სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის” დახურული შტაბი და ინტერვიუ რეპორტაჟის ნაცვლად

08.08.2012 • 1857
“ნაციონალური მოძრაობის” დახურული შტაბი და ინტერვიუ რეპორტაჟის ნაცვლად

„თუ შტაბიდან გინდათ რეპორტაჟის გაკეთება, ეს უნდა შეთანხმდეს“ – ასეთი იყო რეგიონალური ლიდერების პასუხი „ბათუმელების“ თხოვნაზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გელა დეკანაძე და ”ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ვერ წყვეტენ, ბათუმში, ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ჟურნალისტის შეყვანის საკითხს.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ”ბათუმელების” ჟურნალისტი ერთი დღის განმავლობაში დააკვირდებოდა წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის შტაბის მუშაობას, ვერც ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ შტაბში მიიღეს.

გადავწყვიტეთ, რომ რეპორტაჟის ნაცვლად ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს წევრ პეტრე ზამბახიძესთან დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში ჩაგვეწერა. 

პეტრე ზამბახიძე
პეტრე ზამბახიძე

 

–  ბატონო პეტრე, რამდენადაც ცნობილია, ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან გია ბარამიძე იქნება. ჩვენთვის ცნობილია, რომ განიხილებოდა ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის კანდიდატურაც. გია ბარამიძის სასარგებლოდ ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება?


– ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს სამი კრიტერიუმით ვარჩევთ, ეს არის კვალიფიკაცია, უნდა ჰქონდეს კარგი წარსული, უნდა იყოს წარმატებული. გია ბარამიძე აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს. მას ბევრი რამ აკავშირებს ბათუმთან, სწავლობდა ბათუმში და აქ ჰყავს ნათესავები. რაც შეეხება რობერტ ჩხაიძეს, ისიც იქნება ალბათ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბათუმში.

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის?

 

– არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ კანონი ითვალისწინებს ერთი თვის ვადაში ცნობილი გახდეს როგორც მაჟორიტართა ვინაობა, ასევე პროპორციული სიის შემადგენლობა. ამას საბოლოოდ პარტია გადაწყვეტს.

 

იქნება თუ არა ომარ მეგრელიძე ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შუახევში და რა დამსახურებისთვის წარადგენთ მას?

 

– ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას, ვინ იქნება შუახევში კანდიდატი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

თქვენი პარტია ატარებს კვლევებს. თქვენ ეკითხებით ბათუმელებს, დაუჭერენ თუ არა მხარს გია ბარამიძის კანდიდატურას. რეალურად საზოგადოების განწყობა გაინტერესებთ, თუ ეს ერთგვარი ხერხია საზოგადოების აზრზე ზემოქმედების? ამ კვლევის ფარგლებში თქვენ მოქალაქეებს კანდიდატის შერჩევის საშუალებას არ აძლევთ?

 

– ეს კარდაკარის ფარგლებში ხდება. სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, მანამდეც ჩატარდა კვლევები, რამაც აჩვენა, რომ გია ბარამიძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა ბათუმში და მას უჭერდნენ მხარს.

 

 ანუ, კარდაკარის ფარგლებში კითხვას: „დაუჭერთ თუ არა ბარამიძეს მხარს კანდიდატად” თუ უარყოფით პასუხს გასცემენ, ეს არაფერს შეცვლის?

– ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, საბოლოოდ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. თუ კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი, ამაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ.

 

უკვე ცნობილია თქვენი საარჩევნო დაპირება _ 1000-ლარიანი ვაუჩერი ყოველ ოჯახს. რამდენად მორალურად მიგაჩნიათ ფულის გაცემის დაპირება? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ტოლფასია.

– აქ თანხა არ არის. ეს იგივე სისტემაა, რაც აქამდე არსებობდა. იყო 30-ლარიანი ვაუჩერი, იყო 40-ლარიანი ვაუჩერი… ადამიანებისათვის, რომელთაც არა აქვთ სამსახური, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვაუჩერი 4 წელზეა გათვლილი, მისი გამოყენება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით, სანამ თითოეული ადამიანის ოჯახში შეაღწევს დასაქმება. ამ ტიპის პროგრამები მნიშვნელოვანია და მე მასში ვერ ვხედავ ცუდს.

 

თქვენი სლოგანია – „მეტი სარგებელი ხალხს“. თქვენი გუნდი ჰპირდება მოქალაქეებს, რომ განახევრდება უმუშევართა რაოდენობა. შეგახსენებთ თქვენს დაპირებას გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს. მაშინ თქვენ მოსახლეობას დაჰპირდით: „50 თვე – საქმე ლაპარაკის ნაცვლად”. თქვენს ამ გეგმას საქართველო უნდა ეხსნა სიღარიბისგან, გავიდა ოთხი წელი და უმუშევართა სტატისტიკა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. რატომ ვერ შეასრულეთ დაპირება?

 

– მე გეტყვით ერთ რამეს, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი. დღეს ხომ უფრო მეტია დასაქმებული, ვიდრე ეს იყო ადრე.

 

 დასაქმების სტატისტიკის თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესი არ არის. მათ შორის ვგულისხმობ საქსტატის სტატისტიკასაც…

 

– შეგეკამათებით, იმიტომ, რომ სტატისტიკას ბევრი ციფრი აქვს, იქ არის ბევრი ფორმულა და კვლევა. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ეს არის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ შრომის უნარი, ჰქონდეთ შრომის ანაზღაურება, რომ არჩინონ ოჯახები.

 

 ამონარიდს წაგიკითხავთ თქვენი 2008 წლის საარჩევნო პროგრამიდან: ”გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა, დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს. აფხაზებთან და ოსებთან ერთად გაეროს ფორმატში შემუშავდება რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატი.” არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის. დღეს უფრო მეტია ოკუპირებული ტერიტორია, ვიდრე იყო მაშინ. რა პასუხი აქვს თქვენს გუნდს ამ კითხვაზე?

 

– აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია, არის ქვეყნის ინტერესებისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს. ბევრი რამ გაკეთდა სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით, ასევე მინდა გაგახსენოთ ჰილარი კლინტონის ბოლო განცხადებები, გეგმის ყველა პუნქტი სრულდება თანდათანობით. კონკრეტული თარიღის თქმა და დაპირება, არასწორია, სხვა პარტიებს არ აქვს გეგმები გაცხადებული. საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა.

 

 თუმცა 2008 წელს ვერ იქნა ქვეყნის უსაფრთხოება დაცული და ეს ხელისუფლების პრეროგატივა მაშინ არ იყო?

 

– მე მგონი უნდა მიმართოთ იმ დამპყრობელს, ვინც 2008 წელს ეს ჩაიდინა. ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ. დაიდო უამრავი დასკვნა, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.

 

თქვენ დაჰპირდით ასევე ამომრჩეველს, რომ საშემოსავლო გადასახადი 25 %- დან 15 %- მდე შემცირდებოდა. დღეს საქართველოს მოქალაქეები იხდიან შემოსავლის 20% -ს . თავის დროზე არასწორი გათვლა მოხდა, თუ რატომ ვერ შეასრულეთ ეს დაპირება?

 

–  ჩვენ შევასრულეთ დაპირება, საშემოსავლო გადასახადი ახლა 20 პროცენტია, მაგრამ კანონის დონეზე უკვე მომზადებულია, რომ საშემოსავლო გადასახადი გახდეს 15%. ეს ეტაპობრივი პროცესია. არავინ დაჰპირებია, რომ 2008 წლიდან ამოქმედდებოდა, ოთხი წელი ხომ ჯერ არ არის გასული.

 

2008 წლის საარჩევნო პროგრამის ფარგლებში `ნაციონალური მოძრაობა~ დაჰპირდა მოსახლეობას, რომ სრული სიმძლავრით ამოქმედდებოდა ფოთის ინდუსტრიული ზონა. თქვენ მოსახლეობას 35 000 ადამიანის დასაქმებას დაჰპირდით. რატომ ვერ მიიღეთ შედეგი?

 

– ყველა ამ კითხვაზე პასუხი მე ხომ ვერ მექნება. რა თქმა უნდა, ფოთის ინდუსტრიული ზონა კარგი ინიციატივაა და ჩემი ინფორმაციით, ამ ინიციატივამ გაამართლა.

 

 პრეზიდენტმაც კი განაცხადა, რომ როგორც მოელოდნენ, ისე არ გაამართლა ფოთის ინდუსტრიულმა ზონამ. ”საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის, თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა…

 

– არ მომისმენია სააკაშვილის ეს განცხადება. უპრიანია ვისაუბროთ უმაღლესი საბჭოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე, რადგან მე წარმოვადგენ ამ ორგანოს. თქვენთვისაც და მკითხველისთვისაც სჯობს, რომ ამ კითხვებზე პასუხები მივიღოთ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქვეყნის მასშტაბით აქვს ამის კომპეტენცია.

 

 აუცილებლად შეგახსენებდით დაპირებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო პროგრამიდან, მაგრამ ასეთი რამ ვერ მოვიპოვეთ. და ბოლოს, გარკვეული გაქვთ თუ არა თქვენი ადგილი, რომელ სიაში იქნება პეტრე ზამბახიძე?

 

– ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ადგილს. მთავარია, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა მივიდეს ხალხთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: