიც ოდითგანვე ოცნებობდნენ ამაზე“.

 

ბათუმში დასახელებული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებიდან, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი არცერთი არ არის. ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი კაკო ძნელაძე კი ყოფილი რესპუბლიკელია: „როგორც ყოფილი კგბ-შნიკი არ არსებობს, ასევე არ არსებობს ყოფილი „რესპუბლიკელი“ – ამბობს დავით რობაქიძე და მოსახლეობას მოუწოდებს რომ არ მისცენ ხმა „ოცნების“ კანდიდატებს.

 

რაც შეეხება მოსაზრებას რომ „ლეიბორისტული პარტია“ მმართველი გუნდის თამაშს თამაშობს, დავით რობაქიძის განცხადებით, ეს ხელისუფლების მიერ მომწიფებული მოსაზრებაა.

ანტითურქულ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება


“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა.


ანტითურქული განცხადებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ისე მედია წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკოსთა მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები: აჭარა „უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან“, შეწყდეს „თურქული ექსპანსია“ რეგიონის ტერიტორიაზე და სხვა.


სამწუხაროდ, თურქოფობული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც. გამომსვლელები, საქართველოში სხვადასხვა ტიპის თურქულ საფრთხეზე საუბრობდნენ.


ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ასევე ხშირად ჟღერს მედია სივრცეშიც. მედია რიგ შემთხვევაში გვევლინება მსგავსი განცხადებების გამტარად, ხოლო რიგ შემთხვევებში თავად წარმოადგენს ავტორს.


„ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა?“ „აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“; „მხოლოდ თურქული დროშა“; „აჭარის აზიზიზაცია“. ამ და სხვა, მსგავსი სათაურებითაა მოწოდებული ტელე და ბეჭდვითი მედიის ზოგიერთი სიუჟეტი.


ზემოთაღნიშნული პროცესი  თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით: ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყობითაა დაკავებული.” – აღნიშნულია განცხადებაში.

კიბო, რომელიც წაბლს ანადგურებს

ბატონო არჩილ, უკვე დადგენილია თუ არა რა იწვევს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის მასობრივ ხმობას?

 

 

თავდაპირველად გავრცელებული იყო წაბლის მენაღმე ჩრჩილი ”კამერარია ორხიდელა”(cameraria ohridella) – ეს დაავადება 2006 წელს შევნიშნეთ. შემდეგ შევისწავლეთ და გავარკვიეთ, რომ ეს არის ინოვაზიური მავნებელი ანუ ახალი შემოჭრილია, რომელიც ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან გავრცელდა. ეს არის წაბლის მენაღმე ჩრჩილი, მწერი, რომელიც, ფოთლებზე შრეებს შორის ნაღმებს აკეთებს, იკვებება პარენქიმით ან სხვა ნივთიერებით, რის შემდეგაც ფოთოლი ჯერ ყვითლდება და შემდეგ ხმება. კამერარია ორხიდელა სხვათა შორის, ძალიან ლამაზი პეპელაა.

 

კონკრეტულად რა ადგილები შეისწავლეთ და სად ფიქსირდება მენაღმე ჩრჩილი? აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო 2010 წლის ანგარიშში წაბლის ხმობის მიზეზად სულ სხვა დაავადებას ასახელებდა…

 

 საერთოდ წაბლი ხმება საქართველოში ყველგან, სადაც კი არის გავრცელებული. 2010-2011 წლებში ვიყავი აჭარაში სპეციალურად წაბლის ტყეების შესასწავლად, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე დავათვალიერეთ დაავადებული წაბლნარები და იქაც ეს მავნებელი იყო გავრცელებული, თუმცა იმ პერიოდში მათი გავრცელების არეალი ფართო არ იყო. მინდა გითხრათ, რომ ნაღმები იყო ფოთლებზე, მაგრამ იმ სიმპტომებით, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, აღმოჩნდა სხვა მავნებელი – მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი.

 

 რაც შეეხება წაბლის კიბოს?

 

 დიახ, ეს არის დაავადება, რომელიც წაბლს ანადგურებს და არამარტო საქართველოში. წაბლის კიბო ანუ ”ტრიფონექტრია პარაზიდიკა”, რომელიც შვეიცარიული პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. დაავადება წაბლს ხორვატიის, მაკედონიისა და შვეიცარიის ტყეებშიც ანადგურებს. ამ ქვეყნების მეცნიერები უკვე სამი წელია შვეიცარიის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მის გამოვლენასა და შესწავლაზე ვმუშაობთ. ექვსი მეცნიერისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც კვლევას საქართველოს ტყეებში აწარმოებენ, მე ვხელმძღვანელობ. დღევანდელი მონაცემებით, ხმობა უკვე 50 პროცენტს აღწევს. ისე კი, საქართველოში წაბლის ტყეების 116 ათასი ჰექტარი ფიქსირდებოდა.

 

 2006 წლიდან დღემდე არ გამოიძებნა რაიმე საშუალება ამ დაავადების შესასუსტებლად?

 

პროექტი სამი წელია ამოქმედდა. ამ პერიოდში ჩვენ მოვიპოვეთ ჰიპოვირულენტური სოკო, რომელიც წაბლის კიბოს თრგუნავს ან აღარ აძლევს განვითარების საშუალებას, მას კი ზიანი არ მოაქვს. ჩვენი მიზანია, ხელოვნურად გავამრავლოთ, განვთესოთ ის ბუნებაში და სოკოს სპორების სახით გავავრცელოთ საქართველოს წაბლნარებში. ეს იქნება ბიოლოგიური ბრძოლა წაბლის დაავადების წინააღმდეგ. შემდეგ ეს სოკო, რომელიც წაბლის კიბოს უნდა შეებრძოლოს, სხვა მავნე მწერების ქარისა და ფრინველების საშუალებით მთელს წაბლნარში გავრცელდება.

 

 რა ვადებშია ეს შესაძლებელი ?

 

პირველ რიგში, გამხმარი ხეები უნდა მოიჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებას ვერც ჰიპოვენტური სოკოთი და ვერც ვერაფრით შეაჩერებ. იმიტომ, რომ ხდება სოკოს რეზერვაცია ანუ მისი უკან დაბრუნება და ხელახლა გავრცელება. გამხმარი წაბლის ტყიდან ამოღება უკვე კანონით არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის მონაწილეობით, მათი დასკვნის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. გარემოს დაცვის სამინისტრო კი ამის შემდეგ, ამ დასკვნის საფუძველზე გასცემს ნებართვას. გამხმარი ხე რომ უნდა მოიჭრას – ეს აქსიომაა, ხეს, რომელიც ახალად დაავადებულია ვთქვათ, ერთი ტოტი აქვს დაავადებული, შეიძლება უშველო. 2013 წლის დასაწყისში მთავრდება ჩვენი პროექტი, ამის შემდეგ კი ჩვენ გავაკეთებთ საბოლოო ანგარიშს, რა უნდა გაკეთდეს. შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტროს წარვუდგენთ.

 

 

წაბლის მასიური ხმობა ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს პირადად მისწერეს და მეტი ყურადღების გამოჩენა სთხოვეს. ეს წერილი 2010 წლის 1 ივნისით თარიღდება. ამავე წელს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის დაავადების შესახებ ინფორმაცია აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მუშაობის ანგარიშშიც მოხვდა.

 

მოხუცი უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს

  • ქალბატონო ტატიანა, რაზეა დამოკიდებული ჯანმრთელი დაბერება? 

ჯანმრთელი დაბერება დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე, ასევე პირობებზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. რაც უფრო კარგ პირობებში იცხოვრებს ხანდაზმული ადამიანი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. გენეტიკას აქვს მნიშვნელობა – ეს უდავოა, ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ თემაზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ჯანმრთელი დაბერება ნიშნავს, რომ მოხუცი ადამიანი არის აქტიური, შეუძლია იმავე ფუნქციის შერულება, რასაც ასრულებდა თავისი სიცოცხლის მანძილზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უნდა უხაროდეს სიცოცხლე. მოხუც ადამიანს ხშირად რამდენიმე პათოლოგია ერთდროულად აღენიშნება, ჯანმრთელი დაბერების შემთხვევაში ადამიანს არ უნდა აწუხებდეს დაავადება ან ექვემდებარებოდეს მკურნალობას. რა თქმა უნდა ამის თქმა ადვილია, მაგრამ შესრულება – ძნელი. საერთოდ, მიაღწიო სიბერეს – უკვე ეს არის ძნელი და როდესაც ჩვენ ვითხოვთ, ეს სიბერე იყოს ჯანმრთელი, ორმაგად და სამმაგად ძნელია.

  • რა პირობები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იყოს დღეგრძელი?

პირველ რიგში, ეს არის ოჯახური პირობები და ემოციური სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება _ არ არის აუცილებელი მწვადის, ხინკლისა და სხვა გემრიელი, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო საკვების მიღება. მთავარია, ადამიანმა მიიღოს საკვები, რომელიც ნაკლებად შეიცავს ქოლესტერინს, გლუკოზას… საკვები ძირითადად უნდა იყოს გაჯერებული ნახშირწყლებით. შაქარი და მარილი უნდა იყოს შემცირებული, მე არ ვამბობ აკრძალული. იგივე გლუკოზა საჭიროა თავის ტვინის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლისთვის, ხოლო მარილი იმისთვის, რომ მინერალურ ნივთიერებათა ცვლაში მიიღოს სწორი მონაწილეობა.

რძის პროდუქტებიდან ყველაზე სასარგებლოდ ითვლება მაწონი. იაპონელები იყვნენ დაინტერესებული ამ პროდუქტით დაახლოებით 80-იან წლებში, მიიჩნეოდა, რომ ეს პროდუქტი დღეგრძელობას უწყობს ხელს. საერთოდ საქართველო და განსაკუთრებით აჭარა, ყოველთვის იყო დღეგრძელობის კერა, ასევე აფხაზეთი და კახეთის რეგიონები.

ცხიმიანი საკვების უარყოფით გავლენაზე აღნიშნეთ, თუმცა მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, ხშირად იყენებენ ცხიმიან საკვებს, კარაქს, ცხიმიან ხორცს და ასე შემდეგ…

ე.ი. ამ შემთხვევაში მუშაობს გენეტიკური ფაქტორი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ხელს უწყობს იმავე ცხიმების გადამუშავებას. გენეტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წამყვანი და მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა.

  •  თქვენ ახსენეთ ემოციური სტატუსი, რადენად მნიშვნელოვანია მოხუცი ადამიანისთვის იგრძნოს თავი საჭიროდ? ხშირად სწორედ მოხუცებისადმი სიყვარულის გამო ოჯახის წევრებს არ უნდათ დატვირთონ მოხუცი, უნდათ ის აარიდონ საქმეს. ასეთი დამოკიდებულება სწორია?

აუცილებელია მოხუცმა თავი იგრძნოს საჭიროდ. მოხუცებული ადამიანი იმას კი არ ფიქრობს, რომ მას არ აწუხებენ, ის ფიქრობს, რომ აღარ არის საჭირო და არ უნდათ, რომ მან რამე გააკეთოს. ყველაზე მძიმე ეს არის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც პენსიაში დროზე ადრე გაუშვეს. ის თავს უფუნქციოდ გრძნობს, ძალიან ხშირად ემართება დეპრესია, ინფარქტი… და ეს ყველაფერი ემართება მოხუცსაც, რომელიც დარჩა უფუნქციოდ. შეიძლება მოხუცს უბრალოდ აზრი ჰკითხო და ამით მაინც აგრძნობინო თავი საჭიროდ. საქართველო ამით ფასობდა ყოველთვის, ოთხი თაობა ცხოვრობდა ერთ ოჯახში, დიდი მომხრე ვარ, რომ ეს ტრადიცია არ მოიშალოს ჩვენთან.

რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამართული ჯანდაცვის სისტემა? იაპონიაში, ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვის ზრდას სწორედ ამას უკავშირებენ…

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრევენცია, დროულად გამოვლენილი დაავადების შემთხვევაში მკურნალობა არის უფრო ადვილი _ ეს ფაქტია. დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში ისე ხდება, რომ ძირითადად დახმარება ეწევა ურგენტულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, ანუ როდესაც გამწვავებულია დაავადება,

და რაც მთავარია – მოხუცებულობა არ არის დაავადება, ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. დღეს, მაგალითად, გავსინჯე 88 წლის ადამიანი, რომ შეხედავთ, გეგონებათ 58 წლისაა. იმიტომ, რომ უვლის თავს. პირველად სტაციონარში შემოვიდა რამდენიმე დაავდებით, ორწლიანი მკურნალობის შედეგად და ოჯახის ხელშეწყობით, მივიღეთ შესანიშნავი შედეგი, ამ ასაკშიც შეიძლება ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა და მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

  • ზოგადად, ქალაქში უფრო დღეგრძელი ხალხი ცხოვრობს თუ სოფელში?

სამწუხაროდ არ ტარდება კვლევები, რომელიც ამის ზუსტად თქმის საშუალებას მოგვცემს. ერთი მხრივ სოფელში ის არის კარგი, რომ ნატურალური პროდუქტია და სუფთა ჰაერი, რაც ქალაქში არ გვაქვს, თუმცა ქალაქსაც აქვს თავისი პლუსები. როდესაც მოწყობილ კომუნალურ ბინაში ცხოვრობს მოხუცი, სადაც თბილი წყალი, ზამთარში გათბობაა – ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს მოხუცი, ქალაქსა თუ სოფელში, საქართველოსა თუ ახალ ზელანდიაში, მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, უნდა გრძნობდეს მათ სიყვარულსა და ყურადღებას.

  •  სად ცხოვრობს ყველაზე დღეგრძელი ხალხი?

საქართველოში – აჭარაში, მსოფლიოში – კორეასა და იაპონიაში.

  •  რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ქალები მამაკაცებზე ხანგრძლივად ცხოვრობენ?

ეს ასეა. ზოგადად მიიჩნევა, რომ მამაკაცები მავნე ჩვევების, ტრავმატიზმის გამო, ქალებზე გაცილებით ადრე იღუპებიან.  რაც შეეხება მიმდინარე წლის მოხუცების წლად გამოცხადებას, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა მარტო ეს წელი, ყველა წელი უნდა ეძღვნებოდეს ასაკოვან ადამიანს, რადგან უნდა გვახსოვდეს, დაბერება ელის ყველას.

ამომრჩეველი უკვე არარსებული ბარბიუსის ქუჩიდან

 

სხდომაზე, რომელიც ოლქში გუშინ, 12 აგვისტოს, 17 საათზე ჩატარდა,   „ქართულ ოცნებაში”  შემავალი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა,   მერი ცენტერაძემ და სოფიო კონცელიძემ, მათ მიერ მოძიებული  ფაქტების გამო,   საზღვრების დადგენის ფარგლებში კორექტირების შეტანა მოითხოვეს. დღეს ამ თემაზე განცხადება ”ქართული ოცნების” ბათუმის ოფისში გაკეთდა. ავთანდილ ბერიძის განმარტებით კომისიის  წევრებმა ამ ფაქტებს ყურადღება არ მიაქციეს და საზღვრები დაადგინეს. მისი განცხადებით, სხდომაზე მიღებული შესაბამისი განკარგულება  იქნება გასაჩივრებული ცესკოში.  ავთანდილ ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო სიებში აღმოჩენილი დარღვევები მას აფიქრებინებს, რომ   ნაციონალური მოძრაობა არარსებული ამომრჩევლის და არარსებული მისამართების ხარჯზე  გაყალბებისთვის ემზადება.



გაზეთი „ბათუმელები“ ბათუმის   79-ე ოლქის თავმჯდომარეს კახა ჯაიანს დაუკავშირდა.

კახა ჯაიანი: ”კომიისის წევრებმა  გადმოგვცეს კონკრეტული მისამართები და გვითხრეს,  საზღვრების დადგენის საკითხში შეგვეტანა კორექტირება. მაგალითად,  მათ თქვეს, რომ არ არსებობს ინასარიძის ქუჩა #14, არადა მე ვცხოვრობ  ამ  მისამართზე. კიდევ იყო ორი მისამართი, რომელიც გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ეს მისამართები არსებობს.  აქედან გამომდინარე, ძიება აღარ გავაგრძელეთ და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ყველა მისამართი გადაგვემოწმებინა. რაც შეეხება ბარბიუსის ქუჩაზე რეგისტრირებულ  ამომრჩევლებს, ჩვენ  კონსტიტუციით მინიჭებულ საარჩევნო ხმის უფლებას  ვერ წავართმევთ ამ მოქალაქეებს  და სიიდან ვერ ამოვიღებთ. მიმართონ  მამუკა კაციტაძის კომისიას.“



 „ქართულია თუ არა არაქართული ოცნება, თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამომრჩევლის  სიასთან დაკავშირებით, მათ კარგად იციან, რომ  უნდა მოგვმართონ ჩვენ. 1 აგვისტოდან დღემდე არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ მოუმართავს  მსგავსი განცხადებით. ამომრჩევლის სიიდან ამოღება ხდება ორ შემთხვევაში. ერთი – როცა ამომრჩეველი გარდაიცვლება და მეორე, როცა ამომრჩეველს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. შესაძლებელია მათ ვერ იპოვეს  ბარბიუსის ქუჩა, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ  ფაქტი  და მივაწოდებთ ინფორმაციას” -აცხადებს მამუკა კაციტაძე, რომელიც ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიას ხელმძღვანელობს.



„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ავთანდილ ბერიძე აცხადებს, რომ მათი მიზანია  საზღვრებში არ მოხვდეს  ის მისამართები, რომელიც არ არსებობს, მაგალითად ჯავახიშვილის ქუჩა ნომერი 5: ”ამ მისამართზე ალასანიას  უნივერსიტეტია და წესით აქ ამომრჩეველი არ უნდა ცხოვრობდეს, ამიტომაც  ჩვენ ვასაჩივრებთ  ოლქის მიერ მიღებულ განკარგულებას საზღვრებთან ერთად.”



ბარბიუსის ქუჩა ბათუმში ბულვარსა და ძველ სტადიონს შორის მდებარეობდა. ახლა აქ დაუსრულებელი „კემპინსკის“ სასტუმროს  შენობა დგას.

პარკური – ადრენალინი, სპორტი თუ გართობა

 

ანრი მექვაბიძე, 18 წლის: 11 წელი კარატეში ვვარჯიშობდი, თუმცა მერე შევეშვი და აგერ უკვე მეორე წელია პარკურით დავინტერესდი. მე და ნიკა ბავშვობის მეგობრები ვართ. თავიდან სამნი ვიყავით, ჩვენ ორნი და ჩემი ძმა უჩა, მაგრამ მას ეგ ნაკლებად აინტერესებს და იშვიათად მოდის სავარჯიშოდ.

 

ნიკა ქვირია, 15 წლის: ადრე ტანვარჯიშზე დავდიოდი, დაახლოებით 5 წელი, თუმცა მას შემდეგ, რაც ფილმ `მე-13 რაიონს~ ვუყურეთ, მე და ნიკამ გადავწყვიტეთ ძალები პარკურში მოგვესინჯა და დღეს არც თუ ურიგოდ გამოგვდის. პატარაობიდანვე გვიყვარდა ეზოში ”გარაჟებზე” ასვლა, იქედან გადმოხტომა, სირბილი, მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად მივუდექით ჩვენს გატაცებას.

 

ანრი: ჩვენი ჯგუფიც გვაქვს შექმნილი (GFთ-ქართული ფრიანის გუნდი), თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით მხოლოდ ორნი ვართ.

 

ნიკა: ადრე ბევრნი ვიყავით, თუმცა ზოგი თბილისში გადავიდა სასწავლებლად და ვარჯიშიც იქ გააგრძელა, ზოგმაც სიგარეტის მოწევა დაიწყო და თავი დაანება.

რთულია ასეთი ილეთების შესრულება?

 

ანრი: რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თუ გულით მოეკიდები საქმეს და თავდაუზოგავად ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა.

 

ნიკა: როდესაც ვვარჯიშობთ, ბევრი მოსულა, დაინტერესებულა, მაგრამ შემდეგ დასზარებია. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ერთი ვარჯიშით ბევრს მიაღწევს, რომ არ გამოსდით, თავს ანებებენ, ნებისყოფა არ ჰყოფნით.

 

ტრავმა ხშირია პარკურში?

 

ნიკა: კი, ძალიან ხშირია, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ სერიოზული არაფერი დაგვშავებია.

 

ანრი: ზოგს ადრენალინი აქვს მოჭარბებული, მაგრამ მას თუ აჰყევი, შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღო. თუ ფსიქოლოგიურად მზად არ ხარ ილეთის შესასრულებლად და დარწმუნებული არ ხარ რომ გამოგივა, არც უნდა გარისკო.

 

 ჩემპიონატები თუ ტარდება?

 

ნიკა: კი, ორი წლის წინ პირველი ჩემპიონატი გორში გაიმართა, თუმცა ჩვენ არ ვიყავით მაშინ მზად, ახლა კი ვფიქრობ, შეგვიძლია საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინოთ. საქართველოს პარკურის ფედერაციაც არსებობს. თვენახევრის წინ თბილისში პარკურ-პარკი გაიხსნა, სადაც ჩატარდება კიდეც ტურნირები.

 

ანრი: ზოგი რომ გვიყურებს რასაც ვაკეთებთ, შეუძლებლად მიაჩნიათ, მაგრამ თუ სურვილი და ჟინი გაქვს, შეუძლებელი არაფერია.

 

ყოველდღე ვარჯიშობთ?

 

ნიკა: საღამოობით პარკში (6 მაისის პარკი) გავდივართ, ან კოლონადებთან, ან დელფინარიუმთან ქვებზე და ასე ვთქვათ, ვიხვეწებით.

 

ალბათ, გეცოდინებათ, რომ პარკური აპრობირებულია საფრანგეთის სპეცრაზმებში, როგორც ეფექტური გადაადგილების საშუალება სამხედროთათვის…

 

ანრი: კი, ეგ ვიცით.

 

ილეთებს როგორ სწავლობთ?

 

ნიკა: ინტერნეტში ვუყურებთ ვიდეორგოლებს, არის სასწავლო რგოლებიც და იმის მიხედვით ვვარჯიშობთ.

ტურიზმი წყლის გრაფიკით

ქეთი ლაბაძის ფოტო
ქეთი ლაბაძის ფოტო

წელს წყალი უწყვეტად ბათუმის მხოლოდ იმ უბანს მიეწოდება, სადაც მიწისქვეშა ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა – ეს ქალაქის ცენტრია. რაც შეეხება გარეუბნებს, ბათუმის ამ ნაწილში წყალი პერიოდულად წყდება. მირანდა თურმანიძე, რომელიც ”ფარეხთან” ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ მის ოჯახს წყლის საქაჩი აქვს, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ეს პრობლემა: ”მაგრამ მეზობლებს საშინლად მოეწოდებათ – მხოლოდ 8-დან 10-მდე, ანუ ვისაც მატორი არ აქვს, ის მთელი დღე უწყლოდ არის ამ სიცხეში. ამას წინათ დღის 2 საათზე რომ შეწყდა წყალი, მეორე დღის 6 საათამდე არ გვქონდა. 

 

 

მე-5 სართულებზე უკვე ყველამ დაიდგა მატორი, რაც მე-2-3 სართულების უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას მათ ბუზღუნს. აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ძვირი ჯდება მატორი – ეს მოწყობილობა 180 ლარი ღირს. ამას ემატება ქსელი, რასაც ყოველთვიურად ემატება სოლიდური გადასახადი ელექტროენერგიისთვის”.
”ფარეხის” უბანში მოსახლეობას წყალი, ძირითადად, პირადი მოხმარებისთვის სჭირდება, ანუ ბათუმის გარეუბნებში მცხოვრებ ოჯახებს არ აქვთ გათვლა ტურისტების მიღებაზე.

 

სხვა მდგომარეობაა ნინოშვილის დასახლებაში, ანუ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზღვასთან სიახლოვის გამო ამ უბანში 9-სართულიანი კორპუსების მობინადრეთა უმრავლესობისთვის ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

 

ხიმშიაშვილის ქუჩის 35-ე სახლში მცხოვრები ნანა ბოლქვაძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვის ოჯახსაც წლიური ბიუჯეტის შევსება, ძირითადად, ტურიზმისგან მიღებულ შემოსავლებზე ჰქონდა გათვლილი. ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ დღემდე მხოლოდ სამი ღამით ჰყავდა ტურისტები.

 

ნანა ბოლქვაძე: ”15 დღის წინ მთელი 4 დღით შეგვიწყვიტეს წყლის მოწოდება. წყალკანალში გვითხრეს, რომ მათ სისტემაში პრობლემა არ აქვთ, ელექტროენერგიის ძაბვაა დაბალი და მატორს ვერ რთავენ. ენერგოპროში როცა დავრეკეთ, გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ და მერე საერთოდ აღარ გვიპასუხეს ტელეფონზე. სამი დღე ვითმინეთ, მერე ქუჩის გადაკეტვა გადავწყვიტეთ და პატრული გამოვიძახეთ. პატრული შეეხმიანა ბათუმის წყალს. პატრულის ჩარევიდან მეორე დღესვე ჩართეს წყალი, მერე ხუთი დღე ნორმალურად გვქონდა. ახლა როგორი გრაფიკია, ვერ მიხვდები. დილის პირველზე რომ ითიშება, 5-ზე მოდის, ზოგჯერ 9-ზე ან 11-ზე. ასეთ პირობებში ტურისტი არ გაგიჩერდება”.

 

ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ მას ტურისტების ორი ჯგუფი უკვე გაექცა სახლიდან.

 

ნანას მეზობელი ლიკა შარაშიძე წყლის მიწოდების გრაფიკის არარსებობით გამოწვეულ ყოფით პრობლემებზე საუბრობს: ”დღეს შევედი აბაზანაში და დასაპნული დავრჩი, წყალი შეწყდა. ვერ ვხვდებით, როდის არის წყალი და როდის _ არა. პატარა ბავშვი გვყავს და უწყლოდ ძალიან მიჭირს”.

 

ირაკლი სოფრომაძე, ბათუმის წყლის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში: ”მაგ უბანს წყალი 24-საათიან რეჟიმში 2013 წლის დასაწყისიდან ექნება. უბანი ძველ სისტემაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნასოსებზე არიან დამოკიდებული, ამიტომ იძულებული ვართ, გრაფიკზე გვყავდეს. ნასოსის მართვას კი თავისი სპეციფიკა აქვს. ინჯალოს რეზერვუარის ჩაბარებას ეწერება ხელი ამ დღეებში, ინჯალო როცა ამოქმედდება, კიდევ უფრო ბევრ ადამიანს მიეწოდება წყალი უგრაფიკოდ. სალიბაურის რეზერვუარი ძველ ბათუმს კვებავს”.

 

ირაკლი სოფრომაძე ”ბათუმელებთან” ხიმშიაშვილის ქუჩაზე წყლის მიწოდების გრაფიკს აზუსტებს: ”ამ უბანში გრაფიკია 8,30-დან 12-საათამდე (წესით, სამ საათამდე უნდა იყოს, მაგრამ ინჯალოს წყალი ვერ კვებავს სისტემას და ამიტომ რეალურად ასეა). საღამოს საათებში კი უბანს წყალი 6-დან 12-საათამდე მიეწოდება”.

სუიციდი ციხის საავადმყოფოში

რაულ დუმბაძე
რაულ დუმბაძე

 

დანაშაული, რისთვისაც რაულ დუმბაძე გაასამართლეს

საქმეში ფიგურირებს ორი ყირგიზი ქალი – დილდორა თეშებაევა და ნადირახან კორობაევა. ამ უკანასკნელს დილდორას პასპორტი ჰქონდა, რის სანაცვლოდაც 1000 დოლარს ითხოვდა (დილდორა თეშიბაევამ ჟურნალისტ ნანა ლეჟავას განუცხადა, რომ ნადირახან კორობაევა მას პროსტიტუციას აიძულებდა, რაზეც დილდორამ უარი თქვა). დილდორა თაშიბაევამ დასახმარებლად მიმართა თავის მეგობარს – რაულ დუმბაძეს. დუმბაძე და თეშებაევა ერთად მივიდნენ კორებაევას ბინაში პასპორტის წამოსაღებად, მაგრამ, რადგან ფული არ მიიტანეს, მან უარი თქვა პასპორტის მიცემაზე. რაულ დუმბაძემ ქალის შეშინების მიზნით დარეკა თავის ნაცნობ პოლიციელთან. კორობაევამ პასპორტი სადარბაზოში ისროლა.

 

გარდაცვლილი პატიმრის, რაულ დუმბაძის ადვოკატის, ირაკლი შავაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ ნადირახან კორობაევამ გაითამაშა ინსცენირება, თითქოს ის გაძარცვეს და პოლიციაში იჩივლა. ჩივილის შესახებ რაულ დუმბაძეს კიდევ ერთმა ყირგიზმა ქალმა შეატყობინა. რაული და დილდორა ამბის გასაგებად საკუთარი ფეხით მივიდნენ პოლიციაში, სადაც ორივე მათგანი დააკავეს.

 

ირაკლი შავაძე:”თავიდან საქმე დაიწყო ძარცვის ფაქტზე, მაგრამ შემდეგ დაკვალიფიცირდა, როგორც ყაჩაღობა…
ჩვენებაში ნადირახანი წერს, რომ რაულ დუმბაძემ და კიდევ ერთმა მამაკაცმა პირზე ხელი ააფარეს და ფული წაართვეს _ 1000 დოლარი. მან თავდაპირველად იცრუა და თქვა, რომ მუშაობდა, მაგრამ მისი ეს ჩვენება არ დადასტურდა. ვერც ფულის წარმომავლობა დაამტკიცა, იძახდა მეგობარმა მაჩუქაო. გამოძიებას ჯერ უთხრა, რომ თხილის სატეხით დაემუქრნენ, მაგრამ სასამართლოში ბრტყელტუჩა მოიტანა”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა, რაულ დუმბაძეს 14, დილდორას – 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მე-3 საპყრობილეში რაულ დუმბაძეს სცემდნენ და იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მან დანაშაული არ აღიარა.

 

გარდაცვლილი პატიმრის დედა- ლუბა დუმბაძე ამბობს, რომ საქმის ქუთაისის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, პროკურორები რომეო ტყაბლაძე და ზაზა მეტონიძე მას პროკურატურაში იბარებდნენ და მუდმივად საპროცესოზე ეჩიჩინებოდნენ. ”მეუბნებოდნენ, ოღონდ დასთანხმდი და ერთ კარგ რესტორანში ვიქეიფოთო. თამადა მე უნდა ვიყოო, ბრძანა ზაზა მეტონიძემ”, – წერს გარდაცვლილი პატიმრის დედა, ლუბა დუმბაძე წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიწერა.

 

საბოლოოდ ქუთაისის ციხეში მყოფი რაულ დუმბაძე დათანხმდა საპროცესო გარიგებას. მას 4 წელი და 10 დღე მიუსაჯეს. ირაკლი შავაძე: ”რადგან რაულს 4 წელი პირობითი ჰქონდა, ის დაუტოვეს, ყაჩაღობისთვის მხოლოდ 10 დღე მიუსაჯეს. ერთი წელი მიუსაჯეს დილდორას. სასჯელის გამოცხადების დროს მას მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა დარჩენილი მოსახდელი”.

 

 

სამართალი საპროცესო გარიგებასა და მართლმსაჯულებას შორის

გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ რაულ დუმბაძეს ბათუმის საპყრობილეში სცემდნენ, ხოლო ქუთაისის ციხეში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ლუბა დუმბაძე ამბობს, რომ გარდაცვლილმა ვერ გაუძლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში თვეების განმავლობაში მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რამაც მისი ფსიქიკა საბოლოოდ შეარყია.

 

რაულ დუმბაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის საქმეზე არ განხორციელებულა მართლმსაჯულება, რადგან პოლიცია, პროკურორები, სასამართლო, ადვოკატი მუშაობდნენ არა იმისთვის, რომ დაედგინათ სიმართლე, არამედ იმისთვის, რომ პატიმრისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენება იმ დანაშაულის შესახებ, რაც განსასჯელს არ ჩაუდენია. პატიმარი ამაზე დიდხანს აცხადებდა უარს, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. სწორედ ამიტომ, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი აპირებს უჩივლოს საქმის პროკურორებს, ასევე ციხის ადმინისტრაციას.

 

ლუბა დუმბაძე განსაკუთრებით პროკურორების – ზაზა მეტონიძისა და რომეო ტყაბლაძის თვალთმაქცობაზე ამახვილებს ყურადღებას: ”ეს ორი ადამიანი მიჩოქებდა – ოღონდ საპროცესოზე დაგვთანხმდით და მერე ყველაფერს გაგიკეთებთო. ოჯახის წევრებს იფიცებდნენ, შეწყალებას გაგიკეთებთო… საპროცესოს შემდეგ ჩემმა შვილმა პირველად რომ სცადა თვითმკვლელობა, ვთხოვე გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა და შესაწყალებელთა ჯგუფში მოეხვედრებინათ, მაგრამ ხელი მკრეს”.

 

რამდენად საფუძვლიანია ლუბა დუმბაძის პრეტენზიები? – ამის დასადგენად ”ბათუმელები” რომეო ტყაბლაძესა და ზაზა მეტონიძეს დაუკავშირდა. ერთმა პროკურორმა თქვა, რომ პრესცენტრში უნდა დავრეკოთ, მეორემ როგორც კი შეიტყო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გათიშა.

 

გარდაცვლილი პატიმრის დედას ლუბა დუმბაძეს პრეტენზიები აქვს ადვოკატ ირაკლი აბაშიძესთან. მისი აზრით, საპროცესო გარიგების გაფორმების პროცესში, ადვოკატი სამართალდამცავების თამაშის წესებს უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე პატიმრის უფლებებს.

 

ირაკლი აბაშიძე ამ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმება: ”ჩემი პატიმართან ურთიერთობის დროს ნამდვილად არ ყოფილა არავითარი ზეწოლა და სხვა დროს არ ვიცი. პირველ საპროცესოს პატიმარმა მოაწერა ხელი, მეც მასთან ერთად ვიყავი და მეც მოვაწერე, მაგრამ მერე უარი თქვეს. მართალია, პატიმარმა რაღაც ეტაპზე, მეორე ინსტანციაში უარი თქვა ჩემს მომსახურებაზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მე მომითხოვა. საპროცესო მერედაც მისი თანხმობით გაფორმდა”.
ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ირაკლი აბაშიძისგან პირველი საპროცესოს გაფორმების შესახებ ამბავი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ შეიტყო: ”ირაკლის ვკითხე, როგორ მოაწერე ხელი, როცა პატიმარი წინააღმდეგი იყო-მეთქი. განმიცხადა, პროკურატურამ მაჩვენა რაულის ხელმოწერა და მეც მოვაწერეო. ანუ არ დაინტერესდა, რა პირობებში მოიპოვა პროკურატურამ პატიმრისგან თანხმობა, რაც თავისთავად არ შეიძლება”.

 

ირაკლი შავაძე ამბობს, რომ რაულ დუმბაძის მიერ საპროცესო გარიგებაზე თანხმობის შესახებ როგორც კი გაიგო, ბათუმის ციხეზე წავიდა, დუმბაძესთან ერთად დაკავებულ მეორე პატიმართან _ დილდორა თიშიბაევასთან შესახვედრად: ”რადგან რაული ქუთაისში ჰყავდათ, ამბის გასაგებად დილდორასთან წავედი მე-3 საპყრობილეში. ავედი თუ არა, ირაკლი აბაშიძეც ამოვიდა პოლიციის პიკაპით. მითხრა, რომ დილდორასთან მიდიოდა საპროცესოს გასაფორმებლად”.

 

ოჯახის ჩარევის შემდეგ ქუთაისის სასამართლოს აღარ წარუდგინეს პირველი საპროცესო გარიგება – ოჯახმა ადვოკატ ირაკლი აბაშიძეზე უარი თქვა. საქმის მოსმენა უკვე დასრულებული იყო და სასამართლოს მხოლოდ გადაწყვეტილებაღა ჰქონდა გამოსაცხადებელი. ”მე საპროცესოს ხელს არ მოვაწერდი, ამიტომ მოსმენა გადადეს… პატიმართან შეხვედრა ვცადე, მაგრამ უკანონოდ შემიზღუდეს ეს უფლება -მითხრეს, რომ აცილება მომცა პატიმარმა… საბოლოოდ გადაწყვეტილების გამოცხადება ოთხჯერ, ანუ იქამდე გადაიდო, სანამ პატიმარს ჩემზე არ ათქმევინეს უარი. საქმეში ისევ ირაკლი აბაშიძე ჩაერთო და საპროცესოც გაფორმდა”, – ამბობს ირაკლი შავაძე.

 

რაულ დუმბაძე ადრეც იყო ნასამართლევი მარიხუანას მოხმარებისთვის. მისი გათავისუფლებისთვის დედამ 11 ათასი ლარი გადაიხადა. პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა ბათუმში ბინის დარეგისტრირება სცადა, რაზეც რეესტრმა უარი უთხრა. მათ აცნობეს, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ”დამატებით სასჯელად დანიშნული აქვს 4 ათასი ლარი”.

არა ლეგალიზაცია – ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია

ნატო თევზაძე
ნატო თევზაძე

 

 ლიბერალიზაციის მომხრეები აცხადებენ, რომ ბრძოლა უშედეგოა, ნარკოტიკების   მოხმარება თვითდაზიანებაა, მსუბუქი ნარკოტიკები ჯანმრთელობას მინიმალურ ზიანს აყენებენ, დასჯა სოციალურად რთული ჯგუფების იზოლაციას იწვევს, კანაფის კუსტარული პრეპარატების მოხმარება მასიურია და რეპრესიას მოსახლეობის კრიმინალიზაცია მოსდევს, თუ კანონით არ ისჯება ალკოჰოლის მოხმარება, ასევე უნდა იყოს მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ, ლეგალიზაცია ჩაახშობს ნარკობიზნესს.

 

მოწინააღმდეგეთა აზრით კი კანაფი ნარკოსამყაროს კარიბჭეა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია გაზრდის მოხმარებას, დამსჯელ ღონისძიებებს შემაკავებელი ეფექტი აქვს, კანონით ნარკოტიკების აკრძალვა მიმართულია არა იმდენად ნარკომანიით დაავადებულთა,რამდენადაც არამომხმარებეთა მიმართ, ე.ი. პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს, კანონის მასობრივ დარღვევას, რაც ნარკომანიით დაავადების ზრდაშია ასახული, კანონის გაუქმება კი არა, პრობლემის გადასაჭრელად კონსოლიდაცია უნდა მოყვეს, ალკოჰოლის მოხმარება მის საგემოვნო თვისებებს უკავშირდება – ზიანი მხოლოდ ჭარბ მოხმარებაშია, ლეგალურად და არალეგალურად ნარკოტიკების დაყოფა ხელს არ უშლის ნარკომომხმარებელს ერთიდან მეორეზე გადასვლაში, ლეგალიზაციის გამო მოხმარების პროგნოზირებადი მატება დამნაშავეობის ზრდას გამოიწვევს, იმატებს პრობლემები სამართალდამცავ, სასამართლო ორგანოებში, ლეგალიზაციით დაკარგული ნარკობაზრების ნაცვლად გაძლიერდება სხვა ბაზრები, გაჩნდება ახალი, კანონით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო მოხმარების ლეგალიზაცია კაპიტულაციის ტოლფასია.

 

მსჯელობის საგანია კანონის ლიბერალიზაციის ფორმები: დეპენალიზაციისას ნარკომოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სასჯელის ზომად პატიმრობა არ გამოიყენება. დეკრიმინალიზაციისას – განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ლეგალიზაციისას არ ისჯება.

 

საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება: გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, დანიის, რუსეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის კანონმდებლობით ნარკოტიკების მოხმარება დეკრიმინალიზებულია, შეერთებულ შტატებში, კანადაში, იზრაელში ნებადართულია კანაფის სამედიცინო მოხმარება. საფრანგეთში მოქმედებს დეპენალიზაციის პრინციპი. ამასთან პორტუგალიაში 2001 წელს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას 2008 წელში ჩატარებული ანალიზით ნარკომანიით ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება, მკურნალობისათვის მომართვათა ზრდა მოყვა და თუმცა რუსეთში ზოგადად დეკრიმინალიზაციას, ჰოლანდიაში კანაფის ლეგალიზაციას (1984-1992 წლებში ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები გაიზარდა 40%-ით, ძარცვა 69%-ით, ავტომობილების გატაცება 62%-ით) უარყოფითი შედეგები ჰქონდა, ჩეხეთში კანაფის დეკრიმინალიზაციამ საერთო კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება გამოიწვია.

 

სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ნარკოტიკის ორგანიზმში მოხვედრის გზები და გარდაქმნის თავისებურებები: კანაფის პრეპარატებს ეწევიან, ამიტომ არ არის გამორიცხული პასიური მოხმარება. ამას აღიარებენ სპეციალისტები. კანაფში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებები კანაბინოიდები ცხიმში კარგად იხსნებიან, ორგანიზმში მოხვედრისას ლაგდებიან ცხიმოვან ქსოვილებში, ერთჯერადი მოხმარებისას 10 დღის, ინტენსიური მოხმარების შემდეგ კვირეებისა და თვეების განმავლობაში გამოიყოფიან სხეულიდან. ჰეროინის, კოდეინის შემცველი საშუალებების ზემოქმედება კლინიკურად მოხმარებიდან 6-8 საათი გრძელდება, შარდში მათი გარდაქმნის პროდუქტების აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ 6-8 საათის შემდეგ. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის მცდარი პასუხისმგებლობა კანაფის პასიური მოხმარებისას, კანაფის ინტენსიური მოხმარების შემდეგ მიუხედავად ნარკოტიკის აღკვეთისა და ბოლოს მხოლოდ კლინიკურად-ლაბორატორიული დასტურის გარეშე ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის დადგენისას. (არანარკოტიკული ფსიქოტროპული ნივთიერებების ანალოგიური ეფექტების გამო ცდომა არ არის გამორიცხული).

 

ყველაფერი ეს კანონმდებლობის ლიბერალიზაციისათვის საკმაო საფუძველია. ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია მისაღები ნაბიჯია. არა ლეგალიზაცია, (ეს პანდორას ყუთია! დაუშვებელია! გაიხსენეთ ჰოლანდია, ალკოჰოლი, თამბაქო!) არამედ კანაფის დეკრიმინალიზაცია – ვიფიქროთ ამაზე.

 

შემოსულ წერილებში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს გაზეთ ”ბათუმელების” პოზიციას.

“ნაციონალური მოძრაობის” დახურული შტაბი და ინტერვიუ რეპორტაჟის ნაცვლად

„თუ შტაბიდან გინდათ რეპორტაჟის გაკეთება, ეს უნდა შეთანხმდეს“ – ასეთი იყო რეგიონალური ლიდერების პასუხი „ბათუმელების“ თხოვნაზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გელა დეკანაძე და ”ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ვერ წყვეტენ, ბათუმში, ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ჟურნალისტის შეყვანის საკითხს.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ”ბათუმელების” ჟურნალისტი ერთი დღის განმავლობაში დააკვირდებოდა წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის შტაბის მუშაობას, ვერც ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ შტაბში მიიღეს.

გადავწყვიტეთ, რომ რეპორტაჟის ნაცვლად ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს წევრ პეტრე ზამბახიძესთან დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში ჩაგვეწერა. 

პეტრე ზამბახიძე
პეტრე ზამბახიძე

 

–  ბატონო პეტრე, რამდენადაც ცნობილია, ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან გია ბარამიძე იქნება. ჩვენთვის ცნობილია, რომ განიხილებოდა ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის კანდიდატურაც. გია ბარამიძის სასარგებლოდ ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება?


– ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს სამი კრიტერიუმით ვარჩევთ, ეს არის კვალიფიკაცია, უნდა ჰქონდეს კარგი წარსული, უნდა იყოს წარმატებული. გია ბარამიძე აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს. მას ბევრი რამ აკავშირებს ბათუმთან, სწავლობდა ბათუმში და აქ ჰყავს ნათესავები. რაც შეეხება რობერტ ჩხაიძეს, ისიც იქნება ალბათ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბათუმში.

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის?

 

– არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ კანონი ითვალისწინებს ერთი თვის ვადაში ცნობილი გახდეს როგორც მაჟორიტართა ვინაობა, ასევე პროპორციული სიის შემადგენლობა. ამას საბოლოოდ პარტია გადაწყვეტს.

 

იქნება თუ არა ომარ მეგრელიძე ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შუახევში და რა დამსახურებისთვის წარადგენთ მას?

 

– ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას, ვინ იქნება შუახევში კანდიდატი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

თქვენი პარტია ატარებს კვლევებს. თქვენ ეკითხებით ბათუმელებს, დაუჭერენ თუ არა მხარს გია ბარამიძის კანდიდატურას. რეალურად საზოგადოების განწყობა გაინტერესებთ, თუ ეს ერთგვარი ხერხია საზოგადოების აზრზე ზემოქმედების? ამ კვლევის ფარგლებში თქვენ მოქალაქეებს კანდიდატის შერჩევის საშუალებას არ აძლევთ?

 

– ეს კარდაკარის ფარგლებში ხდება. სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, მანამდეც ჩატარდა კვლევები, რამაც აჩვენა, რომ გია ბარამიძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა ბათუმში და მას უჭერდნენ მხარს.

 

 ანუ, კარდაკარის ფარგლებში კითხვას: „დაუჭერთ თუ არა ბარამიძეს მხარს კანდიდატად” თუ უარყოფით პასუხს გასცემენ, ეს არაფერს შეცვლის?

– ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, საბოლოოდ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. თუ კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი, ამაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ.

 

უკვე ცნობილია თქვენი საარჩევნო დაპირება _ 1000-ლარიანი ვაუჩერი ყოველ ოჯახს. რამდენად მორალურად მიგაჩნიათ ფულის გაცემის დაპირება? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ტოლფასია.

– აქ თანხა არ არის. ეს იგივე სისტემაა, რაც აქამდე არსებობდა. იყო 30-ლარიანი ვაუჩერი, იყო 40-ლარიანი ვაუჩერი… ადამიანებისათვის, რომელთაც არა აქვთ სამსახური, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვაუჩერი 4 წელზეა გათვლილი, მისი გამოყენება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით, სანამ თითოეული ადამიანის ოჯახში შეაღწევს დასაქმება. ამ ტიპის პროგრამები მნიშვნელოვანია და მე მასში ვერ ვხედავ ცუდს.

 

თქვენი სლოგანია – „მეტი სარგებელი ხალხს“. თქვენი გუნდი ჰპირდება მოქალაქეებს, რომ განახევრდება უმუშევართა რაოდენობა. შეგახსენებთ თქვენს დაპირებას გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს. მაშინ თქვენ მოსახლეობას დაჰპირდით: „50 თვე – საქმე ლაპარაკის ნაცვლად”. თქვენს ამ გეგმას საქართველო უნდა ეხსნა სიღარიბისგან, გავიდა ოთხი წელი და უმუშევართა სტატისტიკა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. რატომ ვერ შეასრულეთ დაპირება?

 

– მე გეტყვით ერთ რამეს, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი. დღეს ხომ უფრო მეტია დასაქმებული, ვიდრე ეს იყო ადრე.

 

 დასაქმების სტატისტიკის თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესი არ არის. მათ შორის ვგულისხმობ საქსტატის სტატისტიკასაც…

 

– შეგეკამათებით, იმიტომ, რომ სტატისტიკას ბევრი ციფრი აქვს, იქ არის ბევრი ფორმულა და კვლევა. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ეს არის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ შრომის უნარი, ჰქონდეთ შრომის ანაზღაურება, რომ არჩინონ ოჯახები.

 

 ამონარიდს წაგიკითხავთ თქვენი 2008 წლის საარჩევნო პროგრამიდან: ”გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა, დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს. აფხაზებთან და ოსებთან ერთად გაეროს ფორმატში შემუშავდება რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატი.” არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის. დღეს უფრო მეტია ოკუპირებული ტერიტორია, ვიდრე იყო მაშინ. რა პასუხი აქვს თქვენს გუნდს ამ კითხვაზე?

 

– აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია, არის ქვეყნის ინტერესებისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს. ბევრი რამ გაკეთდა სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით, ასევე მინდა გაგახსენოთ ჰილარი კლინტონის ბოლო განცხადებები, გეგმის ყველა პუნქტი სრულდება თანდათანობით. კონკრეტული თარიღის თქმა და დაპირება, არასწორია, სხვა პარტიებს არ აქვს გეგმები გაცხადებული. საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა.

 

 თუმცა 2008 წელს ვერ იქნა ქვეყნის უსაფრთხოება დაცული და ეს ხელისუფლების პრეროგატივა მაშინ არ იყო?

 

– მე მგონი უნდა მიმართოთ იმ დამპყრობელს, ვინც 2008 წელს ეს ჩაიდინა. ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ. დაიდო უამრავი დასკვნა, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.

 

თქვენ დაჰპირდით ასევე ამომრჩეველს, რომ საშემოსავლო გადასახადი 25 %- დან 15 %- მდე შემცირდებოდა. დღეს საქართველოს მოქალაქეები იხდიან შემოსავლის 20% -ს . თავის დროზე არასწორი გათვლა მოხდა, თუ რატომ ვერ შეასრულეთ ეს დაპირება?

 

–  ჩვენ შევასრულეთ დაპირება, საშემოსავლო გადასახადი ახლა 20 პროცენტია, მაგრამ კანონის დონეზე უკვე მომზადებულია, რომ საშემოსავლო გადასახადი გახდეს 15%. ეს ეტაპობრივი პროცესია. არავინ დაჰპირებია, რომ 2008 წლიდან ამოქმედდებოდა, ოთხი წელი ხომ ჯერ არ არის გასული.

 

2008 წლის საარჩევნო პროგრამის ფარგლებში `ნაციონალური მოძრაობა~ დაჰპირდა მოსახლეობას, რომ სრული სიმძლავრით ამოქმედდებოდა ფოთის ინდუსტრიული ზონა. თქვენ მოსახლეობას 35 000 ადამიანის დასაქმებას დაჰპირდით. რატომ ვერ მიიღეთ შედეგი?

 

– ყველა ამ კითხვაზე პასუხი მე ხომ ვერ მექნება. რა თქმა უნდა, ფოთის ინდუსტრიული ზონა კარგი ინიციატივაა და ჩემი ინფორმაციით, ამ ინიციატივამ გაამართლა.

 

 პრეზიდენტმაც კი განაცხადა, რომ როგორც მოელოდნენ, ისე არ გაამართლა ფოთის ინდუსტრიულმა ზონამ. ”საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის, თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა…

 

– არ მომისმენია სააკაშვილის ეს განცხადება. უპრიანია ვისაუბროთ უმაღლესი საბჭოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე, რადგან მე წარმოვადგენ ამ ორგანოს. თქვენთვისაც და მკითხველისთვისაც სჯობს, რომ ამ კითხვებზე პასუხები მივიღოთ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქვეყნის მასშტაბით აქვს ამის კომპეტენცია.

 

 აუცილებლად შეგახსენებდით დაპირებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო პროგრამიდან, მაგრამ ასეთი რამ ვერ მოვიპოვეთ. და ბოლოს, გარკვეული გაქვთ თუ არა თქვენი ადგილი, რომელ სიაში იქნება პეტრე ზამბახიძე?

 

– ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ადგილს. მთავარია, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა მივიდეს ხალხთან.

აჭარაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლას არ ადასტურებენ

ნათია ზოიძე

 

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს რესპუბლიკელ  პაატა ზაქარეიშვილის კანდიდატურაც, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატად  წყალტუბოს რაიონში წარადგინა.  „ბათუმელები”  პაატა ზაქარეიშვილს  ინფორმაციის გადმოწმების მიზნით დაუკავშირდა. „სიმართლე გითხრათ, გავრცელებული ხმების  შესახებ  მეც მითხრეს, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა  მაქვს შტაბთან, ჩემთან ეს საკითხი ოფიციალურად  არავის დაუსვამს, არც იმის თქმა შემიძლია ვის ინტერესებში შედის ამ ინფორმაციების გავრცელება და რა არის მისი მიზანი.“ – განმარტა ზაქარეიშვილმა.


მაჟორიტარი კანდიდატების  სიაში კორექტირების შეტანის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც  გააკეთა.

ინფორმაცია კანდიდატების გამოცვლის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”ივერონმა” გაავრცელა: „წყალტუბოსა და ხაშურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები პაატა ზაქარეიშვილი და ვალერი გელაშვილი შესაძლოა კოალიციის სხვა წევრებმა ჩაანაცვლონ.” 

 

“ივერონის” ინფორმაციით, ზაქარეიშვილის და გელაშვილის გარდა კოალიციაში ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად კიდევ ოთხი მაჟორიტარობის კანდიდატის შეცვლის საკითხი განიხილება.  კერძოდ, “ქართული ოცნებიდან” დეპუტატობისთვის სავარაუდოდ აღარ იბრძოლებენ, ხარაგაულში – ნოდარ ებანოიძე, ხულოში – ზია საგინაძე, ქობულეთში – ფატი ხალვაში და ოზურგეთში – ზვიად კვაჭანტირაძე.“

სააგენტოს რედაქტორმა, მალხაზ ომიანმა ”ბათუმელებთან”  განმარტა, რომ ინფორმაცია   კულუარულ წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა.  

თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

საქართველოში თურქული „იშ ბენკი“ ფილიალს ხსნის. ბანკის პირველი ფილიალი ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნება.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „იშ ბანკმა“ ლიცენზია ბათუმში ბანკის ფილიალის გახსნის თაობაზე 2012 წლის 13 ივლისს მიიღო. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ, რომ თურქულ უნივერსალურ ბანკს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი 2010 წლიდან ჰქონდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკი 1924 წელს დაარსდა. ბანკი აქტიურად საქმიანობს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე. საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორში.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, „იშ ბანკი” საქართველოს ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება: „პირადად შევხვდი „იშ ბანკის“ წარმომადგენლებს და გავეცანი იმ სტრატეგიას, რომლის განვითარებასაც ბანკი საქართველოს ბაზარზე აპირებს. ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლები უფრო დეტალურად პრეზენტაციაზე ისაუბრებენ“.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ფილიალს თბილისის ნაცვლად რეგიონში ხსნის. გვასალიას განმარტებით, „იშბანკმა“ აჭარა საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე შეარჩია: „ბანკის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარა. რეგიონში საინვესტიციო გარემო არის მომგებიანი. თვალში საცემია ტურისტული ზონა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ფილიალს დედაქალაქშიც გახსნიან. „იშ ბანკს“ 18 ქვეყანაში აქვს ფილიალები და მათი რაოდენობა 1200-ზე მეტია“.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკში 24 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. მისი აქტივები შეადგენს 89 მილიონ დოლარს, რაც თურქეთის ბაზრის 13,9 პროცენტია.

 

ბანკი დსთ–ს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. „იშბენკმა“ ამ ქვეყნებში მსხვილი ბანკების აქტივები შეიძინა. როგორი იქნება „იშბენკის“ სტრატეგია საქართველოში, ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესახებ თავად ისაუბრებს.

 

თურქული „იშბენკის“ შემოსვლამდე, საქართველოს ბაზარზე, 2012 წლის მაისში გერმანული „კომერცბანკი“ შემოვიდა. ბანკმა ჯერჯერობით, მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნა და ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. გერმანულ `კომერცბანკს~ წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს. 2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზის ბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.
ახლახან საქართველოს ბაზარი დატოვა ბრიტანულმა ბანკმა HSBC -იმ. ბანკის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის 18 ივლისს დასრულდა. ბანკი მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე საქმიანობდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ მომგებიანად არ ჩათვალა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2012 წლის ივლისის სტატისტიკით ბაზარზე 19 ბანკი ოპერირებს. აქედან საკუთარი ფილიალი საქართველოში თურქულ (HALYK BANK,Ziraat Bank), აზერბაიჯანულ (The International Bank of Azerbaijan) და გერმანულ (Procredit Bank) ბანკებს აქვთ.

 

ნინო ნატროშვილი

 

რა უჯდება აჭარის ბიუჯეტს უმაღლესი საბჭოს არჩევნები

ნათია ზოიძე

 

უმაღლესი  საარჩევნო კომისია საარჩევნოდ გამოყოფილ  თანხას  კაპიტალური ხარჯებისთვის დახარჯავს. როგორც უსკოს კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ განმარტა, უსკო შეისყიდის ტექნიკას,  მათ შორის მრავალფუნქციურ პრინტერებს, ასევე თანამედროვე ხმის მისაცემ კაბინებს. ამისთვის თანხა ცესკოსაც  აქვს გამოყოფილი.

უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილი თანხიდან  ფული  დაიხარჯება  რეკლამირებისთვის. ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა კომისია აქვს უფლება თანხის გაცემის დროს  ერთპირთან მოლაპარაკების ფორმაც გამოიყენოს.


ამავე თანხაშია  გათვალისწინებული   უსკოს კომისიის წევრების ანაზღაურებაც.  


ვინაიდან საარჩევენო კომისია არჩევნების პერიოდში  არასამუშაო დღეებშიც მუშაობს,   კანონი იძლევა საშუალებას უსკოს თანამშრომელებმა  მიიღონ  გაორმაგებული  შრომის ანაზღაურება საარჩევნო პერიოდში.

დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ საოლქო კომისიის წევრებიც, გაორმაგებული  თანამდედობრივი სარგოს სახით. მათი ხელფასი საშუალოდ შედგანს 650 ლარს, არჩევნების პერიოდში  კი ეს თანხა გაორმაგდება.


უსკოს დაფინასებას  ვერ მიიღებენ  მხოლოდ  საუბნო კომისიის წევრები. ასე რომ ბიუჯეტის  თანხა  მხოლოდ საუბნო კომიის წევრების ხელფასის ხარჯზე დაიზოგება.


უსკოს მიმდინარე წლის ხარჯი დაახლობით ნახევარმილიონ ლარს შეადგენს.


ისეთ შემთხვევაში, როცა ორი  არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, უბნის  და ოლქის ფუნქციას ასრულებს საპარლამენტო არჩვნებისთვის შექმნილი უბანი და ოლქი, ანუ საზღვრები დგინდება  საპარლამენტო არჩევნებისთვის.


უსკო  კი ღებულობს აქტებს, რომელიც საჭიროა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისთვის, საარჩევნო ბიულეტინის  ფორმის დამტკიცება, დამკვირებლების და სუბიეტების რეგისტრაციაში გატარება  და ასე შემდეგ.


შემაჯამებელ ოქმს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვნებისთვის  უსკო ადგენს. 

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია

ნათია ზოიძე

ამომრჩეველთა სია ”ბათუმელებს” უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიაწოდეს. წელს პირველად პასუხისმგებლობა სიის დაზუსტებაზე  ცესკოს და უსკოს აღარ  ეკისრებათ.  ეს ფუნქცია ამორჩეველთა სიის  დაზუსტების  სახელმწიფო კომისიამ აიღო საკუთარ   თავზე, რომელსაც მამუკა კაციტაძე  ხელმძღვანელობს. ამ  კომისიის ფუნქციონირება  ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდა. ამომრჩეველთა სიაში კორექტირებების შეტანის ვადა ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. 


2012 წლის არჩვნებითვის ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით.

ბათუმის 79-ე ოლქი-   131 756 ამომრჩეველი

ხელვეჩაურის 83-ე ოლქი  – 46 796  ამომრჩეველი

ქობულეთის  81-ე ოლქი -69 353 ამომრჩეველი

შუახევის 82 -ე  ოლქი – 15 311 ამომრჩეველი

ქედის 80-ე ოლქი -15 882 ამომრჩეველი

ხულოს  84 -ე ოლქი – 24  891 ამომრჩეველი

 

2008 საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა ოდენობა ოლქების მიხედვით:

ბათუმის 79- ე ოლქი – 99  691

ხელვეჩაურის 83-ე ოლქი  – 72  010

ქობულეთის  81-ე ოლქი -67 160

შუახევის 82 -ე  ოლქი – 15 176

ქედის 80-ე ოლქი -15 335

ხულოს  84 -ე ოლქი – 23 ,845

უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა

ნათია ზოიძე

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  აცხადებენ, რომ ამ სუბიექტებმა   მხარდამჭერების სია ვერ წარმოადგინეს. არაკვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს სხვა დოკუმენტების წარდგენასთან ერთად  რეგისტრაციისთვის, კანონის თანახმად, სჭირდებათ მინიმუმ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა.

ლევან ქიძინიძის პარტია მხოლოდ აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას. პარტიას ოფისი მხოლოდ  ბათუმში აქვს, პარტიის წარმომადგენელი ინეზა მორჩილაძე აცხადებს, რომ ხარვეზის შესახებ მათ ეცნობათ და ამ წუთას მხარდამჭერების სიის შეგროვებით არიან დაკავებული, რაც შეეხება ლევან ქიძინიძეს, ის ისევ გერმანიაში ცხოვრობს. ასლან აბაშიძესთან დაპირისპირების შემდეგ ბიზნესმენი ქიძინიძე აჭარაში 2004  წელს დაბრუნდა და კენჭს მშობლიურ რაიონში იყრიდა. მან მაშინ საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა.

როგორც ხალხის პარტიის რეგიონული ლიდერი ჯუმბერ თავართქილაძე აცხადებს, მათ  აქვთ უკვე მზად  მხარდაჭერთა სია და  წარსადგენი  ვადის ამოწურვამდე შეიტანენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს  სულ 17 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა. ესენია: ლეიბორისტური პარტია, ახალი მემარჯვენები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, საქართველოს ევროპელი დემოკრატები (პაატა დავითაიას დაფუძნებული პარტია, რომელიც გასულ არჩვნებზე  „ჩვენ თვითონ” -ს სახელწოდებით იყრიდა კენჭს, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო, ქართული დასი, ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

ეს პარტიები  უკვე დარეგისტრირდნენ. ერთი თვის ვადაში პოლიტიკურ სუბიექტებს ბლოკებად ჩამოყალიბების ვადა აქვთ. ჯერჯერობით  საჯარო განცხადება  ბლოკად გაერთიანებაზე მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცხადებული.

ნინო ბურჯანაძის პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 


გამგზავრება ნახიჩევანში

 

ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს წარმომადგენლების თქმით, ნახიჩევანის რეაბილიტაციის ცენტრი საბჭოთა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თავისი სამკურნალო ეფექტიდან გამომდინარე. ბათუმელი ბავშვები, სწორედ იქ, მაგრამ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრში 11 დღეს დარჩებიან.
მართალია, ბავშვებმა ზუსტად არ იცოდნენ ვისი ძალისხმევით მოხვდნენ აზერბაიჯანში გასამგზავრებელთა ჯგუფში, მაგრამ ეს დიდად არც ანაღვლებდათ. თუმცა, ცენტრში დასვენების, მკურნალობისა და გართობის პერსპექტივით გამოწვეული ეიფორია ყველას სახეზე ეხატა. ბევრი მათგანი საერთოდაც პირველად გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ერას მოედანზე ბავშვების გასაცილებლად მშობლებთან და ჟურნალისტებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული ჰუსეინ ნაჯაფოვიც იმყოფებოდნენ.
ბავშვებთან ერთად ნახიჩევანში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაემგზავრნენ.

”მივხვდი, რომ დიდ ფარსში ვცხოვრობ”

 

ცენტრალურმა არხებმა ზუსტად იცოდნენ, როდის ჩადიოდა ბეშუმში პრეზიდენტი – ისინი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. ჩვენ როგორც კი ჩავედით, ძალადობა ეგრევე დაიწყო… დაცვამ გასაქანი არ მოგვცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო პრეზიდენტის პირადი დაცვა. მესმის, პირად დაცვას პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით, რაღაცა აკრძალვები აქვს, შეიძლება ვერ მოზომოს და ხელი გაგკრას, მაგრამ ჩვენ გადაღებას გვიკრძალავდნენ, გვავიწროებდნენ გაუგებარი ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ არიან ”თანამშრომლები”. 

 

კადრი ვერ გადავიღე, პრეზიდენტის ვერც ერთი სინქრონი ვერ ჩავწერე – დაცვამ პრაქტიკულად გადაგვთელა. დამეკარგა მიკროფონის ლოგო, ოპერატორს ვერ ვპოულობდი. თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ეს ძალადობად არ ჩამითვლია. მერე სიტუაცია დამშვიდდა.

 

ყველაზე უფრო მაშინ დაიძაბა სიტუაცია, როდესაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები წამოვიდნენ, ხოლო საკონცერტო მოედანთან შეკრებილ ადამიანებს გამოეყო ”მე მიყვარს საქართველოს” მაისურიანი 200-მდე ადამიანი, სულ მამაკაცები. მათ შორის ერთი იყო ქალი, რომელმაც მე დამარტყა. სამწუხაროდ, ამ ადამიანის სახე ვერ დავაფიქსირე…
შევამჩნიე, რომ ვიღაცა მე-9 არხის ჟურნალისტს უპირებდა დარტყმას. გადავწყვიტე, მივასწრებ და კამერის წინ ეს ადამიანი გაჩერდება-მეთქი. ვკითხე, რატომ ძალადობდა. მობრუნდა ეს კაცი და ჯერ ოპერატორს დაუპირა კამერის წართმევა, მერე მე მხარში მთელი ძალით ჩამარტყა. მერე ქალმა დამარტყა მართლა უმიზეზოდ, გაუგებარი იყო მოტივი. მას ავედევნე, ვინ ხარ-მეთქი და მეორედ ჩამარტყა.

 

მე იმ შემთხვევებს არ ვყვები, როცა სხვას ეჭიდავებოდნენ და მე მხვდებოდა ხელი. მართლა მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იყო ეს დარტყმები. მართალი გითხრათ, ლოგიკას, თუ რატომ აკეთებდნენ ამას, ან რას ითხოვდნენ ჩვენგან, ვერ მივხვდი.

 

ერთ შემთხვევაში ძალიან შემეშინდა – სრულიად მშვიდ სიტუაციაში, როცა ”ქართული ოცნების” ხალხმა ტერიტორია დატოვა, დავრჩით ჩვენ, ჟურნალისტები და ქართული ოცნების 15 აქტივისტი. ჩვენც წამოსასვლელად ვემზადებოდით. ამ დროს დაახლოებით 20-30 კაცი ჩამოვიდა მანქანის ირგვლივ და ხელის კვრით გვიყვიროდნენ გაეთრიეთო. ერთი მამაკაცი, რომელიც მთვრალი იყო, მე მიყვიროდა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე მელაპარაკეო. მერე ნათია როყვას მოუქნია ხელი. ამ მომენტში უკვე მივხვდი, რომ ჩვენ გვერჩოდნენ და იძულებული გავხდი, დამეწყო ყვირილი, – პოლიციას ვეძახდი.
პოლიცია გვიყურებდა, ეს კაცები როგორ გვდევნიდნენ. მე კი ვეძახდი, რომ დაგვხმარებოდნენ. აი, მაგ დროს მეგონა, რომ გადაგვთელავდნენ, რადგან მამაკაცები იყვნენ აბსოლუტურად უკონტროლო, ერთი კი ძალიან მთვრალი იყო. დაახლოებით მე-9 დაძახებაზე პოლიცია როგორც იქნა დაიძრა. ჩემს ოპერატორს ვთხოვე, კამერა ჩაერთო და დაგვეფიქსირებინა, სამი-ოთხი წუთის განმავლობაში როგორ ვთხოვდით პოლიციას დახმარებას, ამ ადამიანების მოშორებას, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდნენ…

 

პოლიცია როცა მოვიდა, ისინი არ გაუჩერებია, მე მეუბნებოდნენ, რომ დავმშვიდებულიყავი. მე რატომ ვიყავი დასამშვიდებელი, ვერ ვხვდები… ისინი პოლიციის თანდასწრებითაც გვკრავდნენ ხელს და გვეძახდნენ, აქედან გაეთრიეთო. მოვთხოვე პოლიციას, წრე გაეკეთებინათ ჩვენ დასაცავად. როცა რამდენჯერმე გავიმეორე ერთი და იგივე მოთხოვნა, პოლიციამ მაშინ ჩაკიდა ხელები ერთმანეთს და წრე შემოგვარტყეს. წარმოიდგინეთ ორი ოპერატორი და სამი ჟურნალისტი ეხვეწება პოლიციას, რომ დაიცვან, მერე კი ისინი წრეს გვარტყამენ, რომ არ გვცემონ, ანუ პოლიცია მოქალაქეებს არაფერს ეუბნება.

 

პოლიციელებმა იციან იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ჩვენ გვცემა, თუმცა არ დაინტერესებულან გაერკვიათ, რატომ გვერჩოდნენ ისინი. არა და მგონია, რომ ამ შემთხვევაში ავტომატურად უნდა დაწყებულიყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე. იქვე მოვითხოვეთ ჩვენება ჩამოერთვათ ჩვენთვის, არც ეს გააკეთეს.

 

არ ვიცი, რატომ მერჩოდნენ. მგონი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცანი, მაგალითად, ხელვაჩაურის მიწის კომისიის აღიარების თავმჯდომარეს ვკითხე, რა სტატუსით ესწრებოდა აქციას. ვიცანი კუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სხვა დროს პრეზიდენტთან ერთად მყავს ნანახი და ვკითხე, თქვენ ხომ არ ხართ მოქალაქე, რომელიც ბეშუმში ისვენებს, მაშინ რატომ ამბობთ, რომ მოქალაქეები დევნიან ”ოცნების” აქტივისტებს-მეთქი. პოლიციელებს დავსდევდი და ვეკითხებოდი, როცა ადამიანებს სცემდნენ, რატომ არ აშველებდნენ. ალბათ ამ ყველაფრის გამო გაღიზიანდნენ.

 

ამ ამბების შემდეგ ერთადერთი განცდა გამიჩნდა – ეს დასაწყისია იმ მარაზმის, რაც ბათუმში 2004 წელს ხდებოდა. მაქვს შიში, რომ შეიძლება ფიზიკურად გაგისწორდნენ. პრაქტიკულად შეუძლებელია იმუშაო ისე, რომ ზუსტად და ობიექტურად ასახო მოვლენები. დავითრგუნე არა იმიტომ, რომ ვიღაცები ჩხუბობდნენ ან ჩვენ გვერჩოდნენ. მივხვდი, რომ დიდ ფარსში ვცხოვრობთ, რადგან მართლა არ არსებობს მექანიზმი, რაც გიცავს. მივხვდი იმას, რომ ვიღაცებმა შეიძლება ისე ბრმად გადაგთელონ, წამითაც არ დაფიქრდნენ, შენც ჩვეულებრივი ადამიანი რომ ხარ, გაქვს ემოციები, შიში… საერთოდ არ სცემენ პატივს ჟურნალისტს, როგორც ადამიანს, რომელიც ნეიტრალურია.

 

მივხვდი, რომ საქართველოში ყველაფერი პოლარიზებულია და ყველაფერს ვხედავთ შავ-თეთრ ფერებში, რაც ძალიან ცუდია. ასეთი კონტრასტები როცა არის ქვეყანაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ შეტაკება შეიძლება ნებისმიერ წუთს მოხდეს.

ვინ შეარჩია „ქართულ ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა ვინაობა

 

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი  აქციაზე იმყოფებოდა. „ბათუმელების“ შეკითხვას, რატომ არ არის თვითონ  გამომსვლელთა შორის,  დავით ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ეს უკვე აპრობირებული ერთგვარი პროექტია: „აქციაზე  ხალხს მიმართავს  ბიძინა ივანიშვილი. რეგიონული ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მე მინდა ვთქვა, რომ თბილისის შემდეგ ოზურგეთისა და ბათუმის აქცია ყველაზე ინტერაქტიულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


„თავისუფალ დემოკრატების“ წევრმა სულხან ღლონტმა   განცხადა, რომ მას   თბილისის შტაბიდან დაუკავშირდა პარტიის გებერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი  და უთხრა, რომ 5 აგვისტოს აქციაზე  მონაწილეებისთვის სიტყვით უნდა მიემართა.


მურმან დუმბაძის „ემსახურე საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ წევრმა მედეა ვასაძემ  აქციაზე განაცხადამ, რომ მას ორი პირობა ჰქონდა  აქციის ორგანიზატორების მხრიდან: „სიტყვა არ უნდა წაეკითხა და  ბიძინა ივანიშვილი სტუმრად არ უნდა მოეხსენებინა“.


რატომ არ იყვნენ გმომსვლელთა შორის რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ლიდერები? მურმან დუმბაძე განმარტავს, რომ  გამომსვლელები პარტიული ნიშნით არ შერჩეულან . „შეირჩენ ისინი ვინც სიტყვას კარგად ამბობენ. ჩემი პოზიცია იყო, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ყოფილიყო  გამომსვლელთა შორის. კანდიდატები  შევარჩიეთ ჩვენ და გადაწყვეტილება  მიიღო  თბილისში ჟიურიმ. გამოსვლები მოეწონა ბიძინა ივანიშვილსაც, აქციის შემდეგ მან თქვა, რომ ეს იყო უმაღლესი“ -განაცხადა მურმან დუმბაძემ. ვინ არიან ჟიურის წევრები, მურმან დუმბაძემ არ დააკონკრეტა.

                     

სახელოსნოში, კაკოსთან

წინა დღით კაკო ძნელაძეს დაბადების დღე ჰქონდა. ხმაურიანი ზეიმის კვალი სახელოსნოს არ ეტყობა. „რამდენი წლის გახდით ბატონო კაკო?“ – „54 -ის. გუშინ აქ ვქეიფობდით, დავლიეთ, მეხუმრებოდნენ და ათჯერ ავიწიე ხელებზე. გაგიჟდნენ.“ – ეღიმება და მირჩევს ბუხართან ახლოს დავსხდეთ, აქ უფრო თბილა. 

 

ადრე, ბავშვობაში, კაკო მხატვრულ ტანვარჯიშზე დადიოდა და ერთხელ მესამე ადგილიც აუღია მეორე თანრიგში. კვირაში რამდენჯერმე ზღვაზე დადის, ვარჯიშობს. საერთოდ, კაკო ძნელაძის ნახვა ბათუმში ყველგან შეიძლება: გამოფენებზე, კინოში, დისკუსიებზე, საპროტესტო აქციებზე… მაშინ, როცა მისი კოლეგების უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს, კაკო ამბობს ყველას სათქმელს და მეტწილად ეთანხმებიან. ბოლო დროს თბილისში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორუმზეც ნახეს, მაგრამ კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, ცივი უარით პასუხობს. პოლიტიკაზე დროის დაკარგვა აღარ უნდა:

 

„ის ოცი წელი, როცა გამოვდიოდი და ვყვიროდი, ეს ყველაფერი სისულელე ყოფილა, დაანგრია ამან საქართველო, დედა უტირა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა დრო. მე არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაში არაფერს შეცვლიდნენ. მშვენიერი ოჯახი მყავს, ამის გარდა დანარჩენს ყველაფერს შევცვლიდი.

 

ერთ ინდოელ მოგვს ჰკითხეს მოსწავლეებმა, შეიძლება თუ არა ბედისწერის შეცვლაო და ასეთი ცდა ჩაატარეს: ერთი მათხოვარი ნახეს და ხიდის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გასვლა სთხოვეს. ხიდის შუაში განძი დადეს. წამოვიდა მათხოვარი ხიდის დასაწყისიდან და მივიდა ხიდის ბოლოს მდგარ მოსწავლეებთან. ჰკითხეს, როგორ გადმოხვედიო? დავხუჭე თვალები და ისეო, უთხრა მათხოვარმა. არაფერი უნახავს, თვალებდახუჭულმა ჩაუარა განძს! იგივე მომენტია ცხოვრებაში, ბევრი რამისათვის ჩაგვივლია გვერდით ისე, რომ არ შევხებივართ. ამაზე მწყდება გული.“

 

სახელოსნოს ერთადერთი ფანჯრიდან ჩანს, როგორ ბარდნის. კაკო ჩაის ძველებურ, რკინის სადგამიან ჭიქებში ასხამს.

 

ბათუმზე ვეკითხები, რა შეიცვალა მისთვის ამ ქალაქში. „ჩაიარა ბათუმის მატარებელმაო“, მეუბნება და იქვე ამატებს: „იცი, მე ვერ ავუხსნი დღეს ახალგაზრდებს, რა არის ბათუმი. ბათუმი მორჩა, როდესაც ბურუნთაბიეს გორა აიღეს. ახლა სხვა ქალაქია“. „მაგრამ ხომ არსებობს სხვა, ახალი ადგილები?“ – ვეკითხები. ცოტა ირონიულად ეღიმება.

 

სახელოსნოში ირაკლი შემოდის, კაკოს შვილი. ირაკლი ფოტოგრაფია, ვინც იცნობს კაკოს, იცნობს ირაკლის და პირიქით. როცა ირაკლიზე საუბრობს, კაკოს ოდნავ, სულ ოდნავ, ემჩნევა, რომ მისით ამაყობს.

„ირაკლის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან. ისე, მე დავბერდი, თუ სამყარო ბერდება, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ინდეფერენტული გახდა ჩემ ირგვლივ სამყარო, ის ფერები აღარ არის, რაც იყო. მე ყველას ვეკითხები ამას და ყველა ასაკის ადამიანი ამბობს, რომ ასეა. გაოცების, განცვიფრების უნარი დაკარგეს ადამიანებმა. რითი უნდა გააოცო? ყველაფერი ხელმისაწვდომია, შრომის გარეშე შეგიძლია ერთ წუთში მიიღო ინფორმაცია და მეორე წუთს დაგავიწყდეს.

 

ადრე სამყარო ვერტიკალური იყო, სადღაც ზემოთ იდგა საზოგადოების ე.წ. „ელიტა“, ახლა დემოკრატიზაციით, ინტერნეტით ყველაფერი ახლოსაა, თითქოს აქ, ხელის გაწვდენაზე, მაგრამ სინამდვილეში ბევრად უფრო შორს, ვიდრე მაშინ იყო.“

 

ლენინგრადზე ვსაუბრობთ, იმ წლებზე, როცა კაკო რეპინის აკადემიაში სწავლობდა. ამ პერიოდზე საუბრისას კაკო უცებ ენთება:

 

„წარმოიდგინე, 1969 წელს პირველად ჩავედი ლენინგრადში, ბავშვი ვიყავი, ვცხოვრობდი აკადემიასთან ახლოს, კომუნალკაში. ამ დროს ბათუმში სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, ერმიტაჟის ნახვა ოცნებად გაქვს ქცეული და იქ მიდიხარ! აკადემიასთან იყო შემოქმედებითი სახელოსნო, მაისეენკოს, ანიკუშინის სახელოსნო, ეს ის ანიკუშინია, რომელმაც პეტერბურგში პუშკინის არაჩვეულებრივი ძეგლი გააკეთა. და კარი ღიაა, შეგიძლია შეხვიდე. დიდი ბიჭები ხატავენ, მათ ნახატებს ხედავ და გავიწყდება სხვა დანარჩენი. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა. ისე, სხვა არაფერზე მიფიქრია ფერწერის გარდა. ერმიტაჟში ვუყურებდით ჰოლანდიელებს, რემბრანტს, რუბენსს და სტუდენტები ვხატავდით ასლებს. ვსწავლობდით ორიგინალებიდან. ეს ყველაფერი აკლია ჩვენს სკოლას დღეს, ამიტომ არის დღეს ჩვენი ხელოვნება დეკორატიული, მკვდარი. ფერები არის, მაგრამ არ არის ფერწერა, სიცოცხლე.

 

გგონია, რომ ეს ყოველთვის იქნება, და შენ ამისგან გააკეთებ! ასე არ არის, მთავრდება ეს სადღაც. და ხვდები, რომ მაშინვე უნდა გაგეკეთებინა. ახლა ძალიან ვნერვიულობ, რომ თენდება და უცებ ღამდება.“

 

საუბრის ბოლოს კაკო ბოლო ნამუშევრებს მაჩვენებს. ნამუშევრები, რომლებზეც ახლა მუშაობს, წითელი, ანთებული ნეკერჩხალია, ოთხი სურათი, ერთი და იგივე ხე სხვადასხვა რაკურსით. „ეს ხე ბულვარში დგას“ – მიხსნის კაკო. „-ჩემთვის ეს ნეკერჩხალი გზაა, შუქი. ოთხია – მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, და მთავარი – წითელი ხე, ქრისტეს სხეული.

 

ერთი ნამუშევარი მინდა გაჩვენო, რომელიც ახლა დავასრულე. გარკვეული პარალელები არსებობს ამ ნამუშევარსა და ვერმეერის სურათთან – „გოგონა ფანჯარასთან“. ეს არის ამ სახელოსნოს ინტერიერი. აქ არის ფანჯარა, სკამი, შიშველი გოგონას ფიგურა ხელში წერილით… ყველაფერს მელანქოლიური შუქი ადგას, რომელიც მაძლევს იმედს, რომ შემოვა რაღაც ახალი და სხვა აქ, ამ სივრცეში.“ 

 

სტატიაში გამოყენებულია ირაკლი ძნელაძის ფოტო

ბოიკოტი საკრებულოს სხდომებს

 

ავთანდილ ბერიძე
ავთანდილ ბერიძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა, ავთანდილ ბერიძემ, სულიკო მიქელაძემ და ვახტანგ კახიძემ დღეს, ”ქართული ოცნების” ოფისში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ და დღეიდან სხდომებზე არ დაესწრებიან.

 

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ბოიკოტირების მიზეზი, ხელვაჩაურის გამგეობის და საკრებულოს უმრავლესობის წევრების შორის ბეშუმში მომხდარი ინცინდენტია: ”ესენი არიან ის წითელმაისურიანები, რომლებმა ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ბეშუმში ხალხთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ჩვენ ვგმობთ საკრებულოს და გამგეობის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და პროტესტის ნიშნად პოლიტიკურ ბოიკოტს ვაცხადებთ”. 

 

ოპოზიონერი წევრების ინფორმაციით, საჯარო მოხელეები, რომლებმა ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრა შეაფერხეს, იყვნენ: ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურად დუმბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ სირაბიძე, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნუგზარ ბოლქვაძე, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ ლორთქიფანიძე, ხელვაჩაურის კულტურისა და განათლებისა და სპორტის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე და საკრებულოს სამაშველო-სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი გია ცისკარაძე.


ლელა დუმბაძე

თავისუფლებიდან კლასიკურში

რამაზ ზოიძე და მარად არძენაძე
რამაზ ზოიძე და მარად არძენაძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების კიდევ ერთმა ბათუმელმა წევრმა ირაკლი შავაძემ ოთხი შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ირაკლი შავაძემ საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ბერძენ პეტროს სისმანიდისს აუღელვებლად აჯობა, თურქ აჰმეთ ილიჩილისთან სამსეტიანი დაძაბული ბრძოლა გადახდა, რუს რასულ მაგომედოვსა და სომეხ გეგრამ ტორგომიანს კი ორ-ორ სეტში მოუგო.


ევროპის ჩემპიონი რამაზ ზოიძე და მისი მწვრთნელი მარად არძენაძე დღეს ”ბათუმელების” სტუმრები არიან.

რამაზი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრის, მარად ზოიძის ძმაა და როგორც თავად ამბობს, სწორედ ძმის ჭიდაობამ განაპირობა მისი არჩევანი. ”სულ პატარა, ასე 6-7 წლის იყო, როდესაც ძმის ჭიდაობას ესწრებოდა ბაქოში, დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, სადაც 300-მე მეტი ფალავანი გამოდიოდა, მარადი ჭიდაობდა და რამაზიც თან ახლდა. თქვენ წარმოიდგინეთ, უფროს ძმას რჩევებსაც კი აძლევდა. იქვე ერთი ბაქოელი ბიჭი ტრიალებდა და მასპინძლებს იდეა გაუჩნდათ, ორი პატარა ერთმანეთისთვის გაეჯიბრებინათ. წარმოიდგინეთ, ისეთი სპექტაკლი დადგეს რამაზმა და მისმა მეტოქემ, ილეთების ისეთი კასკადი წამოვიდა, რომ მთელი დარბაზი მხოლოდ მათ უყურებდა, ლამის 25 ქულამდე ავიდნენ. ბოლოს მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს ორივეს გამარჯვება”, – ღიმილით იხსენებს მის პირველ ნაბიჯებს საჭიდაო ხალიჩასთან რამაზის მწვრთნელი, მარად არძენაძე.

 

ამის შემდეგ იგი უკვე სერიოზულად დაინტერესდა ჭიდაობით და ერთ ვარჯიშსაც არ აცდენდა. დღეს რამაზ ზოიძეს, მიუხედავად მცირე ასაკისა, საკმაოდ ბევრი ტიტული დაუგროვდა. იგი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორია. თუმცა, იოლად არაფერი მოსულა.

 

მარად არძენაძე: რამაზი ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. პატარაობიდანვე მისი საუკეთესო თვისება შრომისმოყვარეობა იყო და რაც მთავარია, პატარასაც კი შეეძლო საკუთარი შეცდომებიდან სათანადო დასკვნის გაკეთება. წაუგებელი არავინაა, მაგრამ რამაზი ძალიან განიცდიდა, თითოეულ დეტალს აანალიზებდა და შემდეგ იმავე მეტოქეს ორმაგად სჯიდა და აუცილებლად ამარცხებდა. ერთი მეტოქე ჰყავდა, ხაშურელი, გვარად გელაშვილი, ზედიზედ ოთხჯერ წააგო მასთან, თუმცა სათანადო დასკვნების გაკეთების შემდეგ, დღემდე უგებს. იგი ისეთი მოჭიდავეა, რომელზეც იტყვიან ჭიდაობაშიც ჭიდაობსო. ცდილობს მეტოქეს საკუთარი ტაქტიკა მოახვიოს თავს და მის ჭკუაზე ატაროს.

 

 რამაზ, შენი საყვარელი ილეთი რომელია?

 კისრული, მოგვერდი… ბევრია, ასე ვერ გამოვყოფ. 

მარად არძენაძე: იმპროვიზაციის დიდი უნარი აქვს და ვერ მიხვდები, რა წუთს რას შესთავაზებს მეტოქეს, შეიძლება ერთს ელოდებოდეს და ისეთი ილეთი გააკეთოს, რომ ჭიდაობა სუფთა მოგებით დაასრულოს. ზარმაცი არაა, შრომა უყვარს და საკუთარ თავზეც ბევრს მუშაობს. ცოტა ფიზიკური დატვირთვები არ სიამოვნებს, მაგრამ როდესაც რამეს ვავალებ, უთქმელად ასრულებს, ეს კი მისი კიდევ ერთი პლუსია.

 

 რამაზ, თავისუფალი სტილით ჭიდაობდი, შემდეგ ბერძნულ-რომაულში გადადი და დიდ წარმატებასაც სწორედ `კლასიკურში~ მიაღწიე. არ გაგიჭირდა?


– არა, რატომ უნდა გამჭირვებოდა. თავისუფალი ჭიდაობა გაცილებით მდიდარია ილეთებით, რომელსაც კლასიკურშიც ვიყენებ.

მარად, როგორც მწვრთნელმა, იქნებ ამიხსნათ, რამ განაპირობა სტილის შეცვლა?

–  საქართველოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის რამაზი ლიდერი იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში არ სვამდნენ. ხუთი თვე ჭიდაობის ფედერაცია და მწვრთნელები ბჭობდნენ, მიეცათ თუ არა მისთვის ეს შანსი, მაგრამ საბოლოოდ სხვა არჩიეს. 11 ივლისს (2011 წ.), თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა ”კლასიკურში” და პირველი ადგილიც დაიკავა. ამის შემდეგ `ბერძენ-რომაელებმა~ გადაწყვიტეს რამაზი ევროპის ჩემპიონატზე წაეყვანათ და იქ უკვე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რასაც, ფაქტობრივად, არავინ ელოდა. დაახლოებით ორ კვირაში უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და რამაზის წაყვანაც გადაწყვეტილი იყო. იქედან მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაბრუნდა. ფინალში რუსი ფალავანი დაამარცხა. შემდეგ ”თავისუფლებმა”, ასე ვთქვათ, უკან მოითხოვეს, მაგრამ უკვე ჩვენ ვუთხარით უარი.

 

და წელს მსოფლიო ოქროს ევროპულიც შემატა…

 

– არჩევანში არც შევმცდარვართ, კატოვიცეში რამაზმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. თუმცა უკვე 46 კგ. წონით კატეგორიაში. შარშან 42 კგ. წონაში ჭიდაობდა.

 

 მალე მსოფლიო ჩემპიონატზე მოგიწევს ჭიდაობა…

– იგივე მეტოქეები მეყოლებიან, ვინც ევროპაზე შემხვდა, მხოლოდ რამდენიმე დაემატება. ვეცდები, იქაც გავიმარჯვო.

 

 ქართული ჭიდაობის ილეთებს თუ იყენებ?


–  რა თქმა უნდა.

 

მარად არძენაძე: ქართული ჭიდაობის ილეთებს მრავლად იყენებს, თან ერთი ეშმაკობაც აქვს, ”კლასიკურში” ფეხით ილეთის ჩატარება არ შეიძლება, მაგრამ რამაზი, როცა გაუჭირდება ამას ისე ლამაზად აკეთებს, რომ მსაჯებიც კი ვერაფერს ამჩნევენ.

 

 რამაზ, ბათუმში ვარჯიშობ?


– კი, მარადი მასწავლებელთან ვვარჯიშობ, როგორც ადრე. ძალიან კარგი ადამიანია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც შეჯიბრებებია, შეკრებებზე თბილისში მივდივარ, ოლიმპიურ სკოლაში, სადაც ვაჟა კრავეიშვილთან და კობა კიკაძესთან ვემზადები.

 

მარად არძენაძე: ყველაზე მეტად რამაზის ერთი თვისება მომწონს, რაც მან იცის, ცდილობს სხვებსაც, მასზე უფრო პატარებსაც ასწავლოს და ამას არა მოსაჩვენებლად, არამედ გულით აკეთებს.
რამაზ ზოიძე: მეც ხომ მასე მასწავლიდნენ?!


რამაზ ზოიძე ოქროს კვარცხლბეკზე
რამაზ ზოიძე ოქროს კვარცხლბეკზე

გია ემირიძე „ქართულ ოცნებაში“ რჩება

გია ემირიძე
გია ემირიძე

ბათუმში „ქართული ოცნების“  აქციას „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გია ემირიძეც ესწრებოდა. „ბათუმელების“ გასულ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ გია ემირიძე  კენჭს იყრიდა კუკავს პარტიიდან  დაიქნებოდა ამ პარტიის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩვნებისთვის, ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავისუფალი საქართველოს აჭარის რეგიონულ ორგანიზაციის  ოფისიდან მიაწოდეს.


აქციაზე გია ემირიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ  ის „ქართული ოცნების“ რიგით წევრად რჩება და კახა  კუკავასთან  მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. „შესაძლებელია ამ პარტიას რაიმე გეგმები აქვს, მაგრამ  ჩემთან ამ გეგმების შესახებ არავის უსაუბრია“ -განაცხადა გია ემირიძემ.


ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრის, გია ემირიძის კანდიდატურა   აჭარაში „ქართული ოცნების “ ლიდერის პოზიციაზე განიხილებოდა.

Exit mobile version