დღეს ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, სტარტს აიღებს აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც 9 თებერვალამდე გაგრძელდება. შეჯიბრება 3 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება: 7 წლამდე, 12 წლამდე , 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი ფიდეს წესებით ჩატარდება, წრიული სისტემით 9 ტურად. მონაწილეებს პარტიის ბოლომდე 1,5 საათი ეძლევათ, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კოეფიციენტის შემდეგი სისტემით: პროგრესი (თვისი რეგრესით), ბუჰგოლცი. აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნება ორი დამატებითი პარტია (15 წუთიანი). ყაიმის შემთხვევაში პარტიები გაგრძელდება პირველ გამარჯვებამდე.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან, ხოლო 16 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა, საქართველოს ჩემპიონატში.