Batumelebi | ტურიზმი წყლის გრაფიკით ტურიზმი წყლის გრაფიკით – Batumelebi
RU | GE  

ტურიზმი წყლის გრაფიკით

”ძლივს ვნახეთ ტურისტები, რომლებსაც ბინა მივაქირავეთ, მაგრამ მეორე დღესვე გაგვექცნენ. წყალი არ გვაქვს და აღარ გაჩერდნენ”, – ამბობენ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები. ამ მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებთა უმეტესობისთვის სეზონზე ბინების გაქირავება შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. აგვისტოს თვეში ნინოშვილის უბნის დასახლებაში წყლის მიწოდების გრაფიკი არ შეიცვლება.

ქეთი ლაბაძის ფოტო
ქეთი ლაბაძის ფოტო

წელს წყალი უწყვეტად ბათუმის მხოლოდ იმ უბანს მიეწოდება, სადაც მიწისქვეშა ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა – ეს ქალაქის ცენტრია. რაც შეეხება გარეუბნებს, ბათუმის ამ ნაწილში წყალი პერიოდულად წყდება. მირანდა თურმანიძე, რომელიც ”ფარეხთან” ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ მის ოჯახს წყლის საქაჩი აქვს, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ეს პრობლემა: ”მაგრამ მეზობლებს საშინლად მოეწოდებათ – მხოლოდ 8-დან 10-მდე, ანუ ვისაც მატორი არ აქვს, ის მთელი დღე უწყლოდ არის ამ სიცხეში. ამას წინათ დღის 2 საათზე რომ შეწყდა წყალი, მეორე დღის 6 საათამდე არ გვქონდა. 

 

 

მე-5 სართულებზე უკვე ყველამ დაიდგა მატორი, რაც მე-2-3 სართულების უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას მათ ბუზღუნს. აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ძვირი ჯდება მატორი – ეს მოწყობილობა 180 ლარი ღირს. ამას ემატება ქსელი, რასაც ყოველთვიურად ემატება სოლიდური გადასახადი ელექტროენერგიისთვის”.
”ფარეხის” უბანში მოსახლეობას წყალი, ძირითადად, პირადი მოხმარებისთვის სჭირდება, ანუ ბათუმის გარეუბნებში მცხოვრებ ოჯახებს არ აქვთ გათვლა ტურისტების მიღებაზე.

 

სხვა მდგომარეობაა ნინოშვილის დასახლებაში, ანუ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზღვასთან სიახლოვის გამო ამ უბანში 9-სართულიანი კორპუსების მობინადრეთა უმრავლესობისთვის ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

 

ხიმშიაშვილის ქუჩის 35-ე სახლში მცხოვრები ნანა ბოლქვაძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვის ოჯახსაც წლიური ბიუჯეტის შევსება, ძირითადად, ტურიზმისგან მიღებულ შემოსავლებზე ჰქონდა გათვლილი. ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ დღემდე მხოლოდ სამი ღამით ჰყავდა ტურისტები.

 

ნანა ბოლქვაძე: ”15 დღის წინ მთელი 4 დღით შეგვიწყვიტეს წყლის მოწოდება. წყალკანალში გვითხრეს, რომ მათ სისტემაში პრობლემა არ აქვთ, ელექტროენერგიის ძაბვაა დაბალი და მატორს ვერ რთავენ. ენერგოპროში როცა დავრეკეთ, გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ და მერე საერთოდ აღარ გვიპასუხეს ტელეფონზე. სამი დღე ვითმინეთ, მერე ქუჩის გადაკეტვა გადავწყვიტეთ და პატრული გამოვიძახეთ. პატრული შეეხმიანა ბათუმის წყალს. პატრულის ჩარევიდან მეორე დღესვე ჩართეს წყალი, მერე ხუთი დღე ნორმალურად გვქონდა. ახლა როგორი გრაფიკია, ვერ მიხვდები. დილის პირველზე რომ ითიშება, 5-ზე მოდის, ზოგჯერ 9-ზე ან 11-ზე. ასეთ პირობებში ტურისტი არ გაგიჩერდება”.

 

ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ მას ტურისტების ორი ჯგუფი უკვე გაექცა სახლიდან.

 

ნანას მეზობელი ლიკა შარაშიძე წყლის მიწოდების გრაფიკის არარსებობით გამოწვეულ ყოფით პრობლემებზე საუბრობს: ”დღეს შევედი აბაზანაში და დასაპნული დავრჩი, წყალი შეწყდა. ვერ ვხვდებით, როდის არის წყალი და როდის _ არა. პატარა ბავშვი გვყავს და უწყლოდ ძალიან მიჭირს”.

 

ირაკლი სოფრომაძე, ბათუმის წყლის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში: ”მაგ უბანს წყალი 24-საათიან რეჟიმში 2013 წლის დასაწყისიდან ექნება. უბანი ძველ სისტემაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნასოსებზე არიან დამოკიდებული, ამიტომ იძულებული ვართ, გრაფიკზე გვყავდეს. ნასოსის მართვას კი თავისი სპეციფიკა აქვს. ინჯალოს რეზერვუარის ჩაბარებას ეწერება ხელი ამ დღეებში, ინჯალო როცა ამოქმედდება, კიდევ უფრო ბევრ ადამიანს მიეწოდება წყალი უგრაფიკოდ. სალიბაურის რეზერვუარი ძველ ბათუმს კვებავს”.

 

ირაკლი სოფრომაძე ”ბათუმელებთან” ხიმშიაშვილის ქუჩაზე წყლის მიწოდების გრაფიკს აზუსტებს: ”ამ უბანში გრაფიკია 8,30-დან 12-საათამდე (წესით, სამ საათამდე უნდა იყოს, მაგრამ ინჯალოს წყალი ვერ კვებავს სისტემას და ამიტომ რეალურად ასეა). საღამოს საათებში კი უბანს წყალი 6-დან 12-საათამდე მიეწოდება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Nana Kvachadze