„უკვე გვიანია იყო პესიმისტი“ – აქცია

 

 

აქტივობის   მიზანია  საზოგადოების  ყურადღების  გამახვილება  გარემოს  დაცვის საკითხებზე.

 

აქცია  გაიმართა  სახელოსნო „At  Takos” და  შ.პ.ს  სანდასუფთავებასთან  ერთად.

 

აქცია   ხორციელდება – პროექტის   ფარგლებში  „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“,  რომელსაც  ახორციელებს   საქართველოს  გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

ნახევარი მილიონი ლარი სანდასუფთავების ქვითრებისთვის

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 2012 წელს მერიასა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულება 414 795 ლარზე იყო გაფორმებული. კომპანიის მონცემებით ამ თანხიდან იმავე წელს გაწეული მომსახურების ღირებულებამ 206 496 ლარი შეადგინა.  159 820 ლარის ღირებულების ანალოგიურ მომსახურებაზე კი მერიასა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის  ხელშეკრულება გასული წლის ივლისში დაიდო. ხელშეკრულებას ხელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ვახტანგიძემ მოაწერეს.

 

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ერთიანი ქვითრების ბეჭდვის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით იგი ბოლო სამი წელია  თანამშრომლობს ძირითადად, „თბილსერვის ჯგუფთან“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის მერიაში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული აქვს, რომ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, კონტრაქტის პირობების თანახმად, კონფიდენციალურია.

 

 

ბათუმის მერიას  წელს სანდასუფთავების ქვითრების დაბეჭდვა-დარიგებასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება შპს “ბათუმის წყალთან” აქვს გაფორმებული 240 000 ლარზე. მოსახლეობა სანდასუფთავებისა და წყლის გადასხადის გაერთიანებულ ქვითარს მიიღებს.

 

 

 

პრემიერ-მინისტრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

 

შეხვედრაზე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის აქტუალური თემები, მიმდინარე რეფორმები, სამომავლო გეგმები.
აჭარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ინფორმაციას და  შეხვედრის ამსახველ კადრებს  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

 

აქციის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვა ჩაუტარდება 300–მდე სკოლის მოსწავლეს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში მიეცემათ რეკომენდაციები.

 

აქციის ინიციატორია მიხეილ სანდლერი, მხარდამჭერები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

მიხეილ სანდლერმა მსგავსი სახის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლის 22 დეკემბერს ჩაატარა შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” ბაზაზე.

 

ევროკავშირის ფილმების ფესტივალი იწყება

 

დღესვე 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება შტეფან ტოლცის ფილმი „სრული სვლით დასავლეთისკენ – საქართველო მომავლის ძიებაში“.

 

ევროკავშირის კინოფესტივალი 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია. ჯამში სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო გამოფენაზე

 

„გამოფენაში მონაწილეობის მიზანი აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და რეგიონით დაინტერესებულ ახალ ტურისტულ კომპანიებთან კავშირების დამყარებაა,“ – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

საერთაშორისო გამოფენა “BALTTOUR-2014” ბალტიისპირეთის მთავარ ტურისტულ ფორუმად არის აღიარებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, აქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი.

დისკუსია: „რელიგიური კონფესიების დაფინანსება და არსებული გამოწვევები“

 

დისკუსიაში მონაწილეობას   არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედია და ადგილობრივი საზოგადოების წევრები მიიღებენ.  დისკუსიის მომხსენებელი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი  იქნება.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ისლამური და იუდევური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია საქართველოში 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით. აღნიშნული ინფორმაციით, ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას ერთჯერადი სახე ექნება. თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს დაფინანსების გრძელვადიან პერსპექტივებსაც.

 

განცხადება  ოთხი რელიგიური კონფესიისთვის დაფინასების გამოყოფის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 იანვარს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსებას კომპენსაციის სახით მიიღებს, იმ დევნის გამო, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თანაბარი დაფინანსება ყველა რელიგიური კონფესიის მიმართ ერთნაირი პატივისცემის დასტურია.

 

როცა მამა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს – რეჯებ ნიჟარაძის ისტორია

„ერთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი სამი კაცის ხელწერით სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. დედაჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩა. არ ვიცი, როგორ გადავურჩით გადასახლებას… შეიძლება იმიტომ, რომ წვრილშვილის გამო ის ვერ ახერხებდა საზოგადოებაში ხშირად გამოჩენას. ვფიქრობ, თვალში გამორჩათ. ხოზრევანიძის, ლორთქიფანიძის ქალები იყვნენ, რომლებიც ხშირად მართავდნენ შეხვედრებს და ისინი 10-11 წლით გადაასახლეს. ბევრი მათგანი ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

მამის დახვრეტის შემდეგ ჩვენს ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. წაგვართვეს კერძო სახლი კიროვის ქუჩაზე და ყველა ნივთი, რაც გაგვაჩნდა. ერთადერთი, რისი გადანახვაც დედაჩემმა მოასწრო, ოვალური, სადაფებით გაწყობილი მაგიდა იყო, რომელიც შემდეგ მუზეუმს გადავეცით. მამაჩემს ნოე ჟორდანიას მიერ ნაჩუქარი ფრანგული კალმები ჰქონდა ოქროს საკალმეებით, ისიც წაიღეს, ასევე წაიღეს ძვირფასი ბეჭდური გამოცემები და ცოტა ოქროც. ერთადერთი, რის დაბრუნებასაც მამაჩემის გამართლების შემდეგ ვცდილობდით, წიგნები და ჟორდანიას მიერ ნაჩუქარი კალმები იყო, თუმცა მათ კვალს ვეღარ მივაგენით.

დედაჩემს, როგორც მავნებლის ცოლს, სურსათის ტალონები არ მისცეს. სოფელში პატარა ყანა გვქონდა და იქედან ჩამოგვქონდა ბოსტნეული. მართალია, ისიც ჩამორთმეული გვქონდა, მაგრამ მეზობლები გვაძლევდნენ დამუშავების უფლებას. ჩამოგვქონდა თხილი და მოგვყავდა ბრინჯიც. ასე გაგვქონდა თავი.

დავრჩით საზოგადოებისგან გარიყულები. ნათესავებმაც შეწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა. მამაჩემის სახელის ხსენებაც კი აკრძალული მქონდა. კლასში ერთ რიგში გამოცალკევებული ვისხედით „ტროცკისტების“, “მავნებლების“, „სამშობლოს მოღალატეების“ და „ხალხის მტრის“ შვილები. მასწავლებლები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, გაკვეთილებს არ გვეკითხებოდნენ, ჩვენ კი ხელის აწევას ვერ ვბედავდით. ერთხელ, მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, პიონერხელმძღვანელი შემოვიდა და გვითხრა: „ვისაც მამა ჯარში ჰყავს დაკარგული, მათთვის მაისურებს და კალოშებს ვარიგებთო“. მაისურებზე გული არ მიმსვლია, ჩემი და-ძმების ნაქონიც მქონდა, მაგრამ კალოში ძალიან მინდოდა, რადგან სკოლაში ჩემს ძმას მხრებზე მოკიდული დავყავდი. ხელი მეც ავწიე.

მეორე დღეს დირექტორთან დამიძახეს. პიონერხელმძღვანელი მიუბრუნდა მასწავლებლებს და უთხრა, ეს არის მატყუარა, არაადამიანი, ცრუ, რადგან მოგვატყუაო. ჩამომხსნეს ყელსახვევიც. ეს ჩემთვის მაშინ დიდი ტრაგედია იყო, ოთხი საათი გაუჩერებელი ვტიროდი. შემდეგ დედა მივიდა დირექტორთან და დაემუქრა. ციხეში წავალ და შვილის დაჩაგვრას არ შეგარჩენო. ცოტა ხნის შემდეგ სკოლაში საღამო გამართეს. მე კარგად ვსწავლობდი და ბევრი ლექსი მომაყოლეს, შემდეგ მითხრეს, ბოდიშს თუ მოიხდი, გაპატიებთო. ბოდიში არ მოვიხადე, მაგრამ ყელსახვევი მაინც დამიბრუნეს.

მთელი ცხოვრება ყველგან უკან დახეული ვიყავი. მამა გაამართლეს, მაგრამ სხვა რომ გაიხარებდა, ისე მაინც ვერ ვხარობდით, წარსული ტკივილი დღემდე მომყვება.

მამაჩემს, რეჯებ ნიჟარაძეს, დიდი თანამდებობა ეკავა. იყო ძალიან განათლებული კაცი. იუსტიციის პირველი მინისტრი, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ანუ ხმოსანი იყო. ასევე, პირველი მოსამართლე და კონსტიტუციის შემდგენელი. მეგობრობდა ექვთიმე თაყაიშვილთან და ნოე ჟორდანიასთან. ასეთი მამა წამართვეს. არაფერი დამიტოვეს მისი. ფეხსაცმელი, წინდა ან ქუდიც კი არ მაქვს მამის სახსოვარი. ახლა გვეუბნებიან, როგორც რეპრესირებულს, 400 ლარი გეკუთვნით კომპენსაციაო. ეს ფული შემიცვლის მე მამის დანაკლისს და იმ წლებს?

მამას ჩვენამდე სხვა ოჯახი ჰყავდა. ოდესის საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის დროს გერმანელი ქალი გაიცნო და მასზე დაქორწინდა. ორი შვილი შეეძინათ. ქალიშვილი სორბონაში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც დიფტერია დაემართა და ერთ ღამეში გარდაიცვალა. დიდხანს ვერ ეუბნებოდნენ მამაჩემს ამ ამბავს, რადგან მამა ძალიან ნერვიულობდა, რომ მათ ხმას ვერ აწვდენდა. როგორც მახსოვს, ერთი წლის შემდეგ გაიგო ეს ამბავი. მისი ცოლი კი ციურიხში იყო, რადგან ბიჭი იქ სწავლობდა. იმ ქალის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ ახალი ოჯახი შექმნა დედასთან და სამი შვილი გავუჩნდით.

11 წლის ვიყავი, როცა ჩემი ნახევარძმა საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მასაც სდევნიდნენ, გერმანელი დედა ჰყავსო. ერთხელ გერმანიიდან მეგობარმა წერილი გამოუგზავნა, მართალია ზავი დაიდო, მაგრამ გერმანიის იმედი არ მაქვს და ალბათ ომი მაინც დაიწყებაო, წერდა. წერილი ტუალეტში ჩაუგდია, თუმცა  წერილი იქედანაც ამოუღიათ და ჩეკაში წაუღიათ. ათი წელი მიუსაჯეს ამ წერილის გამო, რუსთავის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. თუმცა ისეთი პროფესიონალი იყო, კოლონიაში კონიაკის, საპნის, ასანთის ცეხი გახსნა და იქედან გვეხმარებოდა ჩვენ. ასე გაგვქონდა თავი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია.

საშინელი დამოკიდებულება მაქვს იმ პერიოდთან, ეს უდიდესი ბოროტება იყო. ჩემი მეზობელი იცით რატომ დააპატიმრეს?! სამსახურში მივიდა და რემონტი დახვდა. ეს რა ხარახურები დაგიყრიათ კაბინეტშიო, უთქვამს. როცა  რაღაც მასალები აიღეს, ნივთებში სტალინის სურათიც აღმოჩნდა. სტალინის სურათს ხარახურა როგორ უწოდეო უთქვამთ და დაუპატიმრებიათ. ეს სტალინის და ბერიას პოლიტიკის შედეგი იყო.

 

ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა

 

 
ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფი და ერთი ერთეული ტექნიკა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხდება. ის, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, მოგვიანებით გაირკვევა.
 
 

„ეკლესია უნდა იყოს შემწყნარებელი“

 

 

თამარ ბაუჟაძე, მომხსენებელი:  დავიწყებ იმით, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გამოხმაურება, სადაც სხვა თემებთან ერთად ასევე საუბარია ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე, რასაც მოჰყვა  საზოგადოების მხრიდან მწვავე განცხადებები, რომლის შემდგომაც საპატრიარქოს მხრიდან მოხდა ამ განცხადების განმარტება.

 

საშობაო ეპისტოლემ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი ქალთა უფლებების დაკნინებამ აღაშფოთა, ზოგი სუროგაციის მიმართ დამოკიდებულებამ, ზოგიც განაყოფიერების საკითხის არასწორად ფორმულირებულმა შეხედულებებმა.

 

 თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეკლესიას ჰქონდა უფლება გამოეხატა თავისი შეხედულებები, ეს იქნება სწორი ფორმულირება, ვიაიდან ის არის და ყოველთვის იქნება კონსერვატიული ძალა, მას ყოველთვის ექნება პრეტენზიები ინვინტროგანაყოფიერებაზე, სექსუალურ უმცირესობებზე და უნდა გავიგოთ, რომ ასეთი ძალები ყველა თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს და ეს უნდა მივიღოთ, მივიღოთ როგორც პოზიცია.

 

ჩვენ უნდა ვთქვათ და დავარქვათ ამ ყველაფერს თავისი სახელი – ეს არის დომინანტი ძალა, რომელსაც ჰყავს თავისი მრევლი, და კიდევ მეორე საკითხი, რომელიც მე მაწუხებს, ეს არის ის, რომ სააპატრიარქო და საზოგადოებრივი ძალები თავიანთ ენერგიას ხარჯავენ მეასეხარისხოვან პრობლემებზე და დღის წესრიგში არ აყენებენ იმ სერიოზულ და მძიმე გამოწვევებს, რომელიც დგას ჩვენს  წინაშე მაგალითად ისეთი დიდი პრობლემა, როგორიცაა განათლების პრობლემა, როგორიცაა სოციალურად გაჭირვებული ადამიანებს სისტემური დახმარება, ან სამეცნიერო კვლევითი სფეროს დაფინანსების არარსებობა.  

 

ნინო ჩხაიძე, ორგანიზაციაარტ ვეი“: პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ,   სუროგაცია რატომ  არ არის ჩვენთვის მისაღები. იმიტომ, რომ პატრიარქმა თქვა ეს?! მე მიმაჩნია, რომ სუროგაცია დასაშვებია და პატრიარქის ეპისტოლეში ნათქვამი სიტყვა არის წმინდა მართლმადიდებლური პრინციპებიდან გამოსული. აქედან გამომდინარე, როგორც მართლმადიდებელს გამიკვირდა, მაგრამ როგორც მოქალაქე, რამდენად მივიღებ ამ აზრს, ეს ჩემი გადასაწყვეტია. 

 

 

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი:  პატრიარქი შეუცდომელია?! სახელმწიფო აფინანსებს საპატრიარქოს და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გამართოს აქცია საპატრიარქოს წინ. როცა ჩემი, მოქალაქის ჯიბიდან ფინანსდება რაღაც, ამ შემთხვევაში საპატრიარქო, მე პროტესტის უფლება მაქვს.

 

 

ოთარ ქათამაძე, რეჟისორი: ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მეცნიერებაში და არ უნდა მართავდეს საზოგადოებას. ვფიქრობ, ეკლესიას უნდა ჰქონდეს ფუნქცია, რომ მან შემწყნარებლური როლი ითამაშოს ყოველ კონფლიქტში. მაშინ, როდესაც დაარბიეს აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ, ეკლესიამ დაინახა ძალიან კარგად რა შეუძლია მას, რამდენად დიდი ძალა გააჩნია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას უჭირავს ერთ-ერთი მთავარი ადგილი, მას ჰყავს მრევლი, მრევლს შეაქვს ეკლესიაში უამრავი თანხა, სახელმწიფოც არ იშურებს თანხებს.

 

 

მირიან ცეცხლაძე, დისკუსიის მონაწილე: უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლობა და შემდეგ სხვა.

 

 

ოთარ ქათამაძე: კი ბატონო, იყოს მართლმადიდებლობა და შემდეგ სხვა.  აი,  ასეთი დამოკიდებულებაც არ არის სწორი. აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი ყველა რელიგიას. მე ცოტა მეშინია, ხვალ არ ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური მთავრობა და თქვენ თვითონვე არ შეწუხდეთ იმის გამო, რომ ქალი დადიოდეს აუცილებლად გრძელი კაბით, თუმცაღა მას არ უნდა, რომ ჩაიცვას გრძელი კაბა და აუცილებელია, რომ იარო ეკლესიაში და აუცილებელია, რომ  მეტწილად, მე ყველას არ ვეხები, გაუნათლებელ მოძღვარს უსმინო საკურთხევლიდან. მე ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ჩვენთან დიდი პრობლემაა განათლების და   უპირველეს ყოვლისა, ეს განათლება არ შესულა ეკლესიაში. ეკლესია გასცემდა ყოველთვის განათლებას, ოდითგანვე ასე იყო საქართველოში, ეკლესია იყო კერა, სადაც ადამიანები სწავლობდნენ ფილოსოფიას  და ეუფლებოდნენ ათასგვარ რამეს. ახლა აღმოჩნდა, რომ ეკლესია ყველაზე გაუნათლებელია. მე ყველას არ ვეხები, კიდევ ერთხელ ვამბობ. მამა გაბრიელის მსგავსი ბერები, ალბათ, კიდევ  იქნებიან ჩვენს ქვეყანაში,  მათზე იქნება დამყარებული ჩვენი რელიგია, მაგრამ მეც მართლმადიდებელი ვარ და აქედან გამომდინარე გეუბნებით, ეს ჩემი პოზიციაა. ბიზნესად იქცა ეკლესია უკვე.

 

 

მირიან ცეცხლაძე: რას გულისხმობთ ბიზნესად გადაქცევაში?

 

 

ოთარ ქათამაძე: არის უამრავი მაგალითი ამის.

 

 

მირიან ცეცხლაძე: სანთელს რომ იყიდის და ფულს რომ  გადაიხდის ადამიანი, ეს ბიზნესია?

 

 

ოთარ ქათამაძე: შესაწირიც ბიზნესია და ეკლესიების აშენება კორპუსებში, ესეც ბიზნესია. მაგალითად მოვიყვან შემთხვევას, აღმაშენებლის ქუჩაზე შედიხარ ერთ-ერთ ეზოში და ხვდები სამონასტრო კომპლექსში. ჩემი აზრით საპატრიარქოში დიდი ბრძოლაა შიგნით, აი, ამ ინტერესების. არის ადამიანების, სასულიერო პირების, ეპისკოპოსების კატეგორია, რომლებიც იცავენ რელიგიას, მოქმედებენ სახარებისა და ბიბლიის გზით. მეორე მხარეს არიან სასულიერო პირები, რომლებიც იხვეჭენ  ძალაუფლებას და მიდის ამავდროულად ნადირობა მრევლზე. დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რატომ მოვდივართ წინააღმდეგობაში?! მეცნიერება ვითარდება, უკვე არ შეუძლია ეკლესიას მეცნიერებას ხელი შეუშალოს, ის ვითარდება იმიტომ, რომ კაცობრიობა წინ მიდის. ეკლესიამ უნდა მოძებნოს ამ განვითარებაში თავისი როლი და ის უნდა იყოს შემწყნარებელი, არა – წამქეზებელი საზოგადოებაში. რატომ მეუბნება მე მღვდელი, თუ პატრიარქზე იტყვი ცუდს, მოკვდებიო?! პატრიარქის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დღეს პატრიარქი, სამწუხაროდ, ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს. ძალიან გთხოვთ, სხვანაირად შეხედოთ ამ ყველაფერს და ეკლესიას ნუ ვაძლევთ ყველაფრის უფლებას, მათ უნდა ითამაშონ მარტო ერთი როლი, შემწყნარებლობა და სხვა არაფერი.

 

 

ასლან ჭანიძე, დისკუსიის მოდერატორი: პატრიარქი არ არის ღმერთი, პატრიარქი არის ადამიანი, ამ შემთხვევაში საქართველოში მრევლის სულიერი მამა. მის საქმიანობას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც მეტყვიან, რომ სტალინი ცუდი კაცი არ იყო, მე ამას ვერ მივიღებ და ამას ყოველთვის გავაკრიტიკებ. ამიტომ მე მაქვს სრული უფლება საჯარო საკითხებში გავაკრიტიკო პატრიარქი, მაგრამ ეკლესიაში როგორ იღებენ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ამის უფლება არ მაქვს და არც მივცემ საკუთარ თავს ამ უფლებას. ბავშვს რომ გააჩენ და ამაში ფულს აიღებ, მე ვთვლი, რომ ეს უკანონო მოქმედებაა, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა?! ამიტომ ამას უფრო სამართლებრივ შეფასებას უფრო მივცემ, ვიდრე მორალურს. როდესაც საზოგადოებაში რაღაც კითხვა ჩნდება, გინდ პროტესტი, სამწუხაროდ რეაქცია ეკლესიისგან და საპატრიარქოსგან  არის დაგვიანებული. როდესაც მღვდელი გამოვა და იტყვის, რომ ქართველი მუსლიმანები ქართველები არ არიანო და ამაზე საპატრიარქოს რეაქცია არ ექნება, ეს ჩემთვის გაუგებარია. მე არ მომწონს ყველა ადგილას ჯვარს რომ დგამენ და არც ის მომწონს, როცა მუსლიმები  მივიდნენ სადღაც, ილოცეს და აქ ააშენეთ მეჩეთიო.

 

 

აკაკი გვიანიძე, დისკუსიის მონაწილე: ნუ დავიწყებთ იმაზე დავას, რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს შეუცდომელი. რაც შეეხება კონკრეტულ თემას, კი, რა თქმა უნდა პატრიარქიც შეიძლება შეცდეს ისევე, როგორც ყველა ადამიანი და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება პატრიარქის ეპისტოლეს, ეკლესია არ უნდა განვიხილოთ როგორც რაღაც ორგანიზაცია, სადაც შესვლაც და გამოსვლაც არის თავისუფალი. ჩემი აზრით, სუროგაცია არის ძალიან ცუდი მეთოდი იმისა, რომ შვილი შეიძინოს ოჯახმა. სუროგაცია ეს არის ადამიანით ვაჭრობა. რატომ არ ირღვევა აქ ქალის უფლებები, როცა ის თავის მუცელს აქირავებს, რომ ბავშვი ჩასახოს. საქართველოში არის ადამიანი, რომელიც სუროგაციის საკითხს კურირებს, რომ ამით მილიონები იშოვოს.

 

 

ქეთი ფოტოვა, დისკუსიის მონაწილე: მე ვფიქრობ, რომ ქართველი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, მოსწონს თუ არა ასეთი მდგომარეობა, იმიტომ, რომ საქართველოში სეკულარიზმზე ჯერ კიდევ ვსაუბრობთ. მეორე საკითხია ის, რომ ქართველ საზოგადოებას მოსწონს, როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ასეთ საკითხებზე. ზოგადად ნებისმიერი ორგანიზაციის განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს რაღაც ტიპის დაპირისპირებად, თუმცა როცა საუბარი ეხება ისეთ ორგანიზაციას, როგორიც არის ეკლესია და რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მოქალაქეებზე, მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში უფრო რაციონალურად უნდა მოხდეს გაანალიზება. ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი

 

 მისი მუშაობის მიზანია, აამაღლოს მოსწავლეთა წიგნიერების დონე, გაზარდოს მათი ინტერესის სფერო, შეაყვაროს ლიტერატურა, დაახლოვოს წიგნთან და განუვითაროს თითოეულ მათგანს კრიტიკული აზროვნება. ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მენაბდე, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფში შედიან X კლასის მოსწავლეები: ენრი კეჟერაძე, ლუკა გოცირიძე, დათო ბაკურიძე.

 

კლუბში გაერთიანებული არიან საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მათ შექმნეს კლუბის ბლოგი და ფორუმი, სადაც აქვეყნებენ თავიანთ ნააზრევს ამა თუ იმ წიგნზე, ნაწარმოებზე. ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ შეხვედრები იქნება ინტენსიური, მოიწვევენ ცნობილ მწერლებსა, კრიტიკოსებსა და ლიტერატორებს, მათთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა მწერლის შემოქმედებას. კლუბში ასევე დაგეგმილია საინტერესო ფილმების ჩვენება. 

უფასო პირადობის მოწმობები

 

 

აქციის ფარგლებში მოხდება სკოლის მოსწავლეების განცხადებების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება, მათი იდენტიფიკაცია, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარება. მის: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. # 7

C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და სქრინინგის პროგრამა

 

აღნიშნული პროგრამა დაავადების ადრეულ გამოვლენასა და C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკის დადგენას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში მოხდება ბენეფიციართა სქრინინგი და დიაგნოსტიკური კვლევა: ალტ, ასტ , ანტი-HCV ანტისხეულების, თვისობრივი PCR-სა და გენოტიპის განსაზღვრა, რომლითაც დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება ხდება. ამის შემდეგ ბენეფიციარს შეეძლება ჩაერთოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში.

 

პროგრამის ბიუჯეტი 135 700 ლარს შეადგენს და 2000 ბენეფიციარის დიაგნოსტიკურ კვლევას ითვალისწინებს.

შიდსის ცენტრისა და სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საქართველოში სავარაუდოდ 200 000 ადამიანია დაავადებული. 

ამერიკის ყოველწლიური საგრანტო კონკურსი

 

 

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კოორდინატორებმა სოფიო გეგეჭკორმა და ნინო გაგუამ ადგილობრივ ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს ყოველწლიური საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო.


მათი განმარტებით 2014 წელს ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც მომზადებული იქნება ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით. ესენია: სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოს დაცვა და მასმედიის განვითარება. თითოეულ პროგრამაზე მაქსიმამალური თანხა 24 ათასი დოლარია განსაზღვრული.


პროგრამის კოორდინატორის სოფიო გეგეჭკორის თქმით, გარემოს დაცვის პრიორიტეტი წელს დაემატა და ის გარემოს დაცვით ღონისძიებებზე მუშაობას ითვალისწინებს.


დაფინანსების მოპოვება მხოლოდ არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. ისინი გრანტის მოპოვების ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ – უნდა იყვნენ ისაქართველოში დარეგისტრირებული და პასუხობდნენ ერთ-ერთ პრიორიტეტს.


სიფიო გეგეჭკორის ინფორმაციით, კონკურსისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილია 450 ათასი დოლარი და ამ თანხით სავარაუდოდ 25 პროექტი დაფინანსდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი თვიდან ერთ წლამდეა.


ორგანიზაციებმა მომზადებული პროექტი 2014 წლის 28 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნონ ფოსტით ან ჩააბარონ ამერიკის საელჩოს მისაღებში, მისამართზე: თბილისი, აშშ-ს საელჩო, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ჯორჯ ბალანჩინის ქ. #11.

 

ქობულეთში გზის ჩაკეტვას აპროტესტებენ

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის  ინფორმაციით კი სოფელში მისასვლელად რამდენიმე შემოვლითი გზაა. რაც შეეხება ახალ გზას, დაწყებულია სამუშაოები და პროექტის დეტალების დასაზუსტებლად თბილისიდან ხვალ სპეციალისტებიც ჩამოვლენ.

 

 

ზურაბ სიხარულიძის თქმით, სოფლის გზა გაკეთდება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ავტობანის ფუნქციონირებას და გათვალისწინებული იყოს მოძრაობის უსაფრთხოებაც. სოფელში მისასვლელი გზის ზუსტი მარშრუტი უახლოეს დღეებში საბოლოოდ დადგინდება, თუმცა ის შესაძლოა თავდაპირველ გზასთან შედარებით დაახლოებით 2 კილომეტრით დაგრძელდეს.

 

  

“მეგობრული გზები”

 

პროექტი ვებპორტალის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები,  ნომერზე – 9115 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ტექსტი, ფოტო ან ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (ადგილი, სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოსაწორებელია გზა და ინფრასტრუქტურა).

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ხილოთ ამ ბმულზე .

 

ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად

 

 

ნათია ვასაძე ბათუმის უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. ნათიას სწავლის საფასურით ფონდი გასულ წელს დაეხმარა: „მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ჩემს მშობლებს სესხის გამოტანა დასჭირდათ იმისთვის, რომ მესწავლა. მესამე კურსზე სწავლის საფასურის სრულად შეგროვება ვერ მოვახერხეთ, სესხი დაფარული არ გვქონდა, მეორედ არავინ მოგვცემდა სესხს. თითქმის გადაწურული მქონდა იმედი; ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მტკივნეული იყო, მესამეკურსელ სტუდენტს სტატუსი მიწყდებოდა. სწორედ ამ დროს გვაცნობეს ფონდის შესახებ, დახმარებისთვის მივმართე, ფონდში საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ ჩემი სწავლის დასაფინანსებლად თანხა მოიპოვეს. თამამად ვიტყვი, რომ არა ფონდი, დღეს მეოთხე კურსის სტუდენტი ვეღარ ვიქნებოდი. წელს აჭარის განათლების სამინისტრო მაფინანსებს”.

 

ფონდის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ გაწეული დახმარების მიუხედავად, მდგომარეობა გაცილებით სავალალოა და საზოგადოების უფრო მეტ გულისხმიერებას საჭიროებს: „ფონდის საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანით ახალგაზრდებს ვუჭერთ მხარს; ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ფონდის ანგარიშზე გარკვეული თანხის ჩარიცხვით, ბევრ სტუდენტს დავეხმარებით. მიმართვა გავუგზავნეთ სამთავრობო, საბანკო სექტორს, მივმართეთ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგრამ, ჯერჯერობით, დიდი ენთუზიაზმი არ ჩანს. მხოლოდ აჭარის განათლების სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოგვეხმაურნენ. ამ ეტაპზე მათი ხელფასიდან დაახლოებით 2000-მე ლარი ჩაირიცხა ფონდში“.

 

ფონდის ერთ-ერთი შემომწირავი, მერაბ დიასამიძე უნივერსიტეტის პროფესორია, ის არამარტო შემოწირულობით ეხმარება ფონდს, არამედ ფონდის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობს: „ყოველთვიურად გარკვეული შენატანი შემაქვს ჩემი სახელფასო დანაზოგიდან. ფონდს სამუშაოები აქვს შესასრულებელი, ბანკთან ურთიერთობა, ანგარიშის წარდგენა იმ ხალხისთვის, ვინც გახდება ამ ფონდის შემომწირველი, ამ სამუშაოების შესრულებაშიც ვმონაწილეობ. ჩვენ, ბუნებრივია, ორიენტირებულები არ ვართ იმაზე, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გავუწიოთ დახმარება, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, აქტიურია სოციალურად დაუცველების დახმარება, თუმცა უკვე ვმუშაობთ იმაზეც, რომ სოციალური სტატუსის არ მქონე, წარმატებული სტუდენტიც დაფინანსდეს ფონდიდან“, – აცხადებს მერაბ დიასამიძე.

 

რეზო ოკუჯავა “ბათუმელებთან” განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უნივერსიტეტმა ფონდის დაარსება: „სტუდენტის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა ახდენდეს უარყოფით გავლენას სწავლის შესაძლებლობაზე. უნივერსიტეტმა და საზოგადოებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მსგავსი სტუდენტების მხარდაჭერა. საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნულ თანადგომას ორგანიზებული სახე მისცა – 2012 წლის 14 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა საერთო კრებამ გადაწყვიტა „წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდის“ შექმნა“.

 

ფონდში გაწევრიანება ნებისმიერ პირსა და ორგანიზაციას შეუძლია. ფონდის მიზანია, უნივერსიტეტის წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და დასაქმების ხელშეწყობა. დღეისათვის ფონდს გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, სადაც აისახება ყველა საინტერესო ინფორმაცია, განთავსებულია ფოტო-ვიდეომასალა, ინფორმაცია ქველმოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ. დაგეგმილია ინტერნეტბანკინგით თანხის გადარიცხვის სერვისის დამატებაც, სოციალურად დაუცველი სტუდენტების და შემომწირველთა ელექტრონული რეგისტრაცია.

 

„მომავალში ფონდის საქმიანობის პრიორიტეტად, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, განისაზღვრება საზამთრო და საზაფხულო ბანაკების, პროფესიული ტრენინგების, უცხო ენების შემსწავლელი ჯგუფების ორგანიზება, საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მოძიება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. მიხარია, რომ უნივერსიტეტში ბევრი პროფესორი, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, ეხმარება საკუთარ სტუდენტს. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებსაც იცნობენ ქალაქის ლომბარდებში – ისინი ოჯახების საგვარეულო განძებსაც კი აბარებენ იქ მეგობრებისთვის; ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სისხლი ჩააბარონ და ამით სწავლის გადასახადი გადაუხადონ თავიანთ კურსელებს“, – ამბობს რეზო ოკუჯავა.

 

ფონდს ჰყავს სამი დამფუძნებელი და გამგეობის ხუთი წევრი, აქედან ორი სტუდენტია. გამგეობის სხდომებზე განიხილება ყველა შემოსული განცხადება. ფინანსურ ოპერაციებს უნივერსიტეტის ფინანსების მეოთხე კურსის სტუდენტი ომარ ტაკიძე ხელმძღვანელობს.
2013 წელს „წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდმა“ სულ 77 სტუდენტი დააფინანსა – 30627.50 ლარით.
დაფინანსებული სტუდენტები სოციალური კატეგორიების მიხედვით:

 

1. სოციალურად დაუცველი, 22 სტუდენტი – 9195 ლარი;

 

2. ობოლი, 21 სტუდენტი – 9007.50 ლარი;

 

3. დევნილი, 3 სტუდენტი – 1065 ლარი;

 

4. შეზღუდული შესაძლებლობების, 3 სტუდენტი – 1575 ლარი;

 

5. მრავალშვილიანი ოჯახიდან, 7 სტუდენტი – 2900 ლარი;

 

6. სტუდენტები, რომელთაც დეპარტამენტმა გაუწია რეკომენდაცია, 5 სტუდენტი – 1885 ლარი;

 

7. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართული აქტიური სტუდენტები: ანსამბლ „ტბეთის“ სოლისტები, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის სტუდენტები, ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეები, წარმატებული სპორტსმენები – 10 სტუდენტი – 3200 ლარი.

 

ფონდში ყოველთვიურად ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ავთანდილ ბარათაშვილი ხულოს რაიონის მცხოვრები 6 სტუდენტისთვის 600 ლარს რიცხავს, თითოეულზე 100 ლარი თვეში, ამ დროისთვის ჩარიცხულია 1800 ლარი.

 

ერთჯერადად ფონდში 410 ლარი ჩარიცხეს სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორებმა.

 

მომავალი თაობის განათლების გულშემატკივრებს თანხის გადარიცხვა შემდეგ მისამართზე შეუძლიათ:

საბანკო რეკვიზიტები:

1. ბაზისბანკი BBBASISBANK, ბანკის კოდი: CBASGE22 ან GE38BS 000000005483604 ლარი;

2. თიბისი ბანკი TBC BANK, ბანკის კოდი: TBCBGE22 ან  GE35 TB73 17036080100007;

3. საქართველოს ბანკი BANK OF GEORGIA, ბანკის კოდი: BAGAGE22 ან GE22BG0000000308124600;

 

დირექტორის პასუხი სახელმწიფო ანსამბლის წევრებს

 

 

 

„31 იანვარს მოვედი. ქორიძე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და დამხვდა ვაკანტური ადგილი. სამხატვრო ხელმძღვანელად დავნიშნე გიორგი ჩაჩავა. ის არის ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი. რატომ შევცვალო გადაწყვეტილება, ვისაც ვენდობი, ის დავნიშნე. ხელმძღვანელობას შორის ჯანსაღი ურთიერთობაა შექმნილი. ანსამბლი კი მაშინაა წარმატებული, როცა ჯანსაღი ატმოსფეროა“- განაცხადა ახლად დანიშნულმა ანსამბლის დირექტორმა.

       

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან და აჭარის კულტურის სამინისტროსთანაც მივიდნენ, თუმცა  სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით მათ შეხვედრა არავისთან არ მოუთხოვიათ.

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იურიდიულ საკითხებში ლადო მგალობლიშვილი განმარტავს, რომ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა-განთავისუფლების იურიდიული უფლება ანსამბლის დირექტორს აქვს და ეს მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის კონპეტენციაში არ შედის, თუმცა ოთარ მიქელაძე ანსამბლის დირექტორის თანამდებობაზე სწორედ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ წარადგინა, 31 დეკემბერს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  დირექტორად დაამტკიცა.

 

 

ოთარ მიქელაძე ამბობს რომ სამსახურიდან არავის გათავისუფლებას არ აპირებს:

 

„არავის არ ვუშვებ, არავის არ ვათავისუფლებ. მათ თურმე ეშინიათ და ჰგონიათ, რომ მიქელაძე გაუშვებს ყველას. პირიქით, მათში არის პოტენციალი და მინდა მათი პოტენციალი გამოვიყენო ანსამბლის წარმატებისვის“- ამბობს ოთარ მიქელაძე.

 

კითხვაზე, რატომ გახდა აუცილებელი ანსამბლის სამხატვრო ხელძღვანელის შეცვლა, ოთარ მიქელაძე პასუხობს: „თემურ ქორიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე ის დავნიშნე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ვისაც ვენდობოდი.“

 

ავთანდილ ჭოლაძე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი დირექტორი, რომლის დროსაც თემურ ქორიძემ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ ქორიძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ამიტომაც დაითხოვა:

„31 დეკემბერს ქორიძეს დაუმთავრდა ხელშეკრულება და აღარ გავუგრძელე. თურქეთში გასტროლის დროს პატარა ინციდენტი მოხდა. მე მას წერილი გავუგზავნე და ვაცნობე, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ახსნა-განმარტებითი ბარათი დაეწერა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების გაგრძელება დამოკიდებულია თქვენს ახსნა განმარტებით ბარათზე-მეთქი. მაგრამ არ მოვიდა და არ დაწერა. უფლებამოსილების გადაჭარბების საფუძველზე მას აღარ გავუგრძელე ხელშეკრულება“.

 

თუ რა ინციდენტი შეემთხვათ 2014 წლის იანვარში თურქეთში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს ყოფილი დირექტორი საუბრისგან თავს იკავებს.

 

თუკი ანსამბლის წევრები პარასკევამდე სარეპეტიციო დარბაზში არ დაბრუნდებიან, დირექცია სამართლებრივი ფორმების გამოყენებას მიმართავს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს. „მაგრამ  მე არ მინდა ეს ზომები გამოვიყენო“ – ამბობს ოთარ მიქელაძე და ანსამბლის წევრებს თანამშრომლობას სთავაზობს.

 

 

ტირილი მეც მახსოვს

 

 

უჩა გოდელაძის ოჯახის წევრებს არ შევხვედრივარ. მათ იმისთვის დავურეკე გორში, რომ ექსპერტიზის დასკვნა მჭირდებოდა. მეუღლე ტირილის გარეშე მელაპარაკა.

 

უჩა გოდელაძე ბათუმში დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

ის თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს, მეორე დღესვე ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც გარდაცვლილის მეუღლემ მაშინ მითხრა, ექვსი თაბახის ფურცელი იყო. აქედან სამ ფურცელზე დეტალურად ეწერა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილს, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს: „იყო უგონო მდგომარეობაში, თვითმხილველთა გადმოცემით, დაახლოებით 30 წუთით ადრე საავადმყოფოში მიყვანამდე საკანში ნახეს უგონო მდგომარეობაში. დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, თირკმლებისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა, კომა, უცნობი ეტიოლოგია, თავის ტვინში მოშლილია სისხლის მიმოქცევა, სისხლჩაქცევა მოშავო ფერის კოლტებით…”

პატიმარი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამბავი 2009 წელს მოხდა.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის ციხეში აწამეს. თუმცა დღემდე ამ ფაქტზე ჩატარებული გამოძიების დეტალები ოჯახისთვის არ უცნობებიათ.

თითქმის ოთხი წლის წინანდელი ამბავი ახლა იმანაც გამახსენა, რაზეც გაზეთის მეხუთე გვერდზე ვწერ; ამ ნომრის მე-5 გვერდზე გამოქვეყნებული საქმის მასალები იმ პირებს ეხება, რომლებიც პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები. ადამიანები, რომლებიც მესამე საპყრობილეს ხელმძღვანელობდნენ, გამოძიების ვერსიით, პატიმრებს აწამებდნენ.

მოსამართლეებმა _ დავით მამისეიშვილმა და თამარ ბეჟანიშვილმა ისინი ანუ წამებაში ბრალდებულები გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როცა საქართველოს სახელით მოსამართლის მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებას ვკითხულობდი, უჩა გოდელაძის ოჯახი გამახსენდა, სხვა გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებიც, ვინც ჩემი რესპონდენტი იყო. კიდევ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის ერთი პროცესი გამახსენდა. მან 23 წლის ბიჭს, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა, ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულს 11 ცალი კოვზის, ერთი ჩანგლის, ერთი დანის, ათლარიანი სუვენირისა და ტელევიზორის „პულტის“ ქურდობა ედებოდა ბრალად.

ვერ ვხვდები, მოსამართლე ადამიანის წამებაში ბრალდებულ პირს როგორ ათავისუფლებს გირაოს სანაცვლოდ და კოვზის ქურდს ციხეში როგორ ამწესებს.

მახსოვს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ამ პროცესზე მოსამართლე ვერა დოლიძემ სპეცოპერაციის მონაწილე ნიღბიანი მოწმეები დაკითხა. დღემდე მაინტერესებს, როგორ ირწმუნა მოსამართლემ იმ ადამიანების, რომელთა ვინაობა არ იცოდა, სახეც კი არ დაუნახია.

ასევე მახსოვს ბათუმელი ჯარისკაცის, როინ შავაძის გამოუძიებელი მკვლელობა.
მახსოვს, სამი ჩაცხრილული ბიჭი, ნავთლუღთან… ერთ-ერთის ძმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მომიყვა, რომ ციხეში მას აწამებდნენ, სცემდნენ.

ახლა უკვე ისიც მემახსოვრება, რომ ვანო მერაბიშვილმაც იტირა.

ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსება და არსებული გამოწვევები – დისკუსია

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ისლამური და იუდევური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია საქართველოში 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით.

 

განცხადება ამ ოთხი რელიგიური კონფესიისთვის დაფინასების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 იანვარს, მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა. მისი განმარტებით, ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსებას კომპენსაციის სახით მიიღებს, იმ დევნის გამო, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს.. 

 

ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას ერთჯერადი სახე ექნება. თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს დაფინანსების გრძელვადიან პერსპექტივებსაც.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ექსპორტზე მხოლოდ 45 400 ტონა მანდარინი გავიდა

 

ირაკლი ბარამიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ექსპორტზე არა 65 ათასი ტონა მანდარინი, არამედ 45 400 ტონა გაიტანა. დოკუმენტი, რომელიც დეპუტატმა ჟურნალისტებს წარუდგინა, არც ერთი ოფიციალური პირის მიერ არ არის ხელმოწერილი და არც ბეჭედასმული.

 

„ეს არის ის ციფრები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არის გამოტანილი.  ნაცვლად იმისა, რომ  65 ათასი ტონა გაიტანეს, აქ წერია, რომ 45 400 ტონა არის გატანილი. ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა რომ ამბობდა, რომ 18 ათას ტონას მიიღებდა, მიღებული აქვს 12 500 ტონა,“ – აცხადებს ირაკლი ბარამიძე.

 

კითხვაზე, როგორ მოხვდა აღნიშნული დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ხელში, ირაკლი ბარამიძემ განაცხადა:

„თუ თქვენ მიხვალთ, გაივლით-გამოივლით სამინისტროს მისაღებში და რამდენიმე ნაცნობს ნახავთ, თქვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ეს ინფორმაცია“.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის  განცხადებით, მთავრობამ გლეხებს კომპენსაცია უნდა მისცეს.

 

„კიდევ  ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ კახეთის რეგიონში მიიღო გლეხმა კომპენსაცია, რატომ არ შეიძლება აჭარელმა გლეხმა კომპენსაცია,“ – აცხადებს ბარამიძე.   

 

„ბათუმელები“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაუკავშირდა. სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება პაციენტებს ქობულეთშიც შეეძლებათ

 

 

განყოფილება იხსნება 9–საწოლზე, 3–სარეზერვო ფონდით. მომსახურება გაეწევა რეგიონის მაშტაბით სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 54 პაციენტს. ხელოვნური თირკმლის აპარატი გერმანული წარმოების ბიბრაუნის ტიპის თანამედროვე მოდელია.

განყოფილების საზეიმო გახსნის შემდგომ მოხდება კლინიკაში არსებული იმ სერვისების დათვალიერება, რომელიც აქტიურად ჩართულია რაიონის სამედიცინო მომსახურეობის საქმიანობაში.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამას აჭარაში კიდევ ორი დაწესებულება შპს ,,. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოდა შპს ,,ვიავიტაახორციელებს. რესპუბლიკურ საავდმყოფოში 14 საწოლია, პროგრამაში ჩართულია 81 პაციენტი. ვიავიტაში 23 საწოლი ფუნქციონირებს, ემსახურება 135 პაციენტს. დიალიზის პროგრამაში ჩართულია 216 პაციენტი, აქედან 169 აჭარის მკვიდრია, 47 სხვა რეგიონების. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს 38 პაციენტი.

ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდების როლი

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ როგორც პრაკტიკულ, ისე თეორიულ გამოცდილებას, ჩართულები იქნებიან კონკრეტული პრობლემების დასახვისა და მოგვარების გზების ნახვაში.

 

ფორუმზე მოწვეული იქნებიან მომხსნებლები როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორებიდან, რომლებიც ახალგაზრდებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს რეგიონალური პოლიტიკის შესახებ.

 

ფორუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სიმულაციები და სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60 აქტიური ახალგაზრდა, როგორც ბათუმიდან, ასევე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდები უნივერსიტეტებში თვითმმართველობების მიერ შეირჩა, ხოლო მუიციპალიტეტებში _ ახალგაზრდობის ცენტრების დახმარებით.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

 

დღეს, 12 საათზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს შეხვდებიან და   პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციას  გააცნობენ.  ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ დახმარებას  12000-მდე ფერმერი მიიღებს.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს დაახლოებით 65 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

 

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს.

 

ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.  „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი.  2)სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად  ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“.

 

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს  საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აღნიშნული პროქტის განხორციელება დაიწყება  თებერვალში  და დასრულდება აგვისტოში. 

 

პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარია. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

დღესვე აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამებს გააცნობს. „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ 6 ქვეპროგრამას მოიცავს და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 მილიონ ლარია. ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70% სახელმწიფო) შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს (მოცვი, კაკალი, ხურმა, აქტინიდა კივი), 40%-იანი თანადაფინანსებით კი (40% ფერმერი, 60% სახელმწიფო) ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს, ასევე ქიმიური მელიორაციის ღონისძიების დეფეკატის გამოყენება.   

 

როდის აიღებენ ხის ჯიხურებს ევროპის მოედნიდან

 

 

„ასლან აბაშიძის დროს გვქონდა მთელი წელიწადი ახალი წელი, ნაძვის ხის სათამაშოებით მორთული ქუჩები, ეგ ასოციაცია მიჩნდება, ევროპის მოედანზე დაკეტილ საშობაო ბაზრობას რომ ვხედავ“ – ამბობს ბათუმელი ირაკლი თურმანიძე. მისი თქმით, საშობაო ბაზრობა კარგი იდეა იყო, მაგრამ ახლა მოედანზე უფუნქციოდ დარჩენილი ხის ჯიხურები აღიზიანებს.

 

„ეს არის მერიის  უყურადღებობა, ქალაქiს ცენტრს რომ ასე ექცევიან, სხვაგან რას იზამენ“ – ამბობს მერი დავითაძე.

 

რატომ გაჭიანურდა საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი ჯიხურების აღება?  „ბათუმელების“ შეკითხვას ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა გელა დეკანაძემ უპასუხა:

 

„გადაგვაქვს საწყობში, ხვალ უკვე აღარ იქნება. ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა გვქონდა, ტრანსპორტს, რომლითაც უნდა გადაგვეტანა, სპეციალური რკინა აქვს და ის გატყდა. დღეს დამირეკეს და ხვალ გადავიტანთ.“

 

მისივე თქმით, იყო იდეა, რომ ჯიხურები ყინულის მოედანზე გადაეტანათ, შაბათ-კვირას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობისათვის, თუმცა ეს საკითხი მხოლოდ იდეის დონეზეა.

 

ხის ჯიხურები მერიის ბალანსზეა. მათი შეძენისათვის საჭირო თანხა – 35 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო გასულ წელს.

 

 

კახი კალაძის შეფასებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება

 

„მინისტრის განცხადებით,  დეკემბრის თვეში, როცა ელექტროენერგია არ იყო, ქალაქი ბათუმი დაემსგავსა 90-იანი წლების ბათუმს. ვეთანხმები, მაშინ ნამდვილად hგავდა 90-იანი წლების ბათუმს, ოღონდ არა იმის გამო, რომ რომელიღაც ქუჩა  არ იყო გაწმენდილი, არამედ უშუქობის გამო, როცა ქალაქს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია“- განაცხადა ჯუმბერ კახიძემ.

 

4 თებერვალს კახი კალაძემ ტელევიზიებთან საუბარში ასე შეაფასა ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან გადადგომა:

 

„მე არ ვიცი, რა უდევს საფუძვლად მის გადაწყვეტილებას, თუმცა ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მერის მიმართ, ეს არ იმალებოდა. ალბათ, ამ ყველაფერმა გამოიწვია მერის გადადგომა“.

აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ

 

„გვინდა, რომ პოლიტიკოსები ხელოვნებაში არ ჩაერიონ. თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ვაპირებთ უფრო ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას, ჩვენ არ გავჩერდებით“ – განაცხადა მურთაზ მანზულაშვილმა, ანსამბლის წევრმა.

 

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მათთან შეთანხმების გარეშე შეცვალეს და ჯერჯერობით ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ანსამბლში არც გამოჩენილა.

 

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, თემურ ქორიძე და გვინდა დაბრუნდეს. 60 კაცი ვირჩევთ, რომ თემურ ქორიძე იყოს ჩვენთან და ჩვენი აზრი არავის არ აინტერესებს. წერილობითაც მივმართეთ კულტურის სამინისტროს, მთავრობას, პასუხი არავინ არ გაგვცა და ამის შემდეგ გავიგეთ, რომ დირექტორიც დანიშნული ყოფილა და სამხატვრო ხელმძღვანელიც. დირექტორი არის ოთარ მიქელაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჩაჩავა.“ – განაცხადა ნათია მოისწრაფიშვილმა, აქციის მონაწილემ.

 

„ჩვენი მთავარი მესიჯი არის _ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე. ამ ანსამბლმა წლების განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პოლიტიკოსებმა, უმაღლეს საბჭოში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ უნდა დანიშნონ მათ მიერ მართული ადამიანი, ისე რომ კოლექტივის აზრი არ გაითვალისწინონ.  ეს კოლექტივი არ გაჩერდება, დღეს მთელი ქალაქი შემოვიარეთ, რათა მთელ ქალაქს გავაგებინოთ, რომ აჭარის სახელმწიფო ანსამბლს სჭირდება გადარჩენა. ეს ანსამბლი არის მთელი რეგიონისა და საქართველოს კუთვნილება და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ანსამბლის გადარჩენაში და მის წარმატებულ მომავალზე ზრუნვაში.“ – განაცხადა ჟურნალისტებთან თამაზ ბაკურიძემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ დაემუქრნენ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და განათლებისა და კულტურის სამინისტროში. „თუ წავა დირექტორი, წავა თემურ ქორიძეცო. ალბათ ასრულებენ ამ პირობას, რადგან თემურ ქორიძეს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, აჭარის სახელმწიფო ანსამბლს ჩავარდნა არაფერში არ ჰქონია. ასრულებენ ამ პირობას უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები. ჩვენც ვებრძვით ამ უსამართლობას. სახელები და გვარები ამ პიროვნებების, ვინც დაგვემუქრა, ნამდვილად არ ვიცი.“ 

აქციის მონაწილეებმა ამ დროისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.  სამინისტროს პოზიციას ამ საკითხზე batumelebi.ge უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

 

 

 

ფულადი გზავნილები საქართველოში

 

მარტო 2013 წლის დეკემბრის თვეში რუსეთიდან საქართველოში ჩამორიცხულია 81 849 600 აშშ დოლარი. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი (ამ ქვეყნიდან საქრთველოში გადმორიცხულია 20 103 200 დოლარი), იტალია (11 065 000), უკრაინა (8 153 800), აშშ (7 197 800), თურქეთი (4 120 600) და სხვ. ამავე თვეში საქართველოდან რუსეთში გადარიცხულია 5 363 500 დოლარი, საბერძნეთში – 1 506 300, იტალიაში – 342 200, უკრაინაში – 2 060 400, აშშ-ში – 216 200 ხოლო თურქეთში 515 800 ამერიკული დოლარი.

 

გასული წლის დეკემბერში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან სულ ჩამოირიცხა 153 523 200 დოლარი, ხოლო საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში გადაირიცხა 15 303 200 დოლარი.

 

კონკურსი სასკოლო კლუბებისთვის

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 5 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ განაცხადი სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური  სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

 

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კომისია, შემოსულ სააპლიკაციო ფორმებს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს. მეორე ეტაპი კი პირველ ტურში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან გასაუბრება იქნება. გამარჯვებულთა გამოვლენა მეორე ტურის შედეგების საფუძველზე მოხდება. ვრცლად ამ პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ პრეზენტაციაში.

მემორანდუმი ბათუმის ავტოტრანსპორტსა და შშმ პირთა ორგანიზაციას შორს

 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა გიორგი ლორიამ და ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ მოაწერეს ხელი.

 

 

„გვაქვს ისეთი სამუშაოები, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ არა ფიზიკურად, არამედ კომპიუტერულ და გონებრივ მუშაობას. მემორანდუმის ფარგლებში ავტოტრანსპორტი დასაქმების მსურველ პირებს გადაამზადებს, გააცნობს საწარმოს და ვაკანტური სამუშაო ადგილის შემთხვევაში ისინი დასაქმდებიან“- აღნიშნა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა გიორგი ლორიამ.

 

გიორგი ლორიას განმარტებით ამ დროისთვის ვაკანტური ადგილი არ არის. სამომავლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს  ორგანიზაციის რეკომენდაციით შეარჩევენ.

 

 

მემორანდუმი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ურთიერთთანამშრომლობით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სტატისტიკის წარმოებასაც ითვალისწინებს.

 

 

 

„ელექტრა“ ბათუმის დრამატულ თეატრში

 

„ელექტრას“ დადგმა დიდი ხანია მინდა.  გარდა იმისა, რომ  ანტიკური ტექსტის დადგმა მინდოდა,   მგონია, რომ ძალიან საჭირო პიესაა დღეს.  ძალიან რთულ პოლიტიკურ ქვეყანაში, სადაც ადამიანები საშინელ პირობებში ცხოვრობენ,  მგონია, რომ საჭიროა პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ.  ელექტრა პოლიტიკურია, სწორედ აქტუალობის თვალსაზრისით მივანიჭეთ პრიორიტეტი ამ პიესას,“ – uTxra „ბათუმელებს“  რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა.

 

სპექტაკლისთვის მუსიკა კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა დაწერა. პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში 14 თებერვალს გაიმართება. 

 

 

აჭარაში ავთვისებიანი დაავადებების რიცხვმა მოიმატა

 

 2012 წელს აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით აღრიცხულ ავადმყოფებთაგან 52 პროცენტი ქალია, 48 პროცენტი კი _ მამაკაცი. დაავადებების მაჩვენებლის მიხედვით აჭარაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ფილტვის კიბო, მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის და კანის ავთვისებიან სიმსივნეებს.

 

გარდა ამისა, ფიქსირდება კუჭის, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევები.

2012 წელს, ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზით აღრიცხვაზე 3 543 ავადმყოფი იმყოფებოდა.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სიმსივნით 11 მილიონი ახალი შემთხვევის დიაგნოსტირება ხდება და ლოკალიზაციის მიხედვით საშუალოდ ყოველწლიურად 1,3 მლნ ადამიანი იღუპება.

 

ყველაზე ხშირად ვლინდება ფილტვის კიბო, 1 მლნ შემთხვევა, შემდეგაა ღვიძლის – 662 ათასი შემთხვევა, სწორი ნაწლავის – 655 ათასი და ძუძუს კიბოს 502 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

ბათუმის მერი გადადგომის მიზეზს განმარტავს

ჯემალ ანანიძე ბათუმის მერად „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროს დაინიშნა.

ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მის გადადგომას კავშირი არ აქვს გიორგი ერმაკოვის ვიცე-მერად დანიშვნასთან. ის ასევე ირწმუნება, რომ არაფერი სმენია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი გადაყენების მოთხოვნის შესახებ.

ჯემალ ანანიძემ ორი კვირის წინ „ბათუმელებს“ უთხრა – „გადადგომას არ ვაპირებ“. მაშინ ის ამბობდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა მისი ჩანაცვლება ფინანსთა და შს სამინისტროების ყოფილი თანამშრომლით, გიორგი ერმაკოვით.

გიორგი ერმაკოვის დანიშვნას ვიცე-მერის თანამდებობაზე ჯემალ ანანიძემ გასულ კვირას მოაწერა ხელი. გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ თავისი დანიშვნის მიზეზი ასე აუხსნა: „ვაკანტური იყო ადგილი, დავწერე განცხადება მერის სახელზე, რომ დავენიშნე ამ თანამდებობაზე“.

„ვაკანტურ თანამდებობაზე“ გიორგი ერმაკოვის დანიშვნამდე ნათია სურგულაძე მუშაობდა. მან ერმაკოვის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა განცხადება გადადგომაზე.

ჯემალ ანანიძემ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ერთხელ უკვე დაწერა განცხადება გადადგომაზე. მაშინ მისი განცხადება საკრებულომ არ დააკმაყოფილა.

ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა აცხადებს, რომ ჯემალ ანანიძის გადადგომას მხარს არც ამჯერად დაუჭერს.

მხოლოდ „განცხადების დაწერით“ დანიშნული ვიცე-მერი

 

 ბატონო გიორგი, შემოსავლების სამსახურის გარდა კიდევ სად მუშაობდით სანამ ბათუმის ვიცე-მერად დაგვიშნავდნენ?

ბევრ ადგილზე. შს სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, სამეცნიერო განათლებაც მაქვს და უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი. პროფესიით იურისტი ვარ. შემოსავლების სამსახურში ვიყავი ბოლოს, რეგიონალური წარმომადგენელი. შემდეგ კერძო სტრუქტურაში, საავტომობილო კომპანია „თეგეტა მოტორსში“ ვმუშაობდი.

 

 მერიაში მოულოდნელად გამოჩნდით, ვინ იყო დაინტერესებული თქვენით?

 ვაკანტური იყო ადგილი, დავწერე განცხადება მერის სახელზე, რომ დავენიშნე ამ თანამდებობაზე. 

 

 ჩვენი ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ თქვენ გამხდარიყავით ბათუმის მერი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგნიშნეს მერად?

 ასეთი სანდო თუ იყო თქვენი წყარო, მე რატომ მეკითხებით. მოდი ასე დავსვათ საკითხი, დღეს ქალაქის მერმა განიხილა ჩემი განცხადება და დააკმაყოფილა. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან საკუთარ თავზე კომენტარების გაკეთება უხერხულია. მე პირდაპირ და კატეგორიულად უარვყოფ ღარიბაშვილის ჩარევას ამ საკითხში.

 

პირადად იცნობთ ირაკლი ღარიბაშვილს?

 არა. სატელევიზიო გამოსვლით მხოლოდ.

 

 ალბათ იცით, რომ გაზაფხულზე თვითმმართველობის არჩევნებია, აპირებთ მერის პოსტზე კენჭისყრას?

მოვა დრო… ჯერ რას შევძლებთ, რას გავაკეთებთ, ძალიან რთული საკითხებია. სოციალური სფეროა, ჯანდაცვის, განათლების. ამ სფეროებს ვკურირებ. აქედან გამომდინარე, მომავალზე წინასწარ საუბარი როგორ შეიძლება.

 

 როდის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი ვიცე-მერის თანამდებობაზე?

 არ ვიცი… გადაწყვეტილების მიღება ხდება გარკვეულ ეტაპზე. თარიღი არ მახსოვს. ბავშვობიდან, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი ქალაქისთვის მომეტანა სიკეთე. მენეჯმენტში მაქვს გამოცდილება, ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამაზე ვიფიქროთ, ურთიერთთანადგომით რამდენი საქმე გავაკეთოთ. ვნახოთ, რა იქნება.

 

 ბოლო პერიოდში ბევრ სტრუქტურაში დაინიშნნენ ძალოვანი სფეროს წარმომადგენლები, თქვენი ვიცე-მერად დანიშვნაც ამ პოლიტიკის გაგრძელება ხომ არ არის?

 არა, არა. ამ თემას არ განვიხილავ. როგორ შეიძლება ადამიანი სადმე შეზღუდო. ეს ხომ არ არის ერთი უწყების თანამშრომლის პარალელურად სხვა უწყებაში საქმიანობა. სახელმწიფო ხელშეკრულებების კუთხით ვარ სპეციალისტი. ვალდებულებითი ურთიერთობის სფეროში მაქვს გამოცდილება. ამიტომ, კიდევ გეუბნებით, მაქვს მცდელობა, რაღაც გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ.

Exit mobile version