Batumelebi | აგვისტოს კოცონი ბეშუმში აგვისტოს კოცონი ბეშუმში – Batumelebi
RU | GE  

აგვისტოს კოცონი ბეშუმში



ბეშუმში ძირითადად აჭარაში მცხოვრები ოჯახები ისვენებენ, დამსვენებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ბეშუმში დასვენება მათთვის ტრადიციაა.

ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარე კურორტზე დამსვენებლები ძირითადად აგვისტოს დასაწყისში მიდიან. ბეშუმის სეზონი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

 


 

აგვისტოს ყოველი დღე ბეშუმში ერთნაირად იწყება: დილის რვა საათზე იაილებიდან ჩამოსული მოვაჭრეები ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ დამსვენებლებს უხმობენ, ხის სახლებიდან გამოვიდნენ და ახალი კაიმაღი, მაწონი, ყველი, მოცვის ჩაი, სისხამ დილით დაკრეფილი მწვანილი და სხვა ბოსტნეული შეიძინონ. 

 

მოვაჭრეები ძირითადად ხულოში მცხოვრები ის ადამიანები არიან, რომლებთაც პირუტყვი საძოვრებზე გადმოჰყავთ და სამი თვის განმავლობაში იქ რჩებიან. იაილებიდან ბეშუმამდე ყოველ დილით რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან და გასაყიდი პროდუქტი ხელით გადააქვთ.

 

 

დილის 10 საათია. ბეჟან კახაძემ სამუშაო დღე დაასრულა. დღეს განსაკუთრებით გაუმართლა, კარტოფილი სრულად გაყიდა და 16 ლარი ივაჭრა. წასასვლელად ემზადება, სოფელ დოლიძირში ცხოვრობს, იქამდე ოთხი კილომეტრია. „ვყიდი ყველს, კაიმაღს, ყურუთს, კარტოფილს… პურის ფულს ვაკეთებ, თუ ვერ გაყიდე, მთელი დღედა იწოწიალო, სა წეიღებ? სახლში? ისევლე 4 კილომეტრი ხელით უნდა ათრიო. კარგი ვაჭრობა აგვისტოში არის, შუამთობაზე მივედი, პრეზიდენტის ნახვა მინდოდა, ჩვენ ვინ შეგვახვედრებს, ჩემი რაიონის სახელით ამას ვეტყოდი – გზა გვინდა, საერთოდ არ არის გზა, თვითმფრინავით რომ დადის, ფეხით გეიაროს და დეინახოს, რა გზაზე დავდივარ“.

 

ბეჟანის გვერდით მდგარ მოხუც კაცს ხელში ცხენის უნაგირი უჭირავს, იგი ცხენს აქირავებს. ახლა კლიენტებს ელოდება, პურის ფქვილი აქვს საყიდი და სახლშია წასასვლელი. სანამ წავა, ცდილობს 1-2 ლარი გააკეთოს. „დაგვიკელი, 5 წუთი – 50 თეთრი” – ევაჭრებიან ბავშვები მოხუცს, მაგრამ ვერ დაიყოლიეს. მამია ხოზრევანიძე ბეშუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ მთაზე ცხოვრობს. მთას თეთრობი ჰქვია. მაისში ამოდის და სექტემბრის დასაწყისამდე იქ რჩება. „საქონელი მყავს, ვშრომობ და მერე ვყიდი ყველს და კარაქს“ –  ამბობს მოხუცი. 

 

 

ბეშუმს დამსვენებლები არც წელს აკლია. ინგა შავაძე გურიაში ცხოვრობს, წარმოშობით ხულოდანაა. ყველა ზაფხულს ოჯახთან ერთად აქ ატარებს. სახლი, სადაც ინგა ოჯახთან ერთად ისვენებს, მფლობელმა ოთახებად დაყო, თითო ოთახს პატარა სამზარეულო გამოუყო, შესასვლელი გაუკეთა და ცალ-ცალკე გააქირავა, წელს ოთხივე ოთახი დაკავებულია. ინგა ამბობს, რომ წელს განსაკუთრებით გაუმართლა, კარგი მეზობლები ჰყავს და კარგადაც ერთობიან: „ბახმაროშიც დავდიოდი დასასვენებლად, მაგრამ ბეშუმს ბავშვობიდან ვარ შეგუებული. ყველა ზაფხულს აქ ამოსვლა ჩემთვის ტრადიციათაა ქცეული, ნათესავები, მეგობრები და უბრალო ნაცნობებიც კი აქ ისვენებენ. 20 დღით ამოვედი, სანატორიუმში დასვენებას მირჩევნია, სახლი ვიქირაო, მაშინ ვისადილო, როცა მინდა. აქ გასართობად ვართ წამოსულები, გუშინ ტყეში წავედით, სოკო დავკრიფეთ, საღამოთი კოცონს ვანთებთ, კოცონზე კარტოფილს ვწვავთ, თუმცა ბინები გაძვირდა, ერთ ოთახში 150 ლარი დავიხადე“ –  ამბობს ინგა. 

 

ინგასგან განსხვავებით ბათუმელი მარიკა თებიძე უპირატესობას სანატორიუმს ანიჭებს. იგი ამბობს, რომ ბავშვიანი ოჯახისთვის დასვენება აქ უკეთესია: „როცა ბავშვებთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად, სანატორიუმი უკეთესია, რადგან დროულადაა საკვები. სამჯერადი კვება გვაქვს, იმდენად კარგი საკვებია და იმდენად ვენდობი, რომ ბავშვებს ვაჭმევ, ყოველ დღე ახალი საკლავი იკვლება, ბათუმში ვცხოვრობ, ოთხნი ვისვენებთ და სამი საგზური ავიღე, რადგან ბავშვი პატარაა. ერთ სულზე 15 ლარი დღეში არაა ძვირი, მაგრამ როცა სამი ხარ, საკმაო თანხაა, თუმცა სხვაგან რომ წახვიდე, უფრო მეტი გეხარჯება.“

  

 
შუახეველ იამზე ბერიძეს ბეშუმი მოსწონს, მაგრამ ფიქრობს, რომ საკვები ძალიან ძვირია: „ყველაზე ძვირი ხორცი ღირს, ერთ კილოში 13 ლარი უნდა გადაიხადო, ლობიო, პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი _ ყველაფერი 1 ლარი და 50 თეთრი შეიძლება ღირდეს?“

 

დამსვენებლებს ბეშუმში ყველაზე მეტად წყლისა და საპირფარეშოს პრობლემა აწუხებთ.

ხატია 16 წელია ზაფხულობით ბეშუმში ისვენებს. მისი თქმით, ონკანიდა, რომლითაც ხუთი ოჯახი სარგებლობს, წყალი დღის განმავლობაში ერთი საათით ირთვება: „დილით საერთოდ არ არის, შუადღით ნახევარი საათით ირთვება, საღამოს 9 საათზე რამდენიმე წუთით ირთვება.” 
დენის შარაბიძე ბათუმში ცხოვრობს. რამდენიმე დღეა, რაც მეგობრებთან ერთად ბეშუმში ისვენებს. პრობლემების მიუხედავად, კარგად ერთობა: `სახლი დავიქირავე და მეგობრებთან ერთად ვისვენებ, ბეშუმი ერთი დიდი სოფელია, აქ წყლისა და საპირფარეშოს პრობლემაა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგია, თუმცა გაუმჯობესება შეიძლება, პირველ რიგში წყლის მიწოდება უნდა გაუმჯობესდეს~.
წყლის გარდა დამსვენებლებს პრობლემას გაზის არარსებობა უქმნის, გაზმომარაგების სამსახური 10 ივლისს გაიხსნა, თუმცა ამ სამსახურის თანამშრომლის, თემურ ბოლქვაძის განცხადებით, 10 დღეა, რაც ბეშუმში გაზი აღარ არის: „გვეუბნებიან, ორ დღეში იქნებაო. 80 ბალონი მქონდა, მაგრამ გაზი რომ აღარ იყო ხულოში და ბათუმში, ვინც მიდიოდა თან წაიღო. თან ვმუშაობ, თან ვისვენებ, თუმცა რა დასვენებაა, გაზი რომ არაა – მლანძღავენ.” – ამბობს თემურ ბოლქვაძე. მისი თქმით დამსვენებელთა რაოდენობა ყოველ წელს კლებულობს. იგი ამის მიზეზად გაძვირებულ ფასებს მიიჩნევს. „ელექტროენერგია გვაქვს და ორმაგს მახდევინებენ. მრიცხველს არ გვაყენებინებენ. დიდი-დიდი 10 ლარის თუ დავწვი და 55 ლარს მახდევინებენ, ამოსული დამსვენებელი უკან მიდის, შუქში ამდენი როგორ გადავიხადოო? სინათლე არა, წყალი არაა, პროდუქტი ძვირი, სანატორიუმში ადრე ერთ ამოსვლაზე 700-800 კაცი ამოდიოდა, გასულ წელს 200 კაცი ამოვიდა მხოლოდ.” _ ამბობს ის.

 

 ბეშუმის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ქედელიძე დამსვენებელთა ნაკლებობას არ უჩივის. მისი განცხადებით, 26 ახალაგებული კოტეჯი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთსაწოლიანი ახალი კოტეჯის ერთი დღით დაქირავება სამჯერადი კვებით 25 ლარი ღირს. კოტეჯი უზრუნველყოფილია ცივი და ცხელი წყლით. თემურ ქედელიძის ინფორმაციით, კოტეჯში დამსვენებელ ბავშვებზე 50%-იან შეღავათები ვრცელდება. 

 

რაც შეეხება წყლის პრობლემას, თემურ ქედელიძის თქმით, ერთი კვირაა, რაც წყალი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება და შეზღუდვა დამსვენებელთა სიმრავლემ გამოიწვია. „3-4 დღეში ახალ წყალსადენს შემოვიყვანთ, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ამ გრაფიკს ამოაგდებს და შეუზღუდავად მივაწვდით წყალს დამსვენებლებს. ის, ვინც ამბობს, რომ წყალი არ მიეწოდება, მას მოუწესრიგებელი აქვს საკუთარი წყლის სისტემა“ –  ამბობს იგი.

 

 

ბეშუმში დამსვენებლები ელექტროენერგიას დანახარჯის მიხედვით ვერ იხდიან. იმისთვის, რომ ელექტროენერგია ჩაირთოს, 55 ლარის გადახდაა საჭირო. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დღით რჩება ბეშუმში დამსვენებელი – 3 დღით თუ მთელი თვით. თემურ ქედელიძე ამბობს, რომ `ერთი დღით და ხუთი დღით არავინ რთავს ელექტროენერგიას და დამსვენებელი ელექტროენერგიის ღირებულების თითქმის 70% მოიხმარს,~ თუმცა დამსვენებლები ამას არ ეთანხმებიან.

 

სანიტარულ ნორმებს რაც შეეხება, ნაგვის ურნები ბეშუმის მხოლოდ იმ ნაწილშია განლაგებული, რომელიც შემოღობილია. ღობის გარეთ დარჩენილი დამსვენებლები ნაგავს სახლის უკანა ნაწილში ყრიან და სახლების ირგვლივ, პატარა მინდვრებზე პოლიეთილენის პარკებია მიმოფანტული.

 

შებინდდება თუ არა, ახალგაზრდები კოცონისთვის შეშას ამზადებენ, ზოგიერთს შეშა მოაქვს, ზოგიერთს – ძველ სახლზე შერჩენილი „ტოლის“ ნაჭერი, ზოგიერთიც კოცონის ადილზე, მინდორში ჩარჭობილ პალოზე ხის „ბწკალებს“ აწყობს.

 

საათი საღამოს ცხრას უჩვენებს. კოცონი დაინთო. მედეა ქამადაძე შვილიშვილებთან ერთად კოცონთან ზის, დათო ნაკვერჩხალში კარტოფილს აწყობს, აბრუნებს და სულმოუთქმელად ელოდება მის შეწვას. ზოგიერთი მღერის, ზოგიერთიც კოცონზე გადახტომით თავს იწონებს… მედეა ბავშვებს სიფრთხილეს ურჩევს და საკუთარ ბავშვობასაც იხსენებს: „68 წელია აქ ვისვენებ, ჯერ მშობლებთან ერთად დავდიოდი, მერე საკუთარ ოჯახთან ერთად, ახლა შვილიშვილებთან ერთად ვისვენებ. შეიძლება ითქვას, აქ გავიზარდე, ბევრი კარგი მოგონება შემომრჩა, ბავშვობაშიც ვანთებდით კოცონს, ზოგიერთი მღეროდა, ზოგიერთიც ცეკვავდა. ისე, ადრე სულ სხვა სიხალისე იყო, ეხლა ისეთი არ არის, ცხოვრება შეიცვალა“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე