ჩაქვის შემდეგ ხანძარი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში გაჩნდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ოჩხამურის მიმდებარედ ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, ასევე ხანძარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში.
როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, დამწვარია ხუთ ჰექტრამდე ტერიტორია.
„ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, პატარა კერებია დარჩენილი რასაც ვაქრობთ ახლა. სოფელს სადაც ხანძარი გაჩნდა ჰქვია ზედა კაპრეშუმი, სოფელ განთიადის საზღვართანაა. ჩაქვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია,“ – განაცხადა ხუსეინ სირაბიძემ.
მისივე თქმით ხანძრის ჩასაქრობად ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის კერა ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზეა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დღეს აჭარაში ძლიერი ქარია, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. amindi.ge – ს ინფორმაციით ამ დროისათვის ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსია.