სიახლეები

ბათუმელი სტუდენტები: “მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს”

13.03.2013 • 1360
ბათუმელი სტუდენტები: “მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს”

როგორც დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ დისკუსიაზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ბსუ-ს სტუდენტმა ქეთი ფოტოვამ აღნიშნა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აპირებენ, რომ შეუერთდნენ სტუდენტთა აქციას, რომელსაც თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მართავენ. მისივე თქმით, „სტუდენტები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს და არანაირი პოლიტიკური პროცესებს, ეს იქნება პროვოცირებული განათლების სამინისტროდან თუ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან, არ უნდა შეეწიროს სტუდენტების ინტერესები. ის მიზეზები, რომელიც გახდა აგრარული უნივერსიტეტის დახურვის მიზეზი, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტების 80% პროცენტს აქვს და მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს.“

 

როგორც დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევის თემა დროულად და კვალიფიციურად უნდა იქნეს შესწავლილი და შესაბამისი დასკვნა დაიდოს.  

 

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მაგისტრანტმა, რომელმაც დისკუსიის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან და მათ ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს, „ჰქონდეთ განათლების თავისუფლება“.

 

დღესვე სტუდენტებმა საქართველოს განათლების მინისტრის სახელზე მიმართვა გაგზავნეს, სადაც ისინი აგრარული უნივერსიტეტისათვის ხელახალი ავტორიზაციის მინიჭებას ითხოვენ.

 

„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!  

 

 12 მარტს, დილის 5 საათზე ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. სტუდენტთა უმრავლესობა მოითხოვს უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის დაბრუნებას.

სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლო გარემო, სწავლის ხარისხი და ფასი მათთვის მისაღებია. ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გვაღელვებს იმ 2000-ზე მეტი სტუდენტის ბედი, ვინც აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობს.

 

სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გთხოვთ, უახლოეს მომავალში შეისწავლოთ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმაროთ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყოთ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია.“ –  ნათქვამია განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: