მთიანი აჭარა

100 საწოლი 130 ბავშვისათვის

12.10.2014 • 2179
100 საწოლი 130 ბავშვისათვის

 

წლების წინ 75 ბავშვისათვის გახსნილ დაბა ხულოს საბავშვო ბაღში დღეს 130 ბავშვია. აღსაზრდელების რაოდენობის მიუხედავად, ბაღის გამგე ცირა შავაძე ამბობს, რომ არსებული ფართობი სრულიად საკმარისია.

 

„მართალია, ბაღი თავის დროზე 75 ბავშვზე გაიხსნა, მაგრამ ფართობი საკმაოდ დიდია, 130 ბავშვს ყოფნის და პრობლემა ნამდვილად არ არის. ეს დაბის ბაღია და მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაშინაც კი, ვიდრე საფასური მოიხსნებოდა. დაფინანსებას აქ არაფერი შეუცვლია, გადასახადი მხოლოდ ხუტი ლარი იყო“ –  ამბობს ცირა შავაძე.

 

 

ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ირაკლი რიჟვაძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობის მატება მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, „მაგრამ ვითარებას ის აბალანსებს, რომ ყოველდღიურად ბავშვების 10-20 პროცენტი ბაღში არ ცხადდება.“

 

 

ბაღში ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს. ბაგაში 25 ბავშვი ირიცხება, ბაღის უმცროს ჯგუფში – 30, 4-5 წლიანებსა და სკოლამდელ ჯგუფში კი, 38 აღსაზრდელია.

 

 

წესდებით ბაღში მაქსიმუმ 85 ბავშვი უნდა იყოს, ჯგუფში კი ბავშვების რაოდენობა  25-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა დაბა ხულოს ბაგა-ბაღში ბავშვთა რაოდენობა წესდებით გათვალისწინებულ ნორმას ბევრად აჭარბებს.

 

 

კითხვას, ჯგუფში ბავშვების გაზრდილი რაოდენობით ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები და საკმარისია თუ არა ბაღში ძიძების რაოდენობა, გაერთიანების დირექტორი პასუხობს:

 

„რადგან მოთხოვნა გაიზარდა ბაგის ჯგუფში, ლიმიტი 15-დან 25-მდე გავზარდეთ, დავამატეთ  ძიძა და ჯგუფში ერთდროულად ორი ძიძა და აღმზრდელი მუშაობს. ახლა ბაღის ჯგუფში აღმზრდელი 9 საათიდან 3 საათამდე მუშაობს და 3-საათიდან 6-მდე მეორე, ანუ ჯგუფში ერთი ძიძა და ერთი აღმზრდელია. მინდა შტატი გავზარდო და სამი საათის ნაცვლად მეორე ცვლის აღმზრდელმა 12 საათიდან დაიწყოს მუშაობა და პიკის საათებში, 12-დან 3 საათამდე, როცა ბავშვები სადილობენ, მეცადინეობენ და სწავლობენ, ორი აღმზრდელი იყოს ჯგუფში. ამისთვის 7-8 შტატი მჭირდება, მოთხოვნა დავაყენე, საკითხი გავაცანი გამგეობასა და საკრებულოს, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“ – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაბის ბაღს ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს, საბავშვო ბაღს არც კეთილმოწყობილი ეზო აქვს და არც საკმარისი ინვენტარი გააჩნია: საბავშვო ბაღში, სადაც 130 ბავშვი ირიცხება, 20 მაგიდა და 100 საწოლია.

 

 

„მოძველებული კი არის ინვენტარი და ხალიჩებიც, გასარემონტებელია შენობა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. საწოლებიც გვყოფნის, დღეს, მაგალითად, ცუდი ამინდია და 55 ბავშვი გვყავს“ – ამბობს ცირა შავაძე.

 

 

აღნიშნულ საბავშვო ბაღს კოსმეტიკური რემონტი ბოლოს 2007 წელს ჩაუტარდა. იმავე წელს ბაღში რამდენიმე ახალი მაგიდა და სკამები შეიტანეს. ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ არსებული მაგიდები საფრთხის შემცველია, ბაღის თანამშრომლებს გაერთიანების დირექტორიც ეთანხმება.

 

„ახალგახსნილ ბაღებში ბავშვებისთვის მაქსიმლურად უსაფრთხო მაგიდები შეგვაქვს, იმედი გვაქვს ბაღის რემონტისა და ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გამოინახება“ –  ამბობს ირაკლი რიჟვაძე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: