Batumelebi | საქართველოში – მეექვსე, 51-ე მსოფლიოში საქართველოში – მეექვსე, 51-ე მსოფლიოში – Batumelebi
RU | GE  

საქართველოში – მეექვსე, 51-ე მსოფლიოში

„თავიდან გაინტერესებს, მერე გიტაცებს, შემდეგ უკვე  შენს სამსახურად იქცევა. საერთო  ჯამში, აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება. ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს ხელოვნებაა, პარტიის თამაშისას აკეთებ გათვლებს, აჩვენებ შენს შემოქმედებას.’’ _ 26 წლის ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ნინო „ბათუმელების’’ მკითხველს საკუთარ პროფესიად ქცეულ ჰობზე მოუთხრობს.

 

ხუთი წლისას მამამ ჭადრაკის თამაში ასწავლა, მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ წლების შემდეგ ნინო  წარმატებული მოჭადრაკე გახდებოდა. „მამამ მე და ჩემს და-ძმას გვასწავლა თამაში, ჩემში კი შეამჩნიეს ნიჭი, ამიტომაც შემიყვანეს ჭადრაკზე. ჭადრაკი  ჰობად მექცა, მას შემდეგ ვთამაშობ, 15-16 წლის ასაკში გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი სპორტის ამ ახეობას.’’ _ გვიამბობს ნინო.

 

ჭადრაკი პირველმა მწვრთნელებმა შეაყვარეს, დღეს მწვრთნელი აღარ ჰყავს, ამბობს, რომ უცხოური მწვრთნელის მოწვევის ფუფუნება თავად არ აქვს, ფედერაციას კი ამისათვის ფინანსები არ ჰყოფნის.

 

პირველი გამარჯვება რვა წლისამ მოიპოვა, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. „ათი წლისამ  ვითამაშე ევროპის ჩემპიონატი, აღარც მახსოვს რომელ ადგილზე გავედი, 26 წლის ვარ, დაახლოებით 15-20 წლის წინანდელი ამბების გახსენება მიჭირს, მოჭადრაკეებს ისედაც ხშირად გვიწევს ჩემპიონატებზე სიარული, ამ მხრივ განებივრებულები ვართ სხვა სპორტსმენებთან შედარებით. 17 წლის ასაკში მივიღე საერთაშორისო ოსტატის წოდება ქალებში, რამაც დიდი ბიძგი მომცა, მნიშვნელოვანი წოდებაა.

 

,, კითხვაზე, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, ნინო ასე პასუხობს: „ალბათ ნიჭი, ხასიათი, მონდომება. მე მშობლების მუდმივი მხარდაჭერა მეხმარებოდა, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.  საქართველოში რთულია წარმატების მიღწევა. ასეთ დროს გიჩნდება სურვილი, წახვიდე სხვა ქვეყანაში. როცა რაღაც დონეს უკვე მიაღწევ, მერე მარტივია, თავად იღებ მოწვევებს სხვადასხვა ტურნირში. წარმატებამდე გზის გავლა რთულია, ამ დროს გჭირდება სახელმწიფოს ხელშეწყობა, ტურნირზე ყოველთვის შენი ხარჯით ვერ წახვალ. ხშირად ვრჩებოდი დაფინანსების გარეშე. წარმოიდგინეთ, მომზადებული ხარ

ტურნესთვის, დღე და ღამე ვარჯიშობ, გამგზავრების წინა დღეს კი გეუბნებიან, რომ ვერ წახვალ, რადგან არ დაგაფინანსეს. დღეს უკვე შემდგარი მოჭადრაკე ვარ, მოწვევებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა უფრო ადრე შემეძლო ამ წოდებების მოპოვება, ძალიან გამიგრძელდა ეს პერიოდი. ვფიქრობდი წასვლაზეც, ვამბობდი

ეს ბოლო ტურნირია და წავალ-მეთქი, თუმცა იმ ტურნირში ისეთ წარმატებას მოვიპოვებდი, რომ ვჩერდებოდი. სასწავლებლადაც ბათუმში დავრჩი. კავშირგაბმულობას ვსწავლობდი ბათუმში, მას შემდეგ აღარ მივბრუნებივარ ამ პროფესიას, ალბათ ვერც მივუბრუნდები, კავშირგაბმულობა ძალიან სწრაფად ვითარდება, კონკურენტული ვეღარ ვიქნები, რადგან ბევრი რამე გამოვტოვე.’’_ ამბობს ნინო.

 

მოგზაურობა ხშირად უწევს, რითაც ცოტათი დაიღალა კიდეც: „ბევრ ქვეყანაში გვიწევს თამაში, ბოლო ექვს თვეში ვითამაშე რვა ტურნირი. მოგზაურობა მიყვარს, საინტერესოა სხვა ქვეყნისგაცნობა, თუმცა დამღლელიც _ ფრენა, აკლიმატიზაცია. ინდოეთში მქონდა თამაში, გამიჭირდა აკლიმატიზაცია, ინდოეთიდან დაბრუნებულმა დასვენებაც ვერ მოვასწარი, მესამე დღეს გერმანიაში გავემგზავრე, გერმანიაში კიდევ ვერსად გასვლა ვერ მოვახერხე, თამაშის შემდეგ დავბრუნდი უკან. ჭადრაკის გამო თბილისში მიწევს ცხოვრება, ასე უფრო მოსახერხებელია, თუნდაც აეროპორტის გამო.’’

 

ჭადრაკის თამაში რომ შეძლო, ფსიქოლოგიური სიძლიერე გჭირდება, რომ ტურნირის „სტრესს’’ გაუძლო. ტურნირი საშუალოდ ცხრა პარტიად

გრძელდება, თავად პარტია კი _ ხუთ საათს: „ძალიან რთულია, ყველანაირად მომზადებული უნდა შეხვდე, ჭადრაკში ფიქრს უნდა გაუძლო,გონება რომ არ გადაგეღალოს. ყველა სფეროს ომპიუტერიზაცია ხდება, თითქმის ყველა პარტია შეყვანილია ბაზაში, ნახულობ ყველა თამაშს, აკვირდები სტრატეგიას, ავარჯიშებ გონებას გათვლებით. ყველა თამაშის დროს კომპიუტერში ვნახულობთ ჩვენი მოწინააღმდეგის თამაშს, ვსწავლობთ, მის სტრატეგიას, რათა მომზადებული შევხვდეთ მის სვლებს.’’ _ გვიყვება ნინო.

 

ნინო ამბობს, რომ „კარგი წელი’’ ჰქონდა, ბევრი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, საერთაშორისო ტურნირზე ქალთა და ვაჟთა შორის პირველი/ მეშვიდე ადგილი მოიპოვა, გაიმარჯვა პოლონეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, ინდოეთში ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეში _ მეორე: „ჭადრაკში რეიტინგი ყოველ წუთს იცვლება, საქართველოში ჩემი რეიტინგით მეექვსე ადგილზე ვარ, მსოფლიო მასშტაბით კი _ 51 ადგილზე.’’

 

ნინოს მომავალი გეგმები საქართველოს ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც თებერვალში გაიმართება, ნინო ჩემპიონატისთვის უკვე რამდენიმე თვეა ემზადება: „ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებში მოვხვდე, შემდეგ ოლიმპიადაზე  რომ გავიდე, ვემზადები ჩემპიონატისთვის.’’

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე