„მიწერილი პირების“ ამბავი
მიწერილი პირებით შესაძლო მანიპულირების შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს: „მივმართავ ცესკოს, პირველ რიგში, მადლობა საზღვარგარეთ გასამაგზავრებელი საგზურისთვის, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილებით, მე და ჩემი მეუღლე „აღმოვჩნდით საზღვარგარეთ“. სამაგიეროდ ჩემს კუთვნილ მისამართზე რეგისტრირებული გყავთ პირები, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ ჩემს სახლში: სერგო რამენსკი 22.07.1961, ოლეგ რუვინსკი 12.11.1965, ვლადიმერ ლერმან 16.04.1964… გთხოვთ, მე და ჩემი მეუღლე „დაგვაბრუნოთ“ იქ, სადაც ვართ – საქართველოში“.
ლაშა ჟვანიას ოჯახს მამუკა კაციტაძის კომისიამ აღუდგინა ხმის უფლება. თუმცა, ხმის უფლება კანონით დაუტოვეს ე.წ. მიწერილ პირებსაც.
ასეა ლუიზა ბუკიას შემთხვევაშიც, რომლის ბინის მისამართზეც 40 ადამიანი ცხოვრობს. ლუიზა ბუკიას ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისთვის რომც მიემართა ამ პირების სიიდან ამოღების თხოვნით, 40-ვე ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მაინც ექნებოდა.
მაშ, რას აზუსტებდა „კაციტაძის კომისია„? – ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ აჭარაში „კარდაკარის“ დროს 13 541 ამომრჩეველი ვერ აღწერა.
კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კაციტაძის განცხადებით, მათთან კონტაქტი ვერ დამყარდა. „ეს იყო დაკეტილი სახლები, ვერმოძებნილი მისამართები და ის ამომრჩეველი, ვინც უარი თქვა ჩვენს კოორდინატორებთან ინტერვიუზე“.
სიაში დარჩა ეს ხალხიც. სიების გადამოწმების შემდეგ დაუდგენელი პირები ამომრჩეველთა სიის 7,5 პროცენტია (იხილეთ ცხრილი #2).
რატომ აღუდგინა ხმის უფლება სახელმწიფომ იმ პირებს, რომელთა რეალური ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არცერთ შესაბამის უწყებას არ მოეპოვება? – მამუკა კაციტაძე ირწმუნება, რომ პიროვნების გაორება სიებში გამორიცხულია: „თუ ვინმე იპონის, რომ ერთი პირადი ნომრით ორ უბანშია ვინმე რეგისტრირებული, ვიტყვი, რომ ვერაფერი გავაკეთე. შეიძლება ერთ მისამართზე 50 კაცი იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ეს ერთი ხმაა და დუბლირება გამორიცხულია“.
თუკი „მიწერილ პირებს“ კანონით არჩევნებში ხმის უფლება დარჩათ, მაშინ რატომ დაიხარჯა 5 მილიონი ლარი ამომრჩევლის სიების დაზუსტებაზე?_ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეს საკითხი ორგანიზაციამ პარლამენტის წინაშეც კი დააყენა: „კარდაკარს დაუდგენელი პირები უნდა დაედგინა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა – კომისიის არგუმენტი არის ის, რომ შესაძლებელია ამ ადამიანებში მართლაც ერიოს კეთილსინდისიერი ამომრჩეველი, რომელმაც ხმის უფლება არ უნდა დაკარგოს“.
ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობა
1-ელ ცხრილს თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ „კარდაკარის„ მუშაობის შედეგად აჭარის მასშტაბით ამომრჩეველთა რაოდენობა, ბოლო არჩევნების შემდეგ, 9080-ადამიანით გაიზარდა. იქვე ნახავთ, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე ბათუმში 25 906-ით, ანუ გაცილებით მაღალი მატებაა დაფიქსირებული.
მამუკა კაციტაძის განცხადებით, ეს შემდეგი მიზეზით მოხდა: „პირველი – ესენი არიან საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეები. ისინი წინა არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობას აკლდნენ; მეორე – ის პირები, რომლებმაც დაკარგეს ბინები სხვადასხვა მიზეზის გამო და საჯარო რეესტრმა ამოიღო საარჩევნო სიებიდან; მესამე – სიებში შევიყვანეთ ის პირები, ვისაც პირველ ოქტომბრამდე 18 წელი უსრულდება“.
„კაციტაძის კომისია“ ბათუმში ამომრჩევლის მატების მიზეზად ქალაქის საზღვრების გაფართოებას არ ასახელებს. ამ კომისიისთვის ასევე უცნობია, რამდენი ადამიანით გაიზარდა ამომრჩეველი ბათუმში ქობულეთის შემოერთებული ტერიტორიის ხარჯზე. საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ ბათუმში დაახლოებით1300 ყოფილი ქობულეთელი მისცემს ხმას, თუმცა ამ სიას ჯერ კიდევ აზუსტებენ და უმნიშვნელო ცვლილება კვლავაც მოსალოდნელია.
სიების დაზუსტების კომისიამ აჭარაში 301 594 ამომრჩეველი დააფიქსირა, თუმცა ცესკო-ს მნიშვნელოვნად მეტი _305 469 ამომრჩეველი ჰყავს დარეგისტრირებული. ამ სხვაობას მამუკა კაციტაძე ასე ხსნის: „ოთხი ათასამდე ამომრჩეველი ის კატეგორიაა, რომელსაც უბნების პრინციპით ვერ დავალაგებდით. ცესკომ მათ დაუბნების სიზუსტე შესძინა, რადგან მას გააჩნია უმისამართოთა ბაზა. ამიტომ არის ცესკოს მონაცემები სამი-ოთხი ათასით განსხვავებული“.
როგორც 1-ელი ცხრილიდან ჩანს, ამომრჩეველთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა ქობულეთშიც. ეს მაშინ, როცა ქობულეთს გარკვეული ტერიტორიის ბათუმის საზღვრებში მოქცევის გამო ამომრჩეველი უნდა მოჰკლებოდა.
რაც შეეხება ხელვაჩაურს, სიების გადამოწმების შემდეგ წელს ხელვაჩაურში 48 796 ამომრჩეველი, ანუ კაციტაძის კომისიასთან შეადრებით ზუსტად 2 ათასი ამომრჩევლით მეტი დააფიქსირა ცეესკომ. შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 17 912 ყოფილიხელვაჩაურელი ხმას წელს ბათუმში მისცემს.
ცესკოს სიებში ცვლილების შეტანა კანონით მხოლოდ 1-ელ სექტემბრამდე შეიძლება.
„ქართული ოცნების“ კარდაკარი
კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე მჟავანაძე ამბობს, რომ აჭარაში სიებს ერთი თვეა ამოწმებენ, „თუმცა საბოლოო შედეგების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“. თორნიკე მჟავანაძის თქმით, გადამოწმების პროცესში ყველაზე დიდი სირთულე არასწორმა დამისამართებამ გამოიწვია: „ეს პრობლემა შექმნა შემოერთებულმა ტერიტორიებმა. მაგალითად, მახინჯაურის შემოერთების შემდეგ ბათუმში ორი რუსთაველის ქუჩა გაჩნდა. არის შემთხვევები, როცა დასახელებული ქუჩები არ შედის იმ უბნებში, სადაც ოფიციალურად არის მითითებული – კაზინეცის ქუჩა, რომელიც ბონი-გოროდოკის ზონაში უნდა იყოს, რეალურად სულ სხვა უბანშია“.
თორნიკე მჟავანაძე ირწმუნება, რომ ყველა უზუსტობის შესახებ ინფორმაცია მამუკა კაციტაძის კომისიას მიაწოდეს, თუმცა კაციტაძე ამ ფაქტს უარყოფს: „კოალიცია ქართული ოცნება“ და „ამომრჩეველთა ლიგა“ პარალელურად ჩაერთო კარდაკარის გადამოწმებაში, მაგრამ მათგან რაიმე ინფორმაცია უზუსტობებთან დაკავშირებით, ერთი ფურცელიც კი არ მიგვიღია დღემდე.“
„თუ ჩვენს შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, უბნებზე გვექნება ჩვენი გადამოწმებული სიები და ასე გავაკონტროლებთ სიტუაციას“- ამბობს მჟავანაძე.
გადამოწმებულ სიებში არსებულ შესაძლო უზუსტობას მამუკა კაციტაძე სამი მიზეზით ხსნის. პირველ მიზეზად ის დროის სიმცირესა და ფინანსურ რესურსებს ასახელებს: „გვქონდა შემჭიდროვებული ვადები და ამიტომ ვჩქარობდით. ამასთან, არ იყო ფინანსური რესურსი საკმარისი. როცა რეგისტრატორს 110-150 ლარს გადაუხდი, ვეღარ დაავალდებულებ, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ოთხჯერ მივიდეს“.
მეორე, უმთავრეს პრობლემად, კომისია დაუმისამართებლობას მიიჩნევს: “ეს პრობლემა განსაკუთრებით არსებობს პერიფერიებში. წარმოიდგინეთ კახეთში, იორმუღანლოს თემში, 14 ათასი ადამიანიდან ორი ათასი ალი მამედოვია. ამ სოფლებში არ არსებობს ქუჩები, კონკრეტული მისამართები და ეს ამდენი ალი მამედოვი პირადი ნომრების მიხედვით უნდა ეძებო, რაც წარმოუდგენლად რთულია“.
მესამე პრობლემად სიების გადამოწმების პროცესის პოლიტიკური ანგაჟირება სახელდება, რის გამოც, კაციტაძის განცხადებით, კომისიის მისამართით თავიდანვე გამოიხატა უნდობლობა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში?!
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ არაზუსტია ოფიციალური მონაცემები, როგორც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის, ასევე მიგრაციაში მყოფი პირების შესახებ. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა იმ მონაცემის სიზუსტე, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ქვეყნდება.
რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში?-მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მონაცემები არაზუსტია: “ვერავინ ამტკიცებს, რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში 4 300 000 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 2 300 000 არის აქტიური სამუშაო ძალის მქონე, მილიონი -პენსიონერი და დანარჩენი კი -18 წლამდე და სტუდენტი, ანუ ამით უკვე შესრულდა 4 მილიონი.გარდა ამისა, ამბობენ, რომ მილიონ 57 000 არის საზღვარგარეთ. როცა ვკითხეთ მსოფლიო ბანკს, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა ეს მონაცემები, თქვეს, რომ პერიოდულად საქართველოდან ხან ენჯეოები, ხან ცალკეული პირებიაწვდიან ინფორმაციას“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსის, პაატა შავიშვილისთქმით, 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ 400 ათასი იყო, დღეს – ოთხი მილიონ 497 ათასია. „როცა ამ მაჩვენებლიდან ამოდიან და აცხადებენ, რომ ერთი მილიონი ადამიანია ქვეყნიდან გასული, არასწორია, რადგან 1989 წელს საქართველოს შემადგენლობაში იყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სადაც 500 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა“.
პაატა შავიშვილის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ საქართველოში ბინადრობდა 250 ათასი რუსი ჯარისკაცი თავიანთი ოჯახებით: „ჩვენი კვლევებით მიგრანტთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 113 ათასია. ეს ციფრი კონკრეტული ოჯახებიდან მიღებული ინფორმაციაა“.
პაატა შავიშვილის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მუდმივი მოქალაქის სტატუსით იმ პირებსაც ითვლის, რომლებიც ქვეყანაში მინიმუმ ერთი წელი მაინც ცხოვრობენ. „მაგალითად, უცხოელი მასწავლებლები, რომლებიც შემოვიდნენ ქვეყანაში ორი წლით. საარჩევნო კომისია ითვლის მხოლოდ საარჩევნო ხმის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ განსხვავდებაჩვენი ციფრები“.
პაატა შავიშვილი დარწმუნებულია, რომ “ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ დაზუსტდება, როცა საყოველთაო აღწერა ჩატარდება“.