სიახლეები

ამომრჩეველი უკვე არარსებული ბარბიუსის ქუჩიდან

13.08.2012
ამომრჩეველი უკვე არარსებული ბარბიუსის ქუჩიდან

 

სხდომაზე, რომელიც ოლქში გუშინ, 12 აგვისტოს, 17 საათზე ჩატარდა,   „ქართულ ოცნებაში”  შემავალი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა,   მერი ცენტერაძემ და სოფიო კონცელიძემ, მათ მიერ მოძიებული  ფაქტების გამო,   საზღვრების დადგენის ფარგლებში კორექტირების შეტანა მოითხოვეს. დღეს ამ თემაზე განცხადება ”ქართული ოცნების” ბათუმის ოფისში გაკეთდა. ავთანდილ ბერიძის განმარტებით კომისიის  წევრებმა ამ ფაქტებს ყურადღება არ მიაქციეს და საზღვრები დაადგინეს. მისი განცხადებით, სხდომაზე მიღებული შესაბამისი განკარგულება  იქნება გასაჩივრებული ცესკოში.  ავთანდილ ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო სიებში აღმოჩენილი დარღვევები მას აფიქრებინებს, რომ   ნაციონალური მოძრაობა არარსებული ამომრჩევლის და არარსებული მისამართების ხარჯზე  გაყალბებისთვის ემზადება.



გაზეთი „ბათუმელები“ ბათუმის   79-ე ოლქის თავმჯდომარეს კახა ჯაიანს დაუკავშირდა.

კახა ჯაიანი: ”კომიისის წევრებმა  გადმოგვცეს კონკრეტული მისამართები და გვითხრეს,  საზღვრების დადგენის საკითხში შეგვეტანა კორექტირება. მაგალითად,  მათ თქვეს, რომ არ არსებობს ინასარიძის ქუჩა #14, არადა მე ვცხოვრობ  ამ  მისამართზე. კიდევ იყო ორი მისამართი, რომელიც გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ეს მისამართები არსებობს.  აქედან გამომდინარე, ძიება აღარ გავაგრძელეთ და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ყველა მისამართი გადაგვემოწმებინა. რაც შეეხება ბარბიუსის ქუჩაზე რეგისტრირებულ  ამომრჩევლებს, ჩვენ  კონსტიტუციით მინიჭებულ საარჩევნო ხმის უფლებას  ვერ წავართმევთ ამ მოქალაქეებს  და სიიდან ვერ ამოვიღებთ. მიმართონ  მამუკა კაციტაძის კომისიას.“



 „ქართულია თუ არა არაქართული ოცნება, თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამომრჩევლის  სიასთან დაკავშირებით, მათ კარგად იციან, რომ  უნდა მოგვმართონ ჩვენ. 1 აგვისტოდან დღემდე არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ მოუმართავს  მსგავსი განცხადებით. ამომრჩევლის სიიდან ამოღება ხდება ორ შემთხვევაში. ერთი – როცა ამომრჩეველი გარდაიცვლება და მეორე, როცა ამომრჩეველს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. შესაძლებელია მათ ვერ იპოვეს  ბარბიუსის ქუჩა, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ  ფაქტი  და მივაწოდებთ ინფორმაციას” -აცხადებს მამუკა კაციტაძე, რომელიც ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიას ხელმძღვანელობს.



„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ავთანდილ ბერიძე აცხადებს, რომ მათი მიზანია  საზღვრებში არ მოხვდეს  ის მისამართები, რომელიც არ არსებობს, მაგალითად ჯავახიშვილის ქუჩა ნომერი 5: ”ამ მისამართზე ალასანიას  უნივერსიტეტია და წესით აქ ამომრჩეველი არ უნდა ცხოვრობდეს, ამიტომაც  ჩვენ ვასაჩივრებთ  ოლქის მიერ მიღებულ განკარგულებას საზღვრებთან ერთად.”



ბარბიუსის ქუჩა ბათუმში ბულვარსა და ძველ სტადიონს შორის მდებარეობდა. ახლა აქ დაუსრულებელი „კემპინსკის“ სასტუმროს  შენობა დგას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: