მთიანი აჭარა

ადამიანები გააქტიურებული მეწყრის ზონიდან

01.02.2014 • 1749
ადამიანები გააქტიურებული მეწყრის ზონიდან

სოფლის მოსახლეობის წერილობითი მოთხოვნით გეოლოგებმა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დღეს სოფელ აგარაში ყველა დამეწყრილი კერა მოინახულეს. გეოლოგიური შესწავლა დაიწყო.

 

აჭარის გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აცხადებს, რომ სოფელ აგარაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა. „სოფელ აგარაში მოსახლეობამ საცხოვრებელი და საკარმიდამო ადგილების გეოლოგიური შესწავლა მოითხოვა, დამეწყრილ კერებს ვსწავლობთ, შესწავლის შემდეგ დასკვნასთან ერთად რეკომენდაციებს დავდებთ. მთავარია, მოსახლეობამ ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

 

საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ყველა გაზაფხულზე აქტიურდება მეწყერი, არის სოფლები, სადაც ეროზია მთელ სოფელს მოიცავს. აქ მხოლოდ ლოკალური ადგილებია. ეს არის მაღალმთიანი სოფელი, ციცაბო დახრილობის ფერდობით, პრობლემას ის ამძაფრებს, რომ წყლების უკონტროლოდ გადინება ფერდობებზე სტიქიას ააქტიურებს“, – აცხადებს ტარიელ ტუსკია.

 

 

აგარის მოსახლეობა აცხადებს, რომ აქ ცხოვრება მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და ხელისუფლებას გასახლებას სთხოვენ. „სახლიდან ორი მეტრის დაშორებით მეწყერი ორი კვირის წინ გააქტიურდა, სახლს ბზარები გაუჩნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას გეოლოგიური შესწავლა ვთხოვე, მოვიდნენ, შეისწავლეს და იმედია, დამეხმარებიან“, – იმედოვნებს აგარაში მცხოვრები გულიკო დიასამიძე.

 

რამდენიმე დღის წინ ფერდობიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა აგარაში მცხოვრებ ჰევა თებიძის სახლის ასასვლელ კიბის მოაჯირი ჩამოშალა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ გეოლოგებმა სახლი და მიმდებარე ტერიტორია ჯერ კიდევ 2010 წელს შეისწავლეს, სახლის მონაცვლეობა ურჩიეს, თუმცა ოჯახი დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ სახლში აგრძელებს ცხოვრებას: „სტიქიამ 2010 წელს შემოგვიტია, სახლი დაბზარა, გეოლოგებმა 2010 წელს შესწავლის შემდეგ გვითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიში იყო. იმ დროინდელი ხელისუფლება სახლის მონაცვლეობისთვის 3000 ლარით დაგვეხმარა. აქ ისეთი ადგილი არ არის სახლი სხვა ადგილზე გადაგვეტანა, იმ ფულით კი ვერაფერი ვერ ვიყიდე და დღემდე აქ შიშით ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ ღამით ლოდი ჩამოვარდა, ღმერთს მადლობა სახლს არ დაეცა“, – ამბობს ჰევა თებიძე.

 

„ოთხი წლის წინ წალკაში გადასახლება შემომთავაზეს. არ წავედი. იქ რით უნდა მეცხოვრა?“- აცხადებს ასლან დევაძე.

 

„სოფელში 11 ოჯახი ვცხოვრობთ, სტიქია ყველას აწუხებს, ყველას ერთი პრობლემა გვაქვს, სახლის მიმდებარედ ყოველთვის აქტიურდება მეწყერი“, – ამბობს გიული დუმბაძე.

 

გეოლოგებმა სოფელ ჭალახმელაში ბიჭიკო ბედინაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც მოინახულეს. ბედინაძეების სახლის მიმდბარედ მეწყერი რამდენიმე დღის წინ განვითარდა.

როგორც ტარიელ ტუსკია ამბობს, თუ არ მოეწყობა საყრდენი კედელი, სახლს საფრთხე შეექმნება: „მეწყერი აქ ორი კვირის წინ ჩამოვიდა, ჩვენ შევისწავლეთ და რეკომენდაცია გავუწიეთ ოჯახს საყრდენი კედელი მოეწყო, რაც არ გაითვალისწინეს. თუ არ მოეწყობა ჯარგვალის ტიპის საყრდენი სახლს საფრთხე შეექმნება“, – აცხადებს გეოლოგი.

 

საცხოვრებელი და სახლის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 48 განაცხადია შესული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: