სიახლეები

ინტელიგენციას სუნი არა აქვს?!

13.03.2013 • 2172
ინტელიგენციას სუნი არა აქვს?!

ქართულ ვიკიპედიის ცნობით, წითელი ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა ჯგუფია, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ კომუნისტურ იდეებს, უმეტეს შემთხვევაში საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ან შიშის გამო. როგორც მახსოვს, ეს ტერმინი ამ დატვირთვით, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა გამოიყენა, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ გაუმართლებელი იყო. რამდენიმე წლის წინ კი მოქმედმა პრეზიდენტმაც ამ ჯგუფს „ჩარეცხილები“ უწოდა, რაც არანაკლებ მიუღებელი იყო პოლიტკორექტულობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი თემაა და, შესაბამისად, დროის დახარჯვა არ ღირს. სულ ცოტა ხნის წინ მეც ანალოგიურად ვფიქრობდი, სანამ სოციალურ ქსელებში არ გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით „მსახიობები და მომღერლები რუსეთზე“.

 

ერთი შეხედვით ეს საკმაოდ „უწყინარი“ ღონისძიება იყო, რომელზეც  საზოგადოებისთვის ცნობილი (თუმცა მივიწყებული) სახეები შეიკრიბნენ და გამოთქვეს მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მაგალითად, გაისმა შეძახილი ერთი სიმღერა 15 ტანკის სანაცვლოდ (მქუხარე აპლოდისმენტები), იმპერიის წინაშე ყველა უნდა კრთოდეს (შედარებით მოკრძალებული აპლოდისმენტთა აკომპანემენტი) და ა.შ. ვიდეოს ყურებისას გამახსენდა კარგი ქართველი ბლოგერის სიტყვები, რომ რუსეთის მიმართ პოზიციები ქართულ ინტელიგენციაში სახელმწიფო კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად იცვლება: თუ ხელისუფალი ამბობს „დაგმე რუსეთი“ – გმობენ, ხოლო თუ პირიქით, მათი ქცევაც შესაბამისია. მაგრამ რატომ იქცევიან ასე? ვფიქრობ, ამაზე პასუხი ჯავაჰარლალ ნერუს აქვს, რომლის მიხედვით, „ინტელიგენცია, რომელიც კოლონიზატორების მიერ არის აღზრდილი, საკუთარი ერის მთავარი მტერია“.

 

ამ ვიდეოში იყო ერთი საინტერესო პერსონაჟი, ახალგაზრდა კაცი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ყიფიანი, რომელიც გაბრწყინებული თვალებით გვიმტკიცებდა, რომ რუსები ჩვენი ერთადერთი შანსია პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომ ყველაფერი ერთი კაცის ახირების გამო მოხდა და რუსები ჩვენი გადარჩენის და ხსნის უალტერნატივო პირობაა. მას ჟურნალისტმა ისიც კი ვერ წამოაცდინა, რომ მეზობელი ქვეყანა ოკუპანტია. რესპონდენტი უფრო შორსაც წავიდა და ისტორია მოიხმო თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად. პარადოქსია, მაგრამ მახსენდება კიდევ ერთი კაცი, ასევე გვარად ყიფიანი, რომელიც საკმაოდ ხანშიშესული, იმის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ რუსი ეგზარხოსისგან ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როგორც ჩანს, მართლაც „მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“.

 

სიმართლე გითხრათ, ბაბუებისა და მამების თაობასთან კითხვის ნიშნები აღარ დამრჩა და ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, ახალგაზრდები რატომ „წითლდებიან“ ან ცდილობენ „გაწითლებას“, ამის ახსნა მიჭირს. მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: თუ რამ ავი დაგვემართა, ისევ ინტელიგენციის წყალობით გვერგო. თევზი თავიდან აყროლდებაო, – ასე დაგვემართა ჩვენც. ვისაც მეტი ერგო, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს სათავეში მოვექეცით ხალხს. ლხინში წინ მივუძღოდით, ჭირში კი კუდში ძლივს მივდევდით“.

 

გეცნოთ სიტუაცია? სად იყო ეს ხალხი, როცა გვიჭირდა? სად იყვნენ, როდესაც მათ თავიანთი როლი უნდა შეესრულებინათ? ალბათ, სადმე მწერალთა კავშირების სხდომაზე ან ავტომობილ „ვოლგის“ საჭესთან, ან 37-მანეთიანი ბილეთის მოლოდინში ან რომელიმე საბჭოთა კურორტზე, მოკლედ სადღაც, მაგრამ არა იქ, სადაც ჯერ არს. სამწუხაროდ, ჯავახიშვილის პროგნოზი არ გამართლდა და ვერც ისტორიამ შეძლო ჯერჯერობით მათი გასამართლება, რადგან ეს ისტორიაც უსინდისოდ წაგვართვეს და გადაგვიწერეს, ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეს და საამურ კოტლეტად გვიქციეს, რომელიც ჩვენც სიამოვნებით შევახრამუნეთ.

 

და ბოლოს, მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების სათავეში ვაცლავ ჰაველი მოვიდა, მან საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვია ცნობილი ამერიკელი გიტარისტი და კომპოზიტორი ფრენკ ზაპა, რომელიც ჰაველს ძალიან უყვარდა. ზაპას ტრაპზე ფეხიც კი არ ჰქონდა დადგმული, რომ თქვა: ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა სუნი ტრიალებსო.

 

ეს სუნი დღემდე იგრძნობა ჩვენთან: ბაღებსა და სკვერებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში. ეს ის სუნია, რომელიც ბებიაჩემის „ნაფტალინით“ გამოტენილი კარადიდან უხვად იფრქვეოდა. შეიძლება ფულს სუნი არა აქვს, მაგრამ საბჭოთა სუნი ჯერ კიდევ უხვად მოაქვს ჩრდილოეთიდან მობერილ ნიავს და ეს სუნი ყველაზე მეტად ქართველ ინტელიგენტებს ასდით. ასე რომ, რაც შეიძლება ხშირად, ღრმად ჩავისუნთქოთ და სუფთა (უსუნო) ჰაერი მივაწოდოთ ჩვენს ისედაც დაავადებულ ფილტვებს.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: