Batumelebi | უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა – Batumelebi
RU | GE  

უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სამი პოლიტიკური  სუბიექტი   უსკომ რეგისტრაციაში  ჯერჯერობით არ გაატარა. ეს პარტიებია  ლევან ქიძინიძის „საქართველოს დემოკრატიული  სიმართლის პარტია, კობა დავითაშვილის ”ხალხის პარტია” და ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის  დაფუძნებული  „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ზურაბ ნოღაიდელი პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მოძრაობის წევრად რჩება.

ნათია ზოიძე

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  აცხადებენ, რომ ამ სუბიექტებმა   მხარდამჭერების სია ვერ წარმოადგინეს. არაკვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს სხვა დოკუმენტების წარდგენასთან ერთად  რეგისტრაციისთვის, კანონის თანახმად, სჭირდებათ მინიმუმ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა.

ლევან ქიძინიძის პარტია მხოლოდ აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას. პარტიას ოფისი მხოლოდ  ბათუმში აქვს, პარტიის წარმომადგენელი ინეზა მორჩილაძე აცხადებს, რომ ხარვეზის შესახებ მათ ეცნობათ და ამ წუთას მხარდამჭერების სიის შეგროვებით არიან დაკავებული, რაც შეეხება ლევან ქიძინიძეს, ის ისევ გერმანიაში ცხოვრობს. ასლან აბაშიძესთან დაპირისპირების შემდეგ ბიზნესმენი ქიძინიძე აჭარაში 2004  წელს დაბრუნდა და კენჭს მშობლიურ რაიონში იყრიდა. მან მაშინ საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა.

როგორც ხალხის პარტიის რეგიონული ლიდერი ჯუმბერ თავართქილაძე აცხადებს, მათ  აქვთ უკვე მზად  მხარდაჭერთა სია და  წარსადგენი  ვადის ამოწურვამდე შეიტანენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს  სულ 17 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა. ესენია: ლეიბორისტური პარტია, ახალი მემარჯვენები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, საქართველოს ევროპელი დემოკრატები (პაატა დავითაიას დაფუძნებული პარტია, რომელიც გასულ არჩვნებზე  „ჩვენ თვითონ” -ს სახელწოდებით იყრიდა კენჭს, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო, ქართული დასი, ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

ეს პარტიები  უკვე დარეგისტრირდნენ. ერთი თვის ვადაში პოლიტიკურ სუბიექტებს ბლოკებად ჩამოყალიბების ვადა აქვთ. ჯერჯერობით  საჯარო განცხადება  ბლოკად გაერთიანებაზე მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცხადებული.

ნინო ბურჯანაძის პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია ზოიძე