კვირის ამბები

იაფი სახლი უსახლკაროებს ბათუმის მერიისგან

30.01.2014 • 5058
იაფი სახლი უსახლკაროებს ბათუმის მერიისგან

 

ინფორმაცია ე.წ. იაფი სახლის პროექტით სარგებლობის კრიტერიუმებზე, რაც მერიას 20 იანვრამდე უნდა წარედგინა საკრებულოსთვის, საკრებულოს კანცელარიაში ამ დრომდე არ შესულა. ეს იყო პირობა, რომლითაც საკრებულოს უმრავლესობამ 2014 წლის ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისთვის ორ მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინა. საკრებულოს ოპოზიცია კი ამ თანხის ნაშთში გადატანას ითხოვდა.

“თუ კრიტერიუმები მკაცრად არ იქნება გაწერილი, არ არის გამორიცხული ამ პროექტით ბიძაშვილ-მამიდაშვილებისთვის ბინების დარიგება დაიწყონ, ან ვინმემ ფულის საკეთებლად გამოიყენოს”, _ ამ მოტივით საკრებულოს უმცირესობამ “ნაციონალური მოძრაობიდან” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

იაფი სახლის პროექტით სარგებლობის დაზუსტებული კრიტერიუმები მერიას ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა “არსებობს მისი ჩონჩხი”, რომელსაც მერიის ეკონომიკური დაგეგმარების სამსახური ამუშავებს. ამ სამსახურის ხელმძღვანელის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, “ჩონჩხი” ანუ პროექტის კრიტერიუმების პირველადი მონახაზი ასეთია:
ოჯახს საცხოვრებელი ბინის საფასურის დასაფარავად ყოველთვიურად დაახლოებით იმ ოდენობის თანხას გადაიხდის, რამდენსაც ბინის ქირაში იხდის. ყოველთვიური გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას მიღებული ფართობის ზომასაც ექნება მნიშვნელობა. გადახდილი თანხა კი ბინის საფასურს გამოაკლდება. ასე ოჯახი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის გამოსყიდვას შეძლებს და ბინის მესაკუთრე გახდება.

“პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ ხუთსართულიანი, 200-ბინიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტირებაზე გამოცხადდება ტენდერი. გვინდა, რომ პროექტი ითვალისწინებდეს დამატებით პირობებსაც, თუ ეს ძალიან არ გააძვირებს მას”, _ განმარტავს ტიტე აროშიძე.

დამატებით პირობებში კორპუსში ენერგოეფექტურობის მისაღწევად საჭირო შეფუთვა, სადარბაზოში შშმ პირების დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ეზოს მოწყობა და გამწვანება იგულისხმება.
რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მერიამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინის საფასურის გადახდა ყოველთვიურად ვეღარ შეძლო? _ ასეთი შემთხვევებისთვის მერიაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. შესაძლოა მერიამ ოჯახი დიდი ფართობის მქონე ბინიდან შედარებით მცირე ფართობის ბინაში გადაიყვანოს და შეუმციროს ყოველთვიური გადასახადის ოდენობა, მისცეს ექვსთვიანი ვადა, შეუდგინოს გადახდის ახალი გრაფიკი ან მანამდე გადახდილი თანხის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში ცხოვრების ქირად ჩაუთვალოს, ნაწილი კი უკან დაუბრუნოს და ბინიდან გამოსახლება მოსთხოვოს.

მერია განიხილავს მოსაზრებას, რომ კორპუსში ბინების ათი პროცენტი ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც გაიყიდოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მერია მსურველებს სხვა პირობებზე მოელაპარაკება.

“შესაძლოა მათ მერიამ გაუწეროს ხუთწლიანი და არა ათწლიანი ვადა ბინის საფასურის დასაფარავად. ეს კარგი იქნება იმისათვის, რომ ამ კორპუსებს რაღაც სტატუსი არ მიენიჭოს. გვინდა, რომ საზოგადოების მიერ ეს აღიქმებოდეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. განვიხილეთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი პროექტები განხორციელდა. აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში მსგავს კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ გვერდით კორპუსებში მცხოვრებლებთან ინტეგრაციის პრობლემა”.

მერიაში განიხილავენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პროექტის კომერციული ინტერესებისათვის გამოყენების მცდელობის თავიდან აცილება.

 

“ვთქვათ მაქვს ბინა, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ავტორიტეტით თუ კორუფციული სქემით მოვახერხე ამ პროგრამაში ჩართვა, სახელმწიფოს გამოვაპარე. შემდეგ მინდა, რომ ეს ბინა გავყიდო და მივიღო სარგებელი. ამისგან დასაცავად ჩვენ ვირჩევთ პრინციპს, ბინა ოჯახს საკუთრებაში ათი წლის განმავლობაში არ დაურეგისტრირდება. შენობა და მიწა, რომელზეც სახლი დგას, რჩება მერიის ბალანსზე. ათი წლის შემდეგ კი ვაწესებთ მორატორიუმს _ კიდევ ათი წელი ბინის გაყიდვა, გაქირავება ან კომერციული სარგებლის მიღება დაუშვებელი იქნება. 20 წლის გასვლის შემდეგაც რომ გამოვრიცხოთ ე.წ. მაკლერის ინტერესი, მესაკუთრეს ვალდებულებაში ჩავუწერთ, რომ თუკი გაყიდის ბინას, მან უნდა გაყიდოს არასაბაზრო ფასად, არამედ თვითღირებულებით _ ამ ბინით ისევ იმ პიროვნებამ რომ ისარგებლოს, ვისაც უჭირს. საუბარია იმაზეც, რომ ბინები გავითვალისწინოთ იმ პირებისთვისაც, ვისაც არანაირი საშუალება არა აქვს და ღია ცის ქვეშ ცხოვრობს”.

პროექტით სარგებლობის მსურველთა განცხადებას სპეციალური კომისია შეისწავლის. პრიორიტეტი უსახლკაროებს მიენიჭებათ, მათ, რომლებიც ხუთ წელზე მეტ ხანს ბათუმში ნაქირავებ ბინაში ან ნათესავებთან ცხოვრობენ.
ამ დროისათვის ბათუმში 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ეს მონაცემი მერიის სოციალურ განყოფილებაში მოქალაქეების მიმართვების საფუძველზე დათვალეს. მონაცემებში არ შედის ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ბათუმის გარეუბნებში ბარაკის ტიპის სახლებში, ხშირად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ამ მონაცებეში არ შედის ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებაც, რომლებმაც საკუთარი სახლები ეკოლოგიური პრობლემების გამო დატოვეს.
უკვე შერჩეულია სავარაუდო მშენებლობის ადგილიც, მერია იაფი სახლის მშენებლობას ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გეგმავს.

“თუ პროექტი გაამართლებს, მომავალი წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინებთ. იქნებ მოხერხდეს, რომ ათი წლის შემდეგ ქალაქს ამდენი უსახლკარო არ ჰყავდეს”, _ ამბობს ტიტე აროშიძე.

იაფი სახლი მშენებლობის კრიტერიუმების გაწერის შემდეგ პროექტს საზოგადოებას წარუდგენენ განსახილველად. მერია პროექტირებაზე ტენდერს მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი