სიახლეები

ანტითურქულ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება

16.08.2012
ანტითურქულ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება


“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა.


ანტითურქული განცხადებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ისე მედია წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკოსთა მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები: აჭარა „უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან“, შეწყდეს „თურქული ექსპანსია“ რეგიონის ტერიტორიაზე და სხვა.


სამწუხაროდ, თურქოფობული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც. გამომსვლელები, საქართველოში სხვადასხვა ტიპის თურქულ საფრთხეზე საუბრობდნენ.


ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ასევე ხშირად ჟღერს მედია სივრცეშიც. მედია რიგ შემთხვევაში გვევლინება მსგავსი განცხადებების გამტარად, ხოლო რიგ შემთხვევებში თავად წარმოადგენს ავტორს.


„ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა?“ „აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“; „მხოლოდ თურქული დროშა“; „აჭარის აზიზიზაცია“. ამ და სხვა, მსგავსი სათაურებითაა მოწოდებული ტელე და ბეჭდვითი მედიის ზოგიერთი სიუჟეტი.


ზემოთაღნიშნული პროცესი  თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით: ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყობითაა დაკავებული.” – აღნიშნულია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.