კვირის ამბები

ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში

01.02.2014 • 1695
ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში

 

დღეს უკვე ვხვდები, რომ სწორედ ბოლო ორი თვის (დეკემბერი, 2013 _ იანვარი, 2014) პერიოდი იყო ჩემთვის ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში, როდესაც მონაწილეობას მივიღე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში.

პარლამენტმა მხარი არ დამიჭირა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პერიოდიარა მხოლოდ ჩემთვის, საქართველოში ძალიან ბევრი საჯარო პირისთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის ტესტი. ვინ რა შედეგებით გაიარა ეს პროცესი, ცალკე მსჯელობის საგანია.

მე მაქვს ძალიან კარგი სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა ჩემთვის დასაქმების ადგილი არ გახლდათ. მე მაქვს კონკრეტული ხედვა იმისი, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორ უნდა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, ბიუჯეტი როგორ გახდეს გამჭვირვალე და რაც მთავარია, ამ პროცესში როგორ ჩაერთოს საქართველოში მცხოვრები ყველა დაინტერესებული პირი, საცხოვრებელი ადგილისა და სტატუსის მიუხედავად.

ბოლო დღეებში ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი დამიმეგობრდა სოციალურ ქსელში, დამირეკა ტელეფონით და შემომთავაზა მეგობრობა, თანამშრომლობა. ეს ფაქტი თავისუფლებისა და სამართლიანობის ტესტის ერთი ნაწილია.

დასამალი არ არის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საჯარო განხილვის სუბიექტად ვიქეცი (პრესა, ტელევიზია, რადიო, სოციალური ქსელები). სამწუხაროდ, პოლიტიკური ჯგუფების დიდი ნაწილი აშკარად ცდილობდა მოეძებნა რაიმე უარყოფითი ჩემს ბიოგრაფიაში, განათლებაში, პროფესიონალიზმში. მე ვერ მოვისმინე უარყოფითი ხასიათის არათუ არგუმენტი, მოსაზრებაც კი. ესეც დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ტესტის მეორე ნაწილია.

მიხარია, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი, კეთილის მსურველი გამოჩნდა, რომლებიც თავიანთ პოზიციას საჯაროდ აცხადებენ _ ესეც სამართლიანობისა და თავისუფლების ტესტის ნაწილია.

მოკლედ, მე დღეს ვგრძნობ, რომ ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში ჩავაბარე! მინდა, რომ ყველა ჩემს მეგობარს გისურვოთ ამგვარი შეგრძნება.

ეს ძალიან მაგარია.

სამწუხაროდ, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა საჯარო პირმა ვერ ჩააბარა ეს ტესტი, სამწუხაროდ…

საქართველოს პარლამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ძალიან ცუდად მოექცა. ახლა ჯერი უმაღლეს საბჭოზეა  დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობის ტესტირების ახალი პროცესი იწყება!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, ვინც, ჩემი აზრით, ჩააბარა თავისუფლების ტესტი. ეს კარგი ამბავია ამ პროცესში.

იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტში აჭარიდან წარმოდგენილმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებას მხარი დაუჭირეს! ესეც თავისუფლებისა და დემოკრატიის ტესტია!

ძალიან მინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ჩააბაროს დემოკრატიის, სამარ თლიანობისა და თავისუფლების ტესტი. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მთლად კარგად ვერ უნდა იყოს საქმე. გარდა სხვა პრობლემებისა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი (მრჩეველთა საბჭო, დირექტორი) კარგად უნდა დაფიქრდეს, ამ ეტაპზე მათ აქვთ თუ არა საბიუჯეტო თანხის ხარჯვის უფლება. კარგად ჩახედეთ კანონმდებლობას, მეგობრებო!

და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ საზოგადოებრივ მაუწყებელს! იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ჩააბარებს ტესტს დემოკრატიაში, სამართლიანობასა და თავისუფლებაში.

გადაბეჭდვის წესი