სიახლეები

სოფლიდან გაძევების ‘განაჩენი’ გამოძიების დასრულებამდე

14.10.2014 • 1414
სოფლიდან გაძევების ‘განაჩენი’ გამოძიების დასრულებამდე

 

ამ ამბავს ხუთი ძირითადი მონაწილე და მრავალი თანამონაწილე ჰყავს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც სოფელი თავად ასრულებს სამართალდამცავების, მათ შორის სასამართლოს ფუნქციას, ხოლო ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს. 

 

ძმები, მ. და ტ. აჭარაში, ერთ-ერთი სოფლში ცხოვრობენ. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან (ფსიქიკური პრობლემები აქვთ). ტ. „ბათუმელებთან” იმეორებს, რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ მეზობელ 60 წლის ნ.-, მის ორ შვილს და კიდევ ერთ მეზობელს – პ-ს, რომელიც ასევე 60 წლისაა.

 

ტ-მ არ იცის რამდენი წლისაა, მაგრამ მისი მეზობლები ამბობენ, რომ მას ტყუილი არ ახასიათებს, ამიტომაც დაუჯერეს, როცა მისგან ძალადობის შესახებ მოისმინეს და სოფლიდან ოთხი მეზობელი გაასახლეს. ტ-მ არც ის იცის, მის მიმართ ძალადობა ერთი თვის წინ დაიწყო, თუ ერთი წლის წინ. ის, უბრალოდ, ასახელებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც სოფელი სამი თვის წინ დატოვეს. ამ ამბავს სხვა თვითმხილველი ან მოწმე არ ჰყავს. ყველა მამაკაცი, რომლებმაც სოფელი დატოვეს, ცოლ-შვილიანია.

 

სოფლიდან გასახლებულების ოჯახი

 

60 წლის ნ-ს ცოლი, თ. ამბობს, რომ მისი ქმარი და ორი შვილი უდანაშაულოა. ამის დასამტკიცებლად მან ადვოკატიც დაიქირავა. ამბობს, რომ ეს იმ კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც შარშან მოხდა, როცა მისმა შვილებმა და მეზობლების ბიჭებმა იჩხუბეს და მაშინ მისი შვილი დაჭრეს. თამთა ამბობს, რომ საქმეში პოლიცია ჩაერია და სამიდან ორი დააჯარიმა. მაშინ ჩხუბში ჩართული მესამე პირის შესახებ კი პოლიციას იმიტომ არ უთხრეს, რომ მას ახალდაბადებული შვილი ჰყავდა და შეეცოდათ. თ. ამბობს, რომ მტრები ჰყავს სოფელში, რომლებმაც დაგეგმეს ისე, რომ მისი ოჯახის სამი მამაკაცი, მათ შორის ერთი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ჭორების გავრცელების გზით სოფლიდან გაეძევებინათ.

 

„ჩემმა შვილებმა და ქმარმა მითხრეს, რომ მათ სექსუალური სახის ძალადობას აბრალებენ. დაახლოებით სამი თვის წინ სახლში მოგვივარდნენ მეზობლები, 50 კაცამდე. ჩემი ქმარი სცემეს, გვაგინებდნენ. ნერვიულობის ნიადაგზე ჩემს რძალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. დაიბადა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ექვსი თვის. თვენახევარი საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარეს. ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვს დღესაც აქვს, ის ვერ ხედავს”.

 

თ.-ს თქმით, იმ დღეს, როცა 50-მდე აგრესიული კაცი მათ სახლს მიუახლოვდა, ოჯახის წევრები რომ გადაერჩინა, პოლიცია გამოიძახა.

 

ნ.-ს და თ.-ს კიდევ ერთი შვილი მათი ოჯახისთვის ამ ფატალური შემთხვევის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. იგი სოფლიდან არ გაუძევებიათ. ის იხსენებს: „სოფელში რომ მოვედი, დამხვდა ხალხის ბრბო შეკრებილი, მამაჩემი ნაცემი… ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის იმედი, რომ დამტკიცდება მამაჩემისა და ჩემი ძმების უდანაშაულობა. მერე ამ ექსპერტიზის დასკვნას პოლიციისა და ჩემი ოჯახის ადვოკატის თანხლებით მთელ სოფელს გავაცნობ”. 

 

 

სოფლიდან გასახლებული მეორე მამაკაცის ოჯახი

 

დაახლოებით სამი თვის წინ დაწყებულ ისტორიას კიდევ ერთ მონაწილე ჰყავს – 60 წლის პ. და მისი ოჯახი. პ.-ს სახლში არავინ მივარდნია, მისი ცოლი ამბობს, რომ არ იცის მისი ქმარი არის თუ არა დამნაშავე. ამბობს იმასაც, რომ მისმა შვილმა სოფელში ამბის გავრცელების შემდეგ გამოიტანა მამის ტანსაცმელი და დაწვა. მეზობლებს კი სთხოვა, რომ თუ სადმე ნახავენ მამას, ან მოკლან, ან მას მიუყვანონ.

 

ცოლის თქმით, მისთვის „უცნობია, სად იმყოფება მისი ქმარი, ცოცხალია თუ მკვდარი”.

 

სოფლის რწმუნებული „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაძევებული მამაკაცების ოჯახის წევრებს – მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებს საკუთარ სახლებში “დარჩენის უფლება” მეზობლებმა მისცეს.

 

მეზობლები


მეზობელი „ბათუმელებთან” ასეთ ისტორიას ყვება: „სოფლის გადაწყვეტილება იყო, ეს ადამიანები სოფლიდან წასულიყვნენ, ოჯახი უარყოფს, მაგრამ რომელი ადამიანი იტყვის დანაშუალი ჩავიდინეო? თვითმხილველი არ ჰყავს ფაქტს, მაგრამ ძმები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, ტყუილს არ იტყვიან. მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მათ სოფლის დატოვება მოსთხოვა. ხალხს არ გვსიამოვნებს მათი სოფელში ცხოვრება”.

კიდევ ერთი მეზობლის პოზიცია ასეთია: „ჩვენ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ გვსურს, არაა ლამაზი ამბავი გავიდეს სოფლიდან”.

 

სხვა მეზობელი ამბობს, რომ მსგავსი რამ სოფელში ადრე არ მომხდარა.

კიდევ ერთი მეზობელი ნ.-ს და მისი ორი შვილის შესახებ ამბობს, რომ ეს ამბავი სისულელეა, რადგან “ეს ოჯახი სპეტაკია”.

 

„არა მგონია ძალადობა ყოფილიყო, ალბათ, ნებაყოფლობითი ურთიერთობა ჰქონდათ”, – ესეც კიდევ ერთი მეზობლის პოზიციაა.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა უფლებით გაასახლეს დაუდასტურებელ დანაშაულში ეჭვმიტანილი, მხოლოდ მეზობლების მიერ ბრალდებული ადამიანები სოფლიდან, სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ეს ხალხის არჩევანი იყო და თავად იმ დღეს სოფელში არ იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას… „სექსუალური კონტაქტი… ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე”.

შს სამინისტროს ინფორმაციიით, “ამ ფაქტზე უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით ძალადობის კვალი დადასტურებული არ არის, თუმცა დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია”.

 

რატომ დასჭირდა საბოლოო ექსპერტიზის ჩატარებას სამი თვე, მაშინ, როდესაც მას სოფელი ელოდება? – შს სამინისტროში ამბობენ, რომ “მასალა გაგზავნილია ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში და პასუხი იქნება უახლოეს მომავალში. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდა ექსპერტიზის ჩატარებას სამი თვე, შეგიძლიათ მიმართოთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში “ბათუმელებს” განუმარტეს, რომ სქესობრივი კავშირი არის თუ არა ძალადობის გზით დამყარებული, ამას ექსპერტიზა არ ადგენს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, “ჩხუბი ამ პირს [ნ.-ს] და მეზობლებს შორის მოხდა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს კონფლიქტი არ უკავშირდებოდა აღნიშნულ ბრალდებას, რადგან (სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის) ფაქტზე გამოძიება 2 თვის წინ დაიწყო. კონფლიქტი იყო ყოფით ნიადაგზე, თუმცა პოლიციამ მოახდინა მასზე რეაგირება და მიცემულია პასუხისგებაში ერთი პირი 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

გადაბეჭდვის წესი