კვირის ამბები

„ცხენზე შემომჯდარი ჟანდარმი მათრახით გვაიძულებდა მუშაობას“

13.10.2014
„ცხენზე შემომჯდარი ჟანდარმი მათრახით გვაიძულებდა მუშაობას“

თემურ ცინცაძის ოჯახი სოფელ კირნათიდან გაასახლეს. უზბეკეთში, მიწის ქოხებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცინცაძეები სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მანამდე კი ერთი თვე სოფლის კლუბის ცარიელ ოთახებში გაატარეს. „ასეთ პირობებში გააჩინა დედამ ჩემი პატარა ძმა. საშინელი, დამთრგუნველი დღეები იყო. მამა მოხერხებული კაცი იყო და მაღაზიაში მუშაობის დაწყება შეძლო. ამის შემდეგ გაგვიჩნდა ფქვილი და საჭმელი. მახსოვს თეთრი ვირი ჰყავდა მამას და ამით ეზიდებოდა ქატოსა და ფქვილს. ყველაზე კარგად მიწის ღუმელში გამომცხვარი პურის გემო მახსოვს, ასეთი გემრიელი პური არასდროს მიჭამია“ – გვეუბნება თემურ ცინცაძე.

წყლის მისაღებად ჭა ამოთხარეს, სარწყავ არხებში კი თევზს იჭერდნენ. „ერთხელ, თევზაობის დროს პატარა ძმა ჩაგვივარდა არხში. ზაფხული საშინელი იყო, უზარმაზარი კოღოებისგან თავს მარლის ჩადრებით ვიფარავდით და ასე ვიძინებდით“ – იხსენებს თემურ ცინცაძე.

თემურ ცინცაძის ბიძა მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლში, სამედიცინოზე სწავლობდა, ომშიც იქედან გაიწვიეს, სადაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. „დახმარება როგორც კოლეგას, გერმანელმა ექიმმა ქალმა გაუწია. შემდეგ ოჯახი შექმნეს და ხუთი შვილი გაუჩნდათ. ბიძაჩემმა გერმანია მიატოვა და თურქეთში, სამსუნში დასახლდა, ოჯახთან ახლოს რომ ეგრძნო თავი“ – გვეუბნება თემურ ცინცაძე. მათი ოჯახის გადასახლების სავარაუდო მიზეზადაც ის ბიძის უცხოეთში ცხოვრებას მიიჩნევს.

თემურ ცინცაძის მეუღლე ლიანა ნაკაშიძეც რეპრესირებული ოჯახიდანაა. გადასახლების დროს ის დაბადებული არ იყო. მშობლებს – იდრის ნაკაშიძესა და ელენე ბოჭორიშვილს მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც გადასახლებაში დაეღუპათ. „რვა თვის იყო ჩემი ძმა, როცა გარდაიცვალა. დედაჩემს შვილიც კი არ ატირეს, ბავშვი რომ დამარხეს, დედა პლანტაციაში გაუშვეს სამუშაოდ. როცა დედის სახე და მისი ნაამბობი მახსენდება, ახლაც ვტირი და ვნერვიულობ. ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანეს. მთელი ცხოვრება ეს ტკივილი ტანჯავდა დედას“ – ასე იხსენებს რეპრესიებს ლიანა ნაკაშიძე. მათი ოჯახი სოფელ მახოდან იყო გადასახლებული.

„დედა ამბობდა, როგორც მონებს ისე გვექცეოდნენო. ცხენზე შემომჯდარი ჟანდარმი მათრახით ჩამოგვივლიდა და ასე გაგვყრიდა სამუშაოდ. მიწაზე დავვარდებოდით და სულს რომ მოვიბრუნებდით, ისევ მუშაობას ვაგრძელებდითო. საშინელ სიცხეში მუშაობამ, ამდენმა ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ტანჯვამ ჯანმრთელობა შეურყია ადამიანებს.

ჩემი ქმრის ოჯახისგან განსხვავებით, ჩემს მშობლებს იქ ძალიან უჭირდათ. არც ჩასაცმელი იყო, არც საკვები და წყალი. ცხენის ნაფეხურში რომ წყალი ჩადგებოდა, იმას ვიღებდით და ვსვამდითო, დედა ამბობდა. ასეთ სადისტურ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს. სულიერად, მორალურად გატეხეს ისინი. მე რაც გადმოცემით ვიცი, ისიც კი მზარავს და წარმოიდგინეთ, ისინი რას განიცდიდნენ იმ დროს“- გვეუბნება ლიანა.

არც თემურ ცინცაძეს და არც მისი მეუღლის ოჯახს, სახელმწიფოსგან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის განსაზღვრული კომპენსაცია ჯერ არ მიუღია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: