კვირის ამბები

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები ბათუმში

12.10.2014 • 4881
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები ბათუმში

1998 წელს თბილისში დაარსებულმა კავკასიის უნივერსიტეტმა ფილიალი ბათუმში ხუთი წლის წინ გახსნა, როგორც ამბობენ, ტურიზმის მიმართულებით სწავლის მოთხოვნის გამო. დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოლოდინი უფრო დიდი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ და ცდილობენ, რეგიონში დაინტერესება გაზარდონ. კავკასიის უნივერსიტეტში ამჟამად 40 სტუდენტი სწავლობს.

«მხოლოდ საბაკალავრო პროგრამა გვაქვს ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირებაში. სამწუხაროდ არის ტენდენცია – ჩვენთან ირიცხებიან სტუდენტები, მომდევნო წლებში კი, მობილობით გადადიან სხვაგან. ჩვენს უნივერსტეტში სწავლისადმი სხვა მიდგომაა, მკაცრი აღრიცხვის სისტემა გვაქვს, «ჯიპიეის» და «ტოეფელის» მოთხოვნაა, ბევრი სტუდენტი ვერ ძლევს ამ სისტემას» – ამბობს მარია ზოიძე, საბაკალავრო პროგრამის აკადემიური მენეჯერი.

უნივერსიტეტიდან სტუდენტების სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის მეორე მიზეზად კავკასიის უნივერსიტეტში ფინანსებს მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, წელს უნივერსიტეტმა სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, საფასური – 2250 ლარი დააწესა, 3 900 ლარის ნაცვლად: «შემცირებული გადასახადის მიუხედავად 12 სტუდენტი მივიღეთ, როცა 60 ვაკანტური ადგილი გვქონდა. პრობლემის მოგვარებაზე ვფიქრობთ, ვგეგმავთ მარკეტინგული კამპანიის წარმოებას, რომ ცნობადობა გაიზარდოს. ფასის ცვლილება რეგიონში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით მოხდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისისა და ბათუმის ფილიალებს შორის იქნება ხარისხობრივი განსხვავება. ჩვენთან ლექციების ნაწილს თბილისიდან მოწვეული ჩვენი უნივერსიტეტის შვიდი ლექტორი ატარებს, ისინი ჩამოდიან ორ კვირაში ერთხელ და ექვსაათიანი ხანგრძლივობით ატარებენ ლექციებს» – ამბობს მარია ზოიძე.   მისი თქმით, მათ უნივერსიტეტში არ მუშაობენ სხვა უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებული ლექტორები. «შევეცადეთ წამყვანი კომპანიების მენეჯერები მოგვეწვია ლექტორებად, სწორედ ისინი უძღვებიან სასწავლო პროგრამას» – განმარტავს მარია ზოიძე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ფილიალი ბათუმში წელს გახსნა. უნივერსიტეტში ჯერ მხოლოდ სამი პროგრამაა წარმოდგენილი – სამართალი, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა და ბიზნესადმინისტრირება. სამომავლოდ უნივერსიტეტი სპეციალობათა ჩამონათვალის გაფართოებას გეგმავს: «ჩვენს უნივერსიტეტს აქვს 13 პროგრამის განხორციელების უფლება საბაკალავრო საფეხურზე, სამაგისტროზე – ორის და სადოქტოროზე – სამის. შესაბამისად გვსურს ეს პროგრამები ბათუმშიც განვახორციელოთ. ჩვენ ბაზარს ვიკვლევთ და შედეგების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე გამოჩნდა მოთხოვნა ტურიზმზე. შედეგით კმაყოფილი ვართ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ვაკანტური ადგილი დაგვრჩა. პირველი წელია, ბაზარზე გვიან შევედით, მით უფრო, როცა აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა წელს იყო ნახევარი არსებულ ვაკანტურ ადგილებთან მიმართებაში» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის კოორდინატორი.

წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალმა 34 სტუდენტი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 27  – სამართალზე და 17 სტუდენტი – საჯარო მმართველობის პროგრამაზე. «აჭარის რეგიონიდან ბევრი სტუდენტი გყავს, ამ სტუდენტებმა დაგვანახეს მოთხოვნა, რომელიც არსებობს რეგიონში. თბილისში ცხოვრება და სწავლა ამ სტუდენტებისთვის დიდ ხარჯებთანა დაკავშირებული, მათ ურჩევნიათ განათლება თავიანთ რეგიონშივე მიიღონ. სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს დაბრუნების სურვილი, მომავალ წელს მობილობაზეც ვიფიქრებთ. აქ მყოფ სტუდენტებსაც იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც თბილისში, თუნდაც პროფესორების თვალსაზრისით, გაცვლითი პროგრამების კუთხით და მატერიალური ბაზით. ბათუმში წელს ჩვენ გვაქვს უფასო მოსამზადებელი კურსები აბიტურიენტებისათვის» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

სწავლის საფასურის დადგენისას რეგიონის სოციალური ფონი გაითვალისწინა ამ უნივერსიტეტმაც. სწავლის საფასური მხოლოდ ბათუმის ფილიალშია 2700 ლარი: «ჩვენ თბილისში გვაქვს სპეციალობები, რომელთა საფასურიც 4200 ლარია. რეგიონის მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თან მატერიალური ხარჯიც ნაკლები გვაქვს, იჯარისა და უძრავი ქონების საფასურს ბათუმის და თბილისისას ვერ შეადარებ, თბილისში პროფესურის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე ბათუმში, თუმცა ხარისხობრივი განსხვავება ნამდვილად არ იგრძნობა» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

კავკასიის უნივერსიტეტის მსგავსად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტშიც სწავლება კურაციულად მიმდინარეობს: «სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იგივე პროფესურისგან მოისმინონ სალექციო კურსები, ვინც კითხულობს თბილისში. ყოველ ხუთ კვირაში ერთხელ ჩამოდის ლექტორი, რომელიც ხსნის შემდგომი კვირების მასალას. ახსნის პროცესში ჩართულია ადგილობრივი პროფესორიც, ამ მასალის დამუშავების პროცესი მოხდება შემდეგ კვირებში და მას გაუძღვება ადგილობრივი პროფესორი. ასევე იქნება მუდმივი ონლაინკონსულტაცია» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

რაც შეეხება სხვა ლექტორ-მასწავლებლებს, რომლებიც ბათუმის ფილიალში ასწავლიან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ისინი კონკურსის შედეგად შეარჩია: «ბათუმის უნივერსიტეტიდანაც გვყავს პროფესორები, რომლებსაც არ აქვთ შემბოჭავი კონტრაქტი, გვყავს ასევე პროფესორები, საქართველოს საკონსტუციო სასამართლოს თანამშრომლები, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირები და ა.შ. თუმცა ძირითადი დატვირთვა თბილისიდან მოწვეულ ლექტორებზეა» – განმარტა ნინო ბერძენიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: