სპორტი

პრაქტიკანტი მწვრთნელი გამოცდილმა შეცვალა

13.03.2013
პრაქტიკანტი მწვრთნელი გამოცდილმა შეცვალა

ბატონო თამაზ, ევროპის ჩემპიონატით დავიწყოთ

 

 

– სამწუხაროდ, წლევანდელი ევროპირველობა ჩვენთვის ვერ გამოდგა წარმატებული. ქალთა (ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე – ხელვაჩაური) და ვაჟთა (არჩილ ფარსენაძე – ხელვაჩაური, ლაშა ფხაკაძე, ლევან ჩიტიშვილი – თბილისი) ნაკრებიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა ნარიმანიძე მიუახლოვდა საპრიზო სამეულს, თუმცა, საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. მართალია, კარგი შედეგი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

 

 

 

მიზეზი?

 

 

– დავიწყებ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მხოლოდ 15 დღე მქონდა ნაკრების მოსამზადებლად, მანამდე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა და იქ გადაწყდა ჩემი დანიშვნა ნაკრების თავკაცად.

 

 

თქვენ ადრეც წვრთნიდით ნაკრებს და შედეგები მაშინ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს კორეელი მწვრთნელის დროს, მიუხედავად ამისა, მან დიდხანს შეინარჩუნა ნაკრების მწვრთნელის პოსტი

 

 

– გეტყვით იმას, რომ ჩემი მწვრთნელობის დროს არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ, მათ შორის გამორჩეულია ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გუნდური პირველი ადგილი, მსოფლიო რეიტინგში მე-9 პოზიციაზე ვიყავით, მას შემდეგ კი, რაც ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მე გამათავისუფლა და სხვა დანიშნა, ერთი წლის მანძილზე მე-17 პოზიციამდე დავქვეითდით.

 

 

რით იყო ეგ განპირობებული, ფაქტობრივად, ნაკრების შემადგენლობა ხომ არ შეცვლილა?

 

 

– არ შეცვლილა, თუმცა ჩემ წინამორბედს სამწვრთნელო პრაქტიკა არ ჰქონდა. მან 2010 წელს მიიღო მწვრთნელის სერთიფიკატი, რაღაც ხუთდღიანი კურსები გაიარა და ეგრევე საქართველოში მოიწვიეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ის საქართველოში პრაქტიკის გასავლელად ჩამოვიდა.

 

 

კარგი პრაქტიკა გამოუვიდა, ქრისტინე ესებუამ მისი მწვრთნელობის დროს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი

 

 

– ქრისტინე მსოფლიოს ჩემპიონატამდე უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა, ასე რომ, შედეგიც არ არის გასაკვირი. კარგი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, არავინ გაუშვებდა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაუშვეს.

 

 

და მანამდე ნაკრების მწვრთნელის გარეშე იყო?

 

 

– სამწუხაროდ, დიახ.

 

 

ნაკრებში შემადგენლობის მხრივ ცვლილებებს გეგმავთ?

 

 

– წინასწარ მაგის განსაზღვრა შეუძლებელია. 15-17 მარტს ვატარებთ აჭარის ღია პირველობას კადეტებს, ახალგაზრდებსა და დიდებს შორის. ტურნირი სამ ეტაპად ჩატარდება და სწორედ მაშინ გაირკვევა ნაკრების შემადგენლობა. დიდების ნაკრები 14-20 აპრილს საფრანგეთის ქალაქ რიომში ევროპის გრანპრისთვის მოემზადება, თუმცა მანამდე, 26-31 მარტს, დიდების ნაკრები ანტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კადეტები და ახალგაზრდები კი მონაწილეობას მიიღებენ ლიუბლიანაში (სლოვენია, 13-20 მაისი) გასამართ ევროპის თასის პირველ ეტაპზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ნაკრების შემადგენლობა აჭარის ღია პირველობაზე დაკომპლექტდება.

 

 

რეიტინგში არის ცვლილებები?

 

 

– მსოფლიო რეიტინგში ცვლილებები საფრანგეთის ევროპის გრანპრის მერე შევა. ჩვენი მთავარი მიზანი წლის ბოლომდე საუკეთესო ათეულში მოხვედრაა.

 

 

თქვენ პარაოლიმპიელებსაც ავარჯიშებთ

 

 

– დიახ, ზვიად დუმბაძესა და ნინო ბარამიძეს. ზვიადმა უკვე მიიღო მონაწილეობა აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატებზე. ამჟამად მათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვამზადებთ, რომელიც ნოემბერში, ტაივანში გაიმართება.

 

 

ინვენტარის მხრივ ხშირად გქონდათ პრობლემები

 

 

– პრობლემები ახლაც გვაქვს, ძალიან ძვირია კარგი მშვილდი, თუმცა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი დაგვპირდა, რომ ოთხ კომპლექტს შეგვიძენს, ერთ კომპლექტს კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ყიდულობს ჩვენთვის, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: