დანაშაული, რისთვისაც რაულ დუმბაძე გაასამართლეს
საქმეში ფიგურირებს ორი ყირგიზი ქალი – დილდორა თეშებაევა და ნადირახან კორობაევა. ამ უკანასკნელს დილდორას პასპორტი ჰქონდა, რის სანაცვლოდაც 1000 დოლარს ითხოვდა (დილდორა თეშიბაევამ ჟურნალისტ ნანა ლეჟავას განუცხადა, რომ ნადირახან კორობაევა მას პროსტიტუციას აიძულებდა, რაზეც დილდორამ უარი თქვა). დილდორა თაშიბაევამ დასახმარებლად მიმართა თავის მეგობარს – რაულ დუმბაძეს. დუმბაძე და თეშებაევა ერთად მივიდნენ კორებაევას ბინაში პასპორტის წამოსაღებად, მაგრამ, რადგან ფული არ მიიტანეს, მან უარი თქვა პასპორტის მიცემაზე. რაულ დუმბაძემ ქალის შეშინების მიზნით დარეკა თავის ნაცნობ პოლიციელთან. კორობაევამ პასპორტი სადარბაზოში ისროლა.
გარდაცვლილი პატიმრის, რაულ დუმბაძის ადვოკატის, ირაკლი შავაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ ნადირახან კორობაევამ გაითამაშა ინსცენირება, თითქოს ის გაძარცვეს და პოლიციაში იჩივლა. ჩივილის შესახებ რაულ დუმბაძეს კიდევ ერთმა ყირგიზმა ქალმა შეატყობინა. რაული და დილდორა ამბის გასაგებად საკუთარი ფეხით მივიდნენ პოლიციაში, სადაც ორივე მათგანი დააკავეს.
ირაკლი შავაძე:”თავიდან საქმე დაიწყო ძარცვის ფაქტზე, მაგრამ შემდეგ დაკვალიფიცირდა, როგორც ყაჩაღობა…
ჩვენებაში ნადირახანი წერს, რომ რაულ დუმბაძემ და კიდევ ერთმა მამაკაცმა პირზე ხელი ააფარეს და ფული წაართვეს _ 1000 დოლარი. მან თავდაპირველად იცრუა და თქვა, რომ მუშაობდა, მაგრამ მისი ეს ჩვენება არ დადასტურდა. ვერც ფულის წარმომავლობა დაამტკიცა, იძახდა მეგობარმა მაჩუქაო. გამოძიებას ჯერ უთხრა, რომ თხილის სატეხით დაემუქრნენ, მაგრამ სასამართლოში ბრტყელტუჩა მოიტანა”.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა, რაულ დუმბაძეს 14, დილდორას – 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მე-3 საპყრობილეში რაულ დუმბაძეს სცემდნენ და იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მან დანაშაული არ აღიარა.
გარდაცვლილი პატიმრის დედა- ლუბა დუმბაძე ამბობს, რომ საქმის ქუთაისის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, პროკურორები რომეო ტყაბლაძე და ზაზა მეტონიძე მას პროკურატურაში იბარებდნენ და მუდმივად საპროცესოზე ეჩიჩინებოდნენ. ”მეუბნებოდნენ, ოღონდ დასთანხმდი და ერთ კარგ რესტორანში ვიქეიფოთო. თამადა მე უნდა ვიყოო, ბრძანა ზაზა მეტონიძემ”, – წერს გარდაცვლილი პატიმრის დედა, ლუბა დუმბაძე წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიწერა.
საბოლოოდ ქუთაისის ციხეში მყოფი რაულ დუმბაძე დათანხმდა საპროცესო გარიგებას. მას 4 წელი და 10 დღე მიუსაჯეს. ირაკლი შავაძე: ”რადგან რაულს 4 წელი პირობითი ჰქონდა, ის დაუტოვეს, ყაჩაღობისთვის მხოლოდ 10 დღე მიუსაჯეს. ერთი წელი მიუსაჯეს დილდორას. სასჯელის გამოცხადების დროს მას მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა დარჩენილი მოსახდელი”.
სამართალი საპროცესო გარიგებასა და მართლმსაჯულებას შორის
გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ რაულ დუმბაძეს ბათუმის საპყრობილეში სცემდნენ, ხოლო ქუთაისის ციხეში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ლუბა დუმბაძე ამბობს, რომ გარდაცვლილმა ვერ გაუძლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში თვეების განმავლობაში მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რამაც მისი ფსიქიკა საბოლოოდ შეარყია.
რაულ დუმბაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის საქმეზე არ განხორციელებულა მართლმსაჯულება, რადგან პოლიცია, პროკურორები, სასამართლო, ადვოკატი მუშაობდნენ არა იმისთვის, რომ დაედგინათ სიმართლე, არამედ იმისთვის, რომ პატიმრისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენება იმ დანაშაულის შესახებ, რაც განსასჯელს არ ჩაუდენია. პატიმარი ამაზე დიდხანს აცხადებდა უარს, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. სწორედ ამიტომ, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი აპირებს უჩივლოს საქმის პროკურორებს, ასევე ციხის ადმინისტრაციას.
ლუბა დუმბაძე განსაკუთრებით პროკურორების – ზაზა მეტონიძისა და რომეო ტყაბლაძის თვალთმაქცობაზე ამახვილებს ყურადღებას: ”ეს ორი ადამიანი მიჩოქებდა – ოღონდ საპროცესოზე დაგვთანხმდით და მერე ყველაფერს გაგიკეთებთო. ოჯახის წევრებს იფიცებდნენ, შეწყალებას გაგიკეთებთო… საპროცესოს შემდეგ ჩემმა შვილმა პირველად რომ სცადა თვითმკვლელობა, ვთხოვე გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა და შესაწყალებელთა ჯგუფში მოეხვედრებინათ, მაგრამ ხელი მკრეს”.
რამდენად საფუძვლიანია ლუბა დუმბაძის პრეტენზიები? – ამის დასადგენად ”ბათუმელები” რომეო ტყაბლაძესა და ზაზა მეტონიძეს დაუკავშირდა. ერთმა პროკურორმა თქვა, რომ პრესცენტრში უნდა დავრეკოთ, მეორემ როგორც კი შეიტყო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გათიშა.
გარდაცვლილი პატიმრის დედას ლუბა დუმბაძეს პრეტენზიები აქვს ადვოკატ ირაკლი აბაშიძესთან. მისი აზრით, საპროცესო გარიგების გაფორმების პროცესში, ადვოკატი სამართალდამცავების თამაშის წესებს უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე პატიმრის უფლებებს.
ირაკლი აბაშიძე ამ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმება: ”ჩემი პატიმართან ურთიერთობის დროს ნამდვილად არ ყოფილა არავითარი ზეწოლა და სხვა დროს არ ვიცი. პირველ საპროცესოს პატიმარმა მოაწერა ხელი, მეც მასთან ერთად ვიყავი და მეც მოვაწერე, მაგრამ მერე უარი თქვეს. მართალია, პატიმარმა რაღაც ეტაპზე, მეორე ინსტანციაში უარი თქვა ჩემს მომსახურებაზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მე მომითხოვა. საპროცესო მერედაც მისი თანხმობით გაფორმდა”.
ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ირაკლი აბაშიძისგან პირველი საპროცესოს გაფორმების შესახებ ამბავი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ შეიტყო: ”ირაკლის ვკითხე, როგორ მოაწერე ხელი, როცა პატიმარი წინააღმდეგი იყო-მეთქი. განმიცხადა, პროკურატურამ მაჩვენა რაულის ხელმოწერა და მეც მოვაწერეო. ანუ არ დაინტერესდა, რა პირობებში მოიპოვა პროკურატურამ პატიმრისგან თანხმობა, რაც თავისთავად არ შეიძლება”.
ირაკლი შავაძე ამბობს, რომ რაულ დუმბაძის მიერ საპროცესო გარიგებაზე თანხმობის შესახებ როგორც კი გაიგო, ბათუმის ციხეზე წავიდა, დუმბაძესთან ერთად დაკავებულ მეორე პატიმართან _ დილდორა თიშიბაევასთან შესახვედრად: ”რადგან რაული ქუთაისში ჰყავდათ, ამბის გასაგებად დილდორასთან წავედი მე-3 საპყრობილეში. ავედი თუ არა, ირაკლი აბაშიძეც ამოვიდა პოლიციის პიკაპით. მითხრა, რომ დილდორასთან მიდიოდა საპროცესოს გასაფორმებლად”.
ოჯახის ჩარევის შემდეგ ქუთაისის სასამართლოს აღარ წარუდგინეს პირველი საპროცესო გარიგება – ოჯახმა ადვოკატ ირაკლი აბაშიძეზე უარი თქვა. საქმის მოსმენა უკვე დასრულებული იყო და სასამართლოს მხოლოდ გადაწყვეტილებაღა ჰქონდა გამოსაცხადებელი. ”მე საპროცესოს ხელს არ მოვაწერდი, ამიტომ მოსმენა გადადეს… პატიმართან შეხვედრა ვცადე, მაგრამ უკანონოდ შემიზღუდეს ეს უფლება -მითხრეს, რომ აცილება მომცა პატიმარმა… საბოლოოდ გადაწყვეტილების გამოცხადება ოთხჯერ, ანუ იქამდე გადაიდო, სანამ პატიმარს ჩემზე არ ათქმევინეს უარი. საქმეში ისევ ირაკლი აბაშიძე ჩაერთო და საპროცესოც გაფორმდა”, – ამბობს ირაკლი შავაძე.
რაულ დუმბაძე ადრეც იყო ნასამართლევი მარიხუანას მოხმარებისთვის. მისი გათავისუფლებისთვის დედამ 11 ათასი ლარი გადაიხადა. პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა ბათუმში ბინის დარეგისტრირება სცადა, რაზეც რეესტრმა უარი უთხრა. მათ აცნობეს, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ”დამატებით სასჯელად დანიშნული აქვს 4 ათასი ლარი”.