მთიანი აჭარა

არა ლეგალიზაცია – ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია

08.08.2012 •
არა ლეგალიზაცია – ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია

ნატო თევზაძე
ნატო თევზაძე

 

 ლიბერალიზაციის მომხრეები აცხადებენ, რომ ბრძოლა უშედეგოა, ნარკოტიკების   მოხმარება თვითდაზიანებაა, მსუბუქი ნარკოტიკები ჯანმრთელობას მინიმალურ ზიანს აყენებენ, დასჯა სოციალურად რთული ჯგუფების იზოლაციას იწვევს, კანაფის კუსტარული პრეპარატების მოხმარება მასიურია და რეპრესიას მოსახლეობის კრიმინალიზაცია მოსდევს, თუ კანონით არ ისჯება ალკოჰოლის მოხმარება, ასევე უნდა იყოს მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ, ლეგალიზაცია ჩაახშობს ნარკობიზნესს.

 

მოწინააღმდეგეთა აზრით კი კანაფი ნარკოსამყაროს კარიბჭეა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია გაზრდის მოხმარებას, დამსჯელ ღონისძიებებს შემაკავებელი ეფექტი აქვს, კანონით ნარკოტიკების აკრძალვა მიმართულია არა იმდენად ნარკომანიით დაავადებულთა,რამდენადაც არამომხმარებეთა მიმართ, ე.ი. პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს, კანონის მასობრივ დარღვევას, რაც ნარკომანიით დაავადების ზრდაშია ასახული, კანონის გაუქმება კი არა, პრობლემის გადასაჭრელად კონსოლიდაცია უნდა მოყვეს, ალკოჰოლის მოხმარება მის საგემოვნო თვისებებს უკავშირდება – ზიანი მხოლოდ ჭარბ მოხმარებაშია, ლეგალურად და არალეგალურად ნარკოტიკების დაყოფა ხელს არ უშლის ნარკომომხმარებელს ერთიდან მეორეზე გადასვლაში, ლეგალიზაციის გამო მოხმარების პროგნოზირებადი მატება დამნაშავეობის ზრდას გამოიწვევს, იმატებს პრობლემები სამართალდამცავ, სასამართლო ორგანოებში, ლეგალიზაციით დაკარგული ნარკობაზრების ნაცვლად გაძლიერდება სხვა ბაზრები, გაჩნდება ახალი, კანონით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო მოხმარების ლეგალიზაცია კაპიტულაციის ტოლფასია.

 

მსჯელობის საგანია კანონის ლიბერალიზაციის ფორმები: დეპენალიზაციისას ნარკომოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სასჯელის ზომად პატიმრობა არ გამოიყენება. დეკრიმინალიზაციისას – განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ლეგალიზაციისას არ ისჯება.

 

საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება: გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, დანიის, რუსეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის კანონმდებლობით ნარკოტიკების მოხმარება დეკრიმინალიზებულია, შეერთებულ შტატებში, კანადაში, იზრაელში ნებადართულია კანაფის სამედიცინო მოხმარება. საფრანგეთში მოქმედებს დეპენალიზაციის პრინციპი. ამასთან პორტუგალიაში 2001 წელს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას 2008 წელში ჩატარებული ანალიზით ნარკომანიით ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება, მკურნალობისათვის მომართვათა ზრდა მოყვა და თუმცა რუსეთში ზოგადად დეკრიმინალიზაციას, ჰოლანდიაში კანაფის ლეგალიზაციას (1984-1992 წლებში ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები გაიზარდა 40%-ით, ძარცვა 69%-ით, ავტომობილების გატაცება 62%-ით) უარყოფითი შედეგები ჰქონდა, ჩეხეთში კანაფის დეკრიმინალიზაციამ საერთო კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება გამოიწვია.

 

სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ნარკოტიკის ორგანიზმში მოხვედრის გზები და გარდაქმნის თავისებურებები: კანაფის პრეპარატებს ეწევიან, ამიტომ არ არის გამორიცხული პასიური მოხმარება. ამას აღიარებენ სპეციალისტები. კანაფში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებები კანაბინოიდები ცხიმში კარგად იხსნებიან, ორგანიზმში მოხვედრისას ლაგდებიან ცხიმოვან ქსოვილებში, ერთჯერადი მოხმარებისას 10 დღის, ინტენსიური მოხმარების შემდეგ კვირეებისა და თვეების განმავლობაში გამოიყოფიან სხეულიდან. ჰეროინის, კოდეინის შემცველი საშუალებების ზემოქმედება კლინიკურად მოხმარებიდან 6-8 საათი გრძელდება, შარდში მათი გარდაქმნის პროდუქტების აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ 6-8 საათის შემდეგ. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის მცდარი პასუხისმგებლობა კანაფის პასიური მოხმარებისას, კანაფის ინტენსიური მოხმარების შემდეგ მიუხედავად ნარკოტიკის აღკვეთისა და ბოლოს მხოლოდ კლინიკურად-ლაბორატორიული დასტურის გარეშე ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის დადგენისას. (არანარკოტიკული ფსიქოტროპული ნივთიერებების ანალოგიური ეფექტების გამო ცდომა არ არის გამორიცხული).

 

ყველაფერი ეს კანონმდებლობის ლიბერალიზაციისათვის საკმაო საფუძველია. ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია მისაღები ნაბიჯია. არა ლეგალიზაცია, (ეს პანდორას ყუთია! დაუშვებელია! გაიხსენეთ ჰოლანდია, ალკოჰოლი, თამბაქო!) არამედ კანაფის დეკრიმინალიზაცია – ვიფიქროთ ამაზე.

 

შემოსულ წერილებში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს გაზეთ ”ბათუმელების” პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი