286 ათასი ლარი კობალაძის ქუჩას

 

კობალაძის ქუჩა

 

მერია აღნიშნული ქუჩის კეთილმოწყობისთვის ტენდერში გამარჯვებულისგან, ფაქტობრივად, მხოლოდ 5 სმ-იანი წვრილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას ითხოვს (8,59 ათასი კვ/მ, რესტორან VOX-იდან აკვაპარკამდე მონაკვეთზე).

სამუშაოები დაწყებიდან ერთ თვეში უნდა დამთავრდეს, ხოლო საგარანტიო პერიოდი 12 თვეა. ელექტრონული ტენდერი ათ დღეში დასრულდება.

 

ფინანსური მხარდაჭერა ვეტერან სპორტსმენებს

 

იუბილეებისა და სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით, ერთჯერად მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებენ საპენსიო და არასაპენსიო ასაკის  ვეტერანი სპორტის მუშაკები,   სპორტის  დამსახურებულ მუშაკები და მწვრთნელები.

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით საპენსიო და არასაპენსიო ასაკის  ვეტერან სპორტის მუშაკთა,  სპორტის დამსახურებულ მუშაკთა და მწვრთნელთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემენ. 

 

გარდა ამისა 378 900 ლარი გამოიყო აჭარის ა.რ. ოლიმპიურ გუნდური თამაშების: ხელბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ფეხბურთისა და რაგბის შემდგომი  პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.

განათლების სამინისტრო სასკოლო კლუბების ინიციატივებს დააფინანსებს

 

 2014 წლისთვის დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადის, პროზისა და პოეზიის, ხატვისა და ფოტოგრაფიის კონკურსების ჩატარება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით ასევე ჩატარდება კონკურსი მათემატიკასა და ქართულ ენაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისათვის მოეწყობა ექსკურსია.

2 125 400 ლარი აჭარის სკოლებისთვის

 

განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2014 წლისთვის 34 028 200 ლარით განისაზღვრა და მისი 31,5 % აჭარაში განათლების, კულტურის, სპორტისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნობრივი პროგრამებისთვის არის გათვლილი.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტიდან 1 224 500 ლარი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიცგანხორციელდება შვიდი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ორი სკოლა-პანსიონის  მშენებლობა-რეაბილიტაცია  შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც 500 000 ლარია გამოყოფილი.

საჯარო სკოლების ინვენტარით აღჭურვის პროცესი 2013 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი ამ პროცესს 10 საჯარო სკოლა შეუერთდება. ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი დაიხარჯება 6 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობისთვის.

 1 368 700  ლარი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე დაიხარჯება. მიზანი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. 

 საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარებისთვის კი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება და აჭარის ა რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 20 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით შეივსება. აღნიშნული პროგრამა შარშან ამოქმედდა და 20 საჯარო სკოლას  8 360 შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.

ადამიანები გააქტიურებული მეწყრის ზონიდან

სოფლის მოსახლეობის წერილობითი მოთხოვნით გეოლოგებმა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დღეს სოფელ აგარაში ყველა დამეწყრილი კერა მოინახულეს. გეოლოგიური შესწავლა დაიწყო.

 

აჭარის გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აცხადებს, რომ სოფელ აგარაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა. „სოფელ აგარაში მოსახლეობამ საცხოვრებელი და საკარმიდამო ადგილების გეოლოგიური შესწავლა მოითხოვა, დამეწყრილ კერებს ვსწავლობთ, შესწავლის შემდეგ დასკვნასთან ერთად რეკომენდაციებს დავდებთ. მთავარია, მოსახლეობამ ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

 

საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ყველა გაზაფხულზე აქტიურდება მეწყერი, არის სოფლები, სადაც ეროზია მთელ სოფელს მოიცავს. აქ მხოლოდ ლოკალური ადგილებია. ეს არის მაღალმთიანი სოფელი, ციცაბო დახრილობის ფერდობით, პრობლემას ის ამძაფრებს, რომ წყლების უკონტროლოდ გადინება ფერდობებზე სტიქიას ააქტიურებს“, – აცხადებს ტარიელ ტუსკია.

 

 

აგარის მოსახლეობა აცხადებს, რომ აქ ცხოვრება მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და ხელისუფლებას გასახლებას სთხოვენ. „სახლიდან ორი მეტრის დაშორებით მეწყერი ორი კვირის წინ გააქტიურდა, სახლს ბზარები გაუჩნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას გეოლოგიური შესწავლა ვთხოვე, მოვიდნენ, შეისწავლეს და იმედია, დამეხმარებიან“, – იმედოვნებს აგარაში მცხოვრები გულიკო დიასამიძე.

 

რამდენიმე დღის წინ ფერდობიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა აგარაში მცხოვრებ ჰევა თებიძის სახლის ასასვლელ კიბის მოაჯირი ჩამოშალა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ გეოლოგებმა სახლი და მიმდებარე ტერიტორია ჯერ კიდევ 2010 წელს შეისწავლეს, სახლის მონაცვლეობა ურჩიეს, თუმცა ოჯახი დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ სახლში აგრძელებს ცხოვრებას: „სტიქიამ 2010 წელს შემოგვიტია, სახლი დაბზარა, გეოლოგებმა 2010 წელს შესწავლის შემდეგ გვითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიში იყო. იმ დროინდელი ხელისუფლება სახლის მონაცვლეობისთვის 3000 ლარით დაგვეხმარა. აქ ისეთი ადგილი არ არის სახლი სხვა ადგილზე გადაგვეტანა, იმ ფულით კი ვერაფერი ვერ ვიყიდე და დღემდე აქ შიშით ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ ღამით ლოდი ჩამოვარდა, ღმერთს მადლობა სახლს არ დაეცა“, – ამბობს ჰევა თებიძე.

 

„ოთხი წლის წინ წალკაში გადასახლება შემომთავაზეს. არ წავედი. იქ რით უნდა მეცხოვრა?“- აცხადებს ასლან დევაძე.

 

„სოფელში 11 ოჯახი ვცხოვრობთ, სტიქია ყველას აწუხებს, ყველას ერთი პრობლემა გვაქვს, სახლის მიმდებარედ ყოველთვის აქტიურდება მეწყერი“, – ამბობს გიული დუმბაძე.

 

გეოლოგებმა სოფელ ჭალახმელაში ბიჭიკო ბედინაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც მოინახულეს. ბედინაძეების სახლის მიმდბარედ მეწყერი რამდენიმე დღის წინ განვითარდა.

როგორც ტარიელ ტუსკია ამბობს, თუ არ მოეწყობა საყრდენი კედელი, სახლს საფრთხე შეექმნება: „მეწყერი აქ ორი კვირის წინ ჩამოვიდა, ჩვენ შევისწავლეთ და რეკომენდაცია გავუწიეთ ოჯახს საყრდენი კედელი მოეწყო, რაც არ გაითვალისწინეს. თუ არ მოეწყობა ჯარგვალის ტიპის საყრდენი სახლს საფრთხე შეექმნება“, – აცხადებს გეოლოგი.

 

საცხოვრებელი და სახლის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 48 განაცხადია შესული.

 

დაჯარიმებულები პრეზიდენტის პასუხს ელიან

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დანდალოში, ზესოფელსა და წონიარისში უკანონოდ გაჩეხილ ხე-ტყესთან დაკავშირებით ბუნებრივი რესურსებისა და სატყეო სამმართველოს ქედის განყოფილებამ მოკვლევა დაასრულა.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბუნებაზე მიყენებული ზარალის ოდენობა 14 458 ლარია. 17 ადამიანი 9 686 ლარით დაჯარიმდა, უკანონო ჭრის 13 ფაქტთან დაკავშირებით კი საქმე გამოსაძიებლად რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტის გამოვლენა ტყის მცველს ევალება. ზესოფლის ტყის მცველი, რემზი ქობულაძე ამბობს, რომ მან უკანონო ჭრის ყველა ფაქტი გამოავლინა. მისი აზრით, ტყის ასე მასიურად გაჩეხის შემთხვევა წინა წლებში არ ყოფილა.

„უკანონო ჭრის ყველა ფაქტი მოვიკვლიეთ, დაჯარიმდა ექვსი ადამიანი, მთლიანმა ზარალმა 3900 ლარი შეადგინა,” _ ამბობს რემზი ქობულაძე.

ხე-ტყის უკანონო მჭრელები ვერ გამოავლინეს წონიარისსა და დანდალოში, ქედის სატყეო განყოფილებამ ამ სოფლებში ტყის მცველები საკუ- თარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.

“წონიარისში 26 შემთხვევიდან გამოსავლენია სამი, დანდალოში კი _ ათი შემთხვევა. იქედან გამომდინარე, რომ მეტყევეს მოძიებისთვის ერთი თვის ვადა ჰქონდა და ვერ მოიკვლია, საქმე გამოსაძიებლად ქედის რაიონულ სამმართველოს გადაეცა, დანდალოსა და წონიარისის რეინჯერებმა ვერ შეძლეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ”, _ აცხადებს სატყეო რესურსების მართვის ქედის განყოფილების დირექტორის მოადგილე თეიმურაზ პაპუნიძე.

მოსახლეობის დაჯარიმებას არასამართლიანად მიიჩნევს წონიარისის სოფლის ყოფილი რწმუნებული იმედა გოგიტიძე. მისი თქმით, სოციალური ჭრისთვის ნებართვა იქ გაიცა, სადაც ავტომობილი ვერ მივიდოდა, რამაც ტყის უკანონო გაჩეხვა განაპირობა.

 “ნებართვა იმაზე ნაკლები გაიცა, ვიდრე სოფელს სჭირდებოდა, გაურკვევლად დანომრეს, ისე ვერ მოჭრიდი, დაუნომრავი რომ არ მოგეჭრა, გზის გაყვანა გვიან დაიწყეს. ვინც დავჯარიმდით, არავინ არ ვართ ხე-ტყით მოვაჭრე, უმუშევარი ხალხი ვართ, ჩვენი ოჯახების გასათბობად მოვჭარით, მეზობელს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა, შეშა ერთობლივად დავუმზადეთ და ისიც დააჯარიმეს.” _ ამბობს ერთ-ერთი დაჯარიმებული პირი`ბათუმელებთან”.

“ჯარიმა არავის გადაუხდია, ჯარიმის გაუქმების თაობაზე დაჯარიმებულებმა საქართველოს პრეზიდენტს მისწერეს ერთობლივი წერილი, არავის გაუყიდია შეშა, ყველამ პირადი მოხმარების- თვის მოჭრა. სოფელში ტყე-კაფი დროულად უნდა გამოიყოს, გზის გაყვანა და ტყე-კაფის გამოყოფა გვიან დაიწყო; ნებართვა იქ გაიცა, სადაც გზა არ მიდის, გზის გაყვანა დღემდე არ დასრულებულა”,_ ამბობს სოფელ ზესოფლის რწმუნებული თამაზ ჩხეიძე.

სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები არ გაჩეხილა.

“სეზონურად ვატარებთ რევიზიას, სწორედ საკონტროლო რევიზიებით იქნა გამოკვლეული უკანონო ჭრის შემთხვევები დანდალოსა და წონიარისში, ძირითადად წიფელა გაიჩეხა”, _ ამბობს თეიმურაზ პაპუნიძე.

ქედაში ტყეს 20 რეინჯერი იცავს. თეიმურაზ პაპუნიძის თქმით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ არ არის გათვლილი რეინჯერის სამეთვალყურეო სამოქმედო ტერიტორია: “წინა წლებში 800-დან 1000 ჰექტარამდე იყო გათვლილი, ახლა ეს რიცხვი გაორმაგებულია, 2000-3000 ჰექტარის გაკონტროლება უწევს ერთ მეტყევეს”.

ზესოფელში მცხოვრები, დაჯარიმებული პირები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთობლივი წერილი 4 იანვარს გაუგზავნეს და პრეზიდენტს ჯარიმის მოხსნა სთხოვეს. ზესოფლელები პრეზიდენტის პასუხს ელიან.

 

აჭარაში კინოპროექტებს დააფინანსებენ

 

 შესაბამისი პროგრამების განხორციელებით სამინისტრო გეგმავს ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა-პოპულარიზაციას (ბიუჯეტი – 790 000 ლარი) და კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას სოფლად (ბიუჯეტი – 62 000 ლარი).

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელოვნებისა და კულტურის არანაკლებ 20 აქტივობა/ღონისძიება. სამინისტრო აჭარაში კინოხელოვნების განვითარებისთვის 242 000 ლარს დახარჯავს. აქედან კინოპროექტების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 160 000, ხოლო საზაფხულო კინოსკოლისა და საგამომცემლო მხარდაჭერიsთვის შესაბამისად 50 000 და 15 000 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობა ითვალისწინებს აჭარის რეგიონში კინოწარმოებაზე გასაწევი თანხების დაფინანსებას, ხოლო კინოგანათლების ხელშეწყობის მიმართულებით პროგრამა მოიცავს საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზებას და კინოხელოვნებასთან დაკავშირებული პუბლიკაციების საგამომცემლო მხარდაჭერას.

2014 წელს პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არანაკლებ 4 კინოპროექტი, დასაქმდება არანაკლებ 40 ადამიანი, ჩატარდება 4 მასტერკლასი და გამოიცემა 1 პუბლიკაცია „ბათუმი კინოში“.

საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფოლკლორის ხელშეწყობა

 

საგანამანთლებლო მიმართულებით განხორციელდება პროფესიული განვითარების ვორქშოპები, ტრენინგები და სემინარები თეატრის მენეჯმენტის, მარკეტინგის და თეატრის წარმატებული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სხვა სფეროების მუშაობის გასაუმჯობესებლად. შემოქმედებითი მიმართულებით კი შეიქმნება ქართულ-ბრიტანული ერთობლივი სპექტაკლები.

რაც შეეხება აჭარაში არსებული ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობას, პროგრამის მიზანია მათი სასცენო კოსტიუმებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად სამინისტროს ორგანიზებით ტარდება სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა.

ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია სასცენო კოსტუმების გადაცემა ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეებისა და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებისათვის მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შესაბამისად.

დახმარება სტუდენტებისა და პროფესორებისთვის

 

წელს დახმარება გაუგრძელდებათ 2012 და 2013 წლის სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს. დაფინსებას მიიღებს 100 ახალი სტუდენტი. პროგრამის ფარგლებში სულ 500-მდე სტუდენტი დაფინანსდება. ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების ხელშეწყობისთვისაც (142 ათასი ლარი).

შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში სწავლის უფლების მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტს. სამინისტრო ასევე დააფინანსებს ლექტორ-მასწავლებლებისა და პროფესორების ვიზიტს უნივერსიტეტებში 2-4 კვირამდე სასწავლო-კვლევით ვიზიტს.

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იქნება კონფერენციებზე დასწრების ხარჯები. სამინისტრო დააფინანსებს საჯარო ლექციების მოწყობას. დააფინანსდება ერთი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა საზღვაო სწავლების თემატიკის შესახებ. 34 ათასი ლარია გათვალისწინებული უცხოეთში სტუდენტთა სტაჟირებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეგიონებში გაგზავნილია 15-მდე სტაჟიორი და აჭარის რეგიონში მიღებულია 2 უცხოელი სტაჟიორი.

დიდთოვლობა და დახმარების მოლოდინი

 

თენგო სურმანიძე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში მცხოვრები დიასამიძეების შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი 2013 წლის 9 დეკემბერს ჩამოინგრა. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დროებით მეზობელთან გადავიდა საცხოვრებლად. როგორც როინ დიასამიძე ამბობს, დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვა, დაპირებაც მიიღო, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს. „სახლი 9 დეკემბერს ჩამოინგრა.

სახლის დაქირავებისთვის საჭირო თანხა არ გვქონდა და ოჯახთან ერ თად, დროებით, მეზობელთან გადავედი საცხოვრებლად. ხელისუფლებას ვთხოვე დახმარება, დამპირდნენ, რომ ბინას ეკომიგრანტთა სახლში ახალწლამდე გადმომცემდნენ, მაგრამ დღემდე მეზობელთან ვართ შეხიზნული, ოჯახში ორი ავადმყოფი მყავს, ორივე მეორე ჯგუფის ინვალიდია, გარდა ავადმყოფებისა, სამი მცირეწლოვანიც გვყავს”, _ ამბობს როინ დიასამიძე.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის ზაზა ზოიძის თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა შუახევში დათვლილი არ არის. იგი გვიხსნის, რომ უსახლკაროდ დარჩენილ დიასამიძეების ოჯახისთვის სოციალურ სახლში ბინის მიღების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა გაუგზავნა.

„ზარალის ოდენობა ჯერ არ დაგვითვლია, მიმდინარეობს დაზიანებული კერების შესწავლა და ხარჯთა აღრიცხვის შედგენა, შემოტანილი განცხადების მიხედვით სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა _ ორი დროებითი და ერთი მუდმივი.  

როინ დიასამიძის სახლი ისე ჩამოიშალა, რომ აღდგენას არ ექვემდებარება. სოციალურ სახლში გვაქვს თავისუფალი ბინა, უსახლკაროდ დარ ჩენილი ოჯახისთვის ბინის გადაცემის თაობაზე სამინისტროს მიმართვაგადავუგზავნე, დიასამიძეებმა დახმარებისათვის გვიან მოგვმართეს, საჭირო დოკუმენტაცია დროულად ვერ მოაწესრიგეს, რამაც შეაფერხა დახმარების გაწევა”.

ზაზა ზოიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული კერების შესწავლა და ზარალის დათვლა, ხოლოთუ რა სახის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დაზარალებულებს, ამაზე შესაბამისი კომისია იმსჯელებს.

ქედაში დიდთოვლობამ ექვსი სახლი დააზიანა _ სოფელ წონიარისში, კორომხეთსა და აბუქეთაში სახლის სახურავები, დაბა ქედაში კი ორ სახლის აივანი ჩამოანგრია. საცხოვრებლების გარდა სტიქიამ 60-მდე დამხმარე ნაგებობას შეუქმნა პრობლემა. „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ” ქედაში ჯერჯერობით მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი სახლები შეისწავლა და ფულადი კომპენსაციაც მხოლოდ მათთვის გაითვალისწინა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე ქედაში კომპენსაციის სახით 8 100 ლარი გაიცა.

რაც შეეხება დროებით საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებს, მათი მდგომარეობა ამ დრომდე შესწავლილი არ არის და არც ზარალის ოდენობაა დათვლილი.

“მოგლეჯილი ხე სახლის სახურავს დაეცა და აივანი ჩამოანგრია, დახმარებისთვის გამგეობას მივმართე, მოვიდნენ, შეამოწმეს და დროულად დაგვეხმარნენ”, _ გვითხრა დაბა ქედაში მცხოვრებმა თენგო სურმანიძემ, რომელმაც კომპენსაციის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 500 ლარი მიიღო.

ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში

 

დღეს უკვე ვხვდები, რომ სწორედ ბოლო ორი თვის (დეკემბერი, 2013 _ იანვარი, 2014) პერიოდი იყო ჩემთვის ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში, როდესაც მონაწილეობას მივიღე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში.

პარლამენტმა მხარი არ დამიჭირა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პერიოდიარა მხოლოდ ჩემთვის, საქართველოში ძალიან ბევრი საჯარო პირისთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის ტესტი. ვინ რა შედეგებით გაიარა ეს პროცესი, ცალკე მსჯელობის საგანია.

მე მაქვს ძალიან კარგი სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა ჩემთვის დასაქმების ადგილი არ გახლდათ. მე მაქვს კონკრეტული ხედვა იმისი, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორ უნდა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, ბიუჯეტი როგორ გახდეს გამჭვირვალე და რაც მთავარია, ამ პროცესში როგორ ჩაერთოს საქართველოში მცხოვრები ყველა დაინტერესებული პირი, საცხოვრებელი ადგილისა და სტატუსის მიუხედავად.

ბოლო დღეებში ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი დამიმეგობრდა სოციალურ ქსელში, დამირეკა ტელეფონით და შემომთავაზა მეგობრობა, თანამშრომლობა. ეს ფაქტი თავისუფლებისა და სამართლიანობის ტესტის ერთი ნაწილია.

დასამალი არ არის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საჯარო განხილვის სუბიექტად ვიქეცი (პრესა, ტელევიზია, რადიო, სოციალური ქსელები). სამწუხაროდ, პოლიტიკური ჯგუფების დიდი ნაწილი აშკარად ცდილობდა მოეძებნა რაიმე უარყოფითი ჩემს ბიოგრაფიაში, განათლებაში, პროფესიონალიზმში. მე ვერ მოვისმინე უარყოფითი ხასიათის არათუ არგუმენტი, მოსაზრებაც კი. ესეც დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ტესტის მეორე ნაწილია.

მიხარია, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი, კეთილის მსურველი გამოჩნდა, რომლებიც თავიანთ პოზიციას საჯაროდ აცხადებენ _ ესეც სამართლიანობისა და თავისუფლების ტესტის ნაწილია.

მოკლედ, მე დღეს ვგრძნობ, რომ ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში ჩავაბარე! მინდა, რომ ყველა ჩემს მეგობარს გისურვოთ ამგვარი შეგრძნება.

ეს ძალიან მაგარია.

სამწუხაროდ, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა საჯარო პირმა ვერ ჩააბარა ეს ტესტი, სამწუხაროდ…

საქართველოს პარლამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ძალიან ცუდად მოექცა. ახლა ჯერი უმაღლეს საბჭოზეა  დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობის ტესტირების ახალი პროცესი იწყება!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, ვინც, ჩემი აზრით, ჩააბარა თავისუფლების ტესტი. ეს კარგი ამბავია ამ პროცესში.

იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტში აჭარიდან წარმოდგენილმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებას მხარი დაუჭირეს! ესეც თავისუფლებისა და დემოკრატიის ტესტია!

ძალიან მინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ჩააბაროს დემოკრატიის, სამარ თლიანობისა და თავისუფლების ტესტი. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მთლად კარგად ვერ უნდა იყოს საქმე. გარდა სხვა პრობლემებისა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი (მრჩეველთა საბჭო, დირექტორი) კარგად უნდა დაფიქრდეს, ამ ეტაპზე მათ აქვთ თუ არა საბიუჯეტო თანხის ხარჯვის უფლება. კარგად ჩახედეთ კანონმდებლობას, მეგობრებო!

და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ საზოგადოებრივ მაუწყებელს! იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ჩააბარებს ტესტს დემოკრატიაში, სამართლიანობასა და თავისუფლებაში.

უსაფრთხოა თუ არა ხორცი ბათუმის ბაზარში

 

ბატონო ილია, რა შედეგები დაიდო ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, რომელიც ბათუმის მთავარ ბაზარში, ხორცის სექციაში ჩატარდა?

ბაზრის ხორცის სექციაში თავიდან კრიტიკული შეუსაბამობა დადგინდა, რის გამოც დაილუქა ხორცის სექცია და ბაზარი 1000 ლარით დაჯარიმდა. შემდეგ ჩატარდა დეზინფექცია და ხელმეორედ 12 ნიმუში ავიღეთ ყველა დახლიდან და ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ. ბოლო მონაცემებით ვირუსი აღარ გამოვლინდა. ამიტომ, ხორცის სექცია დროებით ისევ გავხსენით.

 ციმბირული წყლული (ჯილეხის) ამ სექციაში არსებულ ხორცში გამოვლინდა?

არა, ვირუსი არ გამოვლენილა. ჯილეხი ადამიანებში გამოვლინდა და თუ სად შეიძინეს დაავადებული ხორცი, ამ ფაქტს სწავლობს პროკურატურა.

თევზის სექციაც იყო დალუქული, იქ როგორი მდგომარეობაა?

მაშინ მიეცათ ორი თვის ვადა, რომ სექცია შესაბამის სტანდარტებში მოეყვანათ. როგორც ვიცი, ახლა იწყებენ სარემონტო სამუშაოებს. მიცემული აქვთ მაცივრების შეკვეთა და ამ დღეებში ამ საკითხსაც მოაგვარებენ.

ბატონო ილია, როგორც ვიცით, ბაზრებში მხოლოდ სპეციალურ სასაკლაოებზე დაკლული საქონლის ხორცი უნდა შესულიყო, ეს ნორმა ისევ მოქმედებს თუ არა და კონტროლდება თუ არა ეს სასაკლაოები თქვენი უწყების მიერ?

 კი, მოქმედებს. სასაკლაოებს თავიანთი ვეტექიმები ჰყავთ და დაავადებულ ხორცს რეალიზაციაში არგაუშვებენ.

 ენდობით მათ დასკვნებს? არსებობსცდომილების ალბათობა?

რა თქმა უნდა ვენდობით, ჩვენს სამსახურს ჰყავს ვეტექიმები ხელ შეკრულებით აყვანილი და თვითონ არიან ყველაფერზე პასუხისმგებელი.

 თუკი თქვენ მიერ გაცემული მოწმობები სანდოა, რატომ დაფიქსირდა შაურმით ინტოქსიკაციის 21 შემთხვევა?

 ჩვენ მიერ გაცემული მოწმობები სანდოა, მაგრამ თუ კი ვიღაცას მალულად შეაქვს მაღაზიებში ხორცი, ამის კონტროლი შეუძლებელია.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება ასეთ დროს?

 საქმეს პროკურატურა იკვლევს. ესგამოძიების შემდეგ დადგინდება.

 დადგება თქვენი სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი?

რატომ უნდა დადგეს, თუკი ვიღაცამ მალულად შეიტანა შეუმოწმებელი ხორცი. მაშინ სააგენტომ სისტემატურად სპეციალური რეიდი უნდა ატაროს, რასაც რესურსი სჭირდება. 2014 წელს იგეგმება რამდენიმე საშტატო ერთეულის დამატება, შესაბამისი თანამშრომლებითა და აღჭურვილობით. ხორცპროდუქტების განყოფილება- ში დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რაც კონტროლის საშუალებას მოგვცემს.

3D ფილმი მხედველობის პრობლემების აღმოსაჩენად

კლინიკა “საგიტარიუსის” ოფთალმოლოგის, ზარიმა ჩავლეიშვილის თქმით, 3D ფილმების ყურება ჯანსაღი თვალისთვის განსაკუთრებით საზიანო არ არის, მაგრამ თუ ამ დროს თვალები გეძაბებათ და თავი გტკივდებათ, ეს უკვე მხედველობასთან დაკავ შირებული პრობლემების სიმპტომებია და დროა ექიმს მიმართოთ.

კინოთეატრ “აპოლოში” კინოჩვენების შემდეგ “ბათუმელების” მიერ გამოკითხული ათი ადამიანიდან შვიდს თვალების დაღლა და ტკივილი აღენიშნებოდა, რაც ექიმის თქმით სტერეოსკოპული მხედველობის ან დღეისთვის ყველაზე გავრცელებული დაავად ების _ მშრალი თვალის სინდრომის მანიშნებელია.

დამიანი ბინოკულარულად, ანუ ორი თვალით ერთ გამოსახულებას ხედავს, რაც ობიექტების სიღრმეში, გარკვეულ დისტანციაზე დანახვის სა- შუალებას იძლევა. საამისოდ, თვალებს შორის მხედველობის პროცენტული სხვაობა 20-30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინოკულარული ხედვა ირღვევა და ადამიანს სტერეოსკოპული მხედველობა უყალიბდება, მას სამი განზომილების აღქმა არ შეუძლია. სავსებით შესაძლებელია, რომ სტერეოსკოპული მხედველობის მქონე ადამიანი, ჩვეულებრივ პირობებში, მხედველობის ამხარვეზს ვერც ამჩნევდეს.

ოფთალმოლოგის თქმით სტერეოსკოპული მხედველობის მქონე ადამიანისთვის 3D ფილმის ყურება ძალიანსაზიანოა _ “ამ დროს დომინანტი თვალი იძაბება და სადღაც ნახევარი საათის შემდეგ იწყება თვალის ტკივილი, წვა, ცრემლდენა და თავის ტკივილი”.

იმ შემთხვევაში, თუ ეკრანის გამოსახულებას სამ განზომილება ში ხედავთ, მაგრამ თვალები მაინც გეღლებათ, შესაძლოა მშრალი თვალის სინდრომი გაწუხებდეთ. ეს თანამედროვე დაავადებაა და ის ძირითადად ოფისებში, მონიტორთან ხანგრ- ძლივად მომუშავე ადამიანებს აწუხებთ. მაშინ როცა თვალი დაძაბულია და მას იშვიათად ახამხამებთ, ლორწოვანა ცუდად ტენიანდება, რაც თვალისსიმშრალეს იწვევს.
ექიმის თქმით 4-5 საათი 3D ეკრანისწინ ჯდომა ჯანმრთელი თვალისთვისაც კი ჭარბი დატვირთვაა. მნიშვნელოვანია ეკრანსა და თვალებს შორის მანძილი, რომელიც (საშუალო დიაგონალის მონიტორის შემთხვევაში) მინიმუმ 2-3 მეტრი მაინც უნდა იყოს. გარდა ამისა, არსებობს უსაფრთხოების ზომები,რომლებსაც 3D ტელევიზორების მწარმოებელი კომპანიები თავიანთ ვებგვერდებსა და პროდუქციის ინსტრუქციებში ავრცელებენ:

თუ მხედველობის გასაუმჯობესებელ სათვალეს ატარებთ, 3D სათვალე მის ზემოდან უნდა დაიმაგროთ. თუ ცხვირის ირგვლივ სიწითლე და გაღიზიანება შენიშნეთ, სასწრაფოდ მოიხსენით 3D სათვალე, იშვიათ შემთხვევებშიამ სათვალეებზე ალერგიული რეაქციებიც ვლინდება. თუ მხედველობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა გაქვთ _ ხართ ახლო ან შორსმხედველი, გაქვთ ასტიგმატიზმი ან მხედველობის სხვადასხვა პროცენტი თვალებში _ 3D სათვალეების გაკეთებამდე მხედველობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. ბინოკულარული მხედველობის პრობლემა იმაზე უფრო ხშირი მოვლენაა დღეს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ასე, რომ ნუ დაგეზარებათ და შეამოწმეთ.

საქართველოში – მეექვსე, 51-ე მსოფლიოში

 

ხუთი წლისას მამამ ჭადრაკის თამაში ასწავლა, მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ წლების შემდეგ ნინო  წარმატებული მოჭადრაკე გახდებოდა. „მამამ მე და ჩემს და-ძმას გვასწავლა თამაში, ჩემში კი შეამჩნიეს ნიჭი, ამიტომაც შემიყვანეს ჭადრაკზე. ჭადრაკი  ჰობად მექცა, მას შემდეგ ვთამაშობ, 15-16 წლის ასაკში გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი სპორტის ამ ახეობას.’’ _ გვიამბობს ნინო.

 

ჭადრაკი პირველმა მწვრთნელებმა შეაყვარეს, დღეს მწვრთნელი აღარ ჰყავს, ამბობს, რომ უცხოური მწვრთნელის მოწვევის ფუფუნება თავად არ აქვს, ფედერაციას კი ამისათვის ფინანსები არ ჰყოფნის.

 

პირველი გამარჯვება რვა წლისამ მოიპოვა, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. „ათი წლისამ  ვითამაშე ევროპის ჩემპიონატი, აღარც მახსოვს რომელ ადგილზე გავედი, 26 წლის ვარ, დაახლოებით 15-20 წლის წინანდელი ამბების გახსენება მიჭირს, მოჭადრაკეებს ისედაც ხშირად გვიწევს ჩემპიონატებზე სიარული, ამ მხრივ განებივრებულები ვართ სხვა სპორტსმენებთან შედარებით. 17 წლის ასაკში მივიღე საერთაშორისო ოსტატის წოდება ქალებში, რამაც დიდი ბიძგი მომცა, მნიშვნელოვანი წოდებაა.

 

,, კითხვაზე, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, ნინო ასე პასუხობს: „ალბათ ნიჭი, ხასიათი, მონდომება. მე მშობლების მუდმივი მხარდაჭერა მეხმარებოდა, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.  საქართველოში რთულია წარმატების მიღწევა. ასეთ დროს გიჩნდება სურვილი, წახვიდე სხვა ქვეყანაში. როცა რაღაც დონეს უკვე მიაღწევ, მერე მარტივია, თავად იღებ მოწვევებს სხვადასხვა ტურნირში. წარმატებამდე გზის გავლა რთულია, ამ დროს გჭირდება სახელმწიფოს ხელშეწყობა, ტურნირზე ყოველთვის შენი ხარჯით ვერ წახვალ. ხშირად ვრჩებოდი დაფინანსების გარეშე. წარმოიდგინეთ, მომზადებული ხარ

ტურნესთვის, დღე და ღამე ვარჯიშობ, გამგზავრების წინა დღეს კი გეუბნებიან, რომ ვერ წახვალ, რადგან არ დაგაფინანსეს. დღეს უკვე შემდგარი მოჭადრაკე ვარ, მოწვევებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა უფრო ადრე შემეძლო ამ წოდებების მოპოვება, ძალიან გამიგრძელდა ეს პერიოდი. ვფიქრობდი წასვლაზეც, ვამბობდი

ეს ბოლო ტურნირია და წავალ-მეთქი, თუმცა იმ ტურნირში ისეთ წარმატებას მოვიპოვებდი, რომ ვჩერდებოდი. სასწავლებლადაც ბათუმში დავრჩი. კავშირგაბმულობას ვსწავლობდი ბათუმში, მას შემდეგ აღარ მივბრუნებივარ ამ პროფესიას, ალბათ ვერც მივუბრუნდები, კავშირგაბმულობა ძალიან სწრაფად ვითარდება, კონკურენტული ვეღარ ვიქნები, რადგან ბევრი რამე გამოვტოვე.’’_ ამბობს ნინო.

 

მოგზაურობა ხშირად უწევს, რითაც ცოტათი დაიღალა კიდეც: „ბევრ ქვეყანაში გვიწევს თამაში, ბოლო ექვს თვეში ვითამაშე რვა ტურნირი. მოგზაურობა მიყვარს, საინტერესოა სხვა ქვეყნისგაცნობა, თუმცა დამღლელიც _ ფრენა, აკლიმატიზაცია. ინდოეთში მქონდა თამაში, გამიჭირდა აკლიმატიზაცია, ინდოეთიდან დაბრუნებულმა დასვენებაც ვერ მოვასწარი, მესამე დღეს გერმანიაში გავემგზავრე, გერმანიაში კიდევ ვერსად გასვლა ვერ მოვახერხე, თამაშის შემდეგ დავბრუნდი უკან. ჭადრაკის გამო თბილისში მიწევს ცხოვრება, ასე უფრო მოსახერხებელია, თუნდაც აეროპორტის გამო.’’

 

ჭადრაკის თამაში რომ შეძლო, ფსიქოლოგიური სიძლიერე გჭირდება, რომ ტურნირის „სტრესს’’ გაუძლო. ტურნირი საშუალოდ ცხრა პარტიად

გრძელდება, თავად პარტია კი _ ხუთ საათს: „ძალიან რთულია, ყველანაირად მომზადებული უნდა შეხვდე, ჭადრაკში ფიქრს უნდა გაუძლო,გონება რომ არ გადაგეღალოს. ყველა სფეროს ომპიუტერიზაცია ხდება, თითქმის ყველა პარტია შეყვანილია ბაზაში, ნახულობ ყველა თამაშს, აკვირდები სტრატეგიას, ავარჯიშებ გონებას გათვლებით. ყველა თამაშის დროს კომპიუტერში ვნახულობთ ჩვენი მოწინააღმდეგის თამაშს, ვსწავლობთ, მის სტრატეგიას, რათა მომზადებული შევხვდეთ მის სვლებს.’’ _ გვიყვება ნინო.

 

ნინო ამბობს, რომ „კარგი წელი’’ ჰქონდა, ბევრი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, საერთაშორისო ტურნირზე ქალთა და ვაჟთა შორის პირველი/ მეშვიდე ადგილი მოიპოვა, გაიმარჯვა პოლონეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, ინდოეთში ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეში _ მეორე: „ჭადრაკში რეიტინგი ყოველ წუთს იცვლება, საქართველოში ჩემი რეიტინგით მეექვსე ადგილზე ვარ, მსოფლიო მასშტაბით კი _ 51 ადგილზე.’’

 

ნინოს მომავალი გეგმები საქართველოს ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც თებერვალში გაიმართება, ნინო ჩემპიონატისთვის უკვე რამდენიმე თვეა ემზადება: „ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებში მოვხვდე, შემდეგ ოლიმპიადაზე  რომ გავიდე, ვემზადები ჩემპიონატისთვის.’’

ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში

 

 მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის თქმით, ქარი ბათუმის ცენტრალურ უბნებს ნკლებად შეეხება – “ქარის სიჩქარე უფრო ბათუმის გარეუბნებში გაძლიერდება. ძირითადად კი იმერეთის რეგიონსა და ქალაქ ფოთს შეეხება”.

 

ძლიერი ქარის მიზეზი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ატმოსფერული წნევებისა და ტემპერატურის სხვაობა იქნება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეიდან ნალექები დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგან შეწყდება.

 

დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა ხვალ ღამით, ბარში -6 გრადუსამდე დაეცემა.  ბათუმში კი ტემპერატურა სავარაუდოდ 0 გრადუსზე ქვემოთ არ დაიწევს.

 

რაც შეეხება სანპირო ზოლს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს მომავალში ბათუმში, შავ ზღვაზე შტორმი არ არის მოსალოდნელი.

 

ტესტირების შედეგები – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე

 

 

 

ბმულში შეგიძლიათ იხილოთ ტესტირების შედეგები.  

კონკურსანტებს უფლება აქვთ კონკურსის მეორე ეტაპთან დაკავშირებით დასაბუთებული საპრეტენზიო განაცხადი, წარმოადგინონ 2014 წლის 4 თებერვლის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი კომისიის სახელზე.

კომპიუტერული უნარ-ჩვევების შემოწმება გაიმართება 6 თებერვალს ა(ა)იპ განათლების ფონდის შენობაში (მის. ბათუმი, ბაგრატიონის 121) 11.00 საათზე.

იმ კონკურსანტებმა, რომლებმაც დაწესებული ბარიერი გადალახეს, მომდევნო ეტაპზე თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ახალი საბაჟო ტერმინალი ბათუმში

 

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციას უცხოური ქვეყნების გადამზიდავი და სარკინიგზო კომპანიების წარმომადგენლები, საპარტნიორო ფონდის ხემძღვანელობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხემძღვანელები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

დავიწროებულ ქუჩებს ხელახლა გააფართოებენ

 

 

მერიას აღნიშნული სამუშაოებისთვის 265 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დაახლოებით ამ თანხაში უნდა მოხდეს აღნიშნულ ქუჩებზე არსებული ბორდიურების დემონტაჟი და გატანა – დასაწყობება, არსებული ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილის დემონტაჟი და ხელახლა მოწყობა.

 

სამუშაოები დაწყებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს მერია გამოავლენს. აღნიშნული ქუჩების სავალი ნაწილი წინა ხელისუფლების დროს დაავიწროვეს, რკინის მოაჯირები დაამონტაჟეს და ქოთნებით მცენარეებიც დაალაგეს.

 

რა ბედი ელის ქოთნებში ჩარგულ ხეებს უცნობია. ძველ ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ძირითადად ფირმა „მონოლითი 2005“ აწარმოებდა. ამ და სხვა სამუშაოებისთვის, ძველი ბათუმის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მილიონობით ლარია დახარჯული.

 

აქციის მოთხოვნა – საკადრო პოლიტიკის შეცვლა აჭარაში

 

 როგორც შეკრებილები აცხადებენ, აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მდგომარეობა არ გამოსწოდება.  “იმედი გვაქვს შემოგვიერთდებიან როგორც ცალკეული ორგანიზაციები ისე კონკრეტული ადამიანები” – აცხადებს აქცის ერთ-ერთი მონაწილე.

 

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი უფლებების დასაცავად 14 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა – “უკვე ცალკეული, კონკრეტული პრობლემები აღარ გვაინტერესებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვაპირებთ გართიანებას, დღეისთვის 14 ორგანიზაცია ვართ, ჩამოვყალიბდებით და საერთო პრობლემას შევეჭიდებით” – ამბობს მერაბ გორგაძე, ყოფილი პოლიტ პატიმარი.

 

აქცია ყოველ დღე, 3-დან 6 საათამდე გაიმართება.

 

აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში



ჩემპიონატი ფიდეს წესებით ჩატარდება, წრიული სისტემით 9 ტურად. მონაწილეებს პარტიის ბოლომდე 1,5 საათი ეძლევათ, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კოეფიციენტის შემდეგი სისტემით: პროგრესი (თვისი რეგრესით), ბუჰგოლცი. აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნება ორი დამატებითი პარტია (15 წუთიანი). ყაიმის შემთხვევაში პარტიები გაგრძელდება პირველ გამარჯვებამდე.


გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან, ხოლო 16 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა, საქართველოს ჩემპიონატში.

ბათუმის საკრებულოს სხდომების ნახვა პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი

 

სხდომის პირდაპირი ჩვენება დეპუტატების ინიციატივითა და მხარდაჭერით გადაწყდა:

 

„პროექტის ინიციატორები ჩვენ ვართ. პრაღაში ვიმყოფებოდით და აღმოჩნდა, რომ იქაური თვითმმართველობის სხდომები სინქრონულად გადაიცემოდა ვებ-გვერდზე, ჩანაწერი კი არქივდებოდა. ამ სიახლეს დადებითი მხარეები აქვს. საზოგადოება დაინახავს რამდენად აქტიურია თავისი წარმომადგენელი თვითმმართველობაში. აღარ იქნება არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალება და საჯარო ინფორმაცია იქნება უფრო ხელმისაწვდომი,“- ამბობს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე.

 

პრესსამსახურის ხელმძღვანელის გურანდა აბულაძის განმარტებით, დაწყებულია საკრებულოს ვებ-გვერდის განახლებაც და მომავალში ყველა საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოთხოვასაც გარკვეული დრო სჭირდება, განთავსდება ვებ-გვერდზე.

 

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ აუდიო ვიდეო ჩამწერები, დრეკადი მილის მქონე მიკროფონები, სამიქსერო პულტი, კომპიუტერი და მონიტორი, მათი მონტაჟი და პროგრამული ინსტალაცია ტენდერის საფუძველზე 22 ათასი ლარად შეიძინა ინდმეწარმე „შალვა თავდგირიძისგან“.

 

როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელის გურანდა აბულაძე ამბობს, მომავალი სხდომა უკვე პირდაპირი ეთერით გავა და მისი ნახვა საკრებულოს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

 

 

29 ოჯახს უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოასახლებენ

 

 ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ჭურკვეიძის  განცხადებით მათ უკვე მიმართეს შესაბამის სამსახურებს და ფართის განთავისუფლება სთხოვეს.

 

„როგორც კი ჩვენთვის გახდა ცნობილი ქონების ხელყოფის შესახებ, სამინისტრომ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და კანონის შესაბამისად მოითხოვა  ქონების გამონთავისუფლება  შეჭრილი პირებისაგან,“ – განაცხადა ზურაბ ჭურკვეიძემ. 

 

თამარის დასახლებაში არსებული შენობა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა დღეს დილით დაიკავეს. 

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათებით სარგებლობის წესი

 

შეღავათებით სარგებლობის წესი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა განმარტა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმადგინონ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ.

 

განცხადების ჩაბარების შემდეგ, მისი დოკუმეტაცია განიხილება „C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების განმსაზღვრელი კომისიის“ მიერ. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, საბუთების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ეცნობება განმცხადებელს. დადებითი პასუხის შემთხვევაში 1 ივლისიდან, მედიკამეტების შეძენა შესაძლებელი იქნება: თბილისში იოსებიძის ქ. N60; ქუთაისში ბროსეს ქ. N5, ხოლო ბათუმში გოგებაშვილის ქ. N32. 

„ინტელექტმა“ ორი პროგრამის პრეზენტაცია გამართა

 

სხვა კომპონენტებთან ერთად პროგრამები ასევე მოიცავს სოციალურად დაუცველთა და სტიქიით დაზარალებულთა ერთიანი რეესტრის შექმნას.

 

„ინტელექტის“ ხელმძღვანელის ლევან გობაძის განმარტებით გამოთქმული შენიშვნების შემდეგ აპირებს ახალი პროგრამები წარუდგინოს აჭარის მთავრობას.  “სტიქიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა” და “ახალგაზრდა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა”. 

 

ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების რეგისტრაცია მიმდინარეობს

 

შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა სამინისტროს წარმომადგენელი მიშა თედორაძე მართავენ. სამუშაო ჯგუფმა ამ დროსათვის რეგიონიდან განსახლების მსურველი 70 ოჯახი დაარეგისტრირა, პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.

 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ადგილმონაცვლეობას კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში სთავზობს, სადაც უწყებამ გასულ წელს ეკომიგრანეტბისთვის 33 საცხოვრებელი სახლი შეიძინა.

 

საცხოვრებელ სახლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სარგებლობაში გადაეცემათ 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დამხმარე ნაგებობები. ოჯახების შერჩევა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა მინისტრის N779 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.

 

რეგისტრაცია იწარმოებს 20 თებერვლის ჩათვლით, მსურველებმა უნდა მომართონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს.

 

ინციდენტი ბათუმის საკრებულოს შენობაში

 

მერაბ ღოღობერიძე საკრებულოს შენობის მისაღებში

მერაბ ღოღობერიძის განმარტებით მოქალაქესთან ერთად, რომელსაც 24 კვადრატის მიწის ფართობის პრივატიზების პირობების გაგება სურდა, მის დასახმარებლად იურისტთან კონსულტაციის მისაღებად მიდიოდა.

 

„იურისტები არ ისხდნენ თავიან კაბინეტში, რის გამოც, მეორე სართულზე ადმინისტრაციაში წავედი – ნუკრი დეკანაძესთან. დაცვამ არ შემიშვა, მომვარდა და ქურთუკი გამიხია. ამის დასადასტურებლად ამოიღონ კადრები და ნახონ. ეს არის ჩავლეიშვილის დავალებული  პროვოკაცია, რომ აღარ შევეშვი საკრებულოს შენობაში,“- განუცხადა „ბათუმელებს“ მერაბ ღოღობერიძემ.

 

დაცვის სამსახურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.  ამჟამად საპატრულო პოლიცია მერაბ ღოღობერიძესა და დაცვის თანამშრომლებს კითხავს.

 

მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ ინციდენტს,  რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში მოწყობილ, ბათუმელი იპოთეკარების აქციას უკავშირებს, რომელიც მისი ორგანიზებით გაიმართა. ის ვარაუდობს, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ იმ ფაქტის შემდეგ გასცა დაცვის გამკაცრების  ბრძანება.

 

დაცვის თანამშრომლების განმარტებით კი მერაბ ღოღობერიძემ ძველი საშვი გამოიყენა, რაც მისი არ შეშვების მიზეზი გახდა.

 

საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რის გამოც შენობაში სხვადასხვა სახის კონსულტაციის მისაღებად მისულ მოქალაქეებსაც არ უშვებენ და ისინი სხდომის დამთავრებას ელოდებიან.

ბათუმში 60 კილოგრამიანი ყვავილის ქოთანი მოიპარეს

 

„დღეს დილით მაღაზიაში მისულებს, 7-დან ერთი ქოთანი მოპარული დაგვხდა. თავისი მცენარით და მიწით (ახლომახლო ტერიტორიის დათვალიერების შედეგად არსად აღმოჩნდა მიწა დაყრილი), რაც დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის და იმდენად მოუხერხებელია გადასაადგილებლად, რომ ორი ზრდასრული კაცი დაჭირდებოდა წაღებას,“ – ამბობს „წიგნები ბათუმშის“ მფლობელი ირაკლი ბაკურიძე.  

 

მაღაზიას გარეპერიმეტრზე ვიდეო თვალი აქ აქვს. დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

 

„არა მგონია რომ ეპოვათ და არ მინდოდა გაუხსნელ საქმედ დაწეროდათ. როდესაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე,  სტატუსიც ვეცადე ნაკლებად პოლიტიკური ყოფილიყო.  მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან შორს ვიყო. მე უბრალოდ მინდა ქალაქში წესრიგი და სიმშვიდე,“ – ამბობს ირაკლი ბაკურიძე. 

 

ფოტო: მოლი ბლუმი

ვაკანსიები „ჰილტონ ბათუმში“

მათ შორის აღმასრულებელი დირექტორის, ფინანსური, უსაფრთხოების, გაყიდვების, სპა მენეჯერების  პოზიციებზე.

„ჰილტონ ბათუმი“ სასტუმრო კომპლექსია. გარდა სასტუმროსა აქ იქნება სპა, კაზინო, რესტორნები, სპორტულ გამაჯანსღებელი ცენტრი, აუზი და  სქაი რესტორანი.  კომპანია ჯამში 200 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

ვაკანსიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ამ ლინკზე შეუძლიათ.

„ჰილტონ ბათუმის“ გახსნა სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ჰილტონ ბათუმი

საკრებულოში ვიცე-მერად დანიშნული გიორგი ერმაკოვის დანიშვნას განიხილავენ

 

გიორგი ერმაკოვი

„თქვენ დღეს, ხვალ თუ არა ზეგ საკრებულოს გვერდის ავლით ბათუმს დაუნიშნავთ მერს. ეს იქნება კატასტროფული ქმედება თვითმმართველობის ისტორიაში. ისე წყნარად მიდის ეს ყველაფერი, ვითომ რიგითი სამსახურის ხელმძღვანელი დავნიშნეთ, ან მთავარი  სპეციალისტი მოვიყვანეთ. რაღაცას ვცვლით  ქალაქში, იმას რაც მეც მეხება, როგორც საკრებულოს წევრს და მიუხედავდ იმისა, რომ მე მეხება, თქვენ ამის უფლებას მართმევთ“, -უთხრა გიორგი კირთაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს.

 

ირაკლი ჩავლეიშვილმა  გიორგი კირთაძის მოსაზრებას ეჭვი, მარჩიელობა და ჭორი უწოდა:

 

„ეს ჭორი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ტყუილი ფაქტად მოეჩვენოს ადამიანს. ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტილებაში, რაც ხდება ქალაქში, მე და ბატონი ჯემალი ერთად ვართ და კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ჯემალ ანანიძესთან ერთად მუშაობის დროს კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, თუ ჯემალ ანანიძე „თანამდებობას დატოვეს ქალაქი მერის გარეშე არ დარჩება“.

 

გიორგი კირთაძე ვარაუდობს, რომ მერის გადაყენაბის საკითხზე, გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი თბილისში დაიბარეს.

 

 

თამარის დასახლებაში ცარიელ შენობაში 29 ოჯახი შეიჭრა

 

„ბათუმელები“ შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის  ნათესავს ესაუბრა.

 

„სახლი არ აქვთ, კარი არ აქვთ და შეიჭრნენ ცარიელ შენობაში. ერთ-ერთი ჩემი ოჯახის წევრია. უსახლკაროდაა, უბინაოდაა და შევიდნენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებია ყველა,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  აკაკი შანთიძემ.

 

შენობა აჭარის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ამჟამად საკითხს სწავლობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ჯემალ ანანიძე ერმაკოვის დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს

 

ჯემალ ანანიძის განცხადებით, გიორგი ერმაკოვი პირადი გადაწყვეტილებით დანიშნა:

 

„პიროვნული გადაწყვეტილებაა, მას ვიცნობ უკვე დიდი ხანია და რადგანაც წავიდა მოარული ხმები (რომ ის მე ჩამანაცვლებდა), გავესაუბრე მეც და ჩემთვის მისაღები იყო ეს კანდიდატურა. მერი უფლებამოსილია დანიშნოს თავისი მოადგილეები“. 

 

რაც შეეხება ნათია სურგულაძეს, ჯემალ ანანიძის განცხადებით ყოფილმა ვიცე-მერმა  ნათია სურგულაძემ წარმოადგინა სტრატეგიული გეგმა მერიის ორი სამსახურის – აიპ „ბათუმის სცენასა“ და აიპ „ კულტურის ცენტრის“ გაერთიანების შესახებ.

 

„ მისი სურვილია, რომ ამ გაერთიანებას ჩაუდგეს სათავეში.  წარვუდგინეთ ეს წინადადება საკრებულოს და ყველა კომისია გაიარა წარმატებით“.  

ბათუმში საშაურმე დახურეს და 1000 ლარით დააჯარიმეს

 

ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რომელი ინგრედიენტი იყო დაბინძურებული. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მზა შაურმის კერძში მეზოფილების, აერობების და ფაკულტატური ანაერობების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე სამჯერ მეტი რაოდენობა აღმოჩნდა. პროდუქტი ასევე შეიცავდა ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებს, კოლიფორმებს. კანონის მიხედვით, 65 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა, რაც მავნე სურსათის ბაზარზე განთავსებას გულისხმობს“-განუმარტა „ბათუმელებს“ აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელმა, კვების ჰიგიენისტმა თამარ ბერძენიშვილმა.


თამარ ბერძენიშვილის თქმით, ობიექტი დახურულია და თუკი სამომავლოდ, კვების ობიექტებთან დაკავშირებულ კანონმდებლობის ნორმებს დაააკმაყოფილებს, მას ისევ შეეძლება მუშაობის გაგრძელება.


რაც შეეხება ქალაქში არსებულ სხვა საშაურმეებს, აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური დღეიდან მათ რეგულარულ შემოწმებას აპირებს.


გასულ კვირას მოწამლულმა ოცდაერთმა ადამიანმა სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


 

გიორგი ერმაკოვი ვიცე-მერად დანიშნეს

 

როგორც მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ნათია სურგულაძე მალე სხვა თანამდებობას დაიკავებს:

„მერია ქმნის ახალ სამსახურს და ის ამ სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნება“. 

 

რაც შეეხება ჯემალ ანანიძის ერმაკოვით ჩანაცვლებას, ამის თაობაზე „ბათუმელებს“ გასულ კვირას სანდო წყარომ აცნობა. თუმცა, ჯემალ ანანიძის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ჭორი უწოდა:

„ეს ყველაფერი ჭორია და მე ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ “ – განაცხადა მან.

 

ბათუმის მერს ოთხი მოადგილე ჰყავს. 

 

ბათუმის მერია

იაფი სახლი უსახლკაროებს ბათუმის მერიისგან

 

ინფორმაცია ე.წ. იაფი სახლის პროექტით სარგებლობის კრიტერიუმებზე, რაც მერიას 20 იანვრამდე უნდა წარედგინა საკრებულოსთვის, საკრებულოს კანცელარიაში ამ დრომდე არ შესულა. ეს იყო პირობა, რომლითაც საკრებულოს უმრავლესობამ 2014 წლის ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისთვის ორ მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინა. საკრებულოს ოპოზიცია კი ამ თანხის ნაშთში გადატანას ითხოვდა.

“თუ კრიტერიუმები მკაცრად არ იქნება გაწერილი, არ არის გამორიცხული ამ პროექტით ბიძაშვილ-მამიდაშვილებისთვის ბინების დარიგება დაიწყონ, ან ვინმემ ფულის საკეთებლად გამოიყენოს”, _ ამ მოტივით საკრებულოს უმცირესობამ “ნაციონალური მოძრაობიდან” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

იაფი სახლის პროექტით სარგებლობის დაზუსტებული კრიტერიუმები მერიას ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა “არსებობს მისი ჩონჩხი”, რომელსაც მერიის ეკონომიკური დაგეგმარების სამსახური ამუშავებს. ამ სამსახურის ხელმძღვანელის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, “ჩონჩხი” ანუ პროექტის კრიტერიუმების პირველადი მონახაზი ასეთია:
ოჯახს საცხოვრებელი ბინის საფასურის დასაფარავად ყოველთვიურად დაახლოებით იმ ოდენობის თანხას გადაიხდის, რამდენსაც ბინის ქირაში იხდის. ყოველთვიური გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას მიღებული ფართობის ზომასაც ექნება მნიშვნელობა. გადახდილი თანხა კი ბინის საფასურს გამოაკლდება. ასე ოჯახი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის გამოსყიდვას შეძლებს და ბინის მესაკუთრე გახდება.

“პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ ხუთსართულიანი, 200-ბინიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტირებაზე გამოცხადდება ტენდერი. გვინდა, რომ პროექტი ითვალისწინებდეს დამატებით პირობებსაც, თუ ეს ძალიან არ გააძვირებს მას”, _ განმარტავს ტიტე აროშიძე.

დამატებით პირობებში კორპუსში ენერგოეფექტურობის მისაღწევად საჭირო შეფუთვა, სადარბაზოში შშმ პირების დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ეზოს მოწყობა და გამწვანება იგულისხმება.
რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მერიამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინის საფასურის გადახდა ყოველთვიურად ვეღარ შეძლო? _ ასეთი შემთხვევებისთვის მერიაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. შესაძლოა მერიამ ოჯახი დიდი ფართობის მქონე ბინიდან შედარებით მცირე ფართობის ბინაში გადაიყვანოს და შეუმციროს ყოველთვიური გადასახადის ოდენობა, მისცეს ექვსთვიანი ვადა, შეუდგინოს გადახდის ახალი გრაფიკი ან მანამდე გადახდილი თანხის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში ცხოვრების ქირად ჩაუთვალოს, ნაწილი კი უკან დაუბრუნოს და ბინიდან გამოსახლება მოსთხოვოს.

მერია განიხილავს მოსაზრებას, რომ კორპუსში ბინების ათი პროცენტი ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც გაიყიდოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მერია მსურველებს სხვა პირობებზე მოელაპარაკება.

“შესაძლოა მათ მერიამ გაუწეროს ხუთწლიანი და არა ათწლიანი ვადა ბინის საფასურის დასაფარავად. ეს კარგი იქნება იმისათვის, რომ ამ კორპუსებს რაღაც სტატუსი არ მიენიჭოს. გვინდა, რომ საზოგადოების მიერ ეს აღიქმებოდეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. განვიხილეთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი პროექტები განხორციელდა. აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მსგავს კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ გვერდით კორპუსებში მცხოვრებლებთან ინტეგრაციის პრობლემა”.

მერიაში განიხილავენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პროექტის კომერციული ინტერესებისათვის გამოყენების მცდელობის თავიდან აცილება.

 

“ვთქვათ მაქვს ბინა, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ავტორიტეტით თუ კორუფციული სქემით მოვახერხე ამ პროგრამაში ჩართვა, სახელმწიფოს გამოვაპარე. შემდეგ მინდა, რომ ეს ბინა გავყიდო და მივიღო სარგებელი. ამისგან დასაცავად ჩვენ ვირჩევთ პრინციპს, ბინა ოჯახს საკუთრებაში ათი წლის განმავლობაში არ დაურეგისტრირდება. შენობა და მიწა, რომელზეც სახლი დგას, რჩება მერიის ბალანსზე. ათი წლის შემდეგ კი ვაწესებთ მორატორიუმს _ კიდევ ათი წელი ბინის გაყიდვა, გაქირავება ან კომერციული სარგებლის მიღება დაუშვებელი იქნება. 20 წლის გასვლის შემდეგაც რომ გამოვრიცხოთ ე.წ. მაკლერის ინტერესი, მესაკუთრეს ვალდებულებაში ჩავუწერთ, რომ თუკი გაყიდის ბინას, მან უნდა გაყიდოს არასაბაზრო ფასად, არამედ თვითღირებულებით _ ამ ბინით ისევ იმ პიროვნებამ რომ ისარგებლოს, ვისაც უჭირს. საუბარია იმაზეც, რომ ბინები გავითვალისწინოთ იმ პირებისთვისაც, ვისაც არანაირი საშუალება არა აქვს და ღია ცის ქვეშ ცხოვრობს”.

პროექტით სარგებლობის მსურველთა განცხადებას სპეციალური კომისია შეისწავლის. პრიორიტეტი უსახლკაროებს მიენიჭებათ, მათ, რომლებიც ხუთ წელზე მეტ ხანს ბათუმში ნაქირავებ ბინაში ან ნათესავებთან ცხოვრობენ.
ამ დროისათვის ბათუმში 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ეს მონაცემი მერიის სოციალურ განყოფილებაში მოქალაქეების მიმართვების საფუძველზე დათვალეს. მონაცემებში არ შედის ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ბათუმის გარეუბნებში ბარაკის ტიპის სახლებში, ხშირად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ამ მონაცებეში არ შედის ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებაც, რომლებმაც საკუთარი სახლები ეკოლოგიური პრობლემების გამო დატოვეს.
უკვე შერჩეულია სავარაუდო მშენებლობის ადგილიც, მერია იაფი სახლის მშენებლობას ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გეგმავს.

“თუ პროექტი გაამართლებს, მომავალი წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინებთ. იქნებ მოხერხდეს, რომ ათი წლის შემდეგ ქალაქს ამდენი უსახლკარო არ ჰყავდეს”, _ ამბობს ტიტე აროშიძე.

იაფი სახლი მშენებლობის კრიტერიუმების გაწერის შემდეგ პროექტს საზოგადოებას წარუდგენენ განსახილველად. მერია პროექტირებაზე ტენდერს მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კონკურსი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის


საუკეთესო სტატიის შერჩევა მოხდება შემდეგი  კრიტერიუმების საფუძველზე:

(ა) სტატიის მიუკერძოებლობა, ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა;

(ბ) სტატიაში განხილული პრობლემის აქტუალურობა  და ნაშრომის საზოგადოებრივი სარგებელი;

(გ) ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე);

(დ) რამდენად წამყვანი როლი ითამაშა თავად ჟურნალისტმა ნაშრომში წარმოდგენილი პრობლემის გამოაშკარავებაში;

(ე) სტატიაში მოყვანილი სანდო  და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე;

(ზ) თხრობის თანმიმდევრული და გასაგები სტილი.

საგამოძიებო ნაშრომი უნდა ეხებოდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებს და არსებულ პრობლემებს. ჟურნალისტი საგამოძიებო თემის შერჩევაში შეზღუდული არ არის. თემატიკა შეიძლება მოიცავდეს:

 

  • სახელმწიფო შესყიდვებს;
  • საჯარო მოხელეთა ინტერესთა კონფლიქტს;
  • სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირთა ბიზნესინტერესებს და შესაძლო კორუფციული გარიგებებს;
  • ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სოციალურეკონომიკურ პრობლემებს;
  • აჭარაში საკუთრების უფლებების შელახვას;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შელახვის ფაქტებს;
  • გარემოს დაცვას და ..

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წლის 5 მაისს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ჟურნალისტებს, რომელებიც 2014 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 27 აპრილამდე ქართულენოვან გაზეთში/ჟურნალში/ინტერნეტ გამოცემაში გამოაქვეყნებენ სტატიას.

გამარჯვებული სტატიის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 900 ლარის ოდენობით და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სერტიფიკატი. ასევე, გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილზე გასული სტატიები (ფულადი ჯილდო 700 და 500 ლარი შესაბამისად).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს სტატიის სამი ასლი და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთი ასლი (თუ საგაზეთო სტატიაა). თუ სტატია ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა, მასალის 3 ასლი, ამობეჭდილი ფორმით, სტატიაზე url ბმულის მითითებით, არაუგვიანეს 2014 წლის 30 აპრილის 14:00 საათისა ორგანიზაციის ბათუმის წარმომადგენლობაში (მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათაინის 27/7) ან დაუკავშირდით ბათუმის ოფისის ხელმძღვანელს თეა ჭანტურიშვილს ტელეფონზე 599 09 36 26, ასევე ელექტრონულ მისამართზე: Tea.tchanturishvili@transparency.ge  

პროექტი, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა ახორციელებს, დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  მხარდაჭერით.

Exit mobile version