კვირის ამბები

მხოლოდ „განცხადების დაწერით“ დანიშნული ვიცე-მერი

04.02.2014 • 1381
მხოლოდ „განცხადების დაწერით“ დანიშნული ვიცე-მერი

 

 ბატონო გიორგი, შემოსავლების სამსახურის გარდა კიდევ სად მუშაობდით სანამ ბათუმის ვიცე-მერად დაგვიშნავდნენ?

ბევრ ადგილზე. შს სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, სამეცნიერო განათლებაც მაქვს და უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი. პროფესიით იურისტი ვარ. შემოსავლების სამსახურში ვიყავი ბოლოს, რეგიონალური წარმომადგენელი. შემდეგ კერძო სტრუქტურაში, საავტომობილო კომპანია „თეგეტა მოტორსში“ ვმუშაობდი.

 

 მერიაში მოულოდნელად გამოჩნდით, ვინ იყო დაინტერესებული თქვენით?

 ვაკანტური იყო ადგილი, დავწერე განცხადება მერის სახელზე, რომ დავენიშნე ამ თანამდებობაზე. 

 

 ჩვენი ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ თქვენ გამხდარიყავით ბათუმის მერი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგნიშნეს მერად?

 ასეთი სანდო თუ იყო თქვენი წყარო, მე რატომ მეკითხებით. მოდი ასე დავსვათ საკითხი, დღეს ქალაქის მერმა განიხილა ჩემი განცხადება და დააკმაყოფილა. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან საკუთარ თავზე კომენტარების გაკეთება უხერხულია. მე პირდაპირ და კატეგორიულად უარვყოფ ღარიბაშვილის ჩარევას ამ საკითხში.

 

პირადად იცნობთ ირაკლი ღარიბაშვილს?

 არა. სატელევიზიო გამოსვლით მხოლოდ.

 

 ალბათ იცით, რომ გაზაფხულზე თვითმმართველობის არჩევნებია, აპირებთ მერის პოსტზე კენჭისყრას?

მოვა დრო… ჯერ რას შევძლებთ, რას გავაკეთებთ, ძალიან რთული საკითხებია. სოციალური სფეროა, ჯანდაცვის, განათლების. ამ სფეროებს ვკურირებ. აქედან გამომდინარე, მომავალზე წინასწარ საუბარი როგორ შეიძლება.

 

 როდის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი ვიცე-მერის თანამდებობაზე?

 არ ვიცი… გადაწყვეტილების მიღება ხდება გარკვეულ ეტაპზე. თარიღი არ მახსოვს. ბავშვობიდან, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი ქალაქისთვის მომეტანა სიკეთე. მენეჯმენტში მაქვს გამოცდილება, ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამაზე ვიფიქროთ, ურთიერთთანადგომით რამდენი საქმე გავაკეთოთ. ვნახოთ, რა იქნება.

 

 ბოლო პერიოდში ბევრ სტრუქტურაში დაინიშნნენ ძალოვანი სფეროს წარმომადგენლები, თქვენი ვიცე-მერად დანიშვნაც ამ პოლიტიკის გაგრძელება ხომ არ არის?

 არა, არა. ამ თემას არ განვიხილავ. როგორ შეიძლება ადამიანი სადმე შეზღუდო. ეს ხომ არ არის ერთი უწყების თანამშრომლის პარალელურად სხვა უწყებაში საქმიანობა. სახელმწიფო ხელშეკრულებების კუთხით ვარ სპეციალისტი. ვალდებულებითი ურთიერთობის სფეროში მაქვს გამოცდილება. ამიტომ, კიდევ გეუბნებით, მაქვს მცდელობა, რაღაც გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ.

გადაბეჭდვის წესი