სპორტი

პარკური – ადრენალინი, სპორტი თუ გართობა

13.08.2012 •
პარკური – ადრენალინი, სპორტი თუ გართობა

 

ანრი მექვაბიძე, 18 წლის: 11 წელი კარატეში ვვარჯიშობდი, თუმცა მერე შევეშვი და აგერ უკვე მეორე წელია პარკურით დავინტერესდი. მე და ნიკა ბავშვობის მეგობრები ვართ. თავიდან სამნი ვიყავით, ჩვენ ორნი და ჩემი ძმა უჩა, მაგრამ მას ეგ ნაკლებად აინტერესებს და იშვიათად მოდის სავარჯიშოდ.

 

ნიკა ქვირია, 15 წლის: ადრე ტანვარჯიშზე დავდიოდი, დაახლოებით 5 წელი, თუმცა მას შემდეგ, რაც ფილმ `მე-13 რაიონს~ ვუყურეთ, მე და ნიკამ გადავწყვიტეთ ძალები პარკურში მოგვესინჯა და დღეს არც თუ ურიგოდ გამოგვდის. პატარაობიდანვე გვიყვარდა ეზოში ”გარაჟებზე” ასვლა, იქედან გადმოხტომა, სირბილი, მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად მივუდექით ჩვენს გატაცებას.

 

ანრი: ჩვენი ჯგუფიც გვაქვს შექმნილი (GFთ-ქართული ფრიანის გუნდი), თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით მხოლოდ ორნი ვართ.

 

ნიკა: ადრე ბევრნი ვიყავით, თუმცა ზოგი თბილისში გადავიდა სასწავლებლად და ვარჯიშიც იქ გააგრძელა, ზოგმაც სიგარეტის მოწევა დაიწყო და თავი დაანება.

რთულია ასეთი ილეთების შესრულება?

 

ანრი: რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თუ გულით მოეკიდები საქმეს და თავდაუზოგავად ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა.

 

ნიკა: როდესაც ვვარჯიშობთ, ბევრი მოსულა, დაინტერესებულა, მაგრამ შემდეგ დასზარებია. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ერთი ვარჯიშით ბევრს მიაღწევს, რომ არ გამოსდით, თავს ანებებენ, ნებისყოფა არ ჰყოფნით.

 

ტრავმა ხშირია პარკურში?

 

ნიკა: კი, ძალიან ხშირია, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ სერიოზული არაფერი დაგვშავებია.

 

ანრი: ზოგს ადრენალინი აქვს მოჭარბებული, მაგრამ მას თუ აჰყევი, შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღო. თუ ფსიქოლოგიურად მზად არ ხარ ილეთის შესასრულებლად და დარწმუნებული არ ხარ რომ გამოგივა, არც უნდა გარისკო.

 

 ჩემპიონატები თუ ტარდება?

 

ნიკა: კი, ორი წლის წინ პირველი ჩემპიონატი გორში გაიმართა, თუმცა ჩვენ არ ვიყავით მაშინ მზად, ახლა კი ვფიქრობ, შეგვიძლია საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინოთ. საქართველოს პარკურის ფედერაციაც არსებობს. თვენახევრის წინ თბილისში პარკურ-პარკი გაიხსნა, სადაც ჩატარდება კიდეც ტურნირები.

 

ანრი: ზოგი რომ გვიყურებს რასაც ვაკეთებთ, შეუძლებლად მიაჩნიათ, მაგრამ თუ სურვილი და ჟინი გაქვს, შეუძლებელი არაფერია.

 

ყოველდღე ვარჯიშობთ?

 

ნიკა: საღამოობით პარკში (6 მაისის პარკი) გავდივართ, ან კოლონადებთან, ან დელფინარიუმთან ქვებზე და ასე ვთქვათ, ვიხვეწებით.

 

ალბათ, გეცოდინებათ, რომ პარკური აპრობირებულია საფრანგეთის სპეცრაზმებში, როგორც ეფექტური გადაადგილების საშუალება სამხედროთათვის…

 

ანრი: კი, ეგ ვიცით.

 

ილეთებს როგორ სწავლობთ?

 

ნიკა: ინტერნეტში ვუყურებთ ვიდეორგოლებს, არის სასწავლო რგოლებიც და იმის მიხედვით ვვარჯიშობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: