სოციალური დაცვის პროგრამებით 4 245–მა მოქალაქემ ისარგებლა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პროგრამებით სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალური დახმარება 4 257 მოქალაქემ მიიღო, გასული 9 თვის განმავლობაში, სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სმენის აპარატი გადაეცა 302 მოქალაქეს, რისთვისაც დაიხარჯა 85 845 ლარი. 

რეაბილიტაციის კურსი  სქოლიოზით დაავადებულ 2 707  ბავშვს დაუფინანსდა. სამინისტრომ  ამ პროგრამაზე 369 300 ლარი გამოჰყო. 

სავარძელ–ეტლი მიიღო 150–მა შშმ პირმა, რისთვისაც სამინისტრომ ამ პროგრამაზე გამოიყო 44 565 ლარი. 

100 წელს გადაცილებულ 57 მოქალაქეს გადაეცა 1000–1000 ლარი, ჯამში გამოიყო 57 000 ლარი. 

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გაიცა 872 ვაუჩერი, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 269 950 ლარი. 

ომში დაყუპულთა დედებსა და მეუღლეებს გადაეცათ 76 0000 ლარი. 101 ახალშობილი ტყუპის ოჯახს გადაეცა 101 000 ლარი. 

მიუსაფარ დედათა და ბავშთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 16 ბენეფიციარს, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 58 038 ლარი.

 

ჰოსპიტალის 28 წლის სამედიცინო დირექტორი

 

 

ექიმობა თხუთმეტი წლისამ გადაწყვიტა, მაშინ მეტისმეტად პატარა იყო თავის სურვილებში სრულად გარკვევისთვის. დღეს ამბობს, რომ მაშინ არ იცოდა რა სურდა რეალურად: „სახლში მიდიოდა მსჯელობა – იქნებ ეს?! ან იქნებ ეს?! დედაჩემს მოჰქონდა სხვადასხვა წიგნები, რომ არჩევანი იოლად გამეკეთებინა. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ექიმები არიან, ამან მიბიძგა აქითკენ, მამის უეცარმა გარდაცვალებამ კი დააჩქარა ეს პროცესი, გადავწყვიტე, რომ კარდიოლოგი უნდა გავმხდარიყავი. იყო პერიოდი, როცა მოდელობაზე ვოცნებობდი, პირველკურსელი სააგენტოშიც კი დავდიოდი, თუმცა მალე გადამიარა ამ სურვილმა და ისევ ნეიროანატომიის წიგნები ვამჯობინე” – იხსენებს თამარი.

 

ამბობს, რომ სამი წელი მერყეობდა სამედიცინო პრაქტიკასა და ჯანდაცვას შორის, ბოლოს არჩევანი ჯანდაცვის სასიკეთოდ გააკეთა: „კარდიოექსპრესში, სასწრაფო დახმარების ექიმად ვიმუშავე დაახლოებით სამი წელი, ამის შედეგად მქონდა საშუალება ურთიერთობა მქონოდა განსხვავებული საჭიროების მქონე პაციენტებთან, პარალელურად ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში ჯანდაცვის მიმართულებით, სწორედ მაშინ მივხვდი, ჯანდაცვის სფეროში მუშაობით ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო იმ ექიმებისთვის, რომლებსაც ნამდვილად სურთ ექიმობა ” – ამბობს თამარი.

 

თამარი მაგისტრანტია, ის საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯამრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკას სწავლობს: „არასამთავრობო სექტორში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რა მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა სწავლა. მომავალი სექტემბრიდან კი დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას ჰოლანდიაში ვგეგმავ, გლობალური ან საერთაშორისო ჯანმრთელობის კუთხით.”

 

ზუსტად ერთი წლის წინ თამარი ბათუმში გადმოსახლდა. ამბობს, რომ აქ ცხოვრება მისთვის საინტერესოცაა და უცნაურიც: „მთავარი ისაა, რომ გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. ჩემი აქაური ცხოვრება ძალიან განსხვავებულია, თბილისში ჩემი ცხოვრება იყო აქტიური, სამსახურის კუთხითაც და გართობითაც. აქ კი მხოლოდ საქმეა. ალბათ უფრო იმის გამო, რომ მეგობრები აქ არ მყავს, მთელ დღეს სამსახურში ვატარებ, სამსახურის მერე თუ ძალიან დაღლილი არ ვარ, ფიტნესდარბაზში მივდივარ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა, თან როცა კარიერა მნიშვნელოვანია, აუცილებელია კარგად გამოიყურებოდა.” – ამბობს თამარი.

 

დირექტორის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობს. იმის მიუხედავად, რომ 28 წლისაა, ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არის „კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი: „ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი ერთი წელი, აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩემთვის ახალი არ ყოფილა, სპეციფიკაა მხოლოდ განსხვავებული და შტატის რაოდენობა გაზრდილი” – ამბობს თამარი.

 

საქმიან ამპლუაში ყოფნა მისთვის ჩვეულებრივი მომენტია, ერთადერთი რაც უჭირს, ამ ყველაფრის პირად ურთიერთობებთან შეთავსებაა: „თუნდაც ის, რომ ბათუმში ვარ, ართულებს ბევრ რაღაცას. გენდერულ საკითხებზე შეხება არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, იმავე პოზიციაზე, იმავე ასაკში, კაცისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა საქმის წინ წაყვანა, ვიდრე ჩემს შემთხვევაში, რადგან ხალხს მენტალიტეტში უზის, კაცის ნათქვამზე სწრაფად რეაგირებენ, ქალისაზე უფრო ზოზინებენ, თუმცა ეგ, ვიდრე თავს დაიმკვიდრებ, საერთო ჯამში კი, ქალს კარიერული ზრდისთვის უფრო მეტი შრომის გაწევა გიწევს, ვიდრე კაცს, მაგრამ აზარტულია ესეც.”

 

თამარი ამბობს, რომ ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს, მომთხოვნია და საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც, მისი სამუშაო კაბინეტის კარი კი ნებისმიერ დროს ღიაა თანამშრომლებისთვის: „ადამიანს რაც არ ევალება, იმას არ მოვთხოვ, რაც ევალება, იმას კი – 100 პროცენტით. მიყვარს პუნქტუალობა, ვერ ვიტან, რომ რაღაცას აგვიანებენ. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ჩემი ამ დამოკიდებულებით ბევრი რამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პერსონალთან ურთიერთობაც მხოლოდ დადებით დინამიკას აჩვენებს. მთლიანობაში ალბათ კარგი მენეჯერი ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი საკითხის დახვეწა და სწავლა მეც მჭირდება. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ კარგი მენეჯერი იყო, კომუნიკაციის კარგი უნარი უნდა გაგაჩნდეს, ბევრი სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, ლიდერის თვისებები გჭირდება. ვფიქრობ, მენეჯერისთვის უმნიშვნელოვანესია იყო შტატზე ორიენტირებული ლიდერი, უნდა მოუსმინო მათ, ვინაიდან მათ ყველაზე კარგად იციან იმ კონკრეტული საქმის შესახებ, ვიდრე მენეჯერმა. თუ რამე მეშლება, ბოდიშსაც ვიხდი, მერე რა? ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება, მთავარია, დროულად მიხვდე შეცდომას.

 

თუმცა ეს არის ერთი ეტაპი ჩემი ცხოვრების, რომელიც უნდა გავიარო, მთელი ცხოვრება სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში ყოფნას არ ვგეგმავ, მე მინდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე მუშაობა” – ამბობს თამარი, რომელსაც კითხვაზე – ათი წლის შემდეგ სად ხედავს თავს, ფიქრი არ სჭირდება: „ათი წლის შემდეგ მე შემეძლება ჩემი საქმით შევიტანო რეალური წვლილი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში” – ასე პასუხობს კითხვას.

 

მისი ჩაცმის სტილი სამუშაო დღის განრიგზეა დამოკიდებული, ურჩევნია კომფორტულად ეცვას. თავს შოპოჰოლიკს უწოდებს, ყველაზე მეტ ფულს კი ფეხსაცმელში ხარჯავს. როცა შესაძლებლობა აქვს, საყიდლად დადის, სხვა შემთხვევაში კი ონლაინშოპინგს მიმართავს: „გარეგნობა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას, ამიტომაც ის, თუ როგორ გამოვიყურები, მნიშვნელოვანია, ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც სალონში სტაბილურად ვიარო” – ამბობს თამარი.

 


ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „ამოვარდნილია რიტმიდან~, დიდი ხანია ვეღარც კლუბებში სიარულს ახერხებს და ვეღარც თეატრში: „აქ ყველაზე მეტად მაკლია მარჯანიშვილის თეატრი, თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დროს ბათუმიდანვე ვყიდულობ ბილეთებს, ეს აუცილებლობაა ჩემთვის, კლუბებში კი ვერ დავდივარ, ამ ზაფხულს ბათუმშიც არ წავსულვარ კლუბში, იმდენი ხალხი იყო, არსად წასვლის სურვილი არ მქონდა. განცდა მაქვს, თითქოს ბათუმში მყუდროება დამერღვა, ერთი სული მაქვს, სეზონი დასრულდეს და ზღვის პირას სეირნობა შევძლო” – ამბობს თამარი.

 

ხანდახან გული წყდება, როცა სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან ხედავს, სხვები როგორ ერთობიან: „ზაფხულში განსაკუთრებით მწყდება გული იმაზე, რომ დრო არ მყოფნის, მეც მინდა ხანდახან გარეთ სეირნობა, თუნდაც ზოგიერთივით უსაქმურად ხეტიალი. ხანდახან მინდა პასუხისმგებლობის გრძნობა სადმე ჩავკუჭო, გვერდით”.

სოფლიდან გაძევების ‘განაჩენი’ გამოძიების დასრულებამდე

 

ამ ამბავს ხუთი ძირითადი მონაწილე და მრავალი თანამონაწილე ჰყავს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც სოფელი თავად ასრულებს სამართალდამცავების, მათ შორის სასამართლოს ფუნქციას, ხოლო ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს. 

 

ძმები, მ. და ტ. აჭარაში, ერთ-ერთი სოფლში ცხოვრობენ. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან (ფსიქიკური პრობლემები აქვთ). ტ. „ბათუმელებთან” იმეორებს, რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ მეზობელ 60 წლის ნ.-, მის ორ შვილს და კიდევ ერთ მეზობელს – პ-ს, რომელიც ასევე 60 წლისაა.

 

ტ-მ არ იცის რამდენი წლისაა, მაგრამ მისი მეზობლები ამბობენ, რომ მას ტყუილი არ ახასიათებს, ამიტომაც დაუჯერეს, როცა მისგან ძალადობის შესახებ მოისმინეს და სოფლიდან ოთხი მეზობელი გაასახლეს. ტ-მ არც ის იცის, მის მიმართ ძალადობა ერთი თვის წინ დაიწყო, თუ ერთი წლის წინ. ის, უბრალოდ, ასახელებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც სოფელი სამი თვის წინ დატოვეს. ამ ამბავს სხვა თვითმხილველი ან მოწმე არ ჰყავს. ყველა მამაკაცი, რომლებმაც სოფელი დატოვეს, ცოლ-შვილიანია.

 

სოფლიდან გასახლებულების ოჯახი

 

60 წლის ნ-ს ცოლი, თ. ამბობს, რომ მისი ქმარი და ორი შვილი უდანაშაულოა. ამის დასამტკიცებლად მან ადვოკატიც დაიქირავა. ამბობს, რომ ეს იმ კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც შარშან მოხდა, როცა მისმა შვილებმა და მეზობლების ბიჭებმა იჩხუბეს და მაშინ მისი შვილი დაჭრეს. თამთა ამბობს, რომ საქმეში პოლიცია ჩაერია და სამიდან ორი დააჯარიმა. მაშინ ჩხუბში ჩართული მესამე პირის შესახებ კი პოლიციას იმიტომ არ უთხრეს, რომ მას ახალდაბადებული შვილი ჰყავდა და შეეცოდათ. თ. ამბობს, რომ მტრები ჰყავს სოფელში, რომლებმაც დაგეგმეს ისე, რომ მისი ოჯახის სამი მამაკაცი, მათ შორის ერთი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ჭორების გავრცელების გზით სოფლიდან გაეძევებინათ.

 

„ჩემმა შვილებმა და ქმარმა მითხრეს, რომ მათ სექსუალური სახის ძალადობას აბრალებენ. დაახლოებით სამი თვის წინ სახლში მოგვივარდნენ მეზობლები, 50 კაცამდე. ჩემი ქმარი სცემეს, გვაგინებდნენ. ნერვიულობის ნიადაგზე ჩემს რძალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. დაიბადა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ექვსი თვის. თვენახევარი საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარეს. ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვს დღესაც აქვს, ის ვერ ხედავს”.

 

თ.-ს თქმით, იმ დღეს, როცა 50-მდე აგრესიული კაცი მათ სახლს მიუახლოვდა, ოჯახის წევრები რომ გადაერჩინა, პოლიცია გამოიძახა.

 

ნ.-ს და თ.-ს კიდევ ერთი შვილი მათი ოჯახისთვის ამ ფატალური შემთხვევის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. იგი სოფლიდან არ გაუძევებიათ. ის იხსენებს: „სოფელში რომ მოვედი, დამხვდა ხალხის ბრბო შეკრებილი, მამაჩემი ნაცემი… ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის იმედი, რომ დამტკიცდება მამაჩემისა და ჩემი ძმების უდანაშაულობა. მერე ამ ექსპერტიზის დასკვნას პოლიციისა და ჩემი ოჯახის ადვოკატის თანხლებით მთელ სოფელს გავაცნობ”. 

 

 

სოფლიდან გასახლებული მეორე მამაკაცის ოჯახი

 

დაახლოებით სამი თვის წინ დაწყებულ ისტორიას კიდევ ერთ მონაწილე ჰყავს – 60 წლის პ. და მისი ოჯახი. პ.-ს სახლში არავინ მივარდნია, მისი ცოლი ამბობს, რომ არ იცის მისი ქმარი არის თუ არა დამნაშავე. ამბობს იმასაც, რომ მისმა შვილმა სოფელში ამბის გავრცელების შემდეგ გამოიტანა მამის ტანსაცმელი და დაწვა. მეზობლებს კი სთხოვა, რომ თუ სადმე ნახავენ მამას, ან მოკლან, ან მას მიუყვანონ.

 

ცოლის თქმით, მისთვის „უცნობია, სად იმყოფება მისი ქმარი, ცოცხალია თუ მკვდარი”.

 

სოფლის რწმუნებული „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაძევებული მამაკაცების ოჯახის წევრებს – მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებს საკუთარ სახლებში “დარჩენის უფლება” მეზობლებმა მისცეს.

 

მეზობლები


მეზობელი „ბათუმელებთან” ასეთ ისტორიას ყვება: „სოფლის გადაწყვეტილება იყო, ეს ადამიანები სოფლიდან წასულიყვნენ, ოჯახი უარყოფს, მაგრამ რომელი ადამიანი იტყვის დანაშუალი ჩავიდინეო? თვითმხილველი არ ჰყავს ფაქტს, მაგრამ ძმები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, ტყუილს არ იტყვიან. მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მათ სოფლის დატოვება მოსთხოვა. ხალხს არ გვსიამოვნებს მათი სოფელში ცხოვრება”.

კიდევ ერთი მეზობლის პოზიცია ასეთია: „ჩვენ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ გვსურს, არაა ლამაზი ამბავი გავიდეს სოფლიდან”.

 

სხვა მეზობელი ამბობს, რომ მსგავსი რამ სოფელში ადრე არ მომხდარა.

კიდევ ერთი მეზობელი ნ.-ს და მისი ორი შვილის შესახებ ამბობს, რომ ეს ამბავი სისულელეა, რადგან “ეს ოჯახი სპეტაკია”.

 

„არა მგონია ძალადობა ყოფილიყო, ალბათ, ნებაყოფლობითი ურთიერთობა ჰქონდათ”, – ესეც კიდევ ერთი მეზობლის პოზიციაა.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა უფლებით გაასახლეს დაუდასტურებელ დანაშაულში ეჭვმიტანილი, მხოლოდ მეზობლების მიერ ბრალდებული ადამიანები სოფლიდან, სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ეს ხალხის არჩევანი იყო და თავად იმ დღეს სოფელში არ იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას… „სექსუალური კონტაქტი… ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე”.

შს სამინისტროს ინფორმაციიით, “ამ ფაქტზე უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით ძალადობის კვალი დადასტურებული არ არის, თუმცა დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია”.

 

რატომ დასჭირდა საბოლოო ექსპერტიზის ჩატარებას სამი თვე, მაშინ, როდესაც მას სოფელი ელოდება? – შს სამინისტროში ამბობენ, რომ “მასალა გაგზავნილია ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში და პასუხი იქნება უახლოეს მომავალში. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდა ექსპერტიზის ჩატარებას სამი თვე, შეგიძლიათ მიმართოთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში “ბათუმელებს” განუმარტეს, რომ სქესობრივი კავშირი არის თუ არა ძალადობის გზით დამყარებული, ამას ექსპერტიზა არ ადგენს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, “ჩხუბი ამ პირს [ნ.-ს] და მეზობლებს შორის მოხდა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს კონფლიქტი არ უკავშირდებოდა აღნიშნულ ბრალდებას, რადგან (სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის) ფაქტზე გამოძიება 2 თვის წინ დაიწყო. კონფლიქტი იყო ყოფით ნიადაგზე, თუმცა პოლიციამ მოახდინა მასზე რეაგირება და მიცემულია პასუხისგებაში ერთი პირი 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

ცვლლებები აჭარის 2014 წლის ბიუჯეტში

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქვეპროგრამის – „აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა“ შტორმის შედეგად წარეცხილი უბნებისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ბიუჯეტი იზრდება 335,2 ათასი ლარით.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის და ბათუმის სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო 750,0 ათასი ლარი;

 

აჭარის სარეზერვო ფონდის შევსების მიზნით დამატებით გამოიყო 600,0 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას;

 

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესებისა და გაფართოების პროგრამის ფარგლებში გასაწევი ხარჯების ანაზღაურების მიზნით (საწესდებო კაპიტალის შევსება) შპს „ჰიგიენა 2009“-ს დამატებით გამოიყო 600,0 ათასი ლარი;

 

 

ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების ზრდის მაჩვენებლი განისაზღვრა 3 548,2 ათასი ლარი, რაც ძირითადად მოხმარდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის:

• თვითმმართველი ქალაქი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დამატებით 1 725,0 ათასი ლარი დაიხარჯება.

• ქობულეთის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ინფრასტრუქტურლი და მიმდინარე ხარჯებისათვის გამოეყო 1 823,2 ათასი ლარი;

• ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ერთი ერთეული მტვირთავ-ექსკავატორის, ერთი ცალი ვიბროჩაქუჩის შეძენისა და 2015 წლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო 343,8 ათასი ლარი.

 

„სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის საზღვაო აკადემიას“ ლაბორატორიისათვის ავეჯის, სასწავლო ინვენტარის და აღჭურვილობის შესაძენად ასევე ყოფილი კლუბის შენობის სახურავის და მისი საბჯენების შესაცვლელად დამატებით გამოეყო 500,0 ათასი ლარი.

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში

სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში

ვიზიტის ფარგლებში ხომალდის ეკიპაჟის წარმომადგენლები აშშ-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

შეხვედრა უკვე გაიმართა დღეს დილით   აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა  და ბათუმის მერთან.

ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება  ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში.

ბავშვთა სახლის ათ  აღსაზრდელს  ამერიკული ხომალდის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

15 ოქტომბერს, 18:00 საათზე აშშ-ის საზღვაო ფლოტის ეროვნული სარდლობის ორკესტრი კონვერტს გამართავს ბათუმის პიაცაზე.

ამ გემით საქართველოში  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამერიკის მთავრობამ ჰუმანიტარული დახმარება გამოაგზავნა.

„უძრავ ქონებაზე ფასების მატებას უნდა ველოდოთ“

 

ბატონო ირაკლი, როდის დაიწყეთ ბიზნესსაქმიანობა?

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო. დამჭირდა რაღაც ნივთის შეძენა, რომელიც არ იშოვებოდა საქართველოში, მაშინ გამიჩნდა იდეა დამეარსებინა „Mardi World“ მანამდე კი პატარ-პატარა ბიზნესები იყო. პროფესიით იურისტი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობდი: პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს აპარატში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საბოლოო ჯამში კი მივხვდი, რომ ბიზნესი ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი სფეროა.


ირაკლი თურმანიძე, ბიზნესმენი
ირაკლი თურმანიძე, ბიზნესმენი

 


მამათქვენიც ბიზნესმენია, თუ იქონია ამან გავლენა თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე?

ჩვენს ოჯახში ბიზნესი უცხო თემა არ არის, მამაჩემი ბიზნესშია 1991 წლიდან, მე დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი ბიზნესი, გადაზიდვების კომპანია დავაარსე. როდესაც დავინახე, რომ ამ სფეროში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, მერე ჩავერთე სამშენებლო ბიზნესში.

 

თქვენი კომპანია აერთიანებს შპს იმერს, building & developmentსა და მარდი ვორლდს“, ვინ არიან თქვენი პარტნიორები და როგორია თქვენ შორის წილობრივი გადანაწილება?

„MARDI HOLDING~ -ში გაერთიანებულია ოთხი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომლებსაც უკვე 2 დასრულებული, 8 მიმდინარე და 4 სამომავლო სამშენებლო პროექტი აქვთ. ეს მშენებლობები არ არის ერთი შპს-ს ქვეშ მოქცეული, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები გადანაწილებულია. დაახლოებით შვიდი-რვა პარტნიორი მყავს, სწორედ ამაშია „მარდი ჰოლდინგის“ წარმატება, პარტნიორებს აქვთ სტაბილური ბიზნესისტორია და რესურსი, წილობრივი გადანაწილება არის 50/50-ზე. ჩემი პარტნიორები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

შპს „იმერი“ მამაჩემის, თამაზ თურმანიძის დაფუძნებულია ჯერ კიდევ 1991 წელს. კომპანია თავიდან ახორციელებდა იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, შემდეგ გაფართოვდა და ჩაერთო ხე-ტყის გადამამუშავებელ წარმოებაში. „იმერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოდან ევროპის ბაზარზე კაკლის ხის ფესვებიდან დამზადებული სპორტული და სანადირო თოფების საკონდახე მასალის ექსპორტი განახორციელა. ჩვენი ბიზნესპარტნიორებია ისეთი ცნობილი  კომპანიები, როგორიცაა „ბერეტა“, „ბენელი“, „ანშუცი“ და ა.შ.

15 სახეობის სიგარას აწარმოებთ ინდონეზიელ პარტნიორებთან ერთად. საიდან შემოგაქვთ მასალები სიგარისთვის და თუ იყენებთ ქართულ პროდუქცია?

2010 წელს გადავწყვიტეთ პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული თამბაქოსათვის და დავიწყეთ ქართული სიგარის წარმოება. ვინაიდან სიგარის გახვევის სპეციალისტები საქართველოში არ გვყავს და ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, პირველი ეტაპისათვის გადავწყვიტეთ გაგვეგზავნა ქართულ თამბაქო ინდონეზიაში და ინდონეზიური და კუბური თამბაქოს ნედლეულის წილობრივი გამოყენებით ახალი ქართული სიგარა დაგვემზადებინა, სადაც დომინანტი ნედლეული ქართული თამბაქო იქნებოდა.

 

მიმდინარე წელს გახვევის ტექნოლოგიის შესასწავლად ინდონეზიაში გავაგზავნეთ ჩვენი თანამშრომლები ქედის რაიონიდან. სიგარის წარმოება საკმაოდ რთული საქმეა, სამუშაოების 100 პროცენტი ხელით სრულდება. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ  რამდენიმე თვეში აჭარაში, ქედის რაიონში სრული მოცულობით შევძლებთ ქართული სიგარის წარმოებას.

 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იგეგმება, რომ 2015 წლის დასაწყისიდან  ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ექსპორტზე გავიტანოთ ქართული სიგარა, ხოლო წლის განმავლობაში კი, ვიმედოვნებთ, ყველა ევროპულ ქვეყანაში შევიტანთ ჩვენს პროდუქციას. ამასთან ერთად, დაგეგმილია მიმდინარე წელს ხელით გასახვევი თამბაქოს 3 ახალი სახეობის წარმოებას და ქართულ ბაზარზე გაშვებას.

 

საქართველოში თუ არის მომგებიანი სიგარის გაყიდვა?

ჩვენთან არ არის სიგარა პოპულარული, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით სიგარა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სიგარეტი. მე არც ერთს არ ვეწევი. სიგარის წარმოება მამაჩემისთვის, თამაზ თურმანიძისთვის არ იყო ბიზნესი, ეს იყო მისთვის ალბათ უფრო ჰობი. მამაჩემი სხვადასხვა ბიზნესში იყო ჩართული, მაგრამ გადაწყვიტა ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია, ასე დაიწყო ეს ბიზნესი.

 

თქვენ ეწევით საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ბაზრის დარეზერვებული სეგმენტის სახით 30 კილოგრამამდე სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს ფოსტას. თქვენთვის რა საფრთხესთან ასოცირდება ეს კანონპროექტი?

ჩვენთვის ეს კანონპროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა თავისებურად ზღუდავს კომპანიებს. მე ასეთი შეზღუდვებისას უფრო დიდი სტიმული მეძლევა, რომ მეტი გავაკეთო. ამ კანონპროექტმა შეიძლება კონკურენცია გააქროს, მაგრამ მე ჩემი კომპანიის მიმართ ამ საფრთხეს ვერ ვხედავ, შეიძლება ძალიან მცირე დოზით იმოქმედოს, იმას გავაკეთებთ, რისი უფლებაც გვექნება, რისკები ყოველთვის არსებობს.

 

რამდენი ხანია, რაც ჩაერთეთ სამშენებლო ბიზნესში?

2008 წელს დავიწყე ამაზე ფიქრი და ორი წლის მერე ავიღე პირველი ობიექტი. რთული პერიოდი იყო, მშენებლობების 90 პროცენტი იყო შეჩერებული, ყველაზე არასახარბიელო პერიოდში მომივიდა ეს იდეა, რისკი იყო, მაგრამ მე მქონდა სწორი გათვლა, ინვესტიცია ჩავდე შეჩერებულ სამშენებლო პროექტში, რომელიც  ჯერ დაწყებულიც არ იყო. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, რთულად წავიდა პირველი მშენებლობა, მაგრამ საკმაოდ დიდი ბიძგი მოგვცა, რომ დაგვეწყო სხვა მშენებლობა. მერე დავიწყეთ ფიქრი გაფართოვებაზე – თბილისში ერთი ობიექტი დასრულების პირასაა, ორის მშენებლობა კი იწყება. კომპანიის იმიჯი, სწორი მენეჯმენტი და სწორი მარკეტინგი არის კომპანიის საქმიანობის წარმატების ნიწაპირობა.

 

რამდენად რთულია ბიზნესის ამ სფეროში თავის დამკვიდრება?

ძალიან რთულია ამ სფეროში დაიმკვიდრო შენი ადგილი, თუ არა გაქვს ნდობა, წარმოების ხარისხი და მომავლის ხედვა. სანამ საქმიანობას დავიწყებდი, კვლევა ჩავატარე. არც ერთი ჩვენი სამშენებლო პროექტი არ არის მასშტაბური. ერთ ან ორსადარბაზოიან, შედარებით მცირე ზომის ობიექტებს ვაშენებთ, ამიტომ ვახერხებთ  მშენებლობას შიდა ფინანსებით. აქედან გამომდინარე მშვიდად ვართ, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მომხმარებელიც.

 

დღეს რამდენი მშენებარე ობიექტი გაქვთ?

დასრულების პროცესშია ორი მშენებლობა ბათუმში და ერთიც თბილისში, 5 მიმდინარე მშენებლობა გვაქვს თბილისსა და ბათუმში, უახლოეს მომავალში ვიწყებთ 4 ობიექტის მშენებლობას. ოთხ წელიწადში ეს არ არის პატარა მაჩვენებელი, ჩვენ ამით ვამაყობთ, 2015 წელს უფრო დიდი გეგმები გვაქვს.

 

ბინებისადმი დაინტერესება კვლავ მაღალია, უცხოელები თუ ყიდულობენ ბინებს?

ბინებისადმი დაინტერესება სტაბილურად მაღალია. ჩვენი სტატისტიკით მყიდველთა 60-70 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი 30-40 პროცენტი მოდის „დსთ“-ეს ქვეყნების მოქალაქეებზე, ამათ შორის ერთი-ორი პროცენტია აზიის ქვეყნები, ევროპაც სამ პროცენტშია მოქცეული.

 

როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე გავემგზავრე საფრანგეთში კვლევებისთვის, სადაც დავინახე, რომ რეალური სეგმენტი, რომელიც ჩვენს ბაზარს აკლდა, ეს არის მცირე ინვესტიციები. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია იყიდოს უძრავი ქონება შემდგომ მისი გაქირავებისა და შემოსავლების მიღების მიზნით. ეს სეგმენტი აჭარაში ასათვისებელია.

 

თუ ელოდებით უძრავი ქონების გაიაფებას?

რაღაც დოზით შეიძლება შემცირდეს კონკრეტულ უბნებში, უფრო მეტად გარე უბნებშია შესაძლებელი, მაგრამ ცენტრალურ უბნებში, დღევანდელი რეგულაცია უბრალოდ არ იძლევა საშუალებას ფასების შემცირების, აქ უფრო მატებას უნდა ველოდოთ.

 

ალბათ თქვენც იცით, რომ არსებობს ფობიები ირანელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის გამო. თქვენი, როგორც ბიზნესმენის აზრით, საფრთხის შემცველია უცხოელების, მაგალითად, ირანელების ან რუსების მიერ საქართველოში ქონების შეძენა?

არამც და არამც. ნებისმიერი კაპიტალიზაცია, რომელიც განხორციელდება საქართველოში, მოხმარდება საქართველოს ეკონომიკას. შეძენილი პროდუქცია რჩება საქართველოში, მე ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. პირიქით, რაც უფრო მეტი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, განხორციელდება, მით უკეთესი. ევროპის ქვეყნების ზღვისპირა ქალაქებში უძრავი ქონება ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშია და ეს არავითარ პრობლემას არ ქმნის.

 

სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს?

მართალი გითხრათ, ცვლილება რაღაც კონტექსტში შეინიშნება, რაღაც კონტექსტში კი ისევ ისე რჩება ყველაფერი. კერძოდ, პრობლემა, რაც სამშენებლო სექტორს ახლავს, არის ის, რომ არ არსებობს ქალაქის გენგეგმა და ქალაქის კვარტალური დაგეგმარება. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღება, ეს კი დისკომფორტია ბიზნესმენისთვის. როგორც ვიცი, მოქმედ ხელისუფლებას სურს ეს სიტუაცია მოაწესრიგოს. ყველაზე დიდი წნეხი არის ბიუროკრატია და გაურკვევლობა. გარდამავალ პერიოდში ახალი ხელისუფლების მიერ მდგომარეობის შეფასებას დიდი დრო სჭირდება, რაც  იწვევს გარკვეულ არასტაბილურობას და რყევებს ბიზნესში. ამიტომ ამ კუთხით ხელისუფლების მხრიდან მეტად ფაქიზი და ფრთხილი მიდგომებია აუცილებელი.

 

რთულია საქართველოში ბიზნესის წარმოება?

ადვილი არ არის, მაგრამ ადამიანი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომ მოერგოს ამა თუ იმ რეალობას, ჩვენ კანონმდებლობას ვერგებით. ყოველ წელს სხვადასხვა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მეშვეობით ვატარებთ შიდა აუდიტს, ხდება კომპანიების შეფასება და ანალიზი, ჩვენ გადავედით თვითკონტროლზე.

 

სამომავლოდ სად გეგმავთ ინვესტირებას?

ბიზნესსაქმიანობის განვითარებას ორი მიმართულებით ვგეგმავთ. მემორანდუმი გავაფორმეთ ენერგეტიკის სამინისტროსთან სამი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. აჭარაში, ქედის რაიონში ვგეგმავთ ამ პროექტების რეალიზებას. ახლა ვატარებთ კვლევებს და გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია. ზოგადად ჰესების მშენებლობას უკავშირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ლანდშაფტის დაზიანება და ა.შ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მცირე ზომის, ორ მეგავატამდე ჰესები, რაც არ აზიანებს გარემოს. ვფიქრობთ, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე მოვახდინოთ.

 

მეორე გეგმაა „მარდი ინვესტმენტის“ დაარსება, რითაც მოვახდენთ ამა თუ იმ საინტერესო ბიზნესიდეის დაფინანსებას, ჩვენ ინტერესებსაც ჩავდებთ ამ იდეებში, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებს. 

 

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ?

არ არსებობს საქმიანობა, რომლის გაძღოლასაც ადამიანი ვერ შეძლებს, მთავარია, რამდენად გაქვს ამის სურვილი. პირველ რიგში მონდომებაა საჭირო, თუ შენ ამით არ ცხოვრობ, არაფერი გამოვა. ყოველი მოქმედება ამ საქმეს უნდა უკავშირდებოდეს. დანარჩენი მოხერხებულობის საქმეა, ბიზნესს რისკის გაწევა სჭირდება. მე ვახდენ რისკების შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივარ მოქმედებაზე, რისკი უნდა იყოს გათვლილი.

ვინ ზრუნავს მდინარის კალაპოტების გამაგრებაზე

 

 

 

ნაპირგამაგრების სამუშაოების ჩატარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო ხიდებისა და მდინარეების კალაპოტების გზისპირა მონაკვეთების გამაგრება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მოვალეობა.

 

„თუ მდინარის კალაპოტები ეხება გზას, გზა ჩამორეცხა ან შეავიწროვა, მაშინ ვაკეთებთ აღდგენით სამუშაოებს. ვაშენებთ კედლებს, ვაკეთებთ გაბიონებს, ვატარებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს. თუკი მდინარე სავარგულებს რეცხავს და აზიანებს, ეგ ჩვენ არ გვეხება,“- ამბობს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო დუმბაძე.

 

მისივე თქმით ყოველწლიურად ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე სამელიორაციო სამსახურის თანამშრომლები კვლევას ატარებენ, თუ სად, რომელი გზის მონაკვეთია დაზიანებული, შემდეგ ამის მიხედვით დგება ბიუჯეტი და წლის მანძილზე ხორციელდება სამუშაოები.

 

„მელიორაციის სისტემაში თუ რამე პრობლემა გვაქვს, გაზაფხულზე კომისია ამოწმებს და შემდეგ ვაღდგენთ ამ არხებს. მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ რომელიმე ხიდის ბურჯი არის დაზიანებული, ვამოწმებთ მის მდგომარეობას, შესწავლის შემდეგ ვაკეთებთ პროექტს და შემდეგ ხდება მისი გამაგრება. თუმცა ახლა ისეთი წვიმა იყო და მდინარეები ისე იყო ადიდებული, მაგას ვერაფრით ვერ გავამაგრებდით. გაკეთებული ხიდები წაიღო. ამჟამად ორი ხიდი გვაქვს დაზიანებული ქედაში. მდინარე აკავრეთაზე დაზიანდა ხიდი. საკალმახე მეურნეობაა და იქ მისასვლელი ხიდი ჩავარდა, იმხელა წყალი მოვიდა. უახლოეს დღეებში ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დავიწყოთ. ასევე მერისი-გუნდაური-ჭალათის ხიდის მოწყობა მიმდინარეობს,“- ამბობს სერგო დუმბაძე. მისი თქმით ხდება ისეც, როცა ადიდებული მდინარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს რეცხავს. თუმცა ასეთ მონაკვეთებში ჯებირები არ ეწყობა.

 

„ჩვენ სავარგულების ჯებირებს ვერ გავაკეთებთ. ეს გარემოს დაცვას ეკუთვნის. თუ გზას ან ხიდს ეხება, მაშინ ვერთვებით. მაგალითად, სიმონეთის ხიდი რომ წაიღო წყალმა, ორ-სამ დღეში აღვადგინეთ დროებითი ხიდი და ახლა პროექტს ვაკეთებთ ახალი ხიდის მშენებლობაზე. ნაპირსამაგრ სამუშაოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკეთებთ, თუკი ხელისუფლება დაგვავალებს,“ –  ამბობს სერგო დუმბაძე და მაგალითად მდინარე ბარცხანის კალაპოტში მთელს სიგრძეზე აშენებული ჯებირი მოჰყავს.

„ცხენზე შემომჯდარი ჟანდარმი მათრახით გვაიძულებდა მუშაობას“

თემურ ცინცაძის ოჯახი სოფელ კირნათიდან გაასახლეს. უზბეკეთში, მიწის ქოხებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცინცაძეები სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მანამდე კი ერთი თვე სოფლის კლუბის ცარიელ ოთახებში გაატარეს. „ასეთ პირობებში გააჩინა დედამ ჩემი პატარა ძმა. საშინელი, დამთრგუნველი დღეები იყო. მამა მოხერხებული კაცი იყო და მაღაზიაში მუშაობის დაწყება შეძლო. ამის შემდეგ გაგვიჩნდა ფქვილი და საჭმელი. მახსოვს თეთრი ვირი ჰყავდა მამას და ამით ეზიდებოდა ქატოსა და ფქვილს. ყველაზე კარგად მიწის ღუმელში გამომცხვარი პურის გემო მახსოვს, ასეთი გემრიელი პური არასდროს მიჭამია“ – გვეუბნება თემურ ცინცაძე.

წყლის მისაღებად ჭა ამოთხარეს, სარწყავ არხებში კი თევზს იჭერდნენ. „ერთხელ, თევზაობის დროს პატარა ძმა ჩაგვივარდა არხში. ზაფხული საშინელი იყო, უზარმაზარი კოღოებისგან თავს მარლის ჩადრებით ვიფარავდით და ასე ვიძინებდით“ – იხსენებს თემურ ცინცაძე.

თემურ ცინცაძის ბიძა მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლში, სამედიცინოზე სწავლობდა, ომშიც იქედან გაიწვიეს, სადაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. „დახმარება როგორც კოლეგას, გერმანელმა ექიმმა ქალმა გაუწია. შემდეგ ოჯახი შექმნეს და ხუთი შვილი გაუჩნდათ. ბიძაჩემმა გერმანია მიატოვა და თურქეთში, სამსუნში დასახლდა, ოჯახთან ახლოს რომ ეგრძნო თავი“ – გვეუბნება თემურ ცინცაძე. მათი ოჯახის გადასახლების სავარაუდო მიზეზადაც ის ბიძის უცხოეთში ცხოვრებას მიიჩნევს.

თემურ ცინცაძის მეუღლე ლიანა ნაკაშიძეც რეპრესირებული ოჯახიდანაა. გადასახლების დროს ის დაბადებული არ იყო. მშობლებს – იდრის ნაკაშიძესა და ელენე ბოჭორიშვილს მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც გადასახლებაში დაეღუპათ. „რვა თვის იყო ჩემი ძმა, როცა გარდაიცვალა. დედაჩემს შვილიც კი არ ატირეს, ბავშვი რომ დამარხეს, დედა პლანტაციაში გაუშვეს სამუშაოდ. როცა დედის სახე და მისი ნაამბობი მახსენდება, ახლაც ვტირი და ვნერვიულობ. ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანეს. მთელი ცხოვრება ეს ტკივილი ტანჯავდა დედას“ – ასე იხსენებს რეპრესიებს ლიანა ნაკაშიძე. მათი ოჯახი სოფელ მახოდან იყო გადასახლებული.

„დედა ამბობდა, როგორც მონებს ისე გვექცეოდნენო. ცხენზე შემომჯდარი ჟანდარმი მათრახით ჩამოგვივლიდა და ასე გაგვყრიდა სამუშაოდ. მიწაზე დავვარდებოდით და სულს რომ მოვიბრუნებდით, ისევ მუშაობას ვაგრძელებდითო. საშინელ სიცხეში მუშაობამ, ამდენმა ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ტანჯვამ ჯანმრთელობა შეურყია ადამიანებს.

ჩემი ქმრის ოჯახისგან განსხვავებით, ჩემს მშობლებს იქ ძალიან უჭირდათ. არც ჩასაცმელი იყო, არც საკვები და წყალი. ცხენის ნაფეხურში რომ წყალი ჩადგებოდა, იმას ვიღებდით და ვსვამდითო, დედა ამბობდა. ასეთ სადისტურ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს. სულიერად, მორალურად გატეხეს ისინი. მე რაც გადმოცემით ვიცი, ისიც კი მზარავს და წარმოიდგინეთ, ისინი რას განიცდიდნენ იმ დროს“- გვეუბნება ლიანა.

არც თემურ ცინცაძეს და არც მისი მეუღლის ოჯახს, სახელმწიფოსგან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის განსაზღვრული კომპენსაცია ჯერ არ მიუღია.

ბათუმში იპოთეკარებმა აქცია გამართეს

 

„მთავრობა შეგვპირდა გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. 70 ოჯახიდან არცერთს არ დაგვხმარებია,“ — აცხადებს აქციის მონაწილე ვლადიმერ ოსეფაიშვილი.

 

აქციის მონაწილეებთან შესახვედრან მთავრობიდან არავინ გამოსულა.

გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის სესიას დაესწრო

 

 

 

ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის ბიუროს წევრები იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯო ნაპოლიტანოს შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის  წევრი 2007 წლიდან, ხოლო კომისიის მმართველი ორგანოს – ბიუროს წევრი 2013 წლის 7 დეკემბრიდანაა. 

მუსლიმთა პანსიონის ბედს პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს

 

 

 

 

„შენობიდან არანაირი ნივთების გატანა არ ხდება, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შენობაც ჩვენია და ნივთებიც. არავითარ შემთხვევაში არ დავცლით, არც ვაპირებთ. სასწავლებელი აუცილებლად უნდა გავხსნათ, უბრალოდ არჩილ ხაბაძემ გვითხრა, რომ 20-მდე პრემიერს უნდა შევხვდეთ და დაგველოდეთ, ყველაფერი გადაწყდება იქ, კანონის ფარგლებშიო. ამის გამო ვართ ჩვენ ჯერ-ჯერობით გაჩერებული“- აცხადებს „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში რამაზ კაკალაძე. 

 

რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს: „დარწმუნებული ვარ სასწავლებელი გაიხსნება“. 

 

 

ამჟამად პანსიონში სწავლა არ მიმდინარეობს და მხოლოდ ერთი ადამიანი მორიგეობს შენობაში. მუსლიმურ პანსიონში სწავლა  15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასწავლებლის გახსნას ხელი ადგილობრივმა ქრისტიანმა  მოსახლეობამ შეუშალა. მათი განცხადებით, ქრისტიანულ დასახლებაში მუსლიმური პანსიონი არ უნდა ფუნქციონირებდეს. 

 

სასწავლებლის გახსნას ინცინდენტიც მოჰყვა, ადგილობრივებმა მუსლიმური სასწავლებლის კარზე ღორის თავი მიაჭედეს. 

ბათუმში აშშ-ს საზღვაო ფლოტის გემი შემოვა

 

 

 

 

საქართველოში ყოფნისას „ველა გალფი“ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს გამართავს და უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.

 

„ველა გალფის“ ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

 

„ველა გალფის“ ბაზა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. მას მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში  საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და რეგიონში ნატოს ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით მრავალმხრივი როლი აკისრია.

 

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

ევროინტეგრაცია და ნაციონალური იდენტობა – დისკუსია „პრესკაფეში“

 

 

მირანდა ჩარკვიანი

 

 

დღეს, 5 საათზე „პრესკაფეში“ რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა ევროინტეგრაცია და ნაციონალური იდენტობა.

 

მომხსენებლები არიან ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი, უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მასალკინი და ორგანიზაცია  „თავისუფლება და დემოკრატიის“ გამგეობის წევრი ნინო ჩხეტია.

 

„ძირითადად რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, ეს არის ნაციონალური იდენტობის საკითხი საბჭოთა საქართველოში. ასევე, საუბარი იქნება რელიგიური და ეროვნული იდენტობის კონკურენციის ასპექტებზე  და შევეხები კონფლიქტების თემასაც.  მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ევროინტეგრაციის საკითხებს“ – ამბობს ერთ-ერთი მომხსენებელი მირანდა ჩარკვიანი.  

 

 

მისი თქმით, დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა  ევროინტეგრაციის ფარგლებში დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს.   

 

„აქცენტი გაკეთდება  განათლებისა და მეცნიერების  მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე.   ვფიქრობ ეს საკითხები  აქტუალურია, რადგან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას აქვს  გარკვეული ვალდებულებები, რომ ეს ინტეგრაცია სრულფასოვნად განხორციელდეს. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გარკვეულ ასპექტებში  ევროინტეგრაციის პროცესი  შესაძლებელია ნაციონალურ ინტერესებთან  წინააღმდეგობაში მოდიოდეს.  მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლო წინააღმდეგობა კარგად გავიაზროთ“ – ამბობს  მირანდა ჩარკვიანი.      

 

ქობულეთში, კერძო ვილაზე, ესაჭიროებათ დამლაგებელი

 

ქობულეთში, კერძო ვილაზე, ესაჭიროებათ დამლაგებელი

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე, 9.00 – 18.00 სთ.  დასვენების დღე _ კვირა.

ანაზღაურება: 250-350 დოლარი. დამოკიდებულია გასაუბრების შედეგებსა და საქმიანობაზე

მოთხოვნები:

 

ქალბატონები : 35-45 წლამდე

სასურველია მსურველს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება სავალდებულოა: რუსული ენის ცოდნა;  საცხოვრებელი ადგილი ქობულეთი; დიდი ფართობების დალაგების გამოცდილება; მოწესრეგებულობა

სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენების ცოდნა.

 

ძირითადი ვალდებულებები

  1. საცხოვრებელი  ოთახების, დერეფნების, კიბეების, სველი წერტილების დასუფთავება.
  2. მტვრისგან გასუფთავება, დახვეტვა ხელით, მოწყობილობებით  ან მანაქნების მეშვეობით. კედლების, იატაკის, ფანჯრების, ავეჯის, კარებების ან ხალიჩების   რეცხვა.
  3. უნიტაზების, ნიჟარების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების გაწმენდა და დეზინფიცირება.
  4. ნაგვის მოგროვება და დადგენილ ადგილას  მიტანა.
  5. სარეცხ საშუალებებსა და მოწყობილობებზე დაკვირვება და მისი შევსება.
  6. დასალაგებელ ადგილებში სანიტარული და ჰიგიენურის წესების დაცვა.
  7. შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი მოვალეობები .

 

საკონტაქტო ინფორმაცია: teako61@gmail.com
+995 577 172794

 

 

მოითხოვე ხელშეკრულების გაფორმება „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“

 

 

 

არჩილ ხახუტაიშვილი

 

 

აჭარის ენერგომომარაგებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფს. ყველა აბონენტი, რომელიც ელექტროენერგიით სარგებლობს, საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, დროულად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, წინააღმდეგ შეთხვევაში კომპანია მას ელექტროენერგიას არ მიაწოდებს.
ვინ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ არასტაბილური ძაბვა ოჯახში საყოფაცხოვრებო ტექნიკას დააზიანებს? „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის არის ელექტროენერგიის მომწოდებელი, საკუთარ თავზე არ იღებს. მეტიც, კომპანია ხელშეკრულებას არ უფორმებს თავის აბონენტებს.

 

სწორედ ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე ფიზიკურმა პირმა ენერგოკომპანიას ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით გასულ წელს მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდგომ განცხადებები გადაიგზავნა საქართველოს მარეგულირებელ კომისიაში, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ კი სასამართლოს მიმართა. სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება დაავალდებულა.

 

„სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში ენერგოკომპანია ხელშეკრულების წერილობით გაფორმებაზე ვერც სხვა მომხმარებელს ეტყვის უარს. ვერც სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, რადგან გარემოებები და დავის საგანი ერთი იქნება“, – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი.

 

რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანია მომხმარებლებს ხელშეკრულებას გაუფორმებს? – ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, შეცვლის აბონენტის ინფორმაციულობის ხარისხს, რადგან მასში დეტალურად იქნება გაწერილი ორივე მხარის უფლებები და პასუხისმგებლობები.

 

არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, მოქალაქეები ენერგოკომპანიის პოლიტიკის შეცვლას ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც ნაკლებად ელოდებიან. „რა უპირატესობა მექნება ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ამინაზღაურებენ, ვთქვათ, დაზიანებულ ტელევიზორს?“ – გვეუბნებიან ისინი. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მაინც იქმნება, რადგან თუ ძაბვის ვარდნის გამო გარკვეული ერთეული ტექნიკა დაზიანდა, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში ზარალის დადგენის პროცედურა არის იგივე“, – განმარტავს არჩილ ხახუტაიშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკომპანიის მუშაობით ბევრი აბონენტია უკმაყოფილო, მოქალაქეები კამპანიით ნაკლებად ინტერესდებიან. არჩილ ხახუტაიშვილის აზრით, მოქალაქეების პასიურობა სამოქალაქო შეგნებას უკავშირდება: „ადამიანები მხოლოდ მაშინ აქტიურობენ, როცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დადგებიან. სულ არის საუბარი იმაზე, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მათ უკანონოდ აჯარიმებს, აქვთ პრეტენზიები დენის ხარისხთან დაკავშირებითაც, მაგრამ როცა ვეუბნებით, რომ ახლა შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი და მოსთხოვონ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმება, პასიურ მდგომარეობაში არიან. დაბალია ინტერნეტით ურთიერთობის მაჩვენებელიც, თუმცა ჩვენთვის მთავარი ჯერ მაინც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს გადაწყვეტილება პრეცედენტის სახით უკვე არსებობს“, – აცხადებს არჩილ ხახუტაიშვილი.

 

არსებული რეგულაციების მიხედვით, აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება აქვთ სხვა კომპანიებსაც, მათ შორის, „ბათუმის წყალს“, „სოკარს“ და ა.შ.

 

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ უკვე დაასრულა კომპანიასა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ახალ ფორმაზე მუშაობა და ახლა კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებაზე აპირებს ზრუნვას: „ვაპირებთ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა მოქალაქეებთან, რათა მათი აქტივობა იყოს მაღალი. ზარმაცი მოქალაქე აზარმაცებს კომპანიასაც, საკუთარი უფლებების დაცვის შემთხვევაში კომპანია იძულებული იქნება გააუმჯობესოს მენეჯმენტი მომსახურების ხარისხის მიმართულებით“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

 

კამპანიას – „გააფორმეთ ხელშეკრულება ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, მოქალაქეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე: iod.ge-ზე შეუერთდეს. ამ ვებგვერდიდან განცხადების ფორმის შევსება და ინტერნეტით გაგზავნა არის შესაძლებელი.

ბათუმის საკრებულოს წევრები შემოსავალს 500 ლარით იზრდიან

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის საკრებულოს სხდომა

 

 

 

საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, უფლებამოსილების თანხის გაზრდა საკრებულოს წევრების ინიციატივა იყო. „ადრე ქალაქიც პატარა იყო, ახლა საზღვრები გაიზარდა“, – ამას უკავშირებს სულიკო შვენთიძე დეპუტატების შემოსავლის 50%-ით ზრდას.

 

უფლებამოსილების განხორციელების თანხას იღებენ საკრებულოს ის წევრები, რომლებსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა არ უკავიათ და საკრებულოში რიგით წევრებად რჩებიან.

 

იმსჯელებენ თუ არა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდაზე მუნიციპალიტეტებში, მომავალში გამოჩნდება.

 

ბათუმის საკრებულოში 11 დეპუტატი არ მუშაობს თანამდებობაზე. აქამდე ამ მიზნით წელიწადში 132 ათასი ლარი იხარჯებოდა. თუ ამ სურვილს აისრულებენ დეპუტატები, ბიუჯეტიდან დამატებით 66 ათასი ლარი დაიხარჯება.

ტერიტორიულმა ორგანოებმა წყალდიდობის შედეგები დაითვალეს


წყალდიდობის შედეგები ბათუმში



ჯავახიშვილის უბნის რწმუნებულის ამირან ოქროპირიძის განცხადებით დაზარალებულთა რაოდენობა უბანში  40 აღწევს. „დავყავით დაზარალებულთა კატეგორიაც. დაახლოებით 15 პირია, ვისაც დაუდევრობით დაუზიანდა ქონება.  მაგალითად, სახურავიდან ჩამოუვიდა წყალი, იმის გამო, რომ თავის დროზე არ გადახურა.  ასეთი შემთხვევები სტიქიურ უბედურებას არ მივაწერეთ და  ალბათ კომისიის მსჯელობის საგანი იქნება, დაექვემდებარებიან თუ არა ეს ოჯახები კომპენსაცია“- აცხადებს ამირან ოქროპირიძე.

 

მისი ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევები სამ კატეგორიად დაიყო.  „ყველაზე მძიმე კატეგორიში ხუთი ოჯახი მოხვდა. იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა დასველებული ტექნიკა, მაგალითად მაცივარი გაშრა და ამუშავდა.

 

სტიქიის შედეგები დათვლილია აღმაშენებლოს უბანშიც.  იოსებ ტარიელაძის განცხადებით  სხვადასხვა სახის ზარალი 45 ოჯახს მიადგა.

 

„მონაცემები გადავეცით მერიას და ამის შემდეგ სამთავრობო კომისია დაადგეს, რა სახის კომპენსაცია გაიცემა მოსახლეობას“. რწმუნებულის განცხადებით, ხშირია ლამინატის იატაკების დაზიანების შემთხვევები: „ე.წ მდფ-ის კარების დაზიანების შემთხვევებიც იყო, ასევე, რბილი ავეჯი და საოჯახო ნივთები იყო დაზიანებული. გამოიკვეთა ხუთი  ინდიმეწარმის დაზარალების ფაქტი,  სარდაფებში ჩასული წყლიუს გამო დაუზიანდათ  ქონება“.

 

შედარებით ნაკლებია ზარალი ხიმშიაშვილისა და რუსთაველის  უბნებში.  ხიმშიაშვილის უბნის რწმუნებულის ირაკლი პატარაიძის განცხადებით, უბანში 18 ოჯახი აღიწერა, „მცირე დაზიანებებია გამოკვეთილი“- აცხადებს ის. 

 

რაც შეეხება რუსთაველის უბანს, ადმინისტრაციაში ამბობენმ რომ   მდგომარეობა შესწავლილია და მონაცემები გადაგზავნილია მერიაში:   „ძირითადად დატბორილი იყო ბარაკულის ტიპის ორი სახლი და რამდენიმე კომერციული ფართი.  ექვემდებარება თუ არა ზარალი კომპენსაციას ამას, ზემდგომი კომისია გადაწყვეტს“.

 

,,ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დაზარალებულ ფერმერებს ზარალი აუნაზღაურა

ლამარა რომანაძის ოჯახმა სამი ტონა ციტრუსი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 25 სექტემბერს დააზღვია. ამ ოჯახის ბაღი ფერდობზეა გაშენებული, მეწყერმა მათ 18 ძირი ნარგავი გაუნადგურა.

დაზარალებულს ჯიპიაი ჰოლდინგმა ზარალი აუნაზღაურა
მეწყრული პროცესი რომანაძეების ბაღში 

ზარალის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რომანაძეებთან ზარალის დასათვლელად და შესაფასებლად „ჯიპიაის“ ექსპერტები ოპერატიულად მივიდნენ. ეს ოჯახი მალე მიიღებს ზარალის შესაბამის კომპენსაციას.

რომანაძეების მსგავსად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სადაზღვევო პაკეტის გარეშე კარსმომდგარი ზამთრისგან მოსალოდნელი რისკების შემცირება რთული არაერთი ოჯახისთვის იქნებოდა.

მაგალითად, ძალიან გაუმართლა აჭყვისთაველ კომახიძეების ოჯახსაც, როცა 27 სექტემბერს დააზღვია თავისი ციტრუსის ბაღი – სამი ტონა მანდარინის მოსავალი. დაზღვევიდან რამდენიმე დღეში მისი ბაღი დაიმეწყრა და ოცზე მეტი ნარგავი მეწყერმა ჩაიყოლა. ოჯახის მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილებით –  დაეზღვიათ საკუთარი მანდარინის ბაღი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ – მათი ზარალი მინიმუმამდე დავიდა.

„აჭყვისთავი მთაგორიანი სოფელია, ხშირად წვიმს, მოდის სეტყვა და თოვლი. როცა გავიგეთ ციტრუსის დაზღვევის შესახებ, გადავწყვიტეთ „ჯიპიაი ჰოლდიგის“ პოლისით გვესარგებლა და დავაზღვიეთ სამი ტონა. ერთი კვირა არ იყო გასული, რომ ბაღში მეწყერი ჩამოწვა“, – ამბობს დალილი კომახიძე.

კომახიძეებს ბაღში ასევე მოჰყავთ ლიმონი, თხილი, ხურმა და სხვა კულტურები. ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 10 ტონა ციტრუსის მოსავალს იღებს.

დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესასწავლად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სპეციალისტები დაუყოვნებლივ მიდიან იმ ადამიანებთან, ვისაც მათი დახმარება სჭირდება.

„წვიმამ მიაყენა ზარალი და მეწყერში მოყვა ციტრუსების ნარგავები. დაითვალა მანდარინის ხეზე ნაყოფი, რომლის რაოდენობა გადაანგარიშდა ძირობაზე –  ამ გზით მივიღეთ კილოგრამობა. მიღებული კილოგრამობით ვადგენთ ტონობას, მონაცემი გადაეცემა კომპანიას… კომპანია ზარალს 10 დღის განმავლობაში აუნაზღაურებს დაზღვეულ ფერმერს“, –  განმარტავს ექსპერტ-აგრონომი თამაზ ჯაფარიძე.

დაზღვეულების თქმით, თავდაპირველად გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ სტიქიის პირისპირ დარჩენილებზე, ანუ მათი მთელი წლის მოსავლის დაზღვევაზე ვინმე იზრუნებდა. ახლა კი მეტი იმედი გაუჩნდათ, რადგან უფრო დაცულად გრძნობენ თავს.

ციტრუსის დაზღვევა სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ფერმერებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: ერთ ტონა მანდარინზე ფერმერის გადასახდელი თანხა შეადგენს 2.4 ლარს, დანარჩენ 90%-ზე მეტს სახელმწიფო ფარავს, ერთი ტონის სრული სადაზღვევო ღირებულება 112 ლარია.

„ჯიპიაი ჰოლდინგს“ ციტრუსის დაზღვევის მიმართულებით აჭარაში რამდენიმე ათასი ოჯახი ჰყავს დაზღვეული. კომპანია მიიჩნევს, რომ აგროდაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება რეგიონში მნიშვნელოვანია, რადგან არც ერთი ფერმერი არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

„სადაზღვეო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში დაზღვეულები ჰყავს ხელვაჩაურსა და ქობულეთში. ორი კვირის წინ აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა ზარალი მიაყენა მოსახლეობას. დაფიქსირდა რამდენიმე განაცხადი ზარალის თაობაზე. ვცდილობთ მაქსიმალურად ოპერატიულად შევაფასოთ და ავანაზღაუროთ ზარალი“, –  ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია.

რაც შეეხება ვადას –  კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ და ნუ დაიჯერებენ იმას, რომ თითქოს სახელმწიფო პროგრამა ახალი წლის შემდეგ –  იანვრამდე ან თებერვლამდე გრძელდება.

„ციტრუსის დაზღვევის ვადა მხოლოდ 10 დეკემბრამდე გრძელდება.

ყველას ვთხოვ ამ თარიღს მიაქციოს ყურადღება, მობრძანდეს ჩვენთან და დროულად დაეზღვიოს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რა უპირატესობა აქვს დაზღვევას –  ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება ბუნებრივმა მოვლენებმა მიაყენოს ოჯახებს, სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პოლისით აგინაზღაურებთ“, –  ამბობს ნინო ფაცია.

ამ ეტაპზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მზადაა მიიღოს ნებისმიერი ფერმერის განაცხადი დაზღვევის შესახებ, ასევე – ზარალის შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დღეს დაეზღვევით და თქვენს ციტრუსს ათ დეკემბრამდე ბუნებრივი მოვლენა –  ქარი, უხვი ნალექი ან სეტყვა დააზიანებს, ზარალი დაუყოვნებლივ აგინაზღაურდებათ.

ზოგიერთ ფერმერს დაუკრეფავი რჩება მოსავალი დეკემბრამდე –  „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მათ საშემოდგომო ყინვისგანაც სთავაზობს დაზღვევას.

ქობულეთში კომახიძეების ბაღი დაიმეწყრა
მეწყრული პროცესი ციტრუსის ბაღში

მაშ ასე, იცოდეთ, რომ სახელმწიფო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 5 მილიონი ლარია. დაიმახსოვრეთ, რომ აგროდაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა 10 დეკემბრამდეა.

იჩქარეთ! გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრში სწავლება დაიწყო!

 

•  სწავლა წარმოებს სინქრონულ თარგმანზე დამყარებული მეთოდით;

 

 

 

•  ჩვენი მსმენელისთვის გაკვეთილებს მუდმივად   ჩაატარებენ თბილისიდან მოწვეული პედაგოგები, რომლებსაც 25-წლიანი წარმატებული კარიერა აქვთ;

•  ჩვენთან  შეგიძლიათ  მოემზადოთ საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა;

•  ჩვენთან  შეგიძლიათ  მოემზადოთ  სინქრონული და თანმიმდევრული თარგმნისთვის დასაქმებისშემდგომი პერსპექტივით.

•  ჩვენთან  შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ ჩვენივე ცენტრის მიერ გამოცემული ინგლისური ენის გრამატიკის წიგნები.

• გავცემთ შესაბამისი დონის სერტიფიკატს, როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.

ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.

ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის მოქალაქეს სეგიძლიათ მოგვმართოთ

საკონტაქტო ინფორმაცია: ელფოსტა: gogaaskurava@yahoo.com; ტელეფონი: (599) 102 858, (557) 518 111;  (593) 110 636; (558) 260 303. მის.: ბათუმი. 26 მაისის ქუჩა, ბინა #13. ბათუმში ცენტრის კოორდინატორია – სოფო მურვანიძე

”კარმენი” ბათუმში და იუბილარი რეჟისორი

 

ბათუმში “კარმენი” პირველად იდგმება და მასში ახალგაზრდა სოლისტები – ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, მამუკა ლომიძე, ზაზა ხამათაშვილი, არმაზ დარაშვილი, ნანა ძიძიგური, ლევან მაკარიძე, ნონა კორიფაძე და ირმა ჟღენტი მონაწილეობენ.

სამხატვრო ხელმძღვანელის მარინა ჯახუტაშვილის თქმით, გაზაფხულზე დასი ამ სპექტაკლით თბილისის მაყურებლის წინაშე წარსდგება.

პრემიერაზე ბათუმში, სტუმრის სტატუსით მოწვეულები არიან საოპერო სცენის ოსტატები ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, თამარ გურგენიძე და მზია ნიორაძე.

“საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარინა ჯახუტაშვილი ჟ. ბიზეს ამ ცნობილი ოპერით ერთი წლის წინ დაინტერესდა. მან ბათუმში ლეგენდარული რეჟისორი ბატონი გიზო ჟორდანია, თბილისის საოპერო თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, კოსტიუმების მხატვარი ანკა კალატოზიშვილი და ქორეოგრაფი გია მარღანია მიიწვია, საზღვარგარეთ გაფანტული თეატრის სოლისტი-მომღერლები სამშობლოში დააბრუნა და ერთობლივი ძალებით დაიწყეს პრემიერისთვის მზადება” – ამბობს მუსიკათმცოდნე კახი ლაზარიშვილი – “ბათუმში შესანიშნავი დასია. თანამედროვედ მოაზროვნე ნიჭიერი და შრომისმოყვარე სოლისტები, სამხატვრო ხელმძღვანელის, ქალბატონ მარინა ჯახუტაშვილის მიერ წამოწყებულ ყველა საინტერესო შემოქმედებით ინიციატივას ადექვატურად პასუხობენ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ  ყოველწლიურად მდიდრდება მათი რეპერტუარი სხვადასხვა კომპოზიტორების საოპერო შედევრებით. მე, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამ დასის, ამიტომ მუდამ ინტერესით ვაკვირდები მათ შემოქმედებით ცხოვრებას და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ყოველი ახალი საპრემიერო სპექტაკლის პარტიტურა გაცილებით რთული და საპასუხისმგებლოა წინასთან შედარებით” – ამბობს ის.

 

კრუიზერი Saga Pearl II ბათუმის პორტში


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით ოცამდე გემი შემოვიდა, რის შედეგადაც რეგიონს 8743 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 9 გემი იყო შემუსული 2427 მგზავრით.

2014 წელს, ბათუმის პორტში 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

შუაღელეს საჯარო სკოლას გმირის – ზვიად დავითაძის სახელი მიენიჭა

 

ზვიად დავითაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2005 წლიდან მსახურობდა. დაღუპული ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი. 


მშობლიურ სკოლაში ზვიად დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.


დღესვე სოფელ ციხისძირში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ჯარისკაცის მემორიალი გაიხსნა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები ბათუმში

1998 წელს თბილისში დაარსებულმა კავკასიის უნივერსიტეტმა ფილიალი ბათუმში ხუთი წლის წინ გახსნა, როგორც ამბობენ, ტურიზმის მიმართულებით სწავლის მოთხოვნის გამო. დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოლოდინი უფრო დიდი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ და ცდილობენ, რეგიონში დაინტერესება გაზარდონ. კავკასიის უნივერსიტეტში ამჟამად 40 სტუდენტი სწავლობს.

«მხოლოდ საბაკალავრო პროგრამა გვაქვს ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირებაში. სამწუხაროდ არის ტენდენცია – ჩვენთან ირიცხებიან სტუდენტები, მომდევნო წლებში კი, მობილობით გადადიან სხვაგან. ჩვენს უნივერსტეტში სწავლისადმი სხვა მიდგომაა, მკაცრი აღრიცხვის სისტემა გვაქვს, «ჯიპიეის» და «ტოეფელის» მოთხოვნაა, ბევრი სტუდენტი ვერ ძლევს ამ სისტემას» – ამბობს მარია ზოიძე, საბაკალავრო პროგრამის აკადემიური მენეჯერი.

უნივერსიტეტიდან სტუდენტების სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის მეორე მიზეზად კავკასიის უნივერსიტეტში ფინანსებს მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, წელს უნივერსიტეტმა სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, საფასური – 2250 ლარი დააწესა, 3 900 ლარის ნაცვლად: «შემცირებული გადასახადის მიუხედავად 12 სტუდენტი მივიღეთ, როცა 60 ვაკანტური ადგილი გვქონდა. პრობლემის მოგვარებაზე ვფიქრობთ, ვგეგმავთ მარკეტინგული კამპანიის წარმოებას, რომ ცნობადობა გაიზარდოს. ფასის ცვლილება რეგიონში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით მოხდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისისა და ბათუმის ფილიალებს შორის იქნება ხარისხობრივი განსხვავება. ჩვენთან ლექციების ნაწილს თბილისიდან მოწვეული ჩვენი უნივერსიტეტის შვიდი ლექტორი ატარებს, ისინი ჩამოდიან ორ კვირაში ერთხელ და ექვსაათიანი ხანგრძლივობით ატარებენ ლექციებს» – ამბობს მარია ზოიძე.   მისი თქმით, მათ უნივერსიტეტში არ მუშაობენ სხვა უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებული ლექტორები. «შევეცადეთ წამყვანი კომპანიების მენეჯერები მოგვეწვია ლექტორებად, სწორედ ისინი უძღვებიან სასწავლო პროგრამას» – განმარტავს მარია ზოიძე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ფილიალი ბათუმში წელს გახსნა. უნივერსიტეტში ჯერ მხოლოდ სამი პროგრამაა წარმოდგენილი – სამართალი, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა და ბიზნესადმინისტრირება. სამომავლოდ უნივერსიტეტი სპეციალობათა ჩამონათვალის გაფართოებას გეგმავს: «ჩვენს უნივერსიტეტს აქვს 13 პროგრამის განხორციელების უფლება საბაკალავრო საფეხურზე, სამაგისტროზე – ორის და სადოქტოროზე – სამის. შესაბამისად გვსურს ეს პროგრამები ბათუმშიც განვახორციელოთ. ჩვენ ბაზარს ვიკვლევთ და შედეგების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე გამოჩნდა მოთხოვნა ტურიზმზე. შედეგით კმაყოფილი ვართ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ვაკანტური ადგილი დაგვრჩა. პირველი წელია, ბაზარზე გვიან შევედით, მით უფრო, როცა აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა წელს იყო ნახევარი არსებულ ვაკანტურ ადგილებთან მიმართებაში» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის კოორდინატორი.

წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალმა 34 სტუდენტი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 27  – სამართალზე და 17 სტუდენტი – საჯარო მმართველობის პროგრამაზე. «აჭარის რეგიონიდან ბევრი სტუდენტი გყავს, ამ სტუდენტებმა დაგვანახეს მოთხოვნა, რომელიც არსებობს რეგიონში. თბილისში ცხოვრება და სწავლა ამ სტუდენტებისთვის დიდ ხარჯებთანა დაკავშირებული, მათ ურჩევნიათ განათლება თავიანთ რეგიონშივე მიიღონ. სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს დაბრუნების სურვილი, მომავალ წელს მობილობაზეც ვიფიქრებთ. აქ მყოფ სტუდენტებსაც იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც თბილისში, თუნდაც პროფესორების თვალსაზრისით, გაცვლითი პროგრამების კუთხით და მატერიალური ბაზით. ბათუმში წელს ჩვენ გვაქვს უფასო მოსამზადებელი კურსები აბიტურიენტებისათვის» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

სწავლის საფასურის დადგენისას რეგიონის სოციალური ფონი გაითვალისწინა ამ უნივერსიტეტმაც. სწავლის საფასური მხოლოდ ბათუმის ფილიალშია 2700 ლარი: «ჩვენ თბილისში გვაქვს სპეციალობები, რომელთა საფასურიც 4200 ლარია. რეგიონის მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თან მატერიალური ხარჯიც ნაკლები გვაქვს, იჯარისა და უძრავი ქონების საფასურს ბათუმის და თბილისისას ვერ შეადარებ, თბილისში პროფესურის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე ბათუმში, თუმცა ხარისხობრივი განსხვავება ნამდვილად არ იგრძნობა» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

კავკასიის უნივერსიტეტის მსგავსად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტშიც სწავლება კურაციულად მიმდინარეობს: «სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იგივე პროფესურისგან მოისმინონ სალექციო კურსები, ვინც კითხულობს თბილისში. ყოველ ხუთ კვირაში ერთხელ ჩამოდის ლექტორი, რომელიც ხსნის შემდგომი კვირების მასალას. ახსნის პროცესში ჩართულია ადგილობრივი პროფესორიც, ამ მასალის დამუშავების პროცესი მოხდება შემდეგ კვირებში და მას გაუძღვება ადგილობრივი პროფესორი. ასევე იქნება მუდმივი ონლაინკონსულტაცია» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

რაც შეეხება სხვა ლექტორ-მასწავლებლებს, რომლებიც ბათუმის ფილიალში ასწავლიან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ისინი კონკურსის შედეგად შეარჩია: «ბათუმის უნივერსიტეტიდანაც გვყავს პროფესორები, რომლებსაც არ აქვთ შემბოჭავი კონტრაქტი, გვყავს ასევე პროფესორები, საქართველოს საკონსტუციო სასამართლოს თანამშრომლები, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირები და ა.შ. თუმცა ძირითადი დატვირთვა თბილისიდან მოწვეულ ლექტორებზეა» – განმარტა ნინო ბერძენიშვილმა.

100 საწოლი 130 ბავშვისათვის

 

წლების წინ 75 ბავშვისათვის გახსნილ დაბა ხულოს საბავშვო ბაღში დღეს 130 ბავშვია. აღსაზრდელების რაოდენობის მიუხედავად, ბაღის გამგე ცირა შავაძე ამბობს, რომ არსებული ფართობი სრულიად საკმარისია.

 

„მართალია, ბაღი თავის დროზე 75 ბავშვზე გაიხსნა, მაგრამ ფართობი საკმაოდ დიდია, 130 ბავშვს ყოფნის და პრობლემა ნამდვილად არ არის. ეს დაბის ბაღია და მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაშინაც კი, ვიდრე საფასური მოიხსნებოდა. დაფინანსებას აქ არაფერი შეუცვლია, გადასახადი მხოლოდ ხუტი ლარი იყო“ –  ამბობს ცირა შავაძე.

 

 

ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ირაკლი რიჟვაძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობის მატება მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, „მაგრამ ვითარებას ის აბალანსებს, რომ ყოველდღიურად ბავშვების 10-20 პროცენტი ბაღში არ ცხადდება.“

 

 

ბაღში ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს. ბაგაში 25 ბავშვი ირიცხება, ბაღის უმცროს ჯგუფში – 30, 4-5 წლიანებსა და სკოლამდელ ჯგუფში კი, 38 აღსაზრდელია.

 

 

წესდებით ბაღში მაქსიმუმ 85 ბავშვი უნდა იყოს, ჯგუფში კი ბავშვების რაოდენობა  25-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა დაბა ხულოს ბაგა-ბაღში ბავშვთა რაოდენობა წესდებით გათვალისწინებულ ნორმას ბევრად აჭარბებს.

 

 

კითხვას, ჯგუფში ბავშვების გაზრდილი რაოდენობით ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები და საკმარისია თუ არა ბაღში ძიძების რაოდენობა, გაერთიანების დირექტორი პასუხობს:

 

„რადგან მოთხოვნა გაიზარდა ბაგის ჯგუფში, ლიმიტი 15-დან 25-მდე გავზარდეთ, დავამატეთ  ძიძა და ჯგუფში ერთდროულად ორი ძიძა და აღმზრდელი მუშაობს. ახლა ბაღის ჯგუფში აღმზრდელი 9 საათიდან 3 საათამდე მუშაობს და 3-საათიდან 6-მდე მეორე, ანუ ჯგუფში ერთი ძიძა და ერთი აღმზრდელია. მინდა შტატი გავზარდო და სამი საათის ნაცვლად მეორე ცვლის აღმზრდელმა 12 საათიდან დაიწყოს მუშაობა და პიკის საათებში, 12-დან 3 საათამდე, როცა ბავშვები სადილობენ, მეცადინეობენ და სწავლობენ, ორი აღმზრდელი იყოს ჯგუფში. ამისთვის 7-8 შტატი მჭირდება, მოთხოვნა დავაყენე, საკითხი გავაცანი გამგეობასა და საკრებულოს, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“ – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაბის ბაღს ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს, საბავშვო ბაღს არც კეთილმოწყობილი ეზო აქვს და არც საკმარისი ინვენტარი გააჩნია: საბავშვო ბაღში, სადაც 130 ბავშვი ირიცხება, 20 მაგიდა და 100 საწოლია.

 

 

„მოძველებული კი არის ინვენტარი და ხალიჩებიც, გასარემონტებელია შენობა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. საწოლებიც გვყოფნის, დღეს, მაგალითად, ცუდი ამინდია და 55 ბავშვი გვყავს“ – ამბობს ცირა შავაძე.

 

 

აღნიშნულ საბავშვო ბაღს კოსმეტიკური რემონტი ბოლოს 2007 წელს ჩაუტარდა. იმავე წელს ბაღში რამდენიმე ახალი მაგიდა და სკამები შეიტანეს. ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ არსებული მაგიდები საფრთხის შემცველია, ბაღის თანამშრომლებს გაერთიანების დირექტორიც ეთანხმება.

 

„ახალგახსნილ ბაღებში ბავშვებისთვის მაქსიმლურად უსაფრთხო მაგიდები შეგვაქვს, იმედი გვაქვს ბაღის რემონტისა და ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გამოინახება“ –  ამბობს ირაკლი რიჟვაძე. 

როგორ ასრულებს ბათუმი მერების შეთანხმებას

ბათუმი მერების შეთანხმებას 2011 წელს შეუერთდა. როგორ ასრულებს ბათუმი ნაკისრ ვალდებულებებს, რა შესრულდა და რისი გაკეთება იგეგმება მომავალში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ტიტე აროშიძეს ესაუბრა. მერების შეთანხმების შესრულებას სწორედ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახური კურირებს.

ბატონო ტიტე, მერების შეთანხმებისმიხედვით რა ვალდებულება აქვს აღებული ბათუმს?

2011 წელს, როდესაც მიუერთდა ბათუმი მერების შეთანხმებას, იყო ჩამოწერილი ვალდებულებები, რომელსაც იღებს თვითმმართველობა 2020 წლამდე და რომლის მიხედვითაც ე.წ. სათბური ემისიების შემცირება უნდა უზრუნველყოს ქალაქის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთი ვალდებულებაა, რომ ქალაქს უნდა გააჩნდეს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა თუ მონიტორინგის განხორციელების გეგმა. ეს უნდა მოხდეს 2020 წლამდე. 2011 წლიდან აქტიურად ვმუშაობდით ინფორმაციის მოპოვებაზე, 2014 წელს უკვე გვაქვს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა. შემდეგ ტენდერი გამოვაცხადეთ კონცეფციის დაწერაზე. გეგმა მოიცავს სხვადასხვა სექტორს. ყველაზე მეტი გამონაბოლქი არის ტრანსპორტის სექტორში. ასევე გვაქვს შენობების სექტორი, ნარჩენების სექტორი, გარე განათების სექტორი, გამწვანებისა და ჩამდინარე წყლების სექტორი. ეს ექვსი სექტორია, რომელზეც თვითმმართველობამ გამონაბოლქვი, ანუ ჩO2 უნდა შეამციროს. გეგმის მიხედვით ვალდებულებაში 20 პროცენტით შემცირება გვეწერა, მაგრამ როდესაც გეგმა დაზუსტდა, მოთხოვნა დაახლოებით 22 პროცენტამდე გაიზარდა.

კონკრეტულად რა ღონისძიებები განახორციელა ბათუმის მერიამ მერების შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად?

ჩვენ საკმაოდ მოწესრიგებული გვაქვს ჩამდინარე წყლების სექტორი, თუმცა იქიდან ამოსული მეთანი ჩO2-ის გაზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ საპროექტო წინადადებით მივმართეთ ევროკავშირს. პროექტი შეეხება მეთანის შეგროვების პროცედურას ნაგავსაყრიდან და ჩამდინარე წყლებიდან, შემდგომ მისი სასარგებლოდ გამოყენებისათვის. მეთანი ჰაერში აღარ გაიფანტება. პროექტმა, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონ-ნახევარი ევროა, გრანტის მისაღებად პირველი ეტაპი გაიარა. ოქტომბრის ბოლოს გვეცოდინება გადალახავს თუ არა მეორე ეტაპს. ამასთან, სამოქმედო გეგმის თანახმად, მეორე პროექტი დავწერეთ და UNDP-მ დაგვაფინანსა. ბიუჯეტი 800 ათასი ევროა. პროექტი ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციას, ანუ ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდას.

გამწვანებას დიდი ადგილი უჭირავს ბიუჯეტში, ახლა შენობების დათბუნვის პროექტებს განვიხილავთ. შენობების დათბუნვა გულისხმობს შეფუთვას, ან შენიღბვას, ან ისეთი ღონისძიებების გატარებას, რის შემთხვევაშიც სითბოს დანაკარგები ნაკლები იქნება. ეს არის ის გრძელვადიანი პროექტები, რომელთაც საბოლოო ჯამში გავლენა ექნება ჩO2-ის შემცირებაზე.

როდესაც მერია გასცემს ახალი მშენებლობის ნებართვას, ითხოვთ თუ არა მშენებლისგან ენერგოეფექტური შენობების აშენებას?

რაც შეეხება მერიიდან გაცემულ ნებართვებს, ამას არეგულირებს ცენტრალური  კანონი, რომელშიც გაწერილია, თუ რა უნდა იყოს მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო ინიციატივით შევიდა პარლამენტში. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს, ადგილობრივ თვიმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ   დამატებითი პირობები, რომელიც ენეგეტიკული თვალსაზრისით იქნება  ქალაქისთვის მისაღები. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გააძვირებს მშენებლობებს. დღეს მერიიდან მინიმალურს ვითხოვთ, მაგალითად, საღებავი უნდა შეესაბამებოდეს მდგრად ენერგოსტანდარტებს, თუმცა თითოეული საღებავის შემოწმება რთულია, რადგან არ გვაქვს შემოწმების საშუალება, მაგრამ როდესაც კანონს მიიღებენ და რეგულაცია გავრცელდება თვითმმართველობებზე, ეს შესაძლებელი იქნება. ახალ საპროექტო წინადადებებში, რომლებიც მიღებული იქნება ქალაქში სამშენებლო მიმართულებით, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც გამწვანების კოეფიციენტი, ასევე ენერგოეფექტური და მდგრადი მასალების გამოყენება შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით.

სატრანსპორტო სფეროში რა ცვლილებები განხორციელდა და როგორ შეუწყობს ეს ხელს გამონაბოლქვის შემცირებას?

24 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლებიც ევროსტანდარტის ძრავებით არის აღჭურვილი. მათ ნაკლები გამონაბოლქვი აქვთ პირველი თაობის ავტობუსებთან შედარებით. გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ CO2 გარკვეული დოზით შემცირებულია.

გვაქვს 150 ავტობუსი, რომლებიც აღჭურვილია დიზელის ძრავებით. პროექტს ვამზადებთ გაზის ავტობუსების შემოყვანაზე. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე გარკვეული ნაწილი ჩავანაცვლოთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებით. ფინანსებს ნაწილის ქალაქის ბიუჯეტიდან გავიღებთ, ნაწილი იქნება გრანტი ან იაფი სესხი. ეს პროექტი რეალურია და მისი განხორციელება ფინანსურადაც და ენერგეტიკულადაც მომგებიანი იქნება ქალაქისთვის.

მართალია, ახლა გადაიდო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, მაგრამ იმედია 2020 წლამდე იქნება. ეს ტექნიკური დათვალიერებაც მოგვცემს საშუალებას, შევამციროთ გამონაბოლქვი.

ახლა მიდის გარე განათების საკითხზე მსჯელობა. როგორც იცით, ჩვენთან ქალაქში არის ვარვარიანი ნათურები, რომელიც CO2-ის გამოყოფას უწყობს ხელს. ახლა ვამუსავებთ სხვადასხვა პროექტს, რომ ეს შეიცვალოს ცივი განათებით. რამდენიმე პროექტია, ჯერ კონცეპტუალურ დონეზეა და მუშავდება. თუ წელს მილიონ-ნახევარს ჩავდებთ გარე განათებაში, შემდგომში, როდესაც ცივი განათება იქნება, ხარჯი ამის მესამედი გახდება. იგივე, როდესაც მეთანის შეგროვებაზე ვსაუბრობთ, მისი გარდაქმნა შეიძლება სხვადასხვა საშუალებად. მაგალითად, იგივე ბუნებრივ გაზად და გამოვიყენებთ ავტობუსების დასატუმბად. უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ მავნე საშუალებების ხარჯზე გავაკეთოთ ბიუჯეტის ეკონომია.

ეს ყველაფერი არის ღონისძიებათა ნაკრები, რომელიც ჩვენ მერების შეთანხმებით გვაქვს აღებული და რომელსაც გრანტებისა და ბიუჯეტის საშუალებით ვახორციელებთ. ყველა ღონისძიება ორ ეფექტთანაა დაკავშირებული, ერთია ეკონომიკური ეფექტი, მეორე კი – ენერგეტიკული და ბიოეფექტი.

იყიდება სასტუმრო და სასაწყობო ფართი ბათუმში

 

საკოტაქტო ინფორმაცია – 591 51 70 10 ნიკოლოზ სურგულაძე.

ინფორმაციის წყარო: საჯარო რეესტრის ქონების ბირჟა.

იყიდება სასტუმრო – ძველი ბათუმი

 

 4 სართულიანი, 330 კვ. მ., მოქმედ მდგომარეობაში, ინვენტარით.

 

მის.: ქალაქი ბათუმი, ქუჩა კოსტავა, N 24; ფასი: $450 000; საკოტაქტო ინფორმაცია – 599556654 კახა; ინფორმაციის წყარო: საჯარო რეესტრის ქონების ბირჟა.

იპოვეთ მოძრაობის წესის 30-მდე დარღვევა

 

მოძრაობის წესებს არღვევს როგორც ავტომანქანები, რომლებიც გადადიან წითელზე, კვეთენ უწყვეტ ხაზს, არასწორად აჩერებენ მანქანას და არ უთმობენ გზას ქვეითად მოსიარულეებს, ისე ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც გადადიან მწვანეზე და თანაც არა ზებრაზე, არამედ ნებისმიერ ადგილას სადაც მათ მოესურვებათ.






ტრენინგი ნაადრევ ქორწინებასა და გოგონების განათლებაზე

 

 

ტრენინგის დროს განხილული იყო ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები, საქართველოში არსებული სტატისტიკა და მსოფლიო მონაცემები.

 

 

 

ნაჩვენები იყო საინფორმაციო ფილმები, რის შემდეგაც გაიმართა განხილვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა იმსჯელეს და გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.

 

აქტივობა გაიმართა პროექტის ფარგლებში – “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

წიგნს მეტად საინტერესო სტრუქტურა აქვს. დაწერილია მშრალი, ლაკონური ფრაზებით, საგაზეთო სტილში. მხოლოდ ფაქტები, ფაქტები და არანაირი შეფასება, არც ზედმეტი ემოციები, არც მწერლის პოზიცია. ბიოლი თითქოს ზედსართავებსაც კი ძუნწად იყენებს, ზოგადად, შეფასებებშია ძალიან ძუნწი. ცდილობს, არ გასცდეს საგაზეთო სტატიის ფორმატს.

კატარინა ბლუმის ისტორია სულ ბოლოდან იწყება – უკვე ჩადენილი დანაშაულით. მოკლულია ჟურნალისტი, რომლის მკვლელობაშიც კატარინაა ეჭვმიტანილი. თუმცა, რაღა ეჭვმიტანილი – გოგონამ თავად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მოკლულია ასევე ფოტორეპორტიორი, თუმცა ბლუმს ეს ბრალი არ უმტკიცდება. ამის შემდეგ იგება ფაქტების ლოგიკური ჯაჭვი, ქრონოლოგიურად ლაგდება ამბები – რა მოხდა ჟურნალისტის მკვლელობამდე, რამ აიძულა გოგონა, შემზარავი დანაშაული ჩაედინა სრულიად გააზრებულად და ცივი გონებით…

საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ჟურნალისტმა კატარინას ცხოვრება დაანგრია ტაბლოიდებში გამოჭიმული მყვირალა, შეთხზული სათაურებით. კატარინას ცხოვრება, მხოლოდ იმის გამო, რომ „დამნაშავე” შეუყვარდა, იქცა ჯოჯოხეთად, რეალურ შოუდ, რომელიც არ ასახავს რეალობას. წიგნის სიუჟეტის განვითარებისას ირკვევა, რომ გოგონას გამუდმებით ფეხდაფეხ დასდევდა ჟურნალისტი, რომელიც მისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს დაუნდობლად და თანაც დამახინჯებით ააშკარავებდა. ასე იქცა პატიოსანი, მშრომელი კატარინა ბლუმი ქურდად, მეძავად, რევოლუციონერად, კომუნისტად, ცივსისხლიან, ანგარიშიან, საკუთარი სხეულით მოვაჭრე ქალად. ასეთად წარმოაჩინა ჟურნალისტმა, ასეთად დაინახა საზოგადოებამ. კატარინას აღარ დარჩა არც საშუალება და არც ძალა, წინ აღდგომოდა ბოროტების მანქანას, მის გასასრესად რომ დაიძრა. საფრთხე დაემუქრა არა მხოლოდ გოგონას რეპუტაციას, არამედ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. და კატარინა ბლუმმა ხელში იარაღი აიღო.

წიგნში, გარდა ჟურნალისტური ეთიკის პრობლემებისა, უზარმაზარი მორალური დილემაა წამოჭრილი – გამართლებულია თუ არა ყველა ხერხი, როცა საქმე ღირსების დაცვას ეხება? რა არის უფრო მნიშვნელოვანი – პატივი და ღირსება თუ სიცოცხლე? რასაკვირველია, წიგნის წაკითხვამდე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება – არაფერი შეიძლება იდგეს სიცოცხლის უფლებაზე მაღლა. მაგრამ მაშინ რატომ ხდება, რომ კატარინა ბლუმი პატივისცემას და თანაგრძნობას იწვევს? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კატარინა ბლუმის შელახული ღირსება?

სოფელ ქობულეთში ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

 

პროექტის ფარგლებში ხიდის ბურჯები ჩამოისხა, რომელზეც 13მ სიგრძისა და 4მ სიგანის რკინის კონსტრუქციის ხიდი დამონტაჟდა. ხიდის მიმდებარედ მოეწყო გაბიონები. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ავტოგზა“ აწარმოებდა, რომლისთვისაც 53 950 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ხიდის სამშენებლო სამუშაოები სოფელ ჭახათში მიმდინარეობს,  ხოლო აჭყვისთავში მალე დაიწყება. მიმდინარე წელს ხიდები ოჩხამურში, სკურესა და გვარაშიც მოეწყო.

”ვის ეშინია ფემინიზმის?”

 

საჯარო ლექციები ყოველ პარასკევს, 5 საათზე, 55-ე აუდიტორიაში ჩატარდება.


ლექციების ციკლის პირველი თემაა „ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ“, რომელიც ქალის უფლებების მოპოვების ისტორიას და მის ძირითად მოქმედ პირებს აღწერს. „ლექციის მსმენელებს საშუალება ექნებათ ფემინისტური იდეების დასავლური ისტორია დაუკავშირონ ქართულ სინამდვილეს, რადგან ქართველი ქალებისთვის არ იყო უცხო თანასწორობის იდეა. თქვენ გაეცნობით ქართველ ქალებს, რომელთაც გაკვალეს გზა მომავალი თაობის ქალებისათვის!“. ლექციას წაიკითხავს ფილოსოფოსი და ქალის უფლებების დამცველი ლელა გაფრინდაშვილი.

 

ლექციების განრიგი:

17 ოქტომბერი, პარასკევი: ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ (ლელა გაფრინდაშვილი)

 

24 ოქტომბერი, პარასკევი: ანტიფემინიზმი – უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის? (თამარ ცხადაძე)

 

31 ოქტომბერი, პარასკევი: ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში (თინა მეგრელიძე)

 

7 ნოემბერი, პარასკევი: სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? (დათო გაბუნია)

 

14 ნოემბერი, პარასკევი: გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში (თამთა თათარაშვილი)

 

21 ნოემბერი, პარასკევი: ვის ეშინია საბედისწერო ქალის? (თეო ხატიაშვილი)

 

28 ნოემბერი, პარასკევი: სექსიზმი ქართულ რეკლამებში (ეთუნა ნოღაიდელი)

 

5 დეკემბერი, პარასკევი: თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე)

 

12 დეკემბერი, პარასკევი: ფილმის ჩვენება „ვის ეშინია ფემინიზმის?“

  

ლექციებთან დაკავშირებული ყველა სიახლის შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჰაინრიჰ ბიოლის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე 50 ქალი საქართველოდან. 


პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა, შეგიძიათ გააგზავნოთ შემდეგ მაილზე: azzagabunia@gmail.com

 

პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

38 ლარამდე ღირებულების ჭაღი ბალანსიდან ბალანსზე გადატანისას გაქრა

სად ინახება ამ დროისთვის თითბრის ჭაღი, რომელიც 37 557 ლარი ღირდა? – ამ კითხვით “ბათუმელებმა“ საქართველოს ბანკს მიმართა. ბანკიდან გვაცნობეს, რომ ისე როგორც ეს ძვირადღირებული ჭაღი, ასევე სხვა ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობის ჩათვლით [ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, №25-ში მდებარე ბანკის ყოფილი შენობა] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

მრავალგზის სიტყვიერი კონსულტაციების დროს ასევე ითქვა, რომ ეს ჭაღი სავარაუდოდ გაქირავებული უნდა იყოს. ანალოგიური კითხვით მიმართა “ბათუმელებმა’’  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამ უწყებიდან წერილობით შემდეგი შეგვატყობინეს: ,,გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის2010 წლის 15 აპრილის N275 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2010 წლის16 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისაგან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გადაიბარა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აპრილის N19 განკარგულებით სახელმწიფოსათვის გადმოცემული, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N25-ში მდებარე უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და მცირეფასიანი ინვენტარი. აღნიშნული ქონება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 მაისის N646 განკარგულებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში. აღნიშნულ განკარგულებაში დანართის სახით წარმოდგენილია ქონების ჩამონათვალი, სადაც მოცემულია, როგორც თითბრის, ასევე სხვა სახის ჭაღებიც’’.

მიიღო თუ არა თითბრის ჭაღი საკუთრებაში აჭარის ხელისუფლებამ? – ამის გასარკვევად „ბათუმელებმა’’ ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, საიდანაც ასევე წერილობით გვაცნობეს, რომ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში არ გადაცემია თითბრის ჭაღი, ღირებულებით 37 557 ლარი’’. სამინისტროდან ასევე მოგვაწოდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც ზემოთ აღნიშნული განკარგულების ფარგლებში მათ გადაეცათ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობასთან ერთად.

ქონების ჩამონათვალში არის სხვადასხვა ზომისა და ღირებულების ჭაღი, თუმცა კონტროლის პალატის აქტში მითითებული ჭაღი, რომლის ღირებულებაც 37 557 ლარია, ამ ჩამონათვალში არ იძებნება.

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და სამკვიდრო მოწმობა


ხათუნა კალანდარიშვილი, ნოტარიუსი
ხათუნა კალანდარიშვილი, ნოტარიუსი

მემკვიდრეობის მიღების ორი გზა არსებობს – ქონების ფაქტობრივი დაუფლება და სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანა, მემკვიდრეობის მისაღებად. მემკვიდრეობა ანუ სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების მომენტიდან, როცა პირი გარდაიცვლება, იმ დღიდან სამკვიდრო ითვლება გახსნილად. გარდაცვლილის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სანოტარო ბიუროს, განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ და მოითხოვონ სანოტარო მოწმობა ქონებაზე, ოღონდ გარკვეული ვადის დაცვით, პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ექვსი თვის შემდეგ მემკვიდრემ თუ ის არაა თანმყოფი და თუ ის ფაქტობრივი ფლობით და მართვით არ არის დაუფლებული სამკვიდრო ქონებას, უნდა მიმართოს სასამართლოს მემკვიდრეობის გადასაფორმებლად.

ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრეობის პრეტენდენტი


ამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები. განსაზღვრულია მემკვიდრეთა ხუთი რიგი. კანონით თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში: შვილები, მეუღლე, მშობლები (შვილიშვილები).


მეორე რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.


მესამე რიგის მემკვიდრეებად განსაზღვრული არიან – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ისინი მამკვიდრებლად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.


მეოთხე რიგში არიან: ბიძები, დეიდები, მამიდები, ხოლო მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები. მემკვიდრეობის მიღების დროს ყველა პირველი რიგის მემკვიდრე გამორიცხავს მეორე რიგს. მემკვიდრეობის ფაქტობრივი დაუფლება ხდება იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუკი დედა და შვილი რეგისტრირებულნი არიან ერთ მისამართზე და შვილი მოიხმარს ნივთებს, შედის საცხოვრებელში პერიოდულად, ამუშავებს მიწას, იხდის გადასახადებს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი მემკვიდრე და მამკვიდრებელი არ ცხოვრობენ ერთად, არ აქვთ საერთო მეურნეობა, ის უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ნებისმიერ ნოტარიუსს განცხადებით პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრეობის მისაღებად. დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პირველი რიგის მემკვიდრეები მემკვიდრეობის თავიანთ წილს იღებენ თანასწორი უფლებით.

ანდერძის არსებობის შემთხვევაში მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეები იღებენ სავალდებულო წილს ამ ქონებიდან, სავალდებულო წილი არის იმ წილის ნახევარი, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მათ რომ უნდა რგებოდათ. სავალდებულო წილის მიღების უფლება გამორიცხავს იმას, რომ ოჯახი, შვილები, მეუღლე, მშობლები დარჩნენ მემკვიდრეობის (წილის) გარეშე. მაგალითად, თუ მოანდერძემ მთელი ქონება უანდერძა არამემკვიდრეს, სავალდებულო წილს მაინც მიიღებენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები. თუმცა მან პრეტენზია უნდა განაცხადოს დროულად. ვადის დარღვევის შემთხვევაში, ანუ გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, საჭიროა ვადების აღდგენა სასამართლო წესით. მაგრამ თუკი რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტით დაადასტურებს პრეტენდენტი, რომ არსებული ქონება მას ეკუთვნის, მას სასამართლოსთვის მიმართვა აღარ სჭირდება, თუკი ვერ დაადასტურებს, მაშინ აუცილებელია მან მიმართოს სასამართლოს, რათა აღიდგინოს ხანდაზმულობის ვადა, რომლის შემდეგაც დაიწყება გამარტივებული წარმოება სასამართლოს წესით.

  

როგორც წესი, ბევრი მოქალაქე მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა ეს არ არის აუცილებელი, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოქალაქეებმა არ იციან არსებული წესები. პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები ქონების გადაფორმების ანუ დარეგისტრირების შემთხვევაში კანონით გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან, მხოლოდ იხდიან რეგისტრაციისთვის აუცილებელ თანხას.

ანდერძის ფორმა

ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ის შეიძლება შედგეს შინაურულად და ასევე დამოწმდეს სანოტარო წესით. ე.წ. შინაურული ანდერძი შესაძლებელია შედგეს სახლში, რომელსაც არ სჭირდება დამოწმება, მაგრამ შინაურულად დამოწმებული ანდერძის შემთხვევაში მისი ნამდვილობის დასადგენად ნოტარიუსი დოკუმენტს აგზავნის ექსპერტიზაზე. შინაურულად დაწერილი ანდერძი უნდა შეიცავდეს გარკვეულ რეკვიზიტებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოანდერძის დადგენა, ასევე უნდა შეიცავდეს, შედგენის თარიღს, მემკვიდრის სახელს, გვარს და ასე შემდეგ. შინაურულად შედგენილ ანდერძსაც იგივე ძალა აქვს, რაც სანოტარო წესით დამოწმებულს. ორივეს არსებობის შემთხვევაში კი უპირატესობა ენიჭება სანოტარო წესით დამოწმებულს. ნოტარიულად ანდერძი შეიძლება შედგეს ნოტარიუსთან, მაგრამ თუკი ადამიანი არის ავად, არ შეუძლია გადაადგილება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნოტარიუსი მას ეწვიოს სახლში და იქ დაამოწმოს ანდერძი. ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, ანდერძი შეიძლება დადასტურებულ იქნეს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ანდერძის დამოწმების უფლება აქვთ ასევე ნოტარიუსთან გათანაბრებულ სხვა პირებსაც: ექიმებს, გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს და ასე შემდეგ. თუ ანდერძი შედგება სანოტარო ფორმით, აუცილებელია მისი დადასტურება ორი მოწმის თანდასწრებით.

Exit mobile version